ძველ საბერძნეთსა და რომში სიბილები ერქვათ ლეგენდარულ მოხეტიალე მისნებს, რომლებიც დაჯილდოებული იყვნენ მომავლის ხედვის უნარით და ხალხს აცნობდნენ ღმერთების ნებას. ანტიკური ავტორები წერენ ბევრ ასეთ სიბილაზე, მაგრამ ყველაზე სახელგანთქმული, მათ შორის, იყო კუმეის სიბილა. სწორედ მას მიაკუთვნებენ ცნობილი წინასწარმეტყველებების კრებულთა ავტორობას, რომლითაც კარგა ხანს სარგებლობდნენ რომში. მე-8-7 ს-ში ჩვ.წ.აღ-მდე საბერძნეთში ვერცერთი მისტერია უვლიდა გვერდს ამ ქალების წინასწარმეტყველებას.
თავიდან "სიბილა" გახლდათ საკუთარი სახელი. ასე ერქვა ლეგენდარულ ტროელ ქალს, დარდანოსის შვილს, რომელსაც ნათელხილვის უნარი ჰქონდა. დროთა განმავლობაში ამ სიტყვამ მიიღო განზოგადებული მნიშვნელობა და გახდა მოხეტიალე მისანთა სახელწოდება.
პლუტარქეს თქმით, ის არაჩვეულებრივი ნათელმხილველების ხსენებას აწყდებოდა ჰერაკლიტე ეფესელის ნაშრომებში. არისტოფანე, პლატონი, არისტოტელეც გვამცნობენ ერთ უდიდეს წინასწარმეტყველზე. უფრო მოგვიანებით, სხვა ავტორებიც ახსენებენ მათ. მაგრამ მხოლოდ თორმეტმა შეძლო ეწინასწარმეტყველა გლობალური მოვლენები იმდენად დამაჯერებლად, რაც ახდა კიდეც, რომ ხალხმა დაიჯერა მათი ჭეშმარიტი ნაქადაგები. გადმოცემებით, სიბილები ძალიან დიდხანს ცოცხლობდნენ-1000 წელს და ტოვებდნენ ისეთ"პროგნოზებს", რომელიც აოცებდა მომავალ თაობებს. უფრო მეტად კი საინტერესოა ის, რომ ამ წარმართ-მისნებს აღიარებს ქრისტიანული ტრადიციაც, ვინაიდან თვლის, რომ სიბილები პირველები იყვნენ, ვინც ერთი ღმერთის არსებობაზე ლაპარაკობდნენ, იწინასწარმეტყველეს ქალწული მარიამის, ქრისტეს დაბადება, მისი ტანჯვით გარდაცვალება ადამიანთა ცოდვების გამოსასყიდად და აღდგომა.
სიბილა წინასწარმეტყველებდა წარმოუდგენელი ექსტაზის დროს ლექსის ფორმით, კლასიკური ჰეგზამეტრით. ასეთ დროს სახის ნაკვთები ეცვლებოდა, სხეული ეკრუნჩხებოდა, ეწყებოდა კონვულსიები და პირზე დუჟი მოსდიოდა. სიბილა ნამდვილად არ იყო ფსიქიკურად დაავადებული. როცა ქალი დასმულ კითხვებს პასუხობდა და შემდეგ გონზე მოდიოდა, უბრალოდ ნათქვამიდან მერე აღარაფერი ახსოვდა. წინასწარმეტყველებას აფიქსირებდნენ სხვები. ხანდახან ისინი ყველაფრის დაფიქსირებას ვერ ასწრებდნენ, რაც ნათქვამის გაყალბებას იწვევდა ხოლმე.
ყველაზე ადრინდელ სიბილად ითვლება სპარსი (ქალდეველი, ებრაელი) სამბეთა. სამბეთას მამა გახლდათ ქალდეველთა ისტორიის ცნობილი ავტორი ბეროზი.(ბაბილ. ბელრუშუ) თავად სამბეთა არ აღიარებდა მამასთან რაიმე კავშირს და ყველას არწმუნებდა, რომ ნოეს რძალი იყო. გადმოცემით, სამბეთა იყო ახლაგაზრდა, მომხიბვლელი ქალი. სავარაუდოდ დაიბადა ბაბილონში. მისი წინასწარმეტყველებები იმდენად შთამბეჭდავი იყო, რომ მასზე თავად ალექსანდრე მაკედონელის ჟამთააღმწერელი ნიკანდრი წერდა თავის "ისტორიაში". სიბილამ მაკედონელს უწინასწარმეტყველა სახელი, დიდება და ადრეულ ასაკში სიკვდილი. ამავე სიბილამ იწინასწარმეტყველა მესიის მოსვლაც 1250 წლით ადრე მის დაბადებამდე. მისივე თქმით, დადგებოდა სამყაროს დასასრული, დედამიწა ცეცხლში ჩაიწვებოდა და მაშინ მოხდებოდა ცოდვილთა მსჯავრი.
მიქელანჯელოს სპარსი სიბილა |
მეორე დიდ ნათელმხიველად ითვლება სიბილა ლიბიკა ანუ ლიბიელი. ის ყოველთვის თან ატარებდა ზეთისხილის რტოს, მოასწრო ყოფნა სამოსში, დელფოსში და სხვა ქალაქებში. სიტყვები: "ქვის ღმერთის იმედი კი არა, საკუთარი თავის იმედი უნდა გქონდეთ" ეკუთვნის სწორედ მას. ისიც ახსენებდა "ხორცშესხმული ღმერთის" დაბადებას წმინდა ქალწულისგან და ამბობდა, რომ მხსნელი "მუნჯებს აალაპარაკებდა".
მიქელანჯელოს ლიბიის სიბილა |
აღსანიშნავია, რომ არტემიას ლექსად თქმული წინასწარმეტყველებების დიდი ნაწილი გამოიყენა ჰომეროსმა საკუთარი ნაწარმოებების შექმნისას. თუმც მათ ოდნავ მხატვრულად ამუშავებდა.
ერითრეის სიბილა ჰეროფილეს, რომლის წინასწარმეტყველებებზეც საუბრობს ჰერაკლიტე პონტოელი, უკავშირდება ლამაზი ლეგენდა. ლეგენდის მიხედვით, გამიჯნურებული აპოლონი დიდხანს ცდილობდა ქალის გულის მოგებას. ბოლოს, ნათელმხილველმა ღმერთს ამის საფასურად იმდენი წლის სიცოცხლე მოსთხოვა რამდენი ქვიშის მარცვალიც იყო ერითრეის ზღვაში. აპოლონმა პირნათლად შეასრულა დავალება, მაგრამ მხოლოდ ერთი პირობა წამოაყენა: ჰეროფილე ვერასდროს ნახავდა საკუთარი წინაპრების მიწას.
მიქალანჯელოს ერითრეის სიბილა |
ხანგრძლივი სიცოცხლის შემდეგ, სიბილა მიხვდა რა გაუხარელი არსებობა მიუსაჯა საკუთარ თავს. როცა მარადიული სიცოცხლე ისურვა, დაავიწყდა, რომ მარადიული ახალგაზრდობაც უნდა მოეთხოვა. ქალი მოხუცდა, დაუძლურდა და სიცოცხლე მისთვის ტვირთად იქცა, ხოლო სიკვდილმა მისკენ გზა დაივიწყა. საბოლოოდ კუმეის მოსახლეობა დაეხმარა მისანს. იცოდნენ რა აპოლონისა და სიბილას შეთანხმების შესახებ, გადაწყვიტეს დახმარებოდნენ მოხუცს ბედის გაცურებაში. მათ წერილი გაუგზავნეს ჰეროფილეს. წერილი დაბეჭდეს ერითრეის თიხაზე. დაინახა თუ არა სიბილამ მშობლიური მიწა, მაშინვე განუტევა სული. ერითრეის სიბილამ დატოვა ასევე ადამიანის ანატომიის დეტალური აღწერა. მან პირველმა გამოიგონა სამკუთხა მუსიკალური ინსტრუმენტი, რომელიც ძალიან ჰგავდა არფას.
კუმეისთან დაკავშირებულია კიდევ ერთი ცნობილი სიბილა-ამალთეა, რომელიც აპოლონის ქურუმის ქალიშვილი იყო. გამოქვაბული, სადაც ნათელმხიველი საკუთარ ხილვებზე საუბრობდა აღმოაჩინა თხამ. ამალთეას გამოქვაბული უნიკალური გახლდათ. აქაც ნაპრალიდან ამოდიოდა ორთქლი, მაგრამ ამავე დროს, გამოქვაბულში იყო ასი კარი. საითკენ მიდიოდა ეს კარები მხოლოდ სიბილამ იცოდა. წინასწარმეტყველური ექსტაზის დროს ამ კარებიდან ისმოდა უცნაური ხმები. იქიდან იძლეოდნენ ამალთეას კითხვებზე პასუხს.
მე-2 საუკუნის მწერალმა ჰელიუსმა წიგნში "ატიკური ღამეები" შემოგვინახა შემდეგი სახის ისტორია: როცა კუმეის სიბილა შევიდა რომში, მთელი რომი გამოვიდა მასთან შესახვედრად. რომაელებმა მას ცხრა მზის ხილვის შესახებ უამბეს, რომელიც მათი თქმით ერთდროულად ამოიწვერა: პირველი განსაკუთრებით კაშკაშებდა და დიდი ზომის იყო, მეორე-თეთრი მუდმივად იცვლებოდა, მესამე-ძალიან დიდი, მოგიზგიზე ცეცხლივით სისხლისფერი, მეოთხე-ტარტაროზივით მრავალსისხლიანი, მეხუთე-ყველაზე კაშკაშა, მბრწყინავი, მეექვსე-ფერმკრთალი, მეშვიდე-საშინელი და ბნელი, მერვე-მომცრო მაგრამ მოელვარე, მეცხრე-ყველაზე დიდი და ჯოჯოხეთის მსგავსი. ხილვის ასახსნელად მიმართეს კუმეის სიბილას. მან ასე ახსნა ხილვა: ცხრა მზე ესაა ადამიანთა ცხრა თაობა და ცხრა საუკუნე. პირველი თაობა-ე.წ. "ოქროს საუკუნე", წარმოადგენდა მართალ, თვინიერ, ზნეკეთილ ადამიანებს. მეორე, "ვერცხლის საუკუნე"-თავისუფლების მოყვარეები. მესამე საუკუნე-"სპილენძის" ადამიანების საუკუნე, მეომართა საუკუნე, "როცა მეფე აღდგება მეფის წინააღმდეგ, ხალხი-ხალხის წინააღმდეგ". მეოთხე თაობის მზე აჩვენებდა "სუფთა და წმინდა ქალწულის" დაბადებას, რომელიც გააჩენდა ვაჟს-კაცობრიობის მხსნელს. სიბილამ თქვა, რომ მეფეები ეცდებიან ღვთის შვილის დაღუპვას ჯერ კიდევ ჩვილ ასაკში და იორდანეს მდინარეს სისხლით შეღებავენ. მხსნელი, რომელიც ყველა დაავადებას კურნავს, თავზე ატარებს ეკლიან გვირგვინს და ხეზე დაკიდებენ, შემდეგ აღსდგება. მეხუთე მზე-ცბიერი მეფეების მზე; ეს მეფეებივე ააგებენ დიდებულ ტაძრებს ჰელიოპოლისში და ლიბანში. მეექვსე საუკუნე გახდება ორი ხელისუფალის სწრაფი ცვლილების დრო. შემდეგ გამოჩნდება მრისხანე და მეომარი მეფე, რომელიც აღადგენს ბიზანტიას, გაანადგურებს კერპებს და ქალაქს დაარქმევს საკუთარ სახელს. ამ კაცის სახელია კონსტანტინე. აქ სიბილამ ნება მისცა საკუთარ თავს გადაეხვია პროგნოზისთვის და წამოიძახა: ნუ იკვეხნი ბიზანტია სამ XXX-ს ვერ იმეფებ! მართლაც: XXX-1800 წელია, ბიზანტიური რომი თურქებმა აიღეს 1453 წელს. მეშვიდე საუკუნე, სიბილას თქმით, შობს მღვდელ-ჯადოქრებს და მეძავებს. მსოფლიო დაცემის გზას დაადგება. თრაკიას გაძარცვავენ ბარბაროსები. ესპანეთი, კალაბრია და დალმაცია პრაქტიკულად გაუკაცრიელდება. მერვე მზე მოიტანს შიმშილს, წყალდიდობებს, ტანჯვას, ავადმყოფობებს, სიკვდილიანობას. მაშინ აღდგებიან სპარსელები და დაიკავებენ აღმოსავლეთის ქალაქებს, დაამარცხებენ რომაელებს. მეცხრე მზე შობს მსოფლიოში უამრავ მკვლელობებს, მთელი აღმოსავლეთი უღლის ქვეშ მოექცევა.
კუმეის სიბილას წინასწარმეტყველება განსაკუთრებით საინტერესოა, ვინაიდან ის უმეტეს შემთხვევაში ატარებდა გლობალურ ხასიათს. მან გვამცნო საუკუნეების ცვლა, "დიდი წელის" შესახებ. ეს უკანასკნელი უტოლდება 440 წელს. სწორედ ამ დროის განმავლობაში ყველა პლანეტა უბრუნდება თავის საწყის მდგომარეობას. კუმეის სიბილამ მისცა რჩევა ტროელ ენეასს და მოუყვა ომსა და მის მომავალზე. გადმოცემით, სიბილა განსაკუთრებით მფარველობდა ტროადან ლტოლვილებს. ნათელმხილველმა გააფრთხილა ენეასი მომავალ უბედურებებზე. ურჩია სად უნდა დაეარსებინა ქალაქი, რომლის მომავალი იქნებოდა ძალიან მნიშვნელოვანი. ასევე დაეხმარა მას ჩასულიყო მიწისქვეშა სამეფოში რათა იქ ენახა საკუთარი მამა.
მიქალნჯელოს კუმეის სიბილა |
კუმეის გამოქვაბულის სიბილაზე ბევრს წერდა პირველი გოთური ომის ისტორიკოსი აგათია მირენელი. ამ ქალის წინასწარმეტყველების ნაწილი კარგა ხანს ინახებოდა ქალაქ ენეაში. იულიანე განდგომილის ბრძანებით ის დაწვეს.
მარკუს ვარონმა ჩაიწერა არაჩვეულებრივი ლეგენდა, რომლის მთავარი გმირი იყო კუმეის სიბილა და იმპერატორი ტარკვინიუს ამაყი. 534-33 წელს ჩვ.წ.აღ-მდე ხელისუფალს გამოეცხადა მოხუცი ქალი, რომელმაც მოიტანა ცხრა საიდუმლო წიგნი. ქალმა თქვა, რომ ამ წიგნებში მომავლის წინასწარმეტყველება იყო. მოხუცმა იმპერატორს წიგნების ყიდვა შესთავაზა 300 ოქროდ. იმ დროისთვის ეს თანხა საკმაოდ ბევრი იყო. ტარკვინიუსმა მოხუც სიბილას დასცინა. ქალმა ცეცხლში ჩაყარა სამი წიგნი. დარჩენილ წიგნებში კვლავ იგივე თანხა მოითხოვა. იმპერატორმა კვლავ უარი უთხრა. ამალთეამ კიდევ სამი წიგნი გადააგდო ცეცხლში. დარჩენილ წიგნებში ისევ ის თანხა მოითხოვა. ქურუმებმა ტარკვინიუსს გონების მოხმობისკენ მოუწოდეს. ხელისუფალი საბოლოოდ დათანხმდა სიბილას წიგნების ყიდვას. ქალმა მიიღო თავისი სამასი ოქრო. მისი ფოლიანტები შევიდა ისტორიაში სიბილას წიგნების სახელით, რომელიც შესანახად კაპიტოლიუმში გადაიტანეს. დიდი ნათელმხილველის სამარხი დღემდე შემორჩენილია. კუმეის სიბილას ბოლო ნავსაყუდელი მდებარეობს სიცილიაში. სიბილას ლექსები შთააგონებდა დიდ პოეტ ვერგილიუსს.
ფრიგიის სიბილა ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ქალაქ ანკირში, მცირე აზიაში. სახელად ერქვა ლამპუსა. ფრიგიელმა ნათელმხილველმა დასვა რთული ამოცანა, ამტკიცებდა, რომ ერთი ღმერთი ატარებს ცხრა ასოიან სახელს. მკვლევარებმა უამრავი ვარაუდი გამოთქვეს. ყველა ვერსიის თარგმანი ერთ საერთომდე მივიდა: "ღმერთი-მხსნელი", "გამოუთქმელი" და .შ.
ტიბურთიელი სიბილა, სახელად ალბუნეა ცხოვრობდა კეისარ ავგუსტუსის დროს. მას ქალღმერთად მიიჩნევდნენ. ავგუსტუსმა მიიწვია ის და რჩევა სთხოვა. სიბილამ მოცდა მოსთხოვა და სამი დღის შემდეგ დაბრუნდა. დასმულ კითხვას ასე უპასუხა: ზემოთ აიხედე! ლეგენდის მიხედვით, კეისარს ახედვისას ხილვა ჰქონდა: ტაძარი, იქ ქალწული, რომელსაც მუხლებზე ჩვილი ჰყავდა. სიბილამ აუხსნა, რომ ის საკურთხეველი იყო ღვთის შვილის და მას ხალხი მალე ღმერთს უწოდებდა. კეისარმა ჰკითხა ალბუნეას რამდენ ხანს იდგებოდა მის მიერ აგებული ტაძარი. სიბილამ მშვიდად უპასუხა, რომ ნაგებობა დაიშლებოდა, როგორცვე ქალწული შობდა ბავშვს.
ეგვიპტელი სიბილას სახელის დადგენა ისტორიკოსებმა ვერ შეძლეს. უფრო მეტად სარწმუნოა-აგრიპა ან ტარაქსანდრა. წარმოშობით ეგვიპტელი ნათელმხილველი ექსტაზის დროს წინასწარმეტყველებდა ისეთ მოვლენებზე, რომელიც თანამედროვეებმა არ იცოდნენ. ახლო მომავალზე ეგვიპტელმა სიბილამ გააფრთხილა, რომ იზიდას და სერაპისის ტაძრები გაიძარცვებოდა და დაიწვებოდა. მანვე თქვა, რომ ეფესოს ტაძარს დაანგრევდა მიწისძვრა, ხოლო ხალხი თაყვანს სცემდა "ერთ უკვდავს, რომელიც მარადიულად ცოცხლობს".
სიბილას წიგნები ლექსის ფორმით თქმული წინასწარმეტყველებათა კრებულები იყო. ორაკულები იწერებოდა პალმის ფოთლებზე ბერძნულ ენაზე. ყველაზე რთულ სიტუაციებში მათ მიმართავდნენ რომის სენატის გადაწყვეტილებით. ეპიდემიის, საომარი კონფლიქტის დაწყებისთანავე, რომაელები მაშინვე წიგნებში ეძებდნენ წინასწარმეტყველურ პასუხს.
კაპიტოლიუმში ინახებოდა არა მხოლოდ კუმეის სიბილას წიგნები. 83 წელს ჩვ.წ. აღ-მდე იუპიტერის ტაძარში გაჩნდა ხანძარი, რომელმაც გაანადგურა მთელი ბიბლიოთეკა. ცნობილი ხელნაწერების აღდგენა მიმდინარეობდა ერითრეის სიბილას ნათქვამით და ორაკულთა სიებით, რომელიც სხვა ქალაქებში ინახებოდა. იმპერატორ ავგუსტუსის ბრძანებით წინასწარმეტყველთა წიგნები მკაცრ შემოწმებას დაექვემდებარა. გამოაშკარავდა 2000-მდე ყალბი ორაკული. ყალბი დაწვეს და გადარჩეული სიბილას წიგნები გადაიტანეს ახალ საცავში აპოლონის ტაძარში. მოგვიანებით სიბილას წიგნები მაინც დაიწვა. ჩვ.წ.აღ-ის 405 წელს დასავლეთ რომის მმართველმა სტილიქონმა ბრძანა მათი დაწვა.
რამაც ჩვენამდე მოაღწია ეკუთვნის ჩვ.წ.აღ-მდე მე-2 და ჩვ.წ.აღ-ის მე-2 საუკუნეს. ტექსტების ნაწილი არის ბერძნულ-რომაული, ნაწილი-ეტრუსკული, იუდაური და ქრისტიანული. სიბილას წიგნების განმმარტებელი იყო ქურუმთა კოლეგია. კაპიტოლიუმის იუპიტერის ტაძრის განმმარტებელმა მარკუს ატილიუსმა სოლიდური თანხის საფასურად ჩამოწერა რამდენიმე ორაკული. ქრთამის ამღები გამოვლინდა, ამ დარღვევის გამო ტომარაში შეკრული ტიბროსში გადააგდეს.
რამაც ჩვენამდე მოაღწია ეკუთვნის ჩვ.წ.აღ-მდე მე-2 და ჩვ.წ.აღ-ის მე-2 საუკუნეს. ტექსტების ნაწილი არის ბერძნულ-რომაული, ნაწილი-ეტრუსკული, იუდაური და ქრისტიანული. სიბილას წიგნების განმმარტებელი იყო ქურუმთა კოლეგია. კაპიტოლიუმის იუპიტერის ტაძრის განმმარტებელმა მარკუს ატილიუსმა სოლიდური თანხის საფასურად ჩამოწერა რამდენიმე ორაკული. ქრთამის ამღები გამოვლინდა, ამ დარღვევის გამო ტომარაში შეკრული ტიბროსში გადააგდეს.
სიბილას წიგნები კვლავ გაიხსენეს რომში ხანძრის გაჩენისას ნერონის დროს, მხოლოდ ცოტა ხნით. როცა პირველ საუკუნეში ტიბროსი ადიდდა, ტიბერიუსს შესთავაზეს მიემართა ძველი წინაწარმეტყველებისთვის, მაგრამ ხელისუფალმა აკრძალა პრობლემის გადასაჭრელად ორაკულის გამოყენება. ასეთი ქცევის მიზეზი იყო პოლიტიკური ხასიათის. ამის შემდეგ, სიბილას წიგნები დავიწყებას მიეცა. მათ მიმართ ხელახალი ინტერესი გაჩნდა აღორძინების ხანაში.
აღორძინების ხანაში ევროპაში კვლავ ამოტივტივდა "სიბილას წიგნები", რომლებიც თითქოს სასწაულით გადაურჩა დროს. მაგრამ ისინი აშკარად გვიანდელი ნაყალბევი იყო, რაც მჟღავნდებოდა ტექსტების ენობრივი მახასიათებლებით.
ქრისტიანულმა ტრადიციამ სიბილა მოხუც-განდეგილთან კი არ გააიგივა, რომელმაც ნათელხილვის უნარი ათასეული წლების წინ აპოლონისგან მიიღო, არამედ სებას დედოფალთან, რომლის სიბრძნემ გააოგნა სოლომონ მეფე. ბერძნებმა სებას დედოფალს სიბილა დაარქვეს. შუა საუკუნეებში გავრცელებულ "სიბილას წინასწარმეტყველებაში" ნათქვამია, რომ დედოფალმა სოლომონს უწინასწარმეტყველა ებრაელი ხალხის მომავალი და ქრისტეს მოსვლა. მეფემ მისი წინასწარმეტყველება ჩააწერინა როგორც ისტორიული მნიშვნელობის მოვლენა.
გავიდა დრო და ჩვენ თანამედროვეებს კვლავ გაახსენდათ "სიბილას წიგნები" და დაინტერესდნენ მათი შესწავლით.
No comments:
Post a Comment