Friday, 20 December 2019

პროტოიბერიული ანუ მედიტერანული სამყარო_კ რ ე ტ ა-მ ი ნ ო ს ი ს ცივილიზაცია ( ნაწილი II)



კრეტა, უპირველეს ყოვლისა, ასოცირდება ლაბირინთთან და მინოტავრთან, რომელიც უკავშირდება დედალოსის სახელს. დედალოსი ბერძნულ მითოლოგიაში ცნობილია როგორც მხატვარი, მოქანდაკე, ხუროთმოძღვარი და ინჟინერი. დედალოსის ქანდაკებები ცოცხალივით გამოიყურებოდა, ვინაიდან ისინი მოძრაობდა. მანვე გამოიგონა სადურგლო იარაღები. უფრო მეტად კი სახელი გაითქვა ხელოვნური ფრთების შექმნითა და ეგვიპტის ლაბირინთის აგებით. ერთ–ერთი ლეგენდის მიხედვით დედალოსმა დანაშაული ჩაიდინა. მასთან მისი ნათესავი ახალგაზრდა ცხოვრობდა, რომელსაც ის საკუთარ ცოდნას გადასცემდა. ბიჭი დედალოსზე უფრო ნიჭიერი აღმოჩნდა. მან დედალოსის დაუხმარებლად დაამზადა ხერხი და ფარგალი. დედალოსი შეაშინა პოტენციური პრეტენდენტის არსებობამ, კლდეზე მოტყუებით აიყვანა და იქიდან გადმოაგდო. მას ათენიდან გაძევება მიესაჯა. სახელგანთქული ოსტატი კუნძულ კრეტაზე გაიქცა მინოსთან, რომელმაც ის სიხარულით მიიღო. დედალოსი მეფეს მოძრავი თოჯინებით ართობდა. მის საყვარელ ქალიშვილს არიადნეს კი საცეკვაო მოედანი მოუწყო.

თითქოს ყველაფერი კარგად მიდიოდა, რომ არა დედოფალ პასიფაეს ერთი პიკანტური თხოვნა. დედოფალმა დედალოსს ''ცოცხალი'' ძროხის შექმნა სთხოვა, რათა მასში ჩამჯდარიყო და ასეთი გზით იმ მინდორზე აღმოჩენილიყო, სადაც ბალახობდა პოსეიდონის მიერ ნაჩუქარი სამსხვერპლო ხარი, რომელიც დედოფალს უზომოდ შეუყვარდა. დედალოსმა სურვილი შეუსრულა დედოფალს და მალევე კუნძულის დატოვება განიზრახა, მაგრამ ამის განხორციელება პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. ოსტატმა გადაწყვიტა  გაფრენით მოეხერხებინა კუნძულიდან წასვლა. მან ხელოვნური ფრთები შექმნა თავისთვის და შვილისთვის. დედალოსის შვილმა იკაროსმა მამის რჩევას ყური არ ათხოვა, მაღლა აფრინდა და მზეს მეტისმეტად მიუახლოვდა. მზემ ფრთები დაუწვა იკაროსს, ის მიწაზე დაენარცხა და დაიღუპა. დედალოსმა შვილის გვამი მოძებნა, დაკრძალა და კუნძულ სიცილიაზე გაემგზავრა. მინოსი დაედევნა გაქცეულს და კუნძულ სიცილიას ესტუმრა. დედალოსს იქაურმა მმართველმა მისცა თავშესაფარი. მმართველის ქალიშვილებს ისე მოეწონათ შეუდარებელი ოსტატი, რომ აბაზანაში შეიპარნენ სტუმრად მყოფ მინოსთან და მდუღარე წყალი გადაასხეს ბანაობისას. ასე დაიღუპა მინოსი, ხოლო დედალოსი სიცილიაზე დარჩა.

ის, რომ მინოსი თავდაპირველად ხარს სწირავდა პოსეიდონს, მიუთითებს ტიტულ ''მინოსის'' ეოლიამდელ ხანაზე. ჩვ.წ.აღ-მდე მე-8 ს.-ის კრეტაზე მოსახლეობა ჭრელი იყო. კუნძულის დასავლეთი მხარე ეკავათ ''ნამდვილ კრეტელებს''-ეტეოკრეტელებს (''ოდისეა 19). მითი პასიფაესა და ხარზე მიუთითებს რიტუალურ ქორწილზე მთვარის ქალ- ქურუმებსა (ძროხის რქებით შემოსილი) და მეფე მინოსს შორის, რომელიც ტარდებოდა  მუხის ხეების ქვეშ (მუხის ტოტემი დამახასიათებელი იყო მედიტერანული  სამყაროსათვის (''ოდისეა'' 76). ასეთი ქორწინება ითვლებოდა წმინდა ქორწინებად მზესა და მთვარეს შორის. დედალოსის იქაურობას მოცილება იმის მანიშნებელია, რომ ქორწინების წესი ტარდებოდა ხალხის დასანახად პიქტებისა და მოსინიკების მსგავსად. თეთრი ხარი ითვლებოდა მთვარის წმინდა ცხოველად. ის ფიგურირებდა დიონისეს კულტში-თრაკიაში.

მითის მიხედვით, მინოსს ქალები უყვარდა და ცოლს ღალატობდა, რაც ძალიან აღიზიანებდა პასიფაეს. მინოსის მიერ ნიმფების შეცდენა მოწმობს რიტუალურ ქორწილზე მეფესა და ქურუმ ქალებს შორის სხვადასხვა ქალაქებში. მინოსი პირველია მეფეთა შორის, რომელმაც მთელ ხმელთაშუა ზღვაზე დაამყარა თავისი ძალაუფლება და გაანთავისუფლა ის მეკობრეებისგან. კრეტას ემორჩილებოდა 90 ქალაქი. როგორც ცნობილია  კრეტელებისთვის, ისევე როგორც მთელი ხმელთაშუაზღვისპირეთის მოსახლეობისთვის, მთავარი იყო ხარის კულტი. მის გამოსახულებას ნახავთ კნოსოს სასახლის ფრესკებსა და ჭურჭელზე. იმ დროის ცივილიზაცია ასტროლოგიურად იმყოფებოდა ხარის თანავარსკვლავედში. ამას გარდა, ხარი იყო ნაყოფიერების სიმბოლო. კრეტელთა სხვადასხვა რელიგიური წარმოდგენაში ხარს საპატიო როლი ჰქონდა მიჩენილი-ის მიწის ნაყოფირების უმაღლეს გარანტად მიაჩნდათ. კრეტელები თვლიდნენ, რომ ბუნების გაცოცხლება და კარგი მოსავალი მინდვრებში პირდაპირ კავშირშია მამაკაცურად ძლიერ ღვთაებრივ ხართან, რომელიც ანაყოფიერებს ყველაზე დიდ ქალღმერთს-მთელი ცოცხალი ბუნების მეუფეს. ე.წ. ''წმინდა ქორწილი'' ხარი ღმერთისა და დიდი ქალღმერთისა, რომელიც ამ შემთხვევაში იქცეოდა ხოლმე ძროხად. ამ ყველაფერს ჰქონდა თეატრალიზებული სახე. ეგვიპტელებიც თაყვანს სცემდნენ ოზირისს, როგორც ხარი-ღვთაება აპისის განსახიერებას. კრეტაზე ბევრგან იდგა ხარის რქების გამოსახულებები.



მინოსური რელიგია ბევრ საერთოს ნახულობს მცირე აზიისა და შუამდინარეთის რელიგიასთან. მინოსელები ყველგან დგამდნენ ხარის გიგანტურ რქებს, რომელიც მიწის წიაღიდან ამოსულის შთაბეჭდილებას ტოვებს.ხარი წარმოადგენს ძალის სიმბოლოსა და ლოგოსის ძლიერების ნიშანს. ამიტომ გამოსახავდნენ იზიდას ხარის რქებით. ის ხომ ოზირისისა და ჰორის ქალურ ასპექტს წარმოადგენს. ძველი მისტიკოსები კუროს რქებში ხედავდნენ ჯვარს. გ.ვუნდერლიხის აზრით, მინოტავრის მითს, რომელიც კრეტასთანაა დაკავშირებული, საფუძვლად უნდა ედოს რელიგიური მოტივები. ჯერ შეიქმნა ღმერთი პოსეიდონის სახით და მერე ხარის სახე მისცეს. 


პოსეიდონისადმი მიძღვნილი რიტუალი დახვეწილ ფორმას ატარებდა და მას ''ხარებთან ცეკვის'' სახე ჰქონდა. ახალგაზრდა მოცეკვავეებს აგროვებდნენ საბერძნეთის მატერიკზე იმისათვის, რომ ხართან თამაშის სანახაობა მოემზადებინათ. მომზადებული მოცეკვავეები ახტებოდნენ ხარს. რიტუალის დასრულებისას ხარებს კლავდნენ, რასაც ტაურობილია ეწოდებოდა. მსხვერპლად შესაწირ ხარს იჭერდნენ ხელკეტების დახმარებით, იარაღის გამოუყენებლად, მარტივი მიზეზის გამო-ცხოველს არ მიეღო დაზიანება, ვინაიდან სამსხვერპლო ხარი სრულიად უვნებელი და ჯანსაღი უნდა ყოფილიყო. ტავრობილიის შესრულბისას ხარის სისხლი ზემოდან ეპკურებოდა რეა-კიბელეს გამოსახულბას. ეს იყო ერთგვარი განწმენდის რიტუალი.


მოგვიანებით, ხარებთან თამაშისა თუ შერკინების რიტუალს ტაურომახია ეწოდა. ამ რიტუალმა დროთა განმავლობაში ტრანსფორმაცია განიცადა და ახლა ის ესპანეთში კორიდის სახელწოდებითაა ცნობილი. კორიდა საინტერესო სანახაობად ითვლება და ამიტომ მის სანახავად ესპანეთში უამრავი ტურისტი ჩადის. ესპანეთში ხართან ბრძოლის რიტუალური პროცესებისა და ხარის კულტის არსებობის ძირს და ფესვებს უკავშირებენ ბასკურ სამყაროს. ჩეხ მეცნიერ ჰროზნის აზრით ხარებთან შერკინება ერთგვარი გამოძახილია შუმერთა გილგამეშის გმირების ხარებთან შერკინებისა. და რომ ეს რიტუალები ხმელთაშუა ზღვის გავლით შეიტანეს კავკასიელმა ტომებმა პირინეის ნახევარკუნძულზე. ბასკები კი ჰროზნის კონცეფციით კავკასიიდან წასული ხალხია. 

სავარაუდოდ ამ მეცნიერის მოსაზრება კორიდის კავკასიურ-მცირე აზიური წარმომავლობის თაობაზე სიმართლეს უნდა შეესაბამებოდეს. ამ რიტუალის უძველესი ფორმები გადმონაშთების სახით საქართველოშიცაა დადასტურებული. გვიანდელ ხანაში კორიდის ფორმები დაიხვეწა და არისტოკრატული ფენის გართობის ხასიათი მიეცა. ადრე, როგორც ვიცით, ის აგრარულ-რელიგიური კალენდრის წლიური ციკლიდან გაზაფხულის შეხვედრისადმი მიძღვნილ დღესასწაულში იყო წარმოდგენილი. ამგვარი რიტუალია დადასტურებული ქართველ მთიელთა ეთნოგრაფიულ ყოფაში. ზემო აჭარაში ფრაგმენტულადაა დაცული ე.წ. ''ბუღიების ჭედობა'', რაც ერთ კვირა გრძელდებოდა. ასევე ყოველწლიურად ტარდებოდა ხარების ბრძოლა სვანეთში. აღსანიშნავია სამეგრელოში ბუღასთან ადამიანის შეჯიბრება ე.წ. ''კურულის '' წეს-ჩვეულება. მოედანზე დაბმულ ხარს ორი ადამიანი აღიზიანებდა, შემდეგ აუშვებდნენ ხარს და მასთან რჩებოდა ერთი მამაკაცი, რომელიც ცდილობდა მის შებოჭვასა და წაქცევას. ბასკურ თეატრალიზებულ პროცედურაშიც ამოიცნობა ხარის კულტის მაგიურ-რელიგიური მნიშვნელობა. კრეტა-მიკენის კულტურისათვისაც დამახასიათებელია ანალოგიური წესები. პირინეის ნახევარკუნძულზე რომაელების გაბატონებამდე, ხარის კულტს სწორედ ისეთივე ფორმები ჰქონდა, როგორიც დადასტურებულია საქართველოს მთიანეთში და ხმელთაშუაზღვისპირეთის რეგიონში. რომაელებს ძალიან მოეწონათ ხარებთან შერკინების იბერიული ტრადიცია და ამ ცერემონიალს იყენებდნენ საცირკო მოედნებზე. იულიუს კეისარი პირველი იყო, რომელმაც მოაწყო ხარებთან შერკინების სანახაობა.

კრეტის მთავარი მახასიათებელი მინოტავრი ნახევრად ხარი და ნახევრად ადამიანი იყო. მითის მიხედვით პასიფაემ ის პოსეიდონის ნაბოძები ხარისგან გააჩინა. ეს ურჩხული დედალოსის მიერ მიწისქვეშ აგებულ ლაბირინთში გამოამწყვდიეს. ლაბირინთში ისე ეშმაკურად იყო მოწყობილი გასასვლელები, იქ მოხვედრილს გაუჭირდებოდა იქიდან გამოსვლა. მინოტავრი იკვებებოდა ადამიანის ხორცით. ამიტომ მეფე მინოსს უხდებოდა მისი გამოკვება ცოცხალი ადამიანის ხორცით. მსხვერპლთა შორის იყო თოთხმეტი გოგო–ბიჭი, რომლებიც ყოველწლიურად მიჰყავდათ კრეტაზე ათენიდან. რაც სავალდებულო გადასახადის სახით დააკისრა ათენს მინოსმა ომში დამარცხების საფასურად. თეზევსმა გადაწყვიტა სამსხვერპლო გოგო–ბიჭთან ერთად წასვლა კრეტაზე და ურჩხულის დამარცხება, რითაც ბოლოს მოუღებდა საშინელ მსხვერპლშეწირვას. როდესაც თეზევსი კრეტაზე ჩავიდა, არიადნეს (მინოსის ქალიშვილს) შეუყვარდა ახალგაზრდა მამაკაცი. სწორედ ის დაეხმარა თეზევსს ლაბირინთიდან გამოღწევაში. არიადნემ მას მისცა ძაფის გორგალი, რომელიც თეზევსმა ლაბირინთის შესასვლელში მიაბა და ძაფის გორგალის გახსნით განაგრძო გზა, საბოლოოდ მინოტავრს გადააწყდა. თეზევსი შეებრძოლა მინოტავრს და დაამარცხა. წამოიყვანა სამსხვერპლო გოგო–ბიჭი, გამოჰყვა უკან ძაფს და გამოაღწია ლაბირინთიდან.


კნოსოს გათხრებისას აღმოჩენილია მონეტები, რომლის ერთ მხარეს გამოსახულია მინოტავრი, მეორეზე-სვასტიკა ლაბირინთის სახით, რაც მზის კულტთან კავშირზე მიგვანიშნებს. ამგვარად, თუ მინოტავრი ნახევრად ხარია და ამასთან, კრეტაზე ხარი მზეც არის, აქედან გამომდინარე კრეტული ცეკვებიცა და სცენებიც, სადაც მინოტავრი და ლაბირინთი მონაწილეობს, წარმოადგენს ამა თუ იმ ციური მოძრაობის გამოხატულებას. მინოტავრს კავშირი აქვს მზისა და ცის კულტებთან. სავარაუდოდ, მინოტავრის გამოსახულება უნდა ყოფილიყო ნიღაბი კნოსოს ცეკევებში.


კრეტასთან დაკავშირებულ მითებში ერთ-ერთი გამორჩეულ ფიგურად რჩება კუნძულ კრეტის მცველი რობოტი ტალოსი. მის წარმოშობას უკავშირებენ მჭედელ-ღმერთ ჰეფესტოს. ამ ღვთაების სახელში შემავალი "ფესტო" შეგვახსნებს ქალაქ ფესტოსა და ამ ღვთაების კავშირს ამ კუნძულთან. მითის მიხედვით, ჰეფესტომ სპილენძისგან ჩამოასხა ტალოსი და ის მინოსს აჩუქა. სპილენძის გოლიათი ტალოსი კუნძულის მცველი იყო. 


ის დღეში სამჯერ ზრიალით უვლიდა გარშემო კუნძულს. კრეტა მდიდარი სამეფო გახლდათ. როგორც ცნობილია, კუნძულზე არავითარი დამცავი ნაგებობა არ იდგა. არც ტრადიციულ საომარ საშუალებებს იყენებდნენ. საფიქრებელია, რომ კუნძულს იცავდნენ ჩვენთვის უცნობი საშუალებებით. სავარაუდოდ სანაპირო დაცვისთვის გამოიყენებოდა ჯერჯერობით უცნობი ტექნიკური საშუალებები, ტალოსის მსგავსი რობოტისებური არსებები. ალბათ ეს ''ტექნიკა'' დაიღუპა ცნობილი სანტორინოს კატასტროფის დროს. სპილენძის მცველის სახელის ეტიმოლოგია უცნობია. სავარაუდოდ, ის მინოსური სიტყვის ელინიზებულ ფორმას წარმოადგენს, რომელიც მეტალის სიმტკიცის მნიშვნელობას გამოხატავდა. სულხან-საბას ლექსიკონში ვხვდებით ძველ ქართულ სიტყვას-ტ ა ლ ა, რაც ღამის დარაჯს ნიშნავს. ტალოსიც ხომ დარაჯის ფუნქციას ასრულებდა. ყურადღებას იქცევს აგრეთვე ქართულში შემორჩენილი სიტყვა პიტალო, ბასკური-petar,patar(ციცაბო), გასკონური-patarro(ბორცვი). ტალოსი მინოსის ნებართვის გარეშე ადგილობრივ მოსახლეობას არ აძლევდა უფლებას დაეტოვებინა კუნძული. ხორხე ლუის ბორხესი ტალოსს ადარებს აიეტის ხარებს და მას ახასიათებს, როგორც  საშინელ ქმნილებას-ლითონის ან ქვის არსებას: ''შიშის მომგვრელი ხარი, სპილენძის ფეხებით და რქებით, მთლიანად ალში გახვეული, რომელიც იაზონმა ჯადოქარი მედეას დახმარებით უღელში შეაბა. 

ტალოსი კრეტის დასახლებებს წელიწადში სამჯერ აკითხავდა ბრინჯაოს ფიქალებით ხელში, რომელზეც ჩაწერილი იყო მინოსის წმინდა კანონები. გადმოცემით, ის უზარმაზარ ქვის ლოდებს ესროდა სანაპიროსთან მიახლოებულ მტრის უცხო გემებს, ამიტომ  ვერ ახერხებდნენ კუნძულთან ახლოს მისვლას. ნასროლ ქვებს თუკი გადაურჩებოდა მტერი, სპილენძის გოლიათი ცეცხლში ჩახტებოდა და გავარვარებული იხუტებდა ნაპირზე გადმომსხდარ მტერს. ამბობდნენ, რომ ტალოსი ადრე სარდინიელებს ეკუთვნოდა. როდესაც მათ უარი უთხრეს მონოსს მის გადაცემაზე, ტალოსმა ისინი ჩაიხუტა და ცეცხლში გადახტა. ტალოსთან შეხვედრა არგოვნატებსაც მოუხდათ, როდესაც ''ოქროს საწმისის'' მოპოვების შემდეგ უკან ბრუნდებოდნენ და გზად კრეტაზე გაიარეს. გოლიათმა ისინი ყურეში მოიმწყვდია და კლდიდან მოგლეჯილ ლოდებს ესროდა. მაგრამ მედეა რის მედეა იყო, რომ მას ვერ გამკლავებოდა. მან თავისი მაგიური ხიბლის გამოყენებით შეძლო ტალოსის დამანგრეველი დარტყმების შეჩერება.

გადმოცემით, ტალოსის სხეულის ნაწილების ვნება შეუძლებელი იყო. მას მხოლდ კოჭზე ჰქონდა პატარა მოწითალო ძარღვი. სწორედ ამ ძარღვშო იყო ტალოსის სიცოცხლის საიდუმლო, რომელსაც თხელი აპკი ჰფარავდა. წვრილი ლურსმანი აფერხებდა ძარღვიდან იხორის (ზეთოვანი ნივთიერება, რომელსაც ღმერთების სისხლად თვლიდნენ) გადმოღვრას, რაც ლითონის კიდურებს მოძრაობის საშუალებას აძლევდა. ეს იყო მის სხეულზე ყველაზე მოწყვლადი ადგილი. მედეამ სიკვდილის სულები მოიხმო. ტალოსი მათ ქვების დახმარებით მოცილებას ცდილობდა, მაგრამ შემთხვევით ძარღვი რაღაცას გამოსდო და მიწაზე დაენარცხა. სხეულიდან ჯადოსნური იხორი გადმოიღვარა... როდესაც გოლიათი დაიღუპა, ''არგო'' ნაპირს მიადგა. აქაც მედეას გრძნეულმა ძალამ იხსნა არგონავტები.


              




No comments:

Post a Comment