Friday, 11 September 2020

ორაკულ ტროფონის გამოქვაბული საბერძნეთში


ორაკული-პიროვნება ან ინსტიტუტი, რომელიც წარმოადგენდა წინასწამეტყველების ან ბრძნული რჩევის წყაროს ძველ საბერძნეთსა და აღმოსავლეთის ქვეყნებში. ასეთი საქმიანობა სარისკოდ ითვლებოდა სულიერი ჯანმრთელობისთვის, მაგრამ მსურველები ბევნი იყვნენ. ერთ-ერთი ასეთი ცნობილი ორაკული გახლდათ ტროფონი, რომელიც მდებარეობდა ბეოტიაში ქალაქ ლებადიასთან  მთაზე. სამლოცველო გამოქვაბულში იყო განთავსებული.

ტროფონი და მისი ძმა აგამედი არგონავტ ერგინის შვილები იყვნენ. ისინი პირველი დელფოს ტაძრის ხუროთმოძღვრები გახდნენ. გადმოცემოთ, როცა ტაძრის მშენებლობა დასრულდა, ძმები ძილში გარდაიცვალნენ, რაც ღმერთების დიდი კეთილგანწყობის ნიშნად ითვლებოდა. რამდენიმე ხანში ბეოტიაში გვალვა დაიწყო. იმის გასარკვევად, რითი იყო გამოწვეული ასეთი სასჯელი და რა საშუალებით უნდა განთავისუფლებიყვნენ მისგან,  დელფოში გაიგზავნა დელეგაცია. პითიას პასუხი იყო ასეთი: "მსხვერპლი შესწირეთ ორაკულ ტროფონს". პრობლემა მდგომარეობდა იმაში, რომ არავინ იცოდა სად მდებარეობდა ორაკული ტროფონი.

გადმოცემით, ლებადიასთან გამვლელმა მგზავრმა შეამჩნია ფუტკრის ნაყარი, გაჰყვა და დაინახა, რომ ფუტკრები პატარა გამოქვაბულში შეფრინდნენ. შიგნით შესვლისას მგზავრი შეხვდა პიროვნებას, რომელმაც უთხრა, რომ ის იყო ორაკული-ტროფონი. ამის შესახებ შეიტყვეს ქურუმებმა. მათ გამოქვაბულის მახლობლად სამსხვერპლო დადგეს და ჩაატარეს შესაბამისი რიტუალი, რასაც  ბეოტიაში გვალვის დასრულება მოჰყვა, საბერძნეთში კი გაჩნდა ახალი სამლოცველო.

ორაკულ ტროფონზე დაწვრილებით ინფრომაციას იძლევა მწერალი და მოგზაური პავსანიუსი, რომელმაც ეს ადგილები მოინახულა ჩვ.წ.აღ-ის მე-2 საუკუნეში. მისი სიტყვებით, მიღება ორაკულ ტროფონთან არცთუ ადვილი საქმე გახლდათ. აუცილებელი იყო რამდენიმე დღიანი განწმენდა მდინარე ერკინში და ღმერთებისთვის მსხვერპლშეწირვა. იმ შემთხვევაში თუ ქურუმები, რომლებიც სამსხვერპლო ცხოველის შიგნეულობაზე მკითხაობდნენ, რწმუნდებოდნენ, რომ ნიშნები კეთილგანწყობას მაუწყებლობდა, მაშინ მთხოვნელი წყალს სვამდა დავიწყების წყაროდან, რათა ყველაფერი დავიწყნოდა, შემდეგ მეორედან-მეხსიერების წყაროდან, რათა რაც შეემთხვეოდა ყველაფერი დამახსოვრებოდა. გამოქვაბულში თან უნდა წაეღო თაფლის კვერები, რომელიც ტროფონის სულისთვის იყო განკუთვნილი და გვიან საღამოს უნდა შესულიყო შიგნით.

გამოქვაბულში იყო შესაძვრომი, რომლითაც შეიძლებოდა იქ მოხვედრა. შიგნით იყო პატარა ადგილი, სადაც მთხოვნელი ატარებდა მთელ ღამეს. ამასთან, მას ესმოდა ხმა, რომელიც არამარტო პასუხს აძლევდა მის შეკითხვას, არამედ ბევრ საინტერესო ამბებზეც ესაუბრებოდა. დილით მოდიოდნენ ქურუმები და მთხოვნელს ნახულობდნენ გამოქვაბულის შესასვლელში. ჩვეულებისამბერ, სულთან ურთიერთობის შემდეგ, მთხოვნელი გონებას კარგავდა და დიდხანს ვერ მოდიოდა გონზე. ქურუმები ეკითხებოდნენ ყველაფრის შესახებ დაწვრილებით და მონაყოლს იწერდნენ დაფებზე, რომელიც სპეციალურ ტაძარში ინახებოდა. ამბობდნენ, რომ ზოგიერთი სტუმარი განცდილისგან ისეთი შოკირებული იყო, რომ სამუდამოდ კარგავდა ღიმილის უნარს.

ცნობილია, რომ ტროფონის ორაკულს ესტუმრა სპარტის დაუძინებელი მტერი, მესენის აჯანყების მეთაური, არისტომენი. ტროფონის სულთან ურთიერთობის შემდეგ, მან ტაძარს საჩუქრად დაუტოვა საკუთარი ფარი. სამასი წლის შემდეგ, ბრძოლის წინ თებეს მეფე ეპამინონდი ასევე იმყოფებოდა ტროფონის გამოქვაბულში. მას გამარჯვება უწინასწარმეტყველეს იმ შემთხვევაში, თუ ის თან წაიღებდა არისტოემენის ფარს. ქურუმების თანხმობით ეპამინონდმა ტაძრიდან წაიღო გმირის ფარი და ბრძოლის წინ დადო მაღლობზე ისე, რომ მოწინააღმდეგეს კარგად დაენახა ის. სპარტელები დემორალიზებულები იყვნენ ამ ლეგენდარული არტეფაქტის თავად ბრძოლის ველზე არსებობით, რომელიც მათ დაუძინებელ მტერს ეკუთვნოდა. ისინი ამ ბრძოლაში სასტიკად დამარცხდნენ.

როდის შეწყვიტა ტროფინის ორაკულმა მოქმედება ზუსტად არაა ცნობილი. სავარუდოდ, მას ისეთივე ბედი ეწია, რაც დოდონეს და დელფოს ორაკულს.





No comments:

Post a Comment