Sunday, 19 July 2020

გოდოლი



გოდოლი-მეტაფორულად გამოხატავს ციხესიმაგრის იდეას, მაგრამ მთავარი მისი მნიშვნელობა დაკავშირებულია სიმაღლესთან, რომელიც სიმბოლურ სურათზე გაიგივებულია სულიერებასთან, ზეციურობასა და ღვთიურობასთან.

გოდოლი ხიდია ცასა და დედამიწას შორის, ცხოვრების ხის არქიტექტურული ხორცშესხმა-სამყაროს შექმნის კოსმიური საყრდენი (სწორედ ასეთი კონტექსტში აღიქმებოდა ნიუ-იორკის ტყუპი-ცათამბჯენები, განსაკუთრებით 2001 წლის 11 სექტემბრის მოვლენების შემდეგ). ყველაზე ცნობილი გახლავთ ბაბილონის გოდოლი, რომელიც დაკავშირებულია ბიბლიურ გადმოცემასთან და განასახიერებს ხალხის ამპარტავნებას, ქედმაღლობას, შეტევას  ზეციური სამყაროს დასაპყრობად. რასაც ღმერთმა ენების აღრევით უპასუხა და განფანტა ამპარტავანნი მთელ დედამიწაზე. ბიბლიური ტექსტის მიხედვით, გოდოლი ხალხის გაერთიანების სიმბოლოა, უფრო მეტიც- მათი იდენტურობისა.  ენების აღრევამ გამოიწვია საერთო იდენტურობის დაკარგვა, რასაც გოდოლის მშენებლობის შეწყვეტა და ზეცაში მოხვედრის სურვილზე ხელის აღება მოჰყვა.

როგორც მედიატორი ზეცასა და დედამიწას შორის, გოდოლი ხშირად მითებსა და ფოლკლორში გვევლინება როგორც ბრძენთა საცხოვრისი.

ქრისტიანულ ხელოვნებაში გოდოლი დადებითი მნიშვნელობის მატარებელია, სადაც გოდოლის შუქურა თავისი სინათლით მიმართულებას აძლევს ცხოვრების გემს. ეს სიმბოლო ქალწული მარიამის მნიშვნელობასაც ატარებს. ასეთი გოდოლი სპილოს ძვლისაა, ვინაიდან სპილოს ძვლის გოდოლი გახლავთ სიმბოლო მიუწვდომელი ქალური საწყისისა, ქალწულობისა. კათოლიკები ლიტანიობისას მარიამს მიმართავენ როგორც "დავითის გოდოლს".

აღმოსავლეთში ფართოდაა გავრცელებული ლეგენდები გოდოლებზე, სადაც დამწყვდეული იყვნენ მეფის ასულნი.





No comments:

Post a Comment