Friday, 18 December 2020

კრეტელი ნათელმხილველი ეპიმენიდე_ კოლხ ქურუმ კურეტთა შთამომავალი


თავად სახელი ეპიმენიდე ნიშნავს მინოსის ანუ კრეტის მეფის შთამომავალს. ეპიმენიდე თავს მიიჩნევდა კურეტად. ვინ იყვნენ კურეტები? მოცემული სიტყვის ეტიმოლოგიაზე ბევრს მსჯელობენ. ამ მინოსურ სიტყვას აახლოებენ ქართულ-ზანური ხანის ფუძესთან kar/kr-"შეკვრის, დაკავშირების" მნიშვნელობით. ცნობილი ენათმეცნიერი გიორგი კლიმოვი თავის მხრივ, კურეტებთან აკავშირებს ქართულ-ზანურ kreb/kareb-"შეგროვებას". გადმოცემით, კრეტის პირველი მეფეები იყვნენ კურეტები და კუნძულის სახელწოდების ეტიმოლოგიაც თითქოს მათ უნდა უკავშირდებოდეს. კურეტთა გენეალოგია გამოძახილს პოულობს კორიბანტებთან. კორიბანტების კულტი მცირეაზიურია. კორიბანტები, ისევე როგორც კურეტები შეიარაღებულნი არიან, თან დაჰყვებიან ქალღმერთ რეა-კიბელეს.  კურეტების მდედრობითი სახე იყვნენ ნიმფები. ტიტანებმა რეა-კიბელეს გადასცეს შეიარაღებული მცველები - კორიბანტები. მათზე  ამბობდნენ, რომ ისინი (კრეტაზე, ევბეაზე, სამოთრაკეზე, ეგეოსის ზღვის სხვა კუნძულებსა და ფრიგიაში) კოლხეთიდან იყვნენ წამოსული. ბერძნებამდელი სიტყვა კორიბანტი მიღებულია დიდი დედაღვთაება კიბელეს შვილის სახელიდან "კორიბას."
  ანტიკურ წყაროთა ჩვენებით კორიბანტები მცირე აზიის ავტოქთონური ტომებისა და წინა ელინურ პერიოდში კრეტაზე მოსახლე პელაზგების მატრიარქალური ღვთაების კიბელეს ქურუმები იყვნენ... კორიბანტები, რომელთაც დამწერლობის _ კვირბების შექმნა მიეწერებათ, კოლხთაგანნი არიან და მჭიდროდ უკავშირდებიან რკინის მეტალურგიის, მჭედელობის მფარველ ლემნოსელ კაბირებს- აკ. ურუშაძე

 ელინისტურ ხანაში კიბელეს კულტი რეას კულტს შეერწყა. სავარაუდოდ, ეს უნდა მომხდარიყო კრეტაზე, სადაც ცნობილია აღმოსავლურ-მცირეაზიული და ელინური კულტურების შერწყმა. აქ, რეა-კიბელე ზევსის დედად იქნა აღიარებული, ხოლო ზევსის ქურუმები - კურეტები გააიგივეს კორიბანტებთან. მითის მიხედვით, კორიბანტები, ისევე როოგორც კოლხეთის მეფე აიეტი, ითვლებოდნენ მზის ღმერთ ჰელიოსის შვილებად. ამასთან ერთად, კურეტები იყვნენ ახალშობილი ზევსის აღმზრდელები, მასწავლებლები და მისი დამცველები. იყვნენ კარგი მეტალურგები, ნათელმხილველები და ქურუმები. ისინი თან ახლდნენ დიონისეს ინდოეთის კამპანიის დროს. არსებობდა მოსაზრება, რომ კნოსო დასახლებული იყო კურეტებით. მათ თვლიდნენ კრეტის ბევრი ქალაქის დამაარსებლად. ისინი ძირითადად სახლობდნენ ტყიან მთებში, ხეობებში, გამოქვაბულებში. ამ მხრივ, საერთო ჰქონდათ დრუიდებთან.

კორიბანტებთან და კურეტებთან იყვნენ ასევე გაიგივებულნი კაბირები. მათი კულტის არსებობას ჰეროდოტე პელაზგებს მიაწერდა. გადმოცემით, კაბირ-კორიბანტებს  კავკასიაში ჰქონდათ საიდუმლო საზოგადოება ''კაბირების'' სახელით. ისინი აქ იყვნენ მე–6 ს. ჩვ. წ–მდე. ამის  შემდეგ ქრებიან და აღარ ჩანან. პითაგორული დოქტრინებისა და სამეცნიერო აღმოჩენათა უმეტესი ნაწილი იყო ამ საზოგადოების ხელდასმულთა ინსტრუქციები. ისინი პითაგორელებივით ვეგეტარიანელები იყვნენ და ხორცს არ მიირთმევდნენ. კაბირებმა ბევრი რამ იცოდნენ რიცხვებსა და ასტრონომიაზე, მაგრამ მათი დიდი ძალა იმალებოდა ტექნიკური საიდუმლოებების ფლობაში, როგორიცაა: შუშის დამზადება–ფოლადი, მინანქარი, საბადოს მოპოვება. კაბირები რომ ბევრ საიდუმლოებას ინახავდნენ, ამის შესახებ იცოდა ჰომეროსმა. იცოდა ასევე მათ ინიციაციურ საიდუმლოების შესახებაც. ეს საზოგადოება აგებდა ტაძრებს, აარსებდა მისტერიებს: დელფოსში, სამოთრაკეში, ელევსინზე. მათი ერთ–ერთი მნიშვნელოვანი საიდუმლო გახლდათ იმ გზის ცოდნა, რომელიც ელიზიუმამდე (elysian) მიდიოდა. სწორედ ამ საიდუმლოს შესახებ იყო ინფორმირებული ჰომეროსი და  აღწერა ის სრული სიზუსტით. როდესაც სოლონმა ამის შესახებ შეიტყო, მათთან ურთიერთობა უკვე გაწყვეტილი იყო. საიდუმლო გზამ, რომლის საშუალებით ელიზიუმამდე მისვლა შეიძლებოდა, რამდენიმე თაობის შემდეგ შეიძინა რელიგიური დანიშნულება, შესაძლოა ეგვიპტური ''მიცვალებულთა წიგნის''გავლენით. სავარაუდოდ, კაბირები  აკეთებდნენ ჩანაწერებს, ვინაიდან  ეტრუსკი ნუმა პომპილუსის წიგნი "ACHERONTICI LIBRI'' სწორედ მათ უნდა უკავშირდებოდეს. ეს ცოდნა ისეთივე მნიშვნელოვანი და საიდუმლო იყო, როგორც ''მიცვალებულთა წიგნი''.

"დამწერლობის, კანონებისა და გემთმშენებლობის, არქიტექტურის გამოგონებას, ასევე მაგიურ, მცენარეების სამკურნალოდ გამოყენების ტრადიციას მიაწერენ ან კაბირებს, ან ტიტანებს."-ვ.ბოლოვი

კრეტის ზევსის კულტს ჰქონდა ორი ცენტრი: იდას და დიქტას მთაზე. კრეტული ზევსი მომაკვდავი და აღმდგარი ბუნების ქთონური ღვთაება გახლდათ, რომელიც განსხვავდებოდა ზეცაში მყოფი ბერძნული ზევსისგან. იდას მთის ქურუმები ბერულ, მკაცრ ასკეტურ ცხოვრებას ეწეოდნენ.

ფინიკიაში შობილო ევროპესა და ზევსის შვილო, ასქალაქიანი კრეტის მეუფევ! მოვედი, დავტოვე წმინდა ტაძრები, რომლის კოჭები ადგილობრივი მორებისგან ხალიბური ცულითაა მოჭრილი და ხარის წებოთი მჭიდროდაა შეკრული კვიპაროსის სამაგრებით. გავატარე რა წმინდა ცხოვრება, გავხდი იდას ზევსის მისტაგოგი-ევრიპიდე, "კრეტელები"

კრეტელ ეპიმენიდეს დიდ წინასწარმეტყველად მიიჩნევდნენ ისეთი მოაზროვნეები როგორიც იყვნენ: პლატონი, არისტოტელე, ციცერონი. ის დაიბადა ფესტოში და ცხოვრობდა კნოსოში. მოგვიანებით, შვიდ ბრძენთა სიაში შეიყვანეს. მისი დაბადებისა და გარდაცვალების ზუსტი თარიღი უცნობია. ძველ წყაროებს თუ ვენდობით, მან 150 წელი იცოცხლა.(მე7,6 სს. ჩვ.წ.აღ-მდე)

დიოგენე ლაერთელი ეპიმენიდეზე შემორჩენილი ლეგენდების მიხედვით წერდა, რომ ახალგაზრდობაში მომავალი ბრძენი მამასთან ერთად აძოვებდა ცხვარს მშობლიურ კუნძულზე. ერთი ცხვარი ფარას ჩამორჩა. მამამ მის მოსაძებნად გააგზავნა შვილი. კუნძელზე ხეტიალით დაღლილი დასასვენებლად გამოქვაბულში წამოწვა და ჩაეძინა. ასე ეძინა მას ნახევარი საუკუნე. გამოღვიძებისას ვერაფერს მიხვდა, ვინაიდან ისევ ახალგაზრდა იყო. მამისა და ცხვრის ფარის ძიება უშედეგოდ დასრულდა. საღამოს შინისაკენ გაეშურა, მაგრამ ვერც სახლი ნახა და ვერც ოჯახი. უფრო მეტიც, ქალაქში ვერავინ სცნობდა. მხოლოდ ერთმა მოხუცებულმა იცნო ის და შეიცხადა რომ  ისევ ცოცხალი ნახა.

ეს კაცი ეპიმენიდეს უმცროსი ძმა გახლდათ. ეპიმენიდე მიხვდა, რომ  რაღაც უცნაური გადახდა თავს. დროთა განმავლობაში კი გაირკვა,  მას მომავლის დანახვა შეეძლო. ამავე დროს, ეპიმენიდემ  წარსული მოვლენების ახსნის უნარიც შეიძინა. ხედავდა მათში განსაკუთრებულ ნიშნებს, რასაც ვერ ამჩნევდა ჩვეულებრივი მოკვდავი. ამ არაჩვეულებრივი გარდასახვის შემდეგ ეპიმენიდე ბევრს მოგზაურობდა, მკურნალობდა ხალხს, წინასწარმეტყველებდა. სწრაფად გავრცელდა ხმა ეპიმენიდეს სიბრძნის შესახებ და როგორც ღვთაებას ისე მიაგებდნენ პატივს. ის კი აგრძელებდა ხალხის დახმარებას ბრძნული რჩევებით. ამასთან, არც პოეზიას და ფილსოფიას ივიწყებდა. ეპიმენიდე ავტორია ეპიკური პოემებისა ღმერთების დაბადებაზე, ოქროს საწმისის მაძიებელ არგონავტებზე; იყო ძალიან შრომისმოყვარე. ლეგენდის მიხედვით, მას საერთოდ არ ეძინა და თითქმის არაფერს ჭამდა. თავისუფალ დროს აგროვებდა სამკურნალო მცენარეებს და ამზადებდა ნაყენს, რაც გამოიყენა კიდეც, როცა ელადაში ჭირის ეპიდემიამ იფეთქა.

ეპიდემიის დროს ეპიმენიდე ათენში იყო. მან ბრძანა მოეყვანათ შავი და თეთრი ცხვრის ფარა და მიეცათ ცხვრებისთვის მინდორში გაშლის უფლება. თუ სადმე რომელიმე ცხვარი დაწვებოდა, მსხვერპლად შეეწირათ და იმ ადგილზე აღემართათ სამსხვერპლო წარწერით: "ამოუცნობ ღმერთს." ეპიდემიამ უკან დაიხია.

ათენიდან წასვლის წინ ეპიმენიდემ ქალაქის მოსახლეობას უწინასწარმეტყველა, რომ ათი წლის შემდეგ  მათ თავს დაესხმოდნენ სპარსელები, მაგრამ ქალაქის დაპყრობას ვერ შეძლებდნენ. ასეც მოხდა.

დიოგენეს თქმით, ეპიმენიდეს შეეძლო საკუთარი სხეულიდან გამოსვლა და გარკვეული დროის შემდეგ უკან დაბრუნება. თანამედროვე მკველვართა აზრით, ის ამგვარ მოგზაურობას ძილის დროს ანხორციელებდა. მოციქული პავლეც კი ერთ-ერთ მიმართვაში ახსენებს  წინასწარმეტყველ ეპიმენიდეს და მის გამონათქვამს(პავლეს ეპისტოლენი-ტიტეს მიმართ). იამბლიქესთან ვკითხულობთ ისტორიას, სადაც ეპიმენიდემ შეიტყო რა მის წინააღმდეგ დაგეგმილი მკვლელობის შესახებ, მოიხმო შურისმაძიებელი ღმერთები და ისე მოაწყო, რომ შეთქმულებმა ერთმანეთი თავად დახოცეს. პორფირიუსის ცნობით ეპიმენიდემ პითაგორესგან ისწავლა კატასტროფების თავიდან აცილების ხელოვნება: ქარიშხლებისა და სეტყვის თავიდან აცილება, მდინარეებისა და ზღვის დამორჩილება.

პლუტარქე საუბრობს ეპიმენიდეს მიერ სალოცავების აგებაზე ისე, რომ უცნობი რჩებოდა ვის სახელზე იყო ისინი.  ასეთი უსახელო საკურთხევლები უამრავი შექმნა. იგივე ავტორი გადმოსცემს ამბავს როგორ აპირებდა ეპიმენიდე ნიმფებისთვის ტაძრის აგებას, როცა ზეციდან ხმა მოესმა: "ნიმფებს კი არა, ზევსს!"

ცხოვრების ბოლო წლების შესახებ ინფორმაცია ძალიან მწირია. დიოგენეს თქმით, ათენის გადარჩენის შემდეგ ეპიმენიდე დაუბრუნდა მშობლიურ კუნძულს და იქ გარდაიცვალა. მითების მიხედვით, ეპიმენიდე ძალიან მალე მოხუცდა, დაბერდა იმდენ დღეში რამდენი წელიც ეძინა. ასეა თუ ისე, თანამედროვენი დიდ პატივს სცემდნენ და ის შვიდი დიდი ბრძენის სიაში მოხვდა.

ფილოსოფოსისა და წინასწარმეტყველის გარდაცვალების შემდეგ, ატიკის ბევრ პროვინციაში კიდევ დიდხანს იდგა მისი საკურთხევლები უცნაური წარწერით: "ამოუცნობ ღმერთს". როგორც ქრისტიანთა მონაყოლიდან ირკვევა, შვიდი საუკუნის შემდეგ ათენში ახალი რწმენის საქადაგებლად მისული მოციქული პავლე წაიყვანეს არეოპაგზე და ჰკითხეს: "რომელ ახალ ღმერთზე გველაპარაკები"?-თითქოს პავლემ მიუთითა ეპიმენიდეს საკურთხეველზე და უთხრა: "აი, ამაზე, რომელიც არ იცით, მაგრამ თაყვანს სცემთ".

 




No comments:

Post a Comment