როგორც ცნობილია, კრეტაზე არქეოლოგებმა გამოავლინეს ხუთი სასახლის კომპლექსი: კნოსო, ფესტო, მალია, ზაკროსი და კიდონია. ლეგენდის მიხედვით, მალიის სასახლე ააგო მინოსის ძმამ სარპედონმა ჩვ.წ.აღ-მდე 1900 წელს. ეს სიდიდით მესამე სასახლე მდებარობს კუნძულის ჩრდილოეთ სანაპიროზე. კრეტაზე იშვიათი არაა ქართველური ძირის ტოპონიმები, როგორიცაა: აია, კუტაია, ფაითო, ლაზითი, ჭანია.
მალიას სასახლის მთავარ ეზოში შემონახულია უცნაური მრგვალი ქვის ფილა, რომლის დიამტერი 90 სმ-ია. იგი ჩაშენებულია მომცრო ტერასის იატაკში. დისკის ირგვლივ 33 თანაბარი ზომის ფიალის მსგავსი ჩაღრმავებაა. 34-ე უფრო მოზრდილია და გამოწეული. ის ორიენტირებულია სამხრეთისკენ. დისკი ცენტრშიც ჩარღმავებულია.
ეს უცნაური მონოლითი დათარიღებულია 1900-1750 წ-ით ჩვ. წ. აღ-მდე. აღმოჩენისთანავე ის გამოცანად იქცა მეცნიერებისთვის. რა მოწყობილობაა და რა დანიშნულება ჰქონდა მას? მსგავსი ქვები კრეტაზე სხვაგანაცაა აღმოჩენილი, მაგრამ მალიის დისკი ყველაზე მონოლითურია. საერთო მათთვის გახლავთ დიდი მრგვალი ჩაღრმავება. ზოგან ქვის ფილას სწორკუთხედის ფორმა აქვს და ჩაღრმავებების რაოდენობაც უფრო მეტია.
ამ ფილების ფუნქცია უცნობია. სავარაუდოდ, მათ რიტუალური დანიშნულება უნდა ჰქონებოდა. გამოითქვა ჰიპოთეზა, რომ მალიას დისკი განკუთვნილი იყო პანსპერმიის რიტუალის ჩასატარებლად. ამ რიტუალის ფესვები ისტორიამდელ ხანაში მიდის. რიტუალის დროს მიცვალებულებს და ღმერთებს სწირავდნენ სხვადასხვა ნაყოფს.
სხვა ვერსიით, ქვის ფილა ბერძნული კერნოსების ანალოგიურია. კერნოსი გახლდათ თიხის ჭურჭელი, რომელსაც თავზე მოვლებული აქვს ფიალები. პატარა ფიალებში ათავსებდნენ ხილს, ღვინოს და ზეთს, ხოლო ცენტრში სანთელს. ამ ჭურჭელს იყენებდნენ რიტუალური მიზნით.
ეს ჭურჭელი ძალიან ჰგავს ქართულ სასმისს "მარანს". მარანი წარმოადგენს ორსართულიან სასმისს, რომლის პირველ ნაწილს დაფანჯრული ქუსლ - სადგარი აქვს, ხოლო მეორე სართულად თავზე მოვლებულია საზიარო მილაკი მასზე დამაგრებული ჩარექიანებით. მისი საკრალური და რიტუალური დანიშნულება კარგადაა გამოკვეთილი შემკულობაში. მარნის სიმბოლიკაში ჩადებულია კოლექტიური სერობის საკრალური ხასიათი. იგი განასახიერებს მარნის, როგორც ღვინის სახლის მიკრომოდელს. ქართულ ეთნოგრაფიულ ყოფაში დამოწმებული ეს სარიტუალო ჭურჭელი გარკვეულ გენეტიკურ ნათესაობას იჩენს წინა აზიის სამეურნეო კულტურულ წრესთან.
მეორე ვერსიით, დისკებს და ფილებს იყენებდნენ მაგიდის თამაშისთვის. ყველაზე მოულოდნელი და საინტერესო ვერსია გამოთქვა 1983 წელს ამერიკელმა მეცნიერმა ჩარლზ ჰერბერგორმა, რომელმაც დიდი დრო მოანდომა მინოსური კალენდრის სისტემის შესწავლას. მისი აზრით, მალიას დისკი წარმოადგენს მთვარე-მზის კალენდარს. ყველა მთვარე-მზის კალენდარი მთვარის დედამიწის გარშემო მოძრაობასა და დედამიწის მზის გარშემო მოძრაობის ციკლურობას ასახავს. წლების ათვლა ამ კალენდრით მზის მიხედვით ხდება, ხოლო თვეებისა-მთვარის.
მთვარე-მზის კალენდრის მთავარი ამოცანაა მთვარისა და მზის დროის ათვლის შეწყობა. იმისათვის, რომ კალენდარული წლის საშუალო ხანგრძლიობა შეესაბამებოდეს მზის წელს, საჭიროა მეცამეტე მთვარის თვის პერიოდული სისტემის ჩასმა. ცამეტი თვისგან შემდგარ წელიწადს მთვარე-მზის კალენდარში ეწოდება ემბოლისმური ანუ "ჩამატებული თვე".
უძველესი დროიდან ემბოლისმური წლები კალენდარში განისაზღვრებოდა 3/8 ციკლით, 8-ესაა წელი კალენდარულ ციკლში, ხოლო 3-ემბოლისმური წლის რიცხვი ამ ციკლში. რვაწლიანი კალენდარული ციკლი გამოიყენებოდა ბაბილონში, საბერძნეთში და სხვა ქვეყნებში. ამ ციკლში 8 მზის წელიწადი შეესაბამება 99 სინოდურ თვეს.
მალიას დისკს აქვს 33 პატარა ფიალა, რომელიც უზრუნველყოფს 8 წლიანი ციკლის სიმეტრიულ დაყოფას 99 სინოდურ თვეზე. 34-ე ფიალა, დიდი ზომის გამო, სავარაუდოდ წარმოადგენს მეცამეტე დამატებულ თვეს. ამგვარად, მისი საშუალებით შეიძლებოდა სოფლის მეორნეობის სეზონის დაწყება ერთიდაიგივე დროს. იმ დროისათვის ასეთი გამოგონება არაჩვეულებრივი მიღწევა იყო.
No comments:
Post a Comment