Thursday, 19 December 2019

პროტოიბერიული ანუ მედიტერანული სამყარო_კ რ ე ტ ა-მ ი ნ ო ს ი ს ცივილიზაცია ( ნაწილი I )


მედიტერანულ სამყაროში კრეტა-მინოსის ცივილიზაციას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. ცნობილ მეცნიერთა მიერ გამოთქმულ აზრს, რომ ეს ცივილიზაციაც პროტოიბერთა სამყაროს ნაწილი იყო, ბოლო დროს ჩატარებულმა არქეოლოგიურმა და გენეტიკურმა კვლევებმა გაუმყარეს საფუძველი. არქეოლოგიური მონაცემებმა აჩვენეს მინოსური კრეტის მატერიალური კულტურის მსგავსება აღმოსავლეთ ანატოლიასთან. მინოსელთა სავარაუდო წინაპრებად ასახელებენ ხალაფას და ახლა უკვე მტკვარ-არაქსის კულტურის მოსახლეობას, რომელიც მიეკუთვნება მე-5 და მე-4 ათასწლეულს ჩვ.წ.აღ-მდე, ჩრდილოეთ შუამდინარეთსა და აღმოსავლეთ ანატოლიაში (თანამედროვე სირიისა და თურქეთის საზღვარზე).  მინოსურ კულტურას უკავშირებენ ბალკანეთის ნახევარკუნძულის ბერძნებამდელ მოსახლეობასაც ანუ პელაზგებს, აგრეთვე ჩრდილოეთ აფრიკის უძველეს მოსახლეობას (გარამანტები, ბერბერები). ბოლო დროს ჩატარებული მინოსელთა დნმ-ის ანალიზებით დადგინდა მინოსელთა და მიკენელთა მჭიდრო გენეტიკური კავშირი. მათ გენომეს დიდი ნაწილი (62-86 %) მიიღეს სამხრეთ-დასავლეთ ანატოლიის ადრეულ მიწათმოქმედთაგან. როგორც მინოსელებს, ასევე მიკენელებს დნმ-ის (9-32 %) მემკვიდრეობით მიიღეს აღმოსავლეთ კავკასიისა და ჩრდილოეთ ირანის უძველესი მოსახლეობისგან, ამასთან ეს ხდებოდა მინოსელებისა და მიკენელების გაყოფამდე. მიკენელთა დნმ-ის 4-16 % კი დაკავშირებულია აღმოსავლეთ ევროპისა და ციმბირის ძველ მოსახლეობასთან.

ჰარვარდის უნივერსიტეტის მკვლევარი იოსებ ლაზარიდისი მიიჩნევს, რომ მიკენელთა გენომეს ეს ნაწილი აჩვენებს ევრაზიული სტეპების მცხოვრებთა მიგრაციას, რომლებმაც შეაღწიეს ბალკანეთში აღმოსავლეთ ევროპის გავლით, მაგრამ კრეტამდე ვერ მიაღწიეს.

კრეტა-მინოსის მჭიდრო კავშირი პროტოიბერიულ ცივილიზაციასთან აისახა მითებში, საიდანაც ირკვევა, რომ კრეტის მეფე მინოსს ცოლად ჰყავდა კოლხეთის მეფე აიეტის და პასიფაე. რაც უდავოდ მიმანიშნებელია კრეტისა და კოლხეთის ახლო ურთიერთობებზე.

რა განასხვავებდა კრეტელებს ბერძნებისაგან? ფრანგი თეორეტიკოსი ივან ბლო წერდა: "კრეტული ცივილიზაცია, რომელიც ჰყვაოდა მიახლოებით 2000 წელს ჩვ.წ-მდე არ იყო არც ბერძნული და არც ინდოევროპული. ეს იყო მშვიდობიანი, სავაჭრო, მხატვრულად მეტად განვითარებული ცივილიზაცია, რომელიც თავმოყრილი იყო სამეფო ხელისუფლების გარშემო, ისევე როგორც აზიაში. მათი უმაღლესი ღვთაებები ქთონური გახლდათ და არა ზეციური, როგორც ინდოევროპელებისა." მინოსის კულტურის განსაკუთრებულობა ქალის მდგომარეობა გახლდათ. მათ ეთაყვანებოდნენ, აღმერთებდნენ და პატივს სცემდნენ. ქალები საზოგადოების არამარტო თანასწორუფლებიანი წევრები იყვნენ, არამედ მაღალი თანამდებობის დაკავებაც შეეძლოთ. ისინი იყვნენ ქურუმებიც და ატარებდნენ მსხვერპლშეწირვის რიტუალს. ქალები დიდ გავლენას ახდენდნენ კნოსოს მმართველებზე.  კნოსოს ქალების კოსტუმები და კაბები ითვლება ყველაზე მოხდენილად მსოფლიოს ხალხთა ისტორიაში.



ერთობ საინტერესო დამთხვევაზე მინდა გავამახვილო ყურადღება შემოთავაზებულ სურათებზე. ზემოთ გახლავთ კრეტული ფრესკები ფერებში, მის დაბლა იგივე ფრესკები შავ-თეთრში. ხოლო სულ დაბლა არსებულ სურათზე გადაღებულია სვანეთში აღმოჩენილი მედალიონი ორივე მხრიდან, რომელიც თითქმის ზუსტად იმეორებს კრეტის ფრესკებზე გამოსახულ ფიგურებსა და სახეებს.




კრეტული კულტურისათვის, ისევე როგორც მთელი ხმელთაშუა ზღვის სხვა ცივილიზაციებისთვის ნიშანდობლივია დედა ღვთაების კულტი. ქალის ნაყოფიერება მიწათმოქმედ ხალხში მაგიური თვალსაზრისით დაკავშირებული იყო მიწის ნაყოფიერებასთან. თავთავისგან ხორბლის აღმოცენება ჰგავდა ბავშვის დაბადებას. ისევე როგორც ბავშვის გაჩენაა გამრავლების ხელშემწყობი, უხვი მოსავლის მიღებაც ქალის ნაყოფიერებასთან იყო ასოცირებული. ამიტომ  სცემდნენ ისინი თაყვანს დედა ქალღმერთს. ეწყობოდა რიტუალური ცეკვები გაშიშვლებული სხეულით წვიმის ღმერთისთვის, მინდვრის დაბარვა შიშველი ქალების მიერ, ეროტიკული ცეკვები და ორგიული ხასიათის დღესასწაულები. ქალის კულტი კარგადაა გამოკვეთილი კრეტაზე, სადაც კაცი ემორჩილებოდა ქალს. კაცები სამხედრო ექსპედიციებში იღებდნენ მონაწილეობას, მიწას ამუშავებდნენ, დაცურავდნენ სავაჭრო გემებით. ქალების ხელში იყო ხალხის რელიგიურ ცხოვრებაზე ზრუნვა. იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც მეფე ქურუმი ასრულებდა გარკვეულ რიტუალს, მის გვერდით იდგა ქურუმი ქალი, რაც ნათლად ჩანს მინოსურ ფრესკებზე, სადაც რელიგიურ წეს-ჩვეულებებს ყველგან ასრულებენ ქალები. მათ თავზე ახურავთ უცნაური ტიარა, ხელებში უჭირავთ გველები. სწორედ ქალები ავსებენ კრეტის მთელ რელიგიურ ხელოვნებას.




სურათზე გამოსახული ქალღმერთი გველებით ხელში მარტო სიცოცხლის მომნიჭებელი კი არ არის, არამედ მკვდართა საუფლოს დიასახლისადაც გვევლინება. გველი ითვლებოდა მიწისქვეშა საუფლოს სიმბოლოდ, ხოლო დედა ქალღმერთი გველთა მეუფედ. აქედან გაჩნდა ერეშქიგალი-შუმერული, აქადური და პერსეფონე ბერძნულ მითოლოგიურ სისტემაში. ოდნავ მოგვიანებით კი ჩაისახა დიდი დედა ღვთაების თაყვანისცემა, ისეთების როგორიცაა: იზიდა-ეგვიპტეში, ინანა-შუამდინარეთში, კიბელე მცირე აზიაში, მა-თრაკიასა და კრეტაზე. საინტერესოა ამ მხრივ ეგვიპტური მაათი და კრეტული მა ქალღმერთების სახე.  მ ა  კრეტაზე გახლავთ ღმერთების დედა. ის ახლოს დგას კიბელეს კულტთან და ატარებს ორგიასტულ ხასიათს. კრეტაზე მა ითვლებოდა ზევსის დედად.ეგვიპტური მაატი სიმართლისა და წესრიგის ქალღმერთია. მას თაყვანს სცემდნენ როგორც ღვთაება რას ქალიშვილს და მის თვალს. ის მონაწილეობდა ქაოსიდან სამყაროს შექმნაში. დიდი დედის მა-სადმი მიძღვნილი დღესასწაულები განსაკუთრებული იყო. კრეტელთა წარმოსახვაში სამყარო ქალის მკერდზე იყო მიყუჟული და ელოდებოდა მის ნაყოფს, ისევე როგორც ახალშობილი დაბადებისათანავე ეძებს დედის რძეს. მიწისეული ქალის საშუალებით ადამიანი ნახულობს გზას ზეციური დედისკენ.


არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოაჩინეს ლაბრისები (ორმაგი ცული), რომელთაც ადამიანზე უფრო მაღალი ზომა ჰქონდა. ორმაგი ცული ლაბრისი კრეტაზე ითვლებოდა დედა-ღვთაების ატრიბუტად. მას მამაკაცს ხელში არასოდეს აკავებინებდნენ. ქალღმერთს ხშირად მტრედები ახლდნენ, რომლებიც ლაბრისზე ჩამომსხდარნი არიან გამოსახულნი. აღმოჩენილი ლაბრისების დიდი ზომები მიანიშნებს მათ საკრალურ დანიშნულებაზე. სიტყვა ლაბრისის ეტიმოლოგია უცნობია. სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ის პელაზგურ ენასთან უნდა ოყოს კავშირში. საინტერესო პარალელის გავლება შეიძლება ამ მხრივ, ხეთურ სიტყვა ''ლაბარნასთან'', რომელიც ამ სივრცეში შემოჭრილმა უცხო ტომებმა ისესხეს ადგილობრივი ხათებისაგან. ''ლაბარნა'' ძირით ხათური სიტყვაა და მას სამეფო ტიტულის მნიშვნელობა აქვს. დედოფალიც ხათური წარმოშობის ტიტულს ატარებდა-''თავანა'. კრეტული ლაბრისები დიდი ზომისა იყო, რაც გამორიცხავს მათ საბრძოლველად გამოყენებას. მას მინოსურ ცივილიზაციაში ჰქონდა საკრალური და რელიგიური დანიშნულება. ლაბრისს იყენებდნენ ქურუმი ქალები ხარის რიტუალური მსხვერპლშეწირვის დროს. ის ითვლებოდა უზენაესი ნაყოფიერების ქალღმერთის ატრიბუტად. ლაბრისს ხშირად გამოსახავდნენ ''ხელდასმის რქებთან''-ხარის რქებშუა.


ცნობილ მკვლევარ მარია გიმბუტასს მიაჩნია, რომ ლაბრისი უნდა ყოფილიყო ინდოევროპელებამდელი დიდი დედის მატრიარქლური კულტის ატრიბუტი. მისი აზრით ლაბრისი იმეორებს პეპლის ფორმას,  რაც ქალური საწყისის სიმბოლოა. მოგვიანებით არისტარქე სამოთრაკელი ორპირა ცულის ხმარებას მიაწერს ამორძალ ქალებს. ძველ გამოსახულებებზე მართლაც ჩანს ქალი-მეომარი ამ იარაღით ხელში. ისტორიკოსთა ფართო წრე თვლის, რომ ლაბრისის წარმოშობა უკავშირდება მცირე აზიას. მითის მიხედვით კი ლაბრისი დაკავშირებულია არეს-დიონისესთან. როდესაც დედამიწა სრულ სიბნელში იყო გახვეული, დიონისე ამ უკუნეთში დაეშვა. გზას ორპირა ცულით იკვლევდა და სიბნელეს მიაპობდა. ჰაერში წრეებს ხაზავდა და ნელ-ნელა გზა ნათდებოდა. წარმოქნილ გზას ლაბირინთი ეწოდა, ვინაიდან ლაბრისის გაჭრილი იყო. გამოდის, რომ ლაბრისი თავისი წარმოშობით ღმერთთა სამყაროს უნდა უმადლოდეს. აქედან მომდინარეობს მისი საკრალური დანიშნულებაც. ეგვიპტის ქალღმერთ ნეითის ატრიბუტიც ადრეულ ხანაში ლაბრისი გახლდათ. მოგვიანებით ის შეიცვალა ფარზე გადაჯვარედინებული ორი ისრით. ეტრუსკი მეფეების სამეფო ინსიგნიაც გახლდათ ლაბრისი, რასაც ასევე საკრალური მნიშვნელობა ჰქონდა-კავშირი ორივე სამყაროსთან. ეტრუსკული დემონი ქარუნი ატარებს ლაბრისს. მასზე ჩანს გამოსახული მაგიური რვიანი, რაც ასევე დამახასიათებელია კრეტელებისთვის.


სურათზე გამოსახულია ქალღმერთი საკუთარ მორწმუნეთა წინაშე. ქალღმერთს ხელში ორმაგი ცული-ლაბრისი უჭირავს. გარეგნულად ეს ქალღმერთი ადგილობრივ ქურუმ ქალებს წააგავს. მორწმუნეთა მაღლა აწეული ხელები სავარაუდოდ, შენდობის თხოვნის  ნიშანია. ასეთი პოზა ლოცვისას ტიპიურია ასევე ეგვიპტელებისთვისაც. სავარაუდოდ, მინოსელი მამაკაცები პოლიტიკურ ძალაუფლებას იყოფდნენ ქალ-ქურუმებთან. აღმოსავლეთის ხალხებს: ეგვიპტელებს, იუდეველებს, ასირიელებს პატრიარქალური ეთნიკური სტრუქტურა ჰქონდათ. დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ქალი მხოლოდ ცოლი უნდა ყოფილიყო და გაეჩინა შვილები. ამიტომ დედა ღვთაების კულტი აუცილებლად დაკავშირებული იყო პროტოიბერიულ ცივილლიზაციასთან. როდესაც პატრიარქალურმა ბერძნებმა დაიკავეს პელაზგთა საცხოვრებელი ადგილები, მათ შეითვისეს იმ ქალღმერთთა კულტები, რომელიც იქ დახვდათ. ამ ქალური რელიგიისთვის დამახასიათებელი იყო სტიქიურობა, ირაციონალობა. ამიტომ გაჩნდნენ ქალი ნათელმხილვლები, ქალი ქურუმები. დედა ქალღმერთს გვერდში ედგა შეყვარებული მამაკაცი. ასეთი იყო ბაბილონში თამუზი, ეგვიპტეში-ოზირისი, ფინიკიაში-ადონისი ან ბაალი, მცირე აზიაში-ატისი. ბერძნებამდე რომელი იყო ასეთი ღმერთი უცნობია, მაგრამ მათი მოსვლის შემდეგ, ასეთი გახდა კრეტაზე დაბადებული ზევსი. აქ მთავარ ქალღმერთად რჩებოდა მა, რომლის სიმბოლური სახე ყველაზე ნათლად გამოიკვეთა მინოსის ცივილიზაციის დროს. მის კულტთან ახლოს იდგა ქალღმერთ კიბელეს კულტი. რეა-კიბელე ზევსის დედად ითვლება.

კრეტაზე მოსახლე პელაზგების მატრიარქალური ღვთაების კიბელეს ქურუმები იყვნენ კორიბანტები. ისინი ანტიკურ წყაროთა ჩვენებით მცირე აზიის ავტოქთონური ტომების რელიგიურ ელიტას წარმოადგენდნენ. "კორიბანტები", რომელთაც დამწერლობის _ კვირბების შექმნა მიეწერებათ, კოლხთაგანნი არიან და მჭიდროდ უკავშირდებიან რკინის მეტალურგიის, მჭედელობის მფარველ ლემნოსელ კაბირებს". (აკ. ურუშაძე). "არა ერთ ძველ ბერძნულ წყაროზე დაყრდნობით ნათელია, რომ ძვ.წ. მეორე ათასწლეულში კრეტაზე მოსახლე კორიბანტები კოლხეთიდან იყვნენ მოსული და, როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, ჰქონდათ დამწერლობა კვირბების სახით, რომელსაც საკრალური დანიშნულების ტექსტებისა და წარწერებისათვის იყენებდნენ. კორიბანტთა სამწერლობო ქმედებები ფარულ ხასიათს ატარებდა და აღინიშნებოდა ზმნით "კორიბას", რომელიც ნიშნავდა "დავმალავ", "დავფარავ", "დავიცავ". ასეთი ფარული მისტერიული ხასიათი რუნებმაც შეინარჩუნეს: რუნა (დღევანდელი გერმანული ფორმაა რაუნენ) "საიდუმლო ჩურჩულს" ნიშნავს. კორიბანტების კვირბები კი ძველი კოლხური დამწერლობის დასტური უნდა იყოს".-დალი ბახტაძე – ფილოლ. მეც. დოქტორი

ჰანიბალთან ომის დროს სიბილას წიგნების კარნახით რომაელებმა ფისიუნტიდან (ფიტიუნტი) ჩამოიტანეს ქალღმერთ კიბელეს ქანდაკება. გამოსახულების გარდა ფისიუნტიდან რომში ქურუმებიც ჩამოიყვანეს. სავარაუდოდ, ისინი ხალიბები უნდა ყოფილიყვნენ. ხალიბები შავი ზღვის სამხრეთ სანაპიროზე სახლობდნენ. იყვნენ სახელგანთქმული ლითონის მდნობელნი და მჭედელნი. ჩვენთვის კარგადაა ცნობილი კიბელეს კულტის არსებობის შესახებ კოლხეთში. ჩანს, აქ მოუვლინებიათ რომალებს ხალხი კიბელეს გამოსახულების წასაღებად. რის შემდეგ, რომის ბედის ჩარხი წაღმა შემოტრიალდა ჰანიბალთან ომში. 

რეა-კიბელეზე და მის სახელზე ნაკურთხი ტაძრის შესახებ ლაპარაკობდა ფრანგი მოგზაური შარდენი. მისი თქმით, ეს ტაძარი არსებობდა ფაზისის კუნძულზე. ისტორიკოსები ამბობენ, რომ ეს ტაძარი მთელი იყო რომის იმპერიის დაცემის დროსაც. არიანე წერდა:''ფაზისში რომ შედიხარ, მარცხნივ აღმართულია ქანდაკება ქალღმერთი ფასიანესი, გარეგნობით ის ჰგავს რეას, რადგან ხელში წინწილა უჭირავს, აგრეთვე მისი სავარძლის წინ წვანან ლომები და თვით ის ზის, როგორც ფიდიასის ქანდაკება ათენის მეტროონში''.

რეა კიბელეს ქანდაკება, აღმოჩენილია ისტორიული ლაზეთის ტერიტორიაზე ქალაქ ორდუსთან.



კრეტის მოსახლეობას უყვარდა დღესასწაულები, რაზეც მიუთითებს მინოსის სასახლეში აღმოჩენილი ფრესკები, სადაც გამოსახულია მათი საზეიმო სცენები. ერთ-ერთი ასეთი დღესასწაული გახლდათ მიძღვნილი ჰერმესისადმი, რომლის დროს მონები ქეიფობდნენ, ბატონები კი ემსახურებოდნენ მათ. ამ დღესასწაულის სიძველეზე მიანიშნებს ის, რომ ტრადიცია მას პელაზგებს მიაწერს. ზეიმის დროს სრულდებოდა მსხვერპლშეწირვა ზევსისადმი. დგამდნენ საუცხოოდ მორთულ მაგიდებს. ნადიმზე იწვევდნენ ყველა უცხოელს. პატიმრებს ათავისუფლებდნენ საპყრობილედან. დასასრულს მონები იღებდნენ მონაწილეობას ლხინში, სარგებლობდნენ სიტყვის თავისუფლებით და მათ ემსახურებოდნენ ბატონები. გარდა ამისა, არსებობს მონებისათვის გარკვეული თავისუფლების მინიჭების კვალი ღვინის ჭურების ახდის დიონისური დღესასწაულის დროს. აღნიშნავდნენ ნეტარ ოქროს საუკუნეს, როდესაც ადამიანები ღმერთების მსგავსად ცხოვრობდნენ შრომისა და დარდის გარეშე, როცა მათი ცხოვრება დაუსრულებელი დღესასწაული იყო. სიკვდილი მოდიოდა როგორც მსუბუქი და მოულოდნელი სიზმარი. ამ დღესასწაულებიდან იღებს სათავეს ყველასათვის ცნობილი მასკარადები.





No comments:

Post a Comment