ორასი წელი (XI-XIII ს.) ფანატიკოს მუსულმანთა ორდენი "ასასინები" მთელ ახლო აღმოსავლეთს შიშის ზარს სცემდა თავისი სისასტიკითა და აკრძალვების არარსებობით. მათი მომსახურებით სარგებლობდნენ არამარტო აღმოსავლეთის მონარქთა ოჯახები, არამედ მთელი ევროპა. ასასინთა ორდენის დამფუძნებელი გახლდათ ჰასან იბნ საბაჰი, ზედმეტსახელად "მთის უხუცესი". დაიბადა საბაჰი შიიტთა ოჯახში, კაიროში სწავლის დასრულების შემდეგ გადავიდა შიიტ ნიზარითთა რადიკალურ სწავლებაზე. მასთან ერთად სწავლობდა ომარ ჰაიამი და ნიზამ ალ-მულკი-ვეზირი სელჯუკთა იმპერიაში.
სწორედ ნიზამ ალ-მულკიდან იწყება ასასინ მკვლელთა ისტორია. ყოფილი ამხანაგი იქცა პოლიტიკურ მოწინააღმდეგედ და ჰასანმა მოიშორა ის. ალ მულკს მიუგზავნეს დერვიშად გადაცმული მკვლელი. ვეზირი მოკლეს საკუთარ სასახლეში დაცვისა და უამრავი მოწმის თვალწინ. მიზეზი ამ მკვლელობისა გახდა ნიზამ ალ-მულკის ბრძანება ისმაილიტთა მუეძინის დასჯის შესახებ. შეურაცხყოფილი ასასინები მიადგნენ ალამუთს, საბაჰი სახურავზე გამოჩნდა კვერთხის ქნევით და დაიძახა: "ამ ეშმაკის სიკვდილი ანაზღაურდება სამოთხეში ნეტარებით." ასეთი "დალოცვის" შემდეგ, ვეზირს დიდი ხნის სიცოცხლე აღარ ეწერა. ალ მულკის მკვლელი დაცვამ დაგლიჯა, ასასინებმა კი სასახლე გადაწვეს. საბაჰი საკმაოდ ჭკვიანი კაცი იყო და მიხვდა, მტერი რომ დააშინო, სულაც არაა საჭირო ჯარის შენახვა, საკმარისია ტერორისტ-ფანატიკოსები გყავდეს.
ჰასანი ასკეტურად ცხოვრობდა. თავისი მმართველობის ხანაში გააუქმა სელჯუკთა მიერ დაწესებული ხარკი, აგებდა ციხესიმაგრეებს, გზებსა და ხიდებს. იწვევდა ალამუთში მეცნიერებს, ექიმებსა და ფილოსოფოსებს მთელი მსოფლიოდან. უარის შემთხვევაში, იტაცებდა მათ და ტყვეობაში ამყოფებდა. აგროვებდა ხელნაწერ წიგნებს და ჰქონდა დიდი ბიბლიოთეკა.
შექმნილი წარმოდგენით, ასასინები მოიხმარდნენ ჰაშიშს რიტუალების, ვარჯიშის დროს და ამის გამო მიიღეს ეს სახელწოდება. ორდენს მართლა ერქვა "ჰაშაშინები", რაც დაკავშირებული უნდა იყოს ან მათი ლიდერის სახელთან "ჰასანი", ან მათ დამამცრობელ მეტსახელთან-"ბალახჭამიები" ანუ მათხოვრები. შესაძლოა ამ სახელწოდების ეტიმოლოგია უკავშირდება არაბულ სიტყვა "ასასინს"(აშაშინს)-"საიდუმლოების მცველი". სპარსულად კი "ჰაშიშია", ასე მიმართავდნენ მუსტალიტები დაბალ სოციალურ ფენას, ხოლო მოგვიანებით თავის მტრებს ნიზარითებს. რაც შეეხება კანაფის მოხმარებას და ამ გზით მკვლელთა მომზადებას, ეს ნაკლებად სარწმუნოა. ისინი ჰაშიშის მომხმარებლები რომ ყოფილიყვნენ, მაშინ ხილვებისა და ჰალუცინაციების გამო აღარ დასჭირდებოდათ ხელოვნურად შექმნილი სამოთხე და ღვინის მდინარეები, რომელიც თითქოს საბაჰს სპეციალურად ჰქონდა მოწყობილი ერთ-ერთ სახლში ორდენის მომავალი წევრის ფსიქოლოგიური მომზადებისთვის (ეს მითი მარკო პოლოს ეკუთვნის). სხვის გარსში ყოფნა ასასინისგან მოითხოვდა დიდ ნებისყოფას და თავშეკავებას. მათ იცოდნენ, რომ ნაადრევ, მოულოდნელ, გამჟღავნებულ მკვლელობას მოჰყვებოდა მათივე გარდაუვალი და უზომო ტანჯვით სიკვდილი. ასეთი ხანგრძლივი მაღალპროფესიონალური ქმედება შეუძლებელია განხორციელებულიყო ჰაშიშის ზემოქმედების ქვეშ, არც ძალდატანებითა და არც ბრძანებით.
ნიზარითთა მთავარი იდეა გახლდათ " ფარული" იმამის, მუჰამედის შთამომავლის არსებობა, რომელიც გადაურჩა მტრებს და თავს ავლენს მესიად. საბაჰმა შეძლო დაერწმუნებინა თავისი მიმდევრები, რომ თავად გაანთავისუფლა "ფარული იმამი" ტყვეობიდან ჯერ კიდევ ბავშვობისას და მანვე აღზარდა ღვთით ბოძებული ბავშვი, დააბინავა ის ციხესიმაგრეში. ნიზარითებს სჯეროდათ, რომ ალამუთში ცხოვრობდა წინასწარმეტყველი (საბაჰი) და ვიღაცა, ალაჰის იმქვეყნიური მაცნე. "მთის უხუცესის" მიმდევრებმა ამ ზენაარ არსებად შემდეგ საკუთარი თავი გამოაცხადეს.
ასასინთა ორდენში ქვედა საფეხურზე (ფიდაინები) მოხვედრის მსურველებს დახურული ხვდებოდა ალამუთის ჭიშკარი. იმდენი ლეგენდები დადიოდა, რომ მსურველთა რიცხვს ბოლო არ უჩანდა. ორასი კანდიდატიდან სულ ხუთს იღებდნენ, საუკეთესო შემთხვევაში ათს. მსურველს რამდენიმე დღე უნდა გაეტარებინა ლოდინში მანამდე, სანამ ორგანიზაციის უფროსი არ მოისურვებდა შეხვედრას. ამ ხნის განმავლობაში ახალბედა განიცდიდა დამცირებას, მუქარას და ცემასაც კი უფროსების მხრიდან. ამ გამოცდას ვინც გაივლიდა, მას უშვებდნენ შემდეგ გამოცდაზე.
გამოცდა შვიდი საფეხურისგან შედგებოდა. პირველზე ხელმძღვანელი ადეპტის ხასიათს არკვევდა, მეორეზე-ნდობას იმსახურებდა, მესამეზე აიძულებდა დაეჭვებულიყო ყურანის სიმართლეში, მეოთხეზე აიძულებდა დაედო ერთგულების ფიცი. შემდეგ აჩვენებდა, რომ ორდენში მხოლოდ ყველაზე გავლენიანი სახელმწიფო პირები შედიან; გამოცდებს უტარებდა სხვადასხვა საკითხში და აძლევდა სამოთხის გასაღებს. ყველაფერი ტარდებოდა მკაცრი დისციპლინისა და არაქათგამომცლელი ვარჯიშების ფონზე. ასასინები ხანგრძლივ მომზადებას გადიოდნენ, სწავლობდნენ აღმოსავლურ ორთაბრძოლებს, ოსტატურად ფლობდნენ იმ დროის ყველა არსებულ იარაღს. მათ აიძულებდნენ საათობით მზის ქვეშ დგომას, რითაც გამძლეობას გამოიმუშავებდნენ. ასწავლიდნენ სხვა ხალხთა ისტორიას, რელიგიას, გადიოდნენ სამსახიობო ხელოვნების გაკვეთილებს და შენიღბვის ხელოვნებას. შიიტური ფილოსოფია ნებას რთავდა ასასინს გამოეყენებინა ყველანაირი ხრიკი. ის ქრისტიანულად ინათლებოდა და მორჩილი ბერი ხდებოდა. ამის მერე, შეეძლო წლების განმავლობაში თავი მოეჩვენებინა კეთილ ქრისტიანად. ამავე დროს, რეალურად რჩებოდა იბნ საბაჰის მთვლემარე ჯაშუშად. ასასინებს თავი ხან ჯვაროსნებად მოჰქონდათ, ხან ბერებად, ხან ცირკის მსახიობებად. მაგრამ რაც მთავარია, მზად იყვნენ შეესრულებინათ შეიხის ბრძანება და სიკვდილზე წასულიყვნენ. ყოველ მომდევნო საფეხურზე გადასვლას თან ახლდა შთამბეჭდავი მაგიური რიტუალები.
ორგანიზაციას მკაცრი იერარქია ჰქონდა. ყველაზე დაბლა იყვნენ ფიდაინები, სიკვდილის განაჩენის აღმსრულებლები. ცოცხლად გადარჩენის შემთხვევაში, რიგი დამსახურებების შემდეგ, რაფიკას წოდებას იღებდნენ. მათზე უფრო მაღალ საფეხურზე იდგნენ დაიები. სწორედ ისინი გადასცემდნენ მმართველის ნებას ფიდაინებსა და რაფიკებს. სამსახურებრივ კიბეზე დაწინაურება დაი ალ-კირბალამდე ადიოდა. ისინი ირდენში ყველაზე პრივილეგირებულები იყვნენ. მხოლოდ მათ იცოდნენ მთის უხუცესის თანაბრად ყველა საიდუმლო.
ერთი ევროპელი იმყოფებოდა ალამუთის ციხესიმაგრეში. ეს ადამიანი გახლდათ გრაფი ჰენრიხ შამპანელი. მისი მონათხრობიდანაა ცნობილი, რომ ჰასანის მიმდევრები მზად იყვნენ გადამხტარიყვნენ ხრამში ან დანით დაესერათ საკუთარი თავი მხოლოდ ერთი ბრძანებით. სტუმარს ორდენის რამდენიმე წევრმა თვითმკვლელობა თეატრალური პათოსით წარმოუდგინა.
თურქ-სელჯუკთა და არაბთა ზედა ფენა ისე იყო შეშინებული ასასინთა ტერორით, რომ მშვიდობიანობის დროსაც კი ჯავშნით დადიოდა. ერთადერთი უფრო მეტად სერიოზული საშუალება უსაფრთხოებისა "მთის უხუცესის" ფარული მოსყიდვა გახლდათ. ფაქტობრივად შეიქმნა რეკეტის მსგავსი სისტემა: თავადაზნაურობა დიდ ფულს უხდიდა უკანონო ორგანიზაციას, "უბედური შემთხვევსიგან თავის დაზღვევაში". ფანატიკოსთა ხელს ემსხვერპლა იერუსალიმის მეფე კონრად მონფერატელიც კი.
პირველი დარტყმა ნიზარითთა ციხესიმაგრეებს მიაყენა სალაჰ-ად-ადინმა. მან დაამხო ფატიმიდების ხალიფატი მამელუქებთან ერთად. სალადინი (როგორც ქრისტიანებმა დაარქვეს) იყო სუნიტი. მან მიზნად დაისახა გაეწმინდა ისლამი შიიტური ერესისგან. სწორედ ეს გახდა მიზეზი ნიზარითებისა და ჯვაროსნების მოკავშირეობისა. ასასინები გადავიდნენ წმინდა მიწაზე და მონაწილეობას იღებდნენ ბრძოლებში სალადინის წინააღმდეგ. რამდენჯერმე სცადეს მისი მოკვლა, მაგრამ უშედეგოდ. ორდენმა ცვლილება განიცადა. საბაჰი მხოლოდ რელიგიური მიზნით მოქმედებდა და სწამდა თავისი სწავლების სამართლიანობისა. მისი მემკვიდრეები ამახინჯებდნენ სწავლებას და იყენებდნენ მას საკუთარი მიზნებისთვის.
შესაძლოა უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ სტეპების ბინადარნი ოდესღაც იდგნენ რელიგიის არჩევანის გზასაყარზე და უფრო მეტად ნესტორიანული ქრისტიანობის მხარეს იხრებოდნენ. მომთაბარეებმა ისლამი არჩიეს, მაგრამ ასასინებთან ომის დროს მათ ნამდვილი რელიგიური ომი გააჩაღეს მუსლიმთა წინააღმდეგ. ამ ლაშქრობას ეწოდა "ყვითელი ჯვაროსნული ლაშქრობა"-მისი მიზანი უფლის საფლავის გამოხსნა გახდა. ახლა ამის წარმოდგენა ძალიან რთულია, მაგრამ იმ დროს მონღოლები აღიქვეს როგორც ქრისტიანული რწმენის დამცველნი და ჯვაროსნები მათ მოკავშირეებად იქცნენ.
მონღოლები ალამუთზე ლაშქრობას სერიოზულად მიუდგნენ. ააგეს მთის ხიდები და გადასასვლელები, გამოიყენეს საალყო დანადგარები და დენთის იარაღიანი ჩინური ჯარი. ამგვარად, ასასინთა ციხესიმაგრეები ერთ-ერთი პირველი იყო, რომლის ასაღებად გამოყენებული იყო დენთი. მაგრამ ასასინთა უკანასკნელი ციხესიმაგრე ოცი წელი ეწინააღმდეგობოდა მონღოლებს. უფროსის ბრძანების შემდეგაც კი არ წყვეტდნენ წინააღმდეგობას.
უკანასკნელი "მთის უხუცესი" გახდა რუქ ად-დინ ჰურშაჰი, რომელმაც საკუთარი მამა მოკლა მისი ადგილის დასაკავებლად და ალამუთი, ასევე სხვა ციხესიმაგრეებიც ჩააბარა მონღოლებს უომრად. თავად ჰურშაჰი კი მონღოლებმავე მოკლეს. მონღოლებმა სცადეს მისი მკვლელობა უბედურ შემთხვევად გაესაღებინათ, მაგრამ ასასინთაგან განსხვავებით ასეთ საქმეში მათ გამოცდილება არ ეყოთ და მკვლელობა გამჟღავნდა. ჰურშაჰმა ძალაუფლება მამისგან მემკვიდრეობით მიიღო. მას უყვარდა ღვინო და ქალები. ის კიდევ დიდხანს იჯდებოდა სასახლეში, მაგრამ ნერვებმა უმტყუნა. გაიგო რა, რომ სიცოცხლის შენარჩუნებას ჰპირდებოდნენ, გამოცხადდა ჰულაგუსთან. ჰულაგუმ კი ის მონღოლეთში გაისტუმრა, მაგრამ მუნკე ვერ იტანდა გამყიდველებს და ბრძანა ჰურშაჰის გზაში მოკვლა.
ასასინთა სახელმწიფოს დაცემის შემდეგ, მისი წევრები დაიფანტნენ აღმოსავლეთში, ნაწილი წავიდა ინდოეთში და მახრჩობელათა სექტას, თჰაგებს შეუერთდა-ქალღმეთ კალის თაყვანისმცემლებს. აქამდე უცნობია, როგორ აეწყო მათი ურთიერთობა და საერთოდ ჰქონდათ თუ არა კონტაქტი. თჰაგებსაც, ისევე როგორც ასასინებს, ადანაშაულებდნენ რიტუალების დროს რაღაც ნარკოტიკის გამოყენებაში, რომელსაც ერქვა "ზიარების შაქარი". თვლიდნენ, რომ ამ "შაქრის" დაგემოვნების შემდეგ მახრჩობელები ვერ ეწინააღმდეგებოდნენ უფროსებს და გონწართმეულნი მიდიოდნენ მოსაკლავად, ვისაც ჩაუდგებოდნენ კვალში. ასასინთა ნაწილი გადავიდა ევროპაში. რომის პაპმა ინოკენტი II განკვეთა ეკლესიიდან ფრიდრიხ II იმის გამო, რომ მან დაიქირავა ასასინები ჰერცოგ ბავარიელის მოსაკლავად. 1158 წელს მილანთან დააკავეს ასასინი, რომელსაც სურდა იმპერატორ ფრიდრიხ I მოკვლა.
არსებობს ასეთი მოსაზრება, რომ გამაბრუებელი ნივთიერება არ გახლდათ რაიმე რეალური სუბსტანცია, არამედ მკვლელობის მეტაფორაა. გარდა ზედაპირზე არსებული იდეისა სადისტურ სიამოვნებაზე, არსებობს კიდევ უფრო ღრმა კონცეფცია. ინდოეთისა და სპარსეთის მკაცრ კასტურ საზოგადოებაში, რომელიც შემდეგ აიტაცეს არაბებმა და თურქებმა, მკვლელთა ფარული საზოგადოებები იქცნენ მეტაფორულად და მეტაფიზიკურად თითქმის ერთადერთ გზად ყელში წაეჭირათ ხელი ბედისა და სამყაროსთვის. გასაგებია, რომ მკვლელთა ორდენში შესული აწყდებოდა უფრო მკაცრ იერარქიას, მაგრამ პარადოქსულია, რომ ეს ადამიანი თავისუფლად გრძნობდა თავს. გუშინდელი გლეხებიდან და ხელოსნებიდან გამოსული მოულოდნელად აღმოჩნდებოდა სისტემაში, რომელიც ანადგურებდა ელიტას, რომელსაც ის თვლიდა უსამართლოდ და მანკიერად. ამასთან, დიდი კმაყოფილება მოჰქონდა თავად არა მტაცებლის საქციელს, არამედ მსხვერპლად დაბადებულის დამამცირებელი სტატუსისაგან განთავისუფლებას. აი, ზუსტად ეს უკანასკნელი წარმოადგენდა გამაბრუებელ წამალს, რომლითაც "მთის უხუცესმა" დაასაჩუქრა თავისი მიმდევრები.
მე-19 საუკუნეში, პარიზში არსებობდა ე.წ. "ასასინთა კლუბი". ეს გახლდათ თავზეხელაღებული, პოპულარული პოეტებისა და პროზაიკოსების ლიტერატურული გაერთიანება, რომლის შემადგენლობაში იყვნენ ბოდლერი, მამა-დიუმა, ჰიუგო და ბალზაკი. სწორედ მამა-დიუმამ მოიგონა, რომ ასასინები ხმარობდნენ ჰაშიშს. სინამდვილეში თავად ისინი იყენებდნენ ამ ბალახს. ლიტერატორებმა სახელი გაითქვეს იდუმალი მისტიკოსისა და ალამუთის მმართველ ჰასან იბნ საბაჰის სახის პოპულარიზაციით. ბევრი კლიშე, რომელიც დარჩა მასობრივ კულტურაში, მათ მიერ იყო შექმნილი. სწორედ მათგან იწყება ფაქტების მხატვრული გაყალებების ტრადიცია ნიზარითებისა. ლეგენდებად დადის ხალხში, რომ ისინი არიან უძველესი რელიგიური არტეფაქტების მცველები. ზოგიერთი მათ მიაწერდა ეგვიპტის არტეფაქტების ფლობასა და დაცვას. სხვები ამტკიცებენ, რომ სწორედ მათთან მოხვდა ქრისტიანული სამყაროს სიწმინდეები. თითქოს ეს მოხდა მას მერე, რაც უხუცესის მიმდევრებმა ახლო აღმოსავლეთში ამოხოცეს უკანასკნელი რაინდი-ტამპლიერები და დაეუფლნენ მათ ქონებას.
ასასინ მმართველთა დინასტია არ შეწყვეტილა და დღესაც არსებობს. პრინც ქარიმ აღა-ხან IV ტიტული მიიღო პაპისგან აღა-ხან III-გან. ისმაილიტებს სჯერა, რომ ქარიმი წინასწარმეტყველ მუჰამედის ერთადერთი მემკვიდრეა და თაყვანს სცემენ მას. პრინცი ქარიმ აღა-ხან IV მულტიმილიონერია, ნიზარითთა სულიერი ლიდერი და შვეიცარიის მოქალაქეა. მან შესანიშნავი განათლება მიიღო ჰარვარდში, უკეთ გრძნობს თავს ევროპაში ვიდრე აზიაში და დიდი ბრიტანეთის დედოფალთანაც მართავს შეხვედრებს. დედოფალმა მას "მისი უმაღლესობის"(His Highness) ტიტული მიანიჭა. ხოლო შაჰინშაჰმა მოჰამედ რეზა ფეჰლევიმ-"მისი სამეფო უმაღლესობის"(His Royal Highness) ტიტული. აღა-ხანი ითვლება ასასინ მმართველთა ტიტულის მემკვიდრედ. მეორე მხრივ, ჩნდება კითხვა: საიდან გაუჩნდა თანამედროვე ასასინებს, აღა-ხანებს აურაცხელი ქონება? იქნებ სწორედ არტეფაქტების გაყიდვით გახდნენ მდიდრები. ეს ქონება მე-13 საუკუნიდან აღმოჩნდა მათ ხელში და მას მერე, ისე გაიზარდა, რომ აღა-ხანს შეუძლია ბევრ პოლიტიკურ პროცესზე ზეგავლენის მოხდენა. (მისი ქონება 14 მილიარდამდეა შეფასებული) მაგალითად, როცა თურქეთმა 1919 წელს მოისურვა სტამბულის (კონსტანტინეპოლის) შენარჩუნება, ხმა დადიოდა, რომ სწორედ აღა-ხანი დაეხმარა მუსლიმებს ევროპელ პოლიტიკოსებთან და სტამბული დარჩა თურქებს. ქარიმი ითვლება ბევრი საქველმოქმედო ორგანიზაციის დამფინანსებლად.
არაფერია ჭეშმარიტი. ყველაფერი ნებადართულია.
-თითქოს ეს ფრაზა ჯვაროსნული ლაშქრობების დროს ასასინთა დევიზი იყო, მაგრამ ეს არ შეესაბამება სიმართლეს. ციტატა ეკუთვნის მწერალ უ. ბეროუზს და ის ამოღებულია მისივე წიგნიდან "წითელი ღამის ქალაქები". უ.ბეროუზი არამარტო თავად იყო გატაცებული ასასინებით, არამედ ეს ინტერესი კურტ კობეინსაც გადასდო. მათ ერთად ჩაწერეს აუდიომოთხრობა "ისინი მას მოძღვარს უწოდებდნენ" და გეგმავდნენ რაღაც მსგავსის შექმნას ასასინებზე. კობეინის დაღუპვამ ხელი შეუშალა ამ გეგმას.
რაც თავთან გიდევს, შეიძლება გულში მოგხვდეს-ეს ფრაზა კი ნამდვილად ასასინებს ეკუთვნით.
No comments:
Post a Comment