Monday, 28 December 2020

ეტრუსკი ნათელმხილველი ქურუმები_ავგურები და ჰარუსპიკები


ეტრუსკები ღმერთებთან გასაუბრების გარეშე არაფერს წყვეტდნენ. ქურუმები იყოფოდნენ ავგურებად და ჰარუსპიკებად. პირველნი წინასწარმეტყველებდნენ ფრინველთა ფრენასა და ქცევაზე. ამ პროცესს ერქვა აუგურუმი და მისგან მომდინარეობს სიტყვა "ინაუგურაცია". მეორენი-ცხოველთა შიგნეულზე, განსაკუთრებით ღვიძლზე.

მსგავსი მკითხაობა პოპულარული იყო: შუმერში, აქადში, ბაბილონში და ასირიაში. ქურუმი შეიძლება ყოფილიყო როგორც მამაკაცი, ასევე ქალი. ეტრუსკთა მთელი ცხოვრება ექვემდებარებოდა რიტუალებს ანუ ცერემონიას. ქალაქ ცერეს სახელწოდებიდან მივიღეთ სიტყვა "ცერემონია". თორმეტი ეტრუსკული ქალაქის ლუკუმონებს ჰქონდათ არამარტო საერო, არამედ რელიგიურ ძალაუფლებაც.

 დღემდე ამ ამოუცნობი ხალხისთვის დიდი როლი ენიჭებოდა სიკვდილისთვის მზადებას. ყოველი ეტრუსკული ქალაქის ახლოს მდებარეობდა "მკვდართა ქალაქი"-ნეკროპოლი. ცოცხალთა ქალაქი იგებოდა ხისა და თიხისგან, რამაც ჩვენამადე ვერ მოაღწია, ნეკროპოლის სამარხებს კი აგებდნენ ქვით. სამარხებს შიგნით საცხოვრებელი სახლის მსგავსად აწყობდნენ, მიცვალებულს ასვენებდნენ  სარკოფაგში. რიგ შემთხვევაში მიცვალებულს უკეთებდნენ კრემაციას და ფერფლს ურნაში ათავსებდნენ. 

მკითხაობის წესებს, რომელიც მოგვიანებით რომაელებმა ეტრუსკებისგან ისწავლეს, ეწოდა "ეტრუსკული მეცნიერება".  ეტრუსკი ქურუმები საკმაოდ წარმატებული მედიკოსებიც იყვნენ. წინასწარმეტყველების ხელოვნება მათ წიგნებში ჰქონდათ აღწერილი: "libri haruspician"-ჰარუსპიკთა წიგნი,  "Libri fulgurales"-ელვის თეორია (მკითხაობა ელვაზე), "Libri fatales"-ბედისწერის წიგნი.  ეტრუსკთა წინასწარმეტყველებაზე მეტყველებს საინტერესო ფაქტები. ვერგილიუსი კარგად იცნობდა ეტრუსკთა წინასწარმეტყველურ წიგნებს. "ბუკოლიკებში" (ეკლოგა 4) მას აღწერილი აქვს იდუმალი ღვთის ყრმის დაბადება ქალწულისგან, რომელიც იქნება მაცნე ახალი ოქროს საუკუნის დასაწყისისა. ეს მოხდება სატურნის მართვისას. ცნობილია, რომ ქრისტე თხის რქის ნიშნის ქვეშ იყო დაბადებული. ამ თანავარსკვლავედს კი მართავს სატურნი. პოეტი ამბობს, რომ ამ ბავშვს ძალუძს იხსნას მთელი მსოფლიო მტრობის, შურის, ომებისგან და დაამყაროს მშვიდობა ცასა და დედამიწაზე. საინტერესოა,რომ  იმპერატორი წმინდა კონსტანტინე დიდი ამ ტექსტს განიხილავდა, როგორც პირდაპირ მითითებას კაცობრიობის მხსნელი უფლის დაბადებაზე. დროთა განმავლობაში ქრისტიანულ ტაძრებში გაჩნდა ვერგილიუსის გამოსახულებები.

ავგურთა კოლეგია დააფუძნა მეფე ნუმა პომპილუსმა, რომელიც ცხრა ქურუმისგან შედგებოდა. დიქტატორ სულას დროს ეს რაოდენობა 15-მდე გაიზარდა. ავგურები ღმერთის ნების დემონსტრირებას ახდენდნენ რომის რომელიმე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაზე. მაგალითად, ჩვ.წ.აღ-მდე 426 წელს წამოიჭრა საკითხი, შეეძლო თუ არა სამხედრო ტრიბუნს დაენიშნა დიქტატორი კონსულის ძალაუფლებით. ამასთან დაკავშირებით მიმართეს ავგურებს და მიიღეს დადებითი პასუხი.

ავგურები ატარებდნენ შალის წაწვეტებულ თავსაბურავს-პილეუმი და უხეშ შალის სამოსს. მსხვერპლშეწირვისთვის ხმარობდნენ სპეციალურ ბრინჯაოს დანას.


რომაულ წყაროთა მიხედვით, ავგურს შეეძლო მეხის დაცემის, მიწისძვრის, ვარსკვლავის მოწყვეტის, კომეტის ინტერპრეტაცია. ასეთ წინასწარმეტყველებას იხილავდა ქურუმთა კოლეგია. ეს არ იყო ერთი ადამიანის აზრი, არამედ მთელი კოლეგიის კოლექტიური გადაწყვეტილება. ავგურები-ქურუმთა კოლეგია ეტრურიაში მოვიდა იმ ხალხთან ერთად, ვისაც განვითარებული ჰქონდა კოსმოგონიური და ესქატოლოგიური ხედვა. 

საკრალური კანონები ავგურებს აძლევდა უფლებას დაეთხოვათ სახალხო კრება, შეეცვლათ უკვე მიღებული კანონები. ავგურს უფლება ჰქონდა დაეკისრებინა ჯარიმა მსხვერპლშეწირვის სახით. სპეციალური საკრალური კანონი ამბობდა: "ის რაც ავგურმა გამოაცხადა აკრძალულად, უმართებლოდ, ბოროტებად, სისასტიკედ, დაე არ აღსრულდეს; ვინც არ დაემორჩილება, საკუთარი თავით აგებს პასუხს." ციცერონი აღნიშნავს, რომ ეს კანონი ამოღებული იყო რომის მეორე მეფის ნუმა პომპილუსის კანონმდებლობიდან. ანუ, სამეფო რომშიც კი ავგურთა საკრალური აკრძალვების დარღვევას მოჰყვებოდა მძიმე სამართლებრივი სანქციები-სიკვდილით დასჯა. ციცერონი თავად იყო ავგური, ამიტომ დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ქურუმთა ამ კოლეგიას. სხვა კოლეგიებთან შედარებით რომაელი ავტორები მას ანიჭებდნენ პირველხარისხოვან მნიშვნელობას.

რაც შეეხება "ჰარუსპიკს", ამ სიტყვის  ეტიმოლოგია უცნობია. ჰარუსპიკები ითვლებოდნენ შეუდარებელ ნათელმხილველებად  არამარტო ეტრურიაში, არამედ რომშიც. ჰარუსპიკთა კოლეგიის შემადგენლობაში იყვნენ არისტოკრატული ოჯახის წევრები, სარგებლობდნენ ბევრი პრივილეგიითა და ძალაუფლებით. მათთან როგორც ორაკულებთან ისე მიდიოდნენ სამკითხაოდ. მსხვერპლად შეწირული ცხოველის ღვიძლი მათი აზრით განასახიერებდა სამყაროს მდგომარეობას თავად მსხვერპლშეწირვის დროს. ქურუმი ნახულობდა ღვიძლის ზედაპირზე ღმერთების ადგილმდებარეობას და ნაწილთა კონფიგურაციის შესაბამისად, რომელიც თითოეულ ღმერთთან იყო დაკავშირებული, შესაძლებელად მიაჩნდა მომავლის წინასწარმეტყველება.

ჰარუსპიკები ღვიძლს 40 ნაწილად ჰყოფდნენ. თითეული მათგანი დაკავშირებული იყო რომელიმე ზეციურ ძალასთან, რომელიც გავლენას ახდენდა ადამიანთა ცხოვრებაზე. ეს საკრალური ობიექტი წარმოადგენდა "სამყაროს მოდელს". რომელიმე დიდი საქმის წინ მსხვერპლშეწირვის შემდეგ, ცხოველის შიგნეულს აგროვებდნენ და აწყობდნენ ბრინჯაოს დაფაზე. სამსხვერპლო ცხოველიდან ღვიძლის ამოღების შემდეგ, ჰარუსპიკს შეეძლო მისი დეტალური შესწავლა. ღვიძლის რომელიმე ნაწილში აღმოჩენილი ესა თუ ის ანომალია აიძულებდა მას მიემართა გარკვეული ღმერთისთვის დასამშვიდებლად, ვინაიდან მისი არაკეთილგანწყობა აისახებოდა ქალაქზე. ჰარუსპიკები ყურადღებით სწავლობდნენ მათ და ეძებდნენ რომაელთა უბედურების მომასწავებელ ნიშნებს. ანტიკური ავტორები აღწერენ ბევრ უბედურებას, რომელიც შედეგი იყო წინასწამეტყველების უგულველყოფით.



წმინდა წესები, ჰარუსპიკთა მეტისმეტად რთული სისტემის რიტუალთა აღწერა, შემორჩენილია ფრაგმენტების სახით ლათინურ თარგმანში. განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ენიჭება ციცერონის საჯარო გამოსვლის ტექსტს De Haruspicum responso-("ჰარუსპიკთა პასუხზე"), რომელიც მან წარმოთქვა ჩვ.წ.აღ-მდე 56 წელს. ტექსტი გვამცნობს ჰარუსპიკთა დასკვნას, რომელიც მათ გააკეთეს, როცა რომმა მათ სთხოვა რჩევა ლაციუმში საეჭვო მეხის ჩამოვარდნაზე. რომის რესპუბლიკის თითქმის მთელი არსებობის განმავლობაში სენატი ყოველთვის მოუხმობდა ეტრუსკ ქურუმებს, როცა რომი აწყდებოდა მეტისმეტად ავისმომასწავებელ მოვლენებს.

ციცერონის თანახმად, პასუხი, რომელიც ეტრუსკმა ნათელხილველებმა გასცეს ჩვ.წ. აღ-მდე 56 წელს, შედგებოდა სამი პუნქტისგან. უპირველეს ყოვლისა, ახსნილი იყო რომელი ღმერთების რისხვა ვლინდება საბედისწერო ხმებში-ესენია: იუპიტერი, სატურნი, ნეპტუნი, დედამიწა და  Dii caelestes-ცის ღმერთები. შემდეგ, ახსნილია მათი რისხვის მიზეზი-სხვადასხვა რელიგიური რიტუალების უგულველყოფა, ორატორთა მკრეხელური მკვლელობა და ფიცის დარღვევა.  ბოლოს აღწერილი იყო ის ნიშნები, რომელიც მიუთითებდა  გარდაუვალ და საშინელ საფრთხეებზე. რომს უნდა ეშინოდეს საზოგადოების მაღალ ფენასა და ქალაქს შორის განხეთქილების, რომელიც ემუქრება სახელმწიფოს საუკეთესო მოქალაქეების დაღუპვით. საფრთხილოა სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულებები და რეჟიმის დამხობა.

ბუნებრივი მოვლენების ასეთი რთული ახსნა, რომელიც ნაკლებად ესმოდა ადამიანს, გვაგონებს ეტრუსკულ კალენდარს, რომელიც თარგმნა იოანე ლიდიელმა ბერძნულად. მასშიც ზედმიწევნითაა ახსნილი და განმარტებული ჭექა-ქუხილის მნიშვნელობა თვის დღეების მიხედვით. ბაბილონში სწორედ ასე ხსნიდნენ ჭექა-ქუხილს წლის დღეების მიხედვით.

ასე თუ ისე, ჰარუსპიკთა მხრიდან შეიმჩნეოდა ნიშნებისა და მოვლენების პოლიტიკურ ჭრილში განმარტების ტენდენცია. ასეთი დამოკიდებულება უცვლელი რჩებოდა ეტრურიის მთელი ისტორიის განმავლობაში, მოგვიანებით კი რომში. არისტოკრატული წრიდან გამოსული ქურუმები ცდილობდნენ დაერწმუნებინათ რჩევისთვის მათთან მისული ადამიანები, რომ აუცილებელი იყო ქალქში შიდა უთანხმოების თავიდან არიდება, ვინაიდან  არეულობა საფრთხეს უქმნიდა სახელმწიფოსა და ძალაუფლების კანონიერ ორგანოებს.

ცნობილია ჰარუსპიკთა რამდენიმე ეტრუსკული გამოსახულება. ყველაზე ცნობილი გახდა გრავირებული სარკე ვულჩიდან ჩვ.წ.აღ--მდე მე-5 საუკუნე, რომელიც ვატიკანში ინახება. სარკეზე გამოსახულია მკითხავი კალხასი. ის წინასწარმეტყველებს ღვიძლზე, რომელიც მარცხენა ხელში უჭირავს.


მაკრობიუსის, სერვიუს და ამიანე მარცელინების მიერ შემონახული ფრაგმენტები ეტრუსკული "ostentaria"-ის, ანუ წიგნი ნიშანთა მნიშვნელობაზე, გვაოცებს უცნაური, სავარაუდო განმარტებებით. ხეები და ცხოველები იყოფა ურთიერთსაწინააღმდეგო კატეგორიებად. ერთნი ემსახურებიან სასიკეთო ნიშნებს, ხოლო მეორენი წარუმატებლობას გვამცნობენ. ეტრუსკული სიბრძნე ფართოდ იყენებდა ცხოველებისა და მცენარეების ამ დაყოფას.

როგორც წესი,  პროფესიონალი მკითხავები ცხოველთა შიგნეულზე თან ახლდნენ რომის გამოჩენილ პოლიტიკურ მოღვაწეებს. აფრიკაში მყოფი მარიუსი ჰარუსპიკს შეხვდა, რომელმაც დიდი მომავალი უწინასწარმეტყველა. კიდევ ერთი ნიშანი იმისა, რომ ზოგიერთი ეტრუსკი აფრიკაშიც იმყოფებოდა. იულიუს კეისარს სამსახურში ჰყავდა არისტოკრატი ჰარუსპიკი სპურინთა საგვარეულოდან. მან გააფრთხილა კეისარი მისთვის მარტის იდის საშიშროებაზე. დიქტატორს მისთვის რომ დაეჯერებინა, ცოცხალი გადარჩებოდა

პუნიკური ომების დროს, ჰანიბალის გამარჯვებებით გამოწვეულ პანიკას,  წინასწარმეტყველებებით გატაცების ახალი ტალღა მოჰყვა. ჰარუსპიკებს შეეძლოთ პრაქტიკულად საკუთარი ხელოვნების ყველა ნიუანსის გამოყენება და განეცხადებინათ რომისთვის მოსალოდნელი მომავლის შესახებ. იმ დროისთვის რომი უკვე განიცდიდა ნათელმხილველთა ნაკლებობას. მათი რაოდენობა ვერ აკმაყოფილებდა მოთხოვნებს. რომაელები ახლა უკვე მუდმივად მიმართავდნენ ბერძენ ორაკულებს, სპარსეთის მაგებს, ქალდეველ ასტროლოგებს, ეგვიპტელ ქურუმებს წარმართული ერის დასასრულამდე.






No comments:

Post a Comment