Friday, 31 July 2020

ტიბეტელი ბერები და ნაცისტური გერმანია



1938 წელს ბერლინიდან ტიბეტის დედაქალაქ ლხასში ჩავიდა გერმანელთა ექსპედიცია. გერმანელებმა მალე შესძლეს კონტაქტის დამყარება დალაი-ლამასთან, ტიბეტელებთან და ტიბეტური რელიგია ბონის ქურუმებთან. ბონი ნიშნავს "შავ გზას". მათ გერმანელ მეცნიერებს არამარტო მშობლიური მთების გამოკვლევისა და ადგილობრივებთან ურთიერთობის, არამედ საიდუმლო რიტუალების კინოგადაღების უფლებაც მისცეს.

რითი მოიხიბლნენ ქურუმები, რომ უცხოელებს ბევრი რამის ნება დართეს, რის უფლებასაც თავისივე ხალხს არ აძლევდნენ? სტუმრები ჩავიდნენ ქვეყნიდან, რომელმაც სვასტიკა სახელმწიფო სიმბოლოდ აქცია. ეს უბრალო სვასტიკა კი არა, ზუსტად ისეთივე იყო როგორსაც საუკუნეების განმავლობაში ეთაყვანებოდნენ ტიბეტში.

ტიბეტის მიუვალ მთებში სანამ ინდური ბუდიზმი შეაღწევდა, ადგილობრივები თაყვანს სცემდნენ უამრავ სულებს, ღმერთებს, დემონებს. ადამიანებს აშინებდნენ წყლის დემონები, მიწის სულები, ცის ღმერთებიც კი საკმაო უგულობას იჩენდნენ მათ მიმართ.

სამყარო ტიბეტელებისთვის წარმოადგენდა სამგანყოფილებიან სტრუქტურას: თეთრ ზეცაში სახლობდნენ ღმერთები და ლხას კეთილი სულები, წითელი მიწა დასახლებული იყო ადამიანებითა და უამრავი სისხლისმსმელი სულებით, რომლებადაც იქცეოდნენ სიმშვიდედაკარგული მეომრები, ლურჯი წყლები კი ჯოჯოხეთის ანალოგი იყო, საიდანაც ჩნდებოდნენ ადამიანთა ყველაზე დაუნდობელი მკვლელები.

ღმერთების კეთილგანწყობის მოპოვებას დამსახურება სჭირდებოდა, ამიტომ მათთვის აღავლენდნენ ლოცვას და სწირავდნენ მსხვერპლს. ბოროტი სულებისა და დემონების დამშვიდებაც საჭირო იყო, ამიტომ მათთვისაც ლოცულობდნენ და სწირავდნენ მსხვერპლს.

მეცნიერები ფიქრობენ, რომ თანამედროვე რელიგია ბონი ჩამოყალიბდა წარმართულ შამანურ კულტზე, ირანულ მაზდაიზმსა და ინდურ ბუდიზმზე. მაგრამ ბონის საფუძველი იყო სწორედ შამანიზმი, სპეციალური ქურუმული პრაქტიკა. ბუდიზმის ფეხმოკიდებამდე ტიბეტში ( მე-8,9 ს.) ბონი უკვე კარგად ჩამოყალიბებული რელიგია გახლდათ, შეიძლება ითქვას, ტიბეტის იმპერიის  თავისებური სახელმწიფო რელიგია.


აქ იყო საკუთარი პანთეონი ღმერთებისა და გმირებისა. ქურუმები ასრულებდნენ მიცვალებულთა დაკრძალვის რიტუალს და ყველანაირ სასწაულს, რისიც სჯეროდა მთელ ტიბეტს. ისინი კურნავდნენ ავადმყოფებს და მკვდრეთით აღადგენდნენ მიცვალებულებს. ყველაფერს ქურუმები განაგებდნენ და მათთან რჩევის გარეშე არაფერი კეთდებოდა.


ბონის ქურუმებს ბუდისტებთან საშინელი ურთიერთობა ჰქონდათ. ტიბეტის დამორჩილების შემდეგ, ბუდისტები ცდილობდნენ ამოეძირკვათ ადგილობრივი წეს-ჩვეულებები და რწმენები. რთულად მისადგომ ადგილებში ეს გამოუვიდათ კიდეც, მაგრამ ბუდიზმი ტიბეტში სპეციფიკურად იქნა აღქმული და არ ჰგავდა ინდურს.

წინააღმდეგობა ბონის მიმდევრებსა და ბუდისტებს შორის ისე გაღრმავდა, რომ ბუდისტებს  სასწრაფოდ მოუწიათ დადგენილების მიღება, რომლის მიხედვით ბრძოლაში დაღუპული ჭეშმარიტი რწმენის მქონე მეომრები თავისუფლდებოდნენ კარმული სასჯელისგან მათი დაღვრილი სისხლისა და უცხო რწმენის ადამიანთა მკვლელობის გამო.

მე-11 საუკუნემდე ბონის რელიგიის მიმდევრობა ისჯებოდა სასიკვდილო განაჩენით, რომლის შედეგად ამ რელიგიის მიმდევრები მთებში გამომწყვდეულნი აღმოჩნდნენ. სხვა შემთხვევაში ისინი სიკვდილს ვერ ასცდებოდნენ. მდგომარეობა შეიცვალა მე-17 საუკუნეში, როდესაც პონჩენ-ლამად აირჩიეს ბიჭი ბონის რელიგიის მიმდევარი დრუს გვარიდან. ახალმა ლამამ უარი თქვა მთელი ოჯახისა და ნათესავების ბუდისტებად მოქცევაზე და ნება მისცა მათ დარჩელიყვნენ თავისი სარწმუნოების აღმსარებლებად და ეცხოვრათ იქ, სადაც დაიბადნენ. მას მერე ბონის რელიგიის ქურუმთა მიმართ დამოკიდებულება შეიცვალა და მათ აღარ აწუხებდნენ.

არავინ იცის როგორი იყო ბონის რიტუალები და პრაქტიკა ძველად. ძველი ტექსტები, რომელსაც ახსენებენ ბონის მიმდევრები, მხოლოდ მე-14 საუკუნის სიებია. იმ დროისთვის კი ბონში უკვე შეღწეული იყო მაზდაიზმი და ბუდიზმი, მაგრამ ზოგიერთი რიტუალი მაინც ძველი წარმოშობისაა.

ჩვეულებრივ, ზეციური დაკრძალვის აღსრულება სათავეს საუკუნეების მიღმიდან იღებს, როცა ბონის მიმდევარნი ცდილობდნენ რაც შეიძლება წარმატებულად მიეღწიათ ზეგრძნობადი სამყაროსთვის და ღმერთთა გვერდით აღმოჩენილიყვნენ. ფიქრობდნენ რომ მიწა, სადაც მიცვალებულებს მარხავდნენ და  მთის აკლდამები არ იყო საუკეთესო გზა ზეციურ სამყაროში მოსახვედრად. ამიტომ ქურუმები დაკრძალვის სხვა ხერხს მიმართავდნენ-ტოვებდნენ გვამს მთის მწვერვალზე, რათა ჩიტებს ბოლომდე გაეწმინდა ძვლები ლეშისგან. ზეცა ხომ ადამიანთა სამშობლოა და ასე შეძლებდნენ ისინი შინ დაბრუნებას.

სხვა რიტუალი-აღდგომა საიდუმლო ტექსტების დახმარებით. როგორც ამბობენ, ქურუმებს შეეძლოთ გაეცოცხლებინათ მიცვალებულის სხეული და გამოეყენებინათ ის, როცა ომში იღუპებოდა ბევრი მამაცი მებრძოლი. მართალია მხოლოდ სხეულის აღდგომა ხდებოდა, რომლებსაც შეეძლოთ დაუმთავრებელი საქმის დასრულება, ანუ ებრძოლათ მტერთან და სხვა არაფერი. გერმანელმა მკვლევარებმა ტიბეტში ყოფნისას გადაიღეს ასეთი აღდგომა კინოფირზე. ვინაიდან მესამე რეიხში ძალიან სწამდათ მისტიკის, ფირს დიდი წარმატება ხვდა.

ბონის ერთ-ერთ ყველაზე ბნელ რიტუალად ითვლება რიტუალური მკვლელობა. დაღუპულის სულს მისთვის სპეციალურად შექმნილ პატარა ფიგურაში ათავსებდნენ და ამ ფიგურას  აძლევდნენ მტერს, რომელსაც თან მიჰქონდა ფიგურა. მსხვერპლად შეწირული ადამიანის სული ვერ ისვენებდა და მთელ მრისხანებას ატეხდა ფიგურის პატრონს. იწვევდა მასში უკურნებელ დაავადებებს და ტანჯვით კლავდა.

რიტუალებში იყენებდნენ წმინდა იარაღს დორჯე, მაგრამ ის უკვე ვეღარ ანხორცილებდა ელვისებურ დარტყმას. დორჯე გახდა მხოლოდ ქურუმის სამოსელის ნაწილი. მას  ატანდნენ  სტილიზებული თავისქალებისა და ძვლებისგან გაკეთებულ დიადემაში, რომელსაც ატარებდა ქურუმი.


სვასტიკას, რომელმაც ასე გააოგნა და გაახარა გერმანელები, ჰქონდა მარტივი ახსნა: ნუ მიჰყვები მზეს, მიაღწიე ყველაფერს თავად, მოერიდე ადვილ გზასა და მარტივ განმარტებებს. სწორედ აქედან იწყებდა ბონის შეგირდის გზა.

ბონის ქურუმებმა ბოლომდე ვერ გაიგეს როგორი მეგობრები შეიძინეს მესამე რაიხის სახით. მათ მეგობრული ურთიერთობა ჰქონდათ ჰიტლერის გერმანიასთან 1943 წ-მდე



მე-20 ს-ის 20-იან წლებში ბერლინში გამოჩნდა უცნაური ტიბეტელი ბერი, რომელსაც ვიწრო წრეში უწოდებდნენ "ადამიანს მწვანე ხელთათმანებით". ნაცისტთა უმაღლეს წრეებში ის ძალიან ცნობილი გახდა. მასთან სისტემატურად დადიოდა ჰიტლერი. ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ჰიტლერი და ჰიმლერი ტიბეტელ ასტროლგთან კონსულტაციის გარეშე არ დგამდნენ არცერთ პოლიტიკურ თუ სამხედრო ნაბიჯს.

გერმანიაში ჩასულმა ბევრმა ტიბეტელმა ბერმა საბოლოოდ იქ სიკვდილი ჰპოვა.

დღესდღეობით, ტიბეტში მოსახლეობის 10%-ია ბონის რელიგიის მიმდევარი. მათ ეკუთვნით 264 მონასტერი.





No comments:

Post a Comment