Wednesday, 9 December 2020

ჰიტლერის კარის ნათელმხილველი ერიკ იან ჰანუსენი

 

ერიკ იან ჰანუსენი ერთ-ერთი ყველაზე ამოუცნობი ფიგურაა მესამე რაიხის ისტორიაში. ზოგიერთი მას მიიჩნევს დიდ ნათელმხილველად, ზოგიერთი-თაღლითად. მისი ნამდვილი სახელი და გვარი გახლდათ ჰერმან-ჰაიმ შტაინშნაიდერი. ის დაიბადა ვენის ღარიბ ებრაელთა ოჯახში. მისივე თქმით, წინასწარმეტყველების უნარი სამი წლის ასაკიდან დაეწყო. ჰაიმმა გააყალბა საკუთარი დოკუმენტები, დამალა ებრაული წარმოშობა, თავი დანიური წარმოშობის არისტოკრატად გაასაღა. მოგვიანებით, სახელად ჰარი დაირქვა და თავს ცნობილ იტალიელ მომღერალ ტიტო რუფოდ ასაღებდა. მალევე გადაწყვიტა თავი ეცადა ესტრადაზე. მუშაობა დაიწყო კაბარეში ილუზიონისტად, სადაც ტაროს ბანქოზე მკითხაობდა საჯაროდ. მაგრამ ერთხელ განაცხადა, რომ ბანქოს გარეშეც ხედავდა ადამიანის მომავალს. მართლაც, მისი წინასწარმეტყველება ხშირად ხდებოდა, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ცუდი შედეგით. ამის გამო, კაბარეს უკმაყოფილო მეპატრონეებმა ის სამსახურიდან დაითხოვეს. ჰარიმ მუშაობა დაიწყო ვარიეტეში, სადაც  შორ მანძილზე აზრების კითხვასა და ჰიპნოზის სეანსების ჩატარებას შეუდგა.

პირველი მსოფლიო ომის დაწყებისთანავე  ჰარი გაიწვიეს ჯარში და გააგზავნეს აღმოსავლეთის ფრონტზე, სადაც ის ფრონტის მეგობრებს ართობდა ტელეპატიური სეანსებით. ერთხელ გარნიზონის მეთაურს უთხრა, რომ მას ვაჟი შეეძინებოდა. ცოტა ხანში ნათქვამი ასრულდა. მეთაურმა ის კაპრალის წოდებით და ფულით დააჯილდოვა.  სინამდვილეში ეს ინფორმაცია ჰარის სამხედრო ცენზორმა მიაწოდა, რომელმაც წაიკითხა მეთაურისთვის სახლიდან გამოგზავნილი წერილი. ჰარიმ მას ფულადი ჯილდო გაუყო. 1918 წელს დემობილიზებული ჰარი ვენაში დაბრუნდა და  როგორც ტელეპატმა თეატრში დაიწყო გამოსვლა დანიელი ნათელმხილველი ერიკ იან ჰანუსენის ფსევდონიმით. 


მალე ნათელმხილველით მეცნიერებიც დაინტერესდნენ. 1930 წელს ჰანუსენმა მონაწილეობა მიიღო სერიოზულ სამეცნიერო ექსპერიმენტში მისი პარანორმალური შესაძლებლობების შემოწმების მიზნით. ექსპერიმენტი ტარდებოდა ბერლინის მეტაფიზიკის ინსტიტუტის პატრონაჟით დოქტორ კრისტოფერ შრედერის ხელმძღვანელობით. თავისი საქმის გამოცდილმა ავტორიტეტმა ექსპერიმენტში მონაწილეობის მისაღებად მიიწვია საკუთარი კოლეგები. თვითეულმა მონაწილემ დაწერა ფურცელზე მისთვის მნიშვნელოვანი  თარიღი და გეოგრაფიული მდებარეობა, სადაც მათთვის რაღაც მნიშვნელოვან მოვლენას ჰქონდა ადგილი. ჰანუსენის წინაშე იდო რვა ერთნაირი კონვერტი,  მან საბედნიეროდ ზუსტად დაასახელა ხუთი მოვლენა და მხოლოდ ორში შეცდა. ბოლო კონვერტი ეკუთვნოდა შრედერს. დასახელებულ თარიღსა და დროს შრედერი იმყოფებოდა საიდუმლო მისიით შირაზში, რასაც ყველას უმალავდა. იქ მას თავს დაესხნენ ყაჩაღები, რომელსაც შემთხვევით გადაურჩა. ჰანუსენმა ზუსტად აღწერა მომხდარი შემთხვევა დაწვრილებით. შრედერმა აღიარა, რომ ჰანუსენი ფლობდა ექსტრასენსორულ უნარებს.

ერიკმა სრული კარტ-ბლანში და თავისუფალი მოქმედების უფლება მიიღო შრედერისგან. შრედერმა ასევე მიაღწია მისი შრომების დაფინანსებას. თუმც ის უფულობას უკვე აღარ არ უჩიოდა, ვინაიდან მოკლე ხანში  ძალიან გამდიდრდა. საკუთარი ავტორიტეტის ასამაღლებლად მან 200 ათასი ეგზემპლარით გაზეთის გამოშვება დაიწყო. ამასთან,  შეაგროვა ეზოთერული ლიტერატურის უზარმაზარი ბიბლიოთეკა, სადაც წიგნებით სარგებლობის უფლება ეძლეოდა ყველას. ჰყავდა თანამშრომელთა დიდი შტატი, რომელიც ეწეოდა ასტოლოგიურ კონსულტაციას სხვადასხვა საკითხებზე, ატარებდა საჯარო ნათელხილვის სეანსებს. ცნობილია, რომ ჰანუსენს პიროვნების კუთვნილი ნივთის ხელში აღებით შეეძლო უშეცდომოდ დაეხასიათებინა  მფლობელი, გამოეცნო სახელი, ჯანმრთელობის მდგომარეობა და ბიოგრაფიული ფაქტები. ამ ნიჭის წყალობით ის ხშირად ეხმარეობოდა პოლიციას მძიმე შემთხვევების გამოძიებისას, როცა მტკიცებულებები არასაკმარისი იყო. 

ჰანუსენი ისე გამდიდრდა, რომ 1933 წელს ბერლინში გახსნა "ოკულტიზმის სასახლე", რომლის შესასვლელში საკუთარი ქანდაკება დადგა. მან  სამი დღით ადრე იწინასწარმეტყველა რაიხსტაგში ხანძრის გაჩენა. ისტორიკოსებისთვის უცნობია, როგორ ან ვისი დახმარებით შეიტყო ჰანუსენმა ეს შემთხვევა. ჰანუსენს  არაერთხელ მიმართავდნენ არამატო რიგითი წევრები ნაცისტური პარტიისა, არამედ ჰებელსი, რიბენტროპი, გერინგი და რა თქმა უნდა, ჰიტლერი.

ერიკმა მალე მოიპოვა მესამე რაიხის ნდობა და შეხვდა ჰიტლერს, უწინასწარმეტყველა მას არჩევნებში გამარჯვება და განუსაზღვრელი ძალაუფლება. პროგნოზის ახდენის შემდეგ ჰიტლერმა დანიშნა ჰანუსენი ოკულტური ინსტიტუტის ხელმძღვანელად და ხშირად აკითხავდა რჩევებისთვის. ერიკი იყო ჰიტლერის მრჩეველი არამარტო ოკულტურ საკითხებში, ფიურერი იღებდა მისგან გაკვეთილებს ორატორულ და მასის მართვის ხელოვნებაში. 

სწორედ ჰანუსენმა  გაუხსნა გზა ვოლფ მესინგს, რომელიც მისგან განსხვავებით არ მალავდა საკუთარ წარმოშობას. მესინგი განსხვავებით ჰანუსენისა, მესამე რაიხს დაცემას უწინასწარმეტყველებდა. მიუხედავად ყველაფრისა, ჰანუსენი დაეხმარა მესინგს გერმანიიდან გაქცევაში, რომელმაც  ერთად გაქცევა შესთავაზა, მაგრამ ჰანუსენს მეტისმეტად სჯეროდა საკუთარი იღბლის, რაც საბედისწერო აღმოჩნდა მისთვის.

ვოლფ მესინგის მტკიცებით, ჰანუსენს ნამდვილად შეეძლო აზრების კითხვა, მაგრამ ამავე დროს,  გამოსვლების დროს იყენებდა შერჩეულ პირებს და კოდური სიტყვის კარნახს. მესინგის აზრით, ჰანუსენს ესაჭიროებოდა სულიერი ამაღლება, ძალების მობილიზება, რასაც სჭირდება პუბლიკის აღტაცება და აღფრთოვანება, ვინაიდან როცა აუდიტორია დამორჩილებულია, მუშაობა გაცილებით ადვილია. ამიტომ დასაწყისში ჰანუსენი მიმართავდა არაკეთილსინდისიერ ხერხს: პირველ ორ ნომერში ის იყენებდა შერჩეულ ადამიანებს.


ნაციონალ-სოციალისტი პოლიტიკოსი ოტო შტრასე, რომელიც ავტორია წიგნისა "ჰიტლერი და მე"  საინტერესო ფენომენად თვლიდა, რომ ცნობილი ნათელმხილველი ჰანუსენი ემსახურებოდა მეორე ნათელმხილველ ადოლფ ჰიტლერს. ყველამ იცის, რომ ჰიტლერი გაუსწორდა ჰანუსენს ისევე, როგოც გაუსწორდა სხვებს, როგორც კი აღარ დასჭირდა ისინი.

ნათელმხილველი იყო ებრაელი და კარგად ესმოდა, რომ ჰიტლერის რასისტული შეხედულებები ადრე თუ გვიან შეასრულებდა გარკვეულ როლს მათ ურთიერთობაში. ამიტომ თავის გადასარჩენად სცადა გრაფი ჰელდორფის მხარდაჭერის მოპოვება. რენეგატი გრაფი ჰელდორფი ნაცისტებს იყო მიკედლებული. ის მუდმივად განიცდიდა უფულობას  და მნიშვნელოვან თანხას სესხულობდა ჰანუსენისგან. ნასეხსები ფულის ხელწერილებს ჰანუსენი მუდამ თავის საქაღალდით ატარებდა. ჰიტლერის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, გრაფი დაინიშნა ბერლინის პოლიციის უფროსად და მალევე ბრძანა ჰანუსენის მოკვლა. ასტროლოგმა ყველაფერი ვერ განჭვრიტა. ჰელდორფის ვალის ხელწერილები კი აღარავის უნახავს.

ჰენრიხ ფონ ჰელდორფი გახლდათ პირწავარდნილი ანტისემიტი, რომელიც ჰებელსის სიტყვებით, ოცნებობდა მდიდარი ებრაელების ფულით ბერლინში აეშენებინა გეტო სიონის ბავშვებისთვის. ჰელდორფმა წარუდგინა ჰანუსენს სპეციალური რაზმი ყველაზე დიდი კონკურენტების გასანადგურებლად. ეს იყო ცნობილი "რომანული კაფე (Romanisches Café)-რომლის მუდმივი ვიზიტორები გახლდნენ: მწერალი ბერტოლდ ბრეხტი, ერიხ მარია რემარკი, სტეფან ცვაიგი, ანთროფოსოფოსი რუდოლფ შტაინერი და სხვ.

ნათელმხილველს ბევრი არაკეთილმოსურნე ჰყავდა. ამასთან პრესაში, განსაკუთრებით კომუნისტურ პრესაში, გაჟონა ინფორმაციამ მის ებრაულ წარმოშობაზე, რომელსაც ასე გულმოდგინედ მალავდა ის. პირველად მან შეძლო თავის გამართლება და ჰებელსისთვის იმის დამტკიცება, რომ წარმოშობით დანიელი იყო. ამის დასტურად მან ჰებელსს წარუდგინა ყალბი დოკუმენტები. ერიკი გამოუშვეს, მაგრამ ეჭვები არ მოხსნილა. 1933 წელს ჰანუსენი დააპატიმრეს და დახვრიტეს არიული წარმოშობასთან დაკავშირებული ყალბი დოკუმენტების გამოყენების ბრალდებით.

ზოგიერთი ისტორიკოსის აზრით ჰანუსენი იყო ჩვეულებრივი მატყუარა. მაგრამ არსებობს მტკიცებულებები, რომ ის მაინც ფლობდა ზებუნებრივ უნარებს. აღმოჩნდა "დიდი ჰანუსენის" დღიური, რომელშიც ის იწერდა წინასწარმეტყველებებს. მასში აღწერილი იყო მოვლენები, რომელთა შესახებ შეუძლებელია რაიმე სცოდნოდა: ახლო მომავალში ატომური ბომბის შექმნა, მზის ელექტროსადგურის მშენებლობა, ქირურგიული ოპერაციები ტრანსპლანტოლოგიაში.

ჰანუსენი უდავოდ იყო ნიჭიერი ნათელმხილველი, კარგი ფსიქოლოგი და ჭკვიანი ადამიანი. ის მსოფლიო პარაფსიქოლოგიის ისტორიულ წყაროებში აღწერილია როგორც რთული და ურთიერთგამომრიცხავი პიროვნება. მასზე დაწერა წიგნი ფეიხტვანგერმა "ძმები ლაუტენზაკები", სადაც ჰანუსენი გამოყვანილია ოსკარ ლაუტენზაკის სახელით. გადაღებულია რამდენიმე ფილმი ამ უცნაურ და ნიჭიერ ადამიანზე.







No comments:

Post a Comment