სხვადასხვა ფორმისა და ზომის ნაგებობები განლაგებულია იარუსებად. სასახლეში თიხის მილების საკანალიზაციო სისტემა იყო გაყვანილი, რომელიც ემსახურებოდა აუზებს, აბაზანებს და თქვენ წარმოიდგინეთ ''ჩასარეცხ საპირფარეშოებსაც'' კი. აქ იყო უამრავი გადასასვლელები, საიდუმლო გასასვლელები და კიბეები. სასახლე ისეა აგებული, რომ პერესპექტივის აღქმა შეუძლებელია. ის მხოლოდ მოძრაობის დროს იხსნება.
ცნობილია, რომ პირველი გათხრები კრეტაზე განახორციელა ინგლისელმა ევანსმა. გათხრები 30 წელს გრძელდებოდა. სწორედ მან აღმოაჩინა კნოსოს სასახლე. ევანსს ეჭვი არ შეჰპარვია, რომ მეფის სასახლე აღმოაჩინა, მაგრამ დროთა განმავლობაში ამ სასახლის დანიშნულების გარკვევა ყველას გაუჭირდა, ვინაიდან არქიტექტურული თვალსაზრისით ის ერთობ რთულ ნაგებობას წარმოადგენდა. ევანსი მატერიკულ საბერძნეთს კნოსოს პროვინციადაც კი თვლიდა. მისი და სხვა მკვლევარების დასკვნით სასახლე მიწისძვრამ დაანგრია, რის შემდეგ ბოლო მოუღო ხანძარმა. მოგვიანებით, ამ დასკვნის მიმართ ეჭვი გაუჩნდათ გეოლოგებსა და მშენებლებს. დაიწყო სასახლის ხელახალი გამოკვლევა და ექსპერტიზა, რომელსაც ხელმძღვანელობდა გერმანელი გეოლოგი, პროფესორი ჰანს ვუნდერლიხი. მას უცნაურად მოეჩვენა სასახლის სტრუქტურა. აქ, თითქოს ბევრ ადამიანს უნდა ევლო, მაგრამ კიბეებს არასოდეს იყენებდნენ. ამ უზარმაზარი კომპლექსის უმეტეს სექციებში თითქმის არავინ შედიოდა, რაც თავისთავად უცნაური ჩანდა. სასახლეს არ ჰქონდა გარშემოვლებული გალავანი. ექსპერტებმა გულდაგულ შეამოწმეს გრანიტის სვეტები, რომლებიც სასახლის შესასვლელში ეყარა. ძლიერი დარტყმის შედეგად სვეტების ქვეშ არსებული ფილები აუცილებლად დაიმტვრეოდა, თუმც ფილებს ნაფხაჭნიც არ ეტყობოდა.ეზოში დაყრილი სვეტების შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ისინი ჟამთა სვლამ და მოუვლელობამ ჩამოანგრია. საერთო დასკვნა ასეთი გახლდათ: კრეტაზე მიწისძვრა მოხდა, მაგრამ არა იმ მასშტაბის რომ ამხელა შენობა დაენგრია.
საქმეში ჩაერთნენ ეგვიპტოლოგებიც. მათი ავტორიტეტული აზრით ''ლაბირინთის'' ოთახები არ გამოირჩეოდა ფუფუნებით, ვინაიდან კედლები ჩვეულებრივი საამშენებლო მასალით იყო ნაგები. სამეფო ოთახს ყოველთვის მარმარილოთი აპირკეთებდნენ, აქ კი ეს არ აღინიშნებოდა. რაც შეეხება ხანძარს, კედლის ბათქაშს ხანძრისგან ფერი არ ჰქონდა შეცვლილი, რაც თავისთავად გამორიცხავდა ხანძრის შედეგად სასახლის ნგრევას. აღმოჩნდა, რომ კრეტელები თაბაშირს ურევდნენ ბიტუმს, რომელიც დროთა განმავლობაში ძარღვებად ისახებოდა და კედელს მარმარილოს ფაქტურის სახეს აძლევდა. კრეტელები ამ მეთოდს იყენებდნენ სასახლის აგებისას. ხანძრის შემთხვევაში ბიტუმი დაიწვებოდა და თაბაშირი თეთრ, უსახო იერს მიიღებდა. ''ლაბირინთში'' კი ბიტუმი ხელუხლებელი დარჩა. როგორც ჩანს, სასახლე არც მიწისძვრას დაუნგრევია და არც ხანძარს. დაისვა კითხვა: მაშ რამ დაანგრია სასახლე და საერთოდ რა მიზნით ააგეს ის?
რისთვის ააგეს მინოსის სასახლე? ჰანს ვუნდერლიხმა ამ დისკუსიას მეტი ინტერესი შესძინა.ის კრეტაზე მუშაობისას ერთ საიდუმლო ფაქტს გადააწყდა. სასახლეში კარის ზღურბლი, საფეხურები და იატაკი ყველგან, ყველა ოთახში აბაზანებისა და საკუჭნაოს ჩათვლით რბილი თაბაშირისა იყო, რომელიც ნაკლები გამძლეობით გამოირჩევა. მასზე სიარულისას ის ადვილად დაიშლებოდა. ამ შემთხვევაში თაბაშირის იატაკი და ზღურბლი არ იყო დაზიანებული. გამოდის, შენობის დიდ ნაწილში ხალხი საერთოდ არ შედიოდა. მშენებლებმა მხოლოდ დერეფნებში გამოიყენეს მყარი ანტიკური ცემენტი. არქეოლოგებმა იმასაც მიაქციეს ყურადღება, რომ ''საცხოვრებელი ოთახები''და ''სამეფო მოსასვენებელი'' ბნელი სარდაფების შთაბეჭდილებას ტოვებდა. იქ სათანადოდ არც სინათლე შედიოდა და არც ჰაერი, ვინაიდან ოთახებს სარკმელი საერთოდ არ გააჩნდა. აღმოჩნდა განიერპირიანი თიხის ქოთნებიც . ქოთნები პროდუქტის შესანახი ჭურჭლის შთაბეჭდილებას არ ტოვებდა, ვინაიდან მიკენში აღმოჩენილ მსგავს ქოთნებში ადამიანის ძვლები იყო შენახული.
რაც მიანიშნებდა, რომ მას დაკრძალვისთვის იყენებდნენ, ე.ი. წარმოადგენდა თავისებურ ურნას, რომელშიც ასხავდნენ თაფლს და მასში მიცვალებულს აკონსერვებდნენ. თიხის სპეციალური ღარებით მიედინებოდა სითხე გვამის ბალზამირებისთვის. გათხრების დროს დაადგინეს, რომ კრეტაზე მუმიფიცირების თავისებური მეთოდი ჰქონდათ, რომელიც ეგვიპტურისგან განსხვავდებოდა. ქურუმები აშრობდნენ მიცვალებულის სხეულს, შემდეგ დახვეულ მდგომარეობაში ათავსებდნენ თიხის ჭურჭელში. ქოთანს იყენებდნენ ადამიანის დასაკრძალად და ის იყო მიცვალებულის შესანახი.
რაც შეეხება სასახლეში არსებულ აბაზანებს, ისინიც თაბაშირისგან იყო დამზადებული. ამიტომ მონათლეს სარკოფაგებად, რომელიც მაღალი წრის ადამიანების სამარხად გამოიყენებოდა. აბაზანები იდგა ოთახებში, სადაც კედლები მოხატული იყო ჩიტებით, თევზებითა და რაც მთავარია დელფინებით, რომლებიც მიცვალებულის სულებს მიაცილებდნენ იმქვყნად.
ზემოთ მოტანილი მასალის საფუძველზე მეცნიერებმა გამოიტანეს დასკვნა, რომ ''ლაბირინთში'' არასოდეს უცხოვრიათ კრეტის მეფეებს, აქ მოქმედებდნენ ქურუმები. სასახლე სავარაუდოდ იყო ტაძარი. პირველ სართულზე განთავსებული იყო სამაროვანი უამრავი საკურთხევლით. მეორე სართული განკუთვნილი იყო სულის მოსახსენებელად. სასახლე გახლდათ მთელი კუნძულის საკულტო ცენტრი. რაც შეეხება მეფე მინოსს, ის როგორც მეფე უმაღლესი ქურუმიც გახლდათ. მისი ბრძანებით აიგო ''ლაბირინთი''. სავარაუდოდ თვითონაც ესწრებოდა გამოჩენილი პიროვნებების დაკრძალვას.
დაახლოებით 1200 წ-ს ჩვ.წ.აღ-მდე დაკრძალვის წეს-ჩვეულება შეიცვალა. კრეტელებმა თავი მიანებეს მუმიფიცირებას და მიცვალებულებს წვავდნენ. კნოსოს სასახლემ თანდათან დაკარგა თავისი საკულტო დანიშნულება, ამიტომ ის ნელ-ნელა გაიძარცვა. მოუვლელობამ და ჟამთა მდინარებამ დაანგრია. სხვა ადგილებზე ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად დადგინდა, რომ კრეტაზე საკუთარი მუმიფიცირების მეთოდი ჰქონდათ, რომელიც განსხვავდებოდა ეგვიპტურისგან. ქურუმები აშრობდნენ გვამებს, შემდეგ მოკეცილს დებდნენ ქოთანში. ევანსს თავიდანვე ამისთვის ყურადღება რომ მიექცია, მუმიის ნარჩენები არ გაქრებოდა, ვინაიდან დახურულ სივრცეში უცბად შეჭრილმა ჰაერმა მტვრად აქცია.
ვუნდერლიხის აზრს, რომ კნოსოს სასახლე საცხოვრებელი კი არა, არამედ სამარხი კომპლექსი იყო, სადაც მსხვერპლს წირავდნენ და ტარდებოდა რიტუალური თამაშები, დაეთანხმა შპენგლერიც. მინოსელებს არ დაუტოვებიათ ნაგავი. ხშირად სწორედ მისი საშუალებით ხდება ხოლმე ბევრი რამის გარკვევა. მეცნიერის აზრით მუმიფიცირების პრაქტიკა უნდა ყოფილიყო მიზეზი კრეტისა და ეგვიპტის ახლო ურთიერთობისა.მან ეჭვიც კი გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ ეგვიპტეში მუმიფიცირებას ასრულებდნენ კრეტელები. ამასთან, შესაძლოდ მიიჩნია მუმიფიცირების წესის ჩასახვა კრეტაზე. კრეტასა და ეგვიპტეს შორის რომ მჭიდრო ურთიერთობები არსებობდა, ამაზე მეტყველბს ფრესკა, რომელზეც გამოსახული არიან ეგვიპტეში ჩასული ძღვენით დატვირთული კრეტელები.
ჩვ.წ.აღ-მდე 3000 წელს კრეტას ურთიერთობა ჰქონდა ეგვიპტესთან. მათ რელიგიურ წეს-ჩვეულებას ბევრი საერთო ჰქონდა. ეგვიპტეში ძალიან მოსწონდათ კრეტული თიხის ჭურჭელი, რომელიც მუქ ფონზე დაფარული იყო ნარინჯისფერი, თეთრი და ყვითელი საღებავით. დიდი პოპულარობით სარგებლობდა ეგვიპტეში კრეტული ოქროსა და ვერცხლის ჭურჭელიც. ეგვიპტელი ხელოსნები კრეტელთა იმიტაციით ამზადებდნენ ჭურჭელს. ეგვიპტესა და კრეტას შორის ურთიერთობა ხორციელდებოდა ზღვით. თუთმოს III-ის ერთ-ერთი სამეფო კარის მსახურის სამარხის კედელზე გამოსახულია კრეტელი ელჩების ჩამოსვლა ეგვიპტეში.
ტუტანჰამონის სამარხში ნაპოვნი კრეტელთა საჩუქარი-ხარის თავი |
კრეტის სასახლეებში კედლებზე გამოსახული იყო ლოტოსის ყვავილები, რომელსაც ეგვიპტელები დიდ პატივს სცემდნენ. ვუნდერლიხმა იმასაც მიაქცია ყურადღება, რომ მეფე მინოსის სახელი ძალზედ ჰგავს ეგვიპტის პირველი დინასტიის ფარაონის მენესის სახელს. შესაძლოა ის ეგვიპტეში მეფის აღმნიშვნელი გახლდათ, ვინაიდან ''ფარაონის'' წოდება არცთუ დიდ დროს ითვლის.
აღარავინ დავობს, რომ კრეტელები მცირე აზიიდან იყვნენ გადასულები. მათ პირველებმა შექმნეს საზღვაო სამეფო. მე-3 ათასწლეულიდან მოყოლებული მე-2 ათასწლეულის შუალედამდე ისინი განუყოფლად ბატონობდნენ ხმელთაშუა ზღვაზე. კრეტის ძლიერებას და აყვავებას საფუძვლად ედო საზღვაო ვაჭრობა. თუმც უნდა აღინიშნოს, რომ ისინი მეკობრეობასაც არ თაკილობდნენ. კრეტელები სახლდებოდნენ ეგეოსის ზღვის კუნძულებზე და ქმნიდნენ კოლონიებს კვიპროსზე, როდოსზე. მათი სავაჭრო ფაქტორიები გაფანტული იყო მთელ ხმელთაშუაზღვისპირეთში. ისინი აქტიურ ვაჭრობას ეწეოდნენ ბევრ ქვეყანასთან. ისინი აკონტროლებდნენ კიკლადის კუნძულებს, ასევე ტერიტორიას უგარითიდან მოყოლებული სიცილიასა და სამხრ. იტალიას. კრეტა აკონტროლებდა ბალკანეთის ნახევარკუნძულს, სადაც მათი გავლენის შედეგად შეიქმნა მიკენის ცივილიზაცია. ერთ-ერთი ძველი ავტორი ირწმუნება, რომ მინოსი გარდაიცვალა მსგავსი ექსპედიციის დროს აღმოსავლეთში. კრეტელებს მცირე აზიის სანაპიროზეც ჰქონდათ კოლონიები, საიდანაც შეაღწიეს ანატოლიის სიღრმეში. მინოსელი ვაჭრები ურთიერთობას ამყარებდნენ სირიასა და ეგვიპტესთან. ევფრატზე მდებარე ქ. მარიში ნაპოვნ ტექსტებში საუბარია კრეტელებზე, როგორც უგარითის მუდმივ მაცხოვრებლებზე. მათ აქ ჰყავდათ საკუთარი თარჯიმნები; ყიდულობდნენ ელამურ კალას. უგარითში ნაპოვნია მათი შესანიშნავი სამარხები, საიდანაც შეიძლება ერთი დასკვნის გამოტანა, რომ მინოსელები იყვნენ მდიდარნი და ჰქონდათ დახვეწილი გემოვნება. ისინი თავისუფლად გრძნობდნენ თავს ამ მრავალეროვან და მრავალენოვან ქალაქში. კრეტული ხომალდები პრინციპულად განსხვავდებოდა ეგვიპტურისგან. ეგვიპტურ ხომალდებს ბრტყელი ძირი ჰქონდა და ის ნილოსზე საცურაოდ იყო გათვლილი. კრეტელები ხომალდს კიჩოს მაღალს უკეთებდნენ. ხომალდებს აგებდნენ კვიპაროსოს ხისგან, რითაც მდიდარი იყო კრეტა.
ჩვ. წ.აღ-მდე 2000-1800 წწ.-ში კრეტაზე გაჩნდა იეროგლიფური დამწერლობა. ხოლო 1600 წ.-ს ჩნდება კარგად ცნობილი A ხაზოვანი დამწერლობა რომლის გაშიფვრა დღემდე ვერ მოხერხდა.
კრეტულმა კულტურამ დიდი გავლენა მოახდინა ბერძნულ კულტურაზე, რომლის გავრცელება დაიწყო ძვ.წ. აღ-ის მე-18 ს-ში. შესაძლოა ელინური არისტოკრატიის მიზეზით, რომელმაც მიიტაცა ძალაუფლება კრეტაზე და აღმოჩნდა ახალი კულტურის სათავესთან. როგორც მკვლევარები ფიქრობენ მინოსი-კნოსოს დინასტიის ტიტულია, რომლის ემბლემაც იყო ზეციური ხარი. ''ასტერიუსი''-''მზიური ან ზეციური''ხარი. მეფე სავარაუდოდ, ხარის სახით შედიოდა რიტუალურ ქორწინებაში უმაღლეს ქურუმ ქალ-ძროხასთან.
მზიური ხარი რქებს შუა მზის დისკით. |
მეფე-ქურუმის რიტუალური ორთაბრძოლა ველურ ცხოველთან წარმოადგენდა მეფედ კურთხევის ჩვეულებას ძველ სამყაროში. თვითეული ცხოველი წელიწადის გარკვეული დროის სიმბოლო იყო. მეფე, მხეცის მოთვინიერების შემდეგ, იძენდა ძალაუფლებას წლის სხვადასხვა დროზე, რომლის დროსაც ის მეფობდა. ჰერაკლე ამიტომ ატარებდა ლომის ტყავს, მის ნიღაბს და არა ხარის ნიღაბს მინოსივით.
კნოსოს სასახლის წინ იყო საცეკვაო მოედანი ლაბირინთის ფორმით მოწყობილი, რაც აუცილებელი იყო ეროტიკული საგაზაფხულო ცეკვის შესასრულებლად. ამ ცეკვას ''წეროს ცეკვას'' უწოდებდნენ-ჰერანოსი. ჩანს, წეროს უძველესი ცეკვა (წეროც ასრულებს ხოლმე საქორწინო ცეკვას) აწყობილი იყო ლაბირინთის მსგავს ფიგურებზე. ლაბირინთში მოცეკვავეებს ხელში ეკავათ თოკი, რომელიც მათ საჭირო დისტანციის დაცვასა და ყველა ფიგურების შეუცდომლად შესრულებაში ეხმარებოდა, რაც ძალიან წააგავს მითს არიადნეს ძაფზე. კრეტაზე მოწყობილი სანახაობა ხარებთან ერთად ითვალისწინებდა გოგო-ბიჭების აკრობატულ გამოსვლებსაც, რომლებიც რიგრიგობით სტაცებდნენ ხელს რქებზე მათკენ გამოქანებულ ხარს და ნახტომით გადაევლებოდნენ მას თავზე. რაც სავარაუდოდ, გახლდათ რელიგიური წეს-ჩვეულება და არაა გამორიცხული, რომ შემსრულებლები განასახირებდნენ პლანეტებს.
No comments:
Post a Comment