Sunday, 27 September 2020

ტიბეტის დიდი იოგი ჯეცუნ მილარეპა

 


ტიბეტელი მილარეპას გზა მრავალსაუკუნოვანი განხილვისა და მიბაძვის საგანია. ის მაგალითია იმასა, თუ როგორ შეიძლება ძლიერი სულითა და თავდაუზოგაობით მიაღწიო გაბრწყინებას. მისი ლექსები ზეპირსიტყვიერად გადაეცემა თაობიდან თაობას. მილარეპას სახელი მან მიიღო ტიბეტურ იოგურ პრაქტიკაში წარმატების მიღწევის შემდეგ. წარმატებულ იოგებს ანიჭებდნენ "რეპას" სახელს.

მილარეპა ცხოვრობდა და მოღვაწეობდა მე-11 საუკუნეში. დაიბადა შეძლებულ ოჯახში. მამა ადრე გარდაეცვალა. ბიძამ მიისაკუთრა ძმის ქონება, რომელიც მილარეპასა და დედამისს ეკუთვნოდა. დედამ გულში ჩაიდო წყენა. შვილი წამოიზარდა თუ არა, დაარწმუნა რომ  შეესწავლა მაგიის ხელოვნება, რათა ამ გზით სამაგიერო გადაეხადა მაზლისთვის და შური ეძია მასზე.

ერთხელ ბიძამ წვეულება მოაწყო. მაგიურ ხელოვნებას დაუფლებულმა მილარეპამ გამოიყენა პრაქტიკული ცოდნა და მისი დახმარებით სახლის ჭერი ჩამოანგრია. დაიღუპა 35 ადამიანი, ბიძა მეუღლითურთ გადარჩა. ასეთმა შურისძიებამ განარისხა მეზობლები. მილარეპამ ქარიშხალი გამოიხმო და მეზობლებს მოსავალი გაუნადგურა. ბოლოს მიხვდა თავის ჩადენილ დანაშაულს და იმასაც, რომ ასეთი საქციელით ვერაფერს მიაღწევდა. გადაწყვიტა კარმული შედეგებისგან განწმენდა და ჭეშმარიტების გზაზე დადგომა. მილარეპა მასწავლებლის-სულიერი მოძღვრის ძიებას შეუდგა. მას ურჩიეს გურუ მარპა, ცნობილი როგორც მთარგმნელი.

მარპა ინდოეთში მოგზაურობდა, აგროვებდა იშვიათ ხელნაწერებს ტანტრა იოგაზე, რომელსაც ის ტიბეტურად თარგმნიდა. მარპას ბრძნული ხელმძღვანელობის ქვეშ მილარეპამ თავი მთლიანად მიუძღვნა წმინდა დჰარმას და მიაღწია ნირვანას. ის შევიდა სამათხის მდგომარეობაში და წავიდა ამ ქვეყნიდან 48 წლისა, ბუდას ასაკში. როგორც ამტკიცებენ, უშუალო მიზეზი მისი გარდაცვალებისა მოწამლული ხაჭო უნდა ყოფილიყო. მილარეპამ დატოვა უამრავი ჰიმნი და წმინდა პოემა, რომელიც ბევრჯერ გამოიცა ტიბეტურად.


მარპა მკაცრად ექცეოდა მილარეპას და არ სურდა მისი აყვანა მუდმივ მოსწავლედ. ავალებდა რთული ამოცანების შესრულებას, მკაცრად განსჯიდა და კოშკების შმენებლობას აიძულებდა. როცა მილარეპა კოშკის აგებას არულებდა, მასწავლებელი უკმაყოფილებას გამოთქვამდა, ანგრევდა კონსტრუქციას და აიძულებდა ახლებურად აეგო. დიდი ხვეწნისა და მუდარის შემდეგ, მასწავლებელმა საჭირო ცოდნა და მითითებები მისცა მედიტაციისთვის. ახალგაზრდა მძიმე პირობებში სწავლობდა პრაქტიკას, კითხულობდა მანტრებს, სრულყოფდა იოგის ხელოვნებას. გამუდმებული მედიტაციური პრაქტიკის შემდეგ, მილარეპამ საბოლოოდ მიაღწია ვაჯრადჰარას-აბსოლუტური გაბრწყინება. ითვლება, რომ მან პირველმა შეიმეცნა გამოღვიძება ერთი გარდასახვისას, მიუხედავად უარყოფითი კარმისა და დაუმსახურებელი წარსული ცხოვრებისა.

45 წლის ასაკში გამოქვაბულში დაიწყო ცხოვრება, ასკეტივით დახეტიალობდა და ავრცელებდა ბუდისტურ ფილოსოფიას იოგის საიდუმლოებებთან ერთად. იოგის რთული ასანებით ის აჩვენებდა ყველას ადამიანის სხეულის შესაძლებლობებს, ხოლო ლექსად გამოთქმული ბრძნული აზრებით ხსნიდა თავის სულიერ და სამყაროს ჭეშმარიტ ბუნებას. მილარეპას ჯადოსნურ შესაძლებლობებზე მთელ ტიბეტში გარცელდა ხმა. მას ბევრი მიმდევარი გაუჩნდა. მისი მომხრეები ამტკიცებდნენ, რომ მილარეპას შეეძლო გადაფრენა ერთი კლდიდან მეორეზე. 
 
მილარეპა აკმაყოფილებდა აღმოსავლელი ადეპტის ყველა მოთხოვნას. ის ვარჯიშობდა ტანტრა იოგას დისციპლინებში, იძენდა ბევრ ოკულტურ შესაძლებლობებს. მან ხელდასმა მიიღო გურუ მარპისგან ეზოთერული რიტუალების სრული დაცვით და დაიმსახურა მოციქულთა შორის ადგილი.  მიაღწია რა მარადიული ჭეშმარიტების შინაგან ჭვრეტას, ქადაგებდა, ახდენდა  სასწაულებს და შემოიკრიბა მოსწავლეები. ავიდა განთავისუფლების საფეხურზე და მის სიკვდილს ახლდა ღვთაებრივი სტატუსის მტკიცებულება. სხეულის კრემაციის დროს, სამარხი ცეცხლის ალსა და კვამლში გამოჩნდენ ღვთიური არსებები და მისი სხეულის ნაწილებმა შეიძინა სასწაულებრივი თვისებები.

ერთხელ, როცა გურუ მიდიოდა ლხასში, თვითკმაყოფილ მოწაფესთან ერთად, მილარეპამ გადაწყვიტა  შესაფერისად შთაეგონებინა მოსწავლე.  უბრძანა მოეტანა იაკის წყვილი რქა, რომელიც გზასთან ახლოს ეყარა. მოსწავლე არ დაემორჩილა, ვინაიდან რქების შეგროვებაში სარგებელს ვერ ხედავდა. ფიქრობდა, რომ მასწავლებელს ასაკობრივი დემენცია და ბავშვური ახირებები დაეწყო. მილარეპამ თავად აკრიფა რქები და განაცხადა, რომ ადრე თუ გვიან ისინი დასჭირდებოდა.

მალევე მგზავრებს ჭექა-ქუხილმა მოუსწრო, თავშესაფარი არასდ ჩანდა. მოწაფემ თავზე ტანსაცმელი წამოიხურა და აკანკალებული იჯდა ელვასა და ქუხილში, სანამ ამინდი არ ჩაწყნარდა. ის ლამას ძებნას შეუდგა, მაგრამ ვერსად ნახა. უცბად მოესმა ხმა, დაიხედა და დაინახა იაკის რქაში მოკალათებული მილარეპა. "შვილი თუ არ უთმობს მამას-თქვა მან-მაშინ დაჯდეს ის მეორე რქაში." მოსწავლე შერცხვენილი აღმოჩნდა, ვინაიდან რქა იმდენად პატარა იყო, რომ ქუდის მაგივრობასაც კი ვერ გაუწევდა.






No comments:

Post a Comment