Thursday, 30 July 2020

რიცხვითი სიმბოლიკა_ნუმეროლოგია (ნაწილი II )



შვიდი-7 (ჰეპტადა)-შვიდიანის ეზოთერული მნიშვნელობა მდგომარეობს პროცესის ან მოვლენის დასრულებაში. შვიდიანი გამოხატავს სულის მეუფებას ფორმაზე. თავისი
ადამიანური არსით შვიდიანი მაჩვენებელია უმაღლესი ტრიადის გამარჯვებისა სხეულის ქვენარე ყოფიერების ოთხიანზე, რომელიც ადამიანში განყოფის გრძნობას იწვევს. მისი გრაფიკული გამოსახულება გახლავთ შვიდქიმიანი ვრსკვლავი ან პანტაკლი. გამოხატავს რა მაკროკოსმოსის სრულყოფას დაკავშირებულს მიკროკოსმოსთან, შვიდიანი აღნიშნავს მთლიანობას, სრულყოფას, უმაღლეს სიმეტრიას, საიდუმლოს, დასრულებას.

პითაგორელები შვიდიანს ქედის მოხრის ღირსად მიიჩნევდნენ. ის რელიგიის რიცხვად მიიჩნეოდა, ვინაიდან ადამიანს მართავს შვიდი ზეციური სული. მას ხშირად ცხოვრების რიცხვსაც უწოდებენ. შვიდი აღნიშნავს სრულ წესრიგს, სრულ ხანას ან ციკლს. ის შეესაბამება სივრცის შვიდ მიმართულებას. შვიდიანს თვლიდნენ ქალწულ რიცხვად, ვინაიდან ის წარმოქმნის ახალ რიცხვს. შვიდიანი წარმოადგენს ექვსკუთხედისა და ექვსქიმიანი ვარსკვლავის ცენტრს.

შვიდიანი-რიცხვი 3 (სული, გონება, სამშვინველი) ეშვება 4-ში (სამყაროში)
და ვღებულბთ 7-ს-ადამიანის მისტიკური ბუნება, რომელიც შედგება სამი სულიერი
სხეულისა და ოთხი შემადგენელი მატერიალური ფორმისაგან. ისინი სიმბოლიზებულია კუბში, რომელსაც გააჩნია ექვსი წახნაგი და საიდუმლო მეშვიდე წერტილი შიგნით. ექვსი წახნაგი ესაა მიმართულება: ჩრდილოეთი, სამხრეთი, აღმოსავლეთი, დასავლეთი, ზემოთ, ქვემოთ, შუაში დგას 1, რომელიც ფეხზე მდგარი ადამიანის ფიგურაა. ცენტრიდან კუბში იშლება ექვსი პირამიდა. სწორედ აქიდანაა დიდი ოკულტური აქსიომა: ''ცენტრი ყველა მიმართულების მამაა-საზომისა და მანძილისა.'' ოკულტისტები ამტკიცებენ, რომ მეშვიდე გასაღები არის წმინდა შვიდეულის გასაღები, სამეფო ძალაუფლების, ქურუმების (ხელდასმული)-ჭეშმარიტი ''წმინდა მეფობა''.

შვიდეული ეფუძნება სივრცის შვიდ მიმართულებას: ორი ურთიერთსაწინააღმდეგო
მიმართულება ყოველი განზომილებისთვის+ცენტრი. სამი ბევრ კულტურაში წარმოადგენს რიცხვს, რომელიც ეხება ცას (ეს რიცხვი ქმნის სამგანზომილებიანი სივრცითი ჯვრის ვერტიკალურ წესრიგს) და რიცხვი ოთხი-ასოცირდება მიწასთან. აქიდან გამომდინარე, შვიდი გახლავთ რიცხვი, რომელიც გამოხატავს ცისა და მიწის ჯამს. რიცხვი შვიდი მისი სინთეტიკური ხარისხით განიხილება როგორც სიმბოლო ტრანსფორმაციისა და ყველა იერარქიულად ორგანიზებული თანრიგის მთლიანი ურთიერთქმედება. აქიდანაა: შვიდი ნოტი დიატონური რიგიდან, ცისარტყელას შვიდი ფერი, შვიდი პლანეტარული სფერო.

რვიანი-8 (ოგდიადა)-ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რიცხვია, რვიანის ეზოთერული მნიშვნელობა რაიმეს განსრულებას წარმოადგენს, შეუცვლელ ბედს, ჰარმონიას, და გახლავთ მიზეზ-შედეგობრიობის კავშირის სიმბოლო. ღვთიური ასპექტით რვიანი გახლავთ დიდი მეტაფიზიკური სასწორის წონასწორობის იდეა და არის პოლარული საწყისების უმაღლესი თანაფარდობის სიმბოლო. ადამიანურ დონეზე რვიანი აღნიშნავს თემიდას პრინციპს, ამასთან უცილობელ სასჯელს, იმ შემთხვევაში თუკი წონასწორობა დაირღვევა და შეირყევა ზნეობრიობის საფუძვლები.

ეგვიპტელები ''რვიანს'' თვლიდნენ კოსმოგონიური წესრიგის რიცხვად, ხოლო თოთ- ჰერმესს ამ რიცხვის მეუფედ. საკუთარი თავის დაცვის მიზნით ფარაონები შუბლზე იმაგრებდნენ ყალყზე შემდგარი კობრას გამოსახულებას, გველი-უროსის სიმბოლოს, რომელიც ცეცხლს აფრქვევს. ღვთაება რასთან მჭიდრო კავშირის წყალობით, კობრა გახდა ქვემო ეგვიპტის ჰერალდიკური სიმბოლო. ''მიცვალებულთა წიგნში'' ნახსენებია გველის გაახალგაზრდავებისა და ხელახლა დაბადების უნარი, რაც მზის დისკოს ასოციაციას იწვევს. ''რიცხვი რვა''-უცნაური სიმბოლოა, რომელიც კობრას მოხატული აქვს თავსარქმელზე. ჰერმესსაც ჰყავს თავისი გველი. ამ გველს გააჩნია ცხოვრებისეული ენერგია და წარმოადგენს უნივერსალური შემოქმედებითი ძალის სიმბოლოს. ამასთან, ისაა სიცოცხლის ენერგიის ღვთიური სიმბოლოც. წარმოადგენს მისტიკურ ქორწინებას, სულიერ და ფიზიკურ სრულ განახლებას. ნათლად ჩანს ეგვიპტელთა რწმენა გველის შესაძლებლობებთან დაკავშირებით პირდაპირ დაკავშირებულია ძველ ჰერმეტულ ცოდნასთან. მენლი ჰოლის აზრით, ისაა ლოგოსის სიმბოლო და რომ ყველაფერი სამყაროში გაჩნდა მბრუნავი რიცხვ 8-ის ძალის მოქმედების შედეგად. რიცხვი 8 დაკარგულის ანაზღაურების სიმბოლოა. მას ვისაც არ გაუღვიძებია მძინარე გველი და არ უშრომია წლების განმავლობაში ჰერმეტული ქორწინებისა და კაბალისტური კავშირისათვის, ვერ გაიგებს რიცხვ რვიანის საიდუმლოს.


რვიანი ინდურ ტრადიციაში ითვლება საკრალურ რიცხვად. მაგიური კვერთხი კადუცეა
წარმოადგენს ღერძს, რომელზეც შემოხვეულია ორი ურთიერთგადახლართული გველი
(კუნდალინის სიმბოლო), რასაც პირდაპირი კავშირი აქვს რვიანის სიმბოლოსთან.


რვიანის გრაფიკული გამოსახულებაა რვაქიმიანი ვარსკვლავი, ან ე.წ. ''ეზეკიელის ბორბალი'', წარმოადგენს რა სამართლის სიმბოლოს, რვიანი შეიცავს ნეიტრალურ ძალას, რომელიც უპირატესობას არ ანიჭებს არცერთ თანაბარ ნაწილს, რომელიც მის გამოსახულებაშია. ოთხიანის საწინააღმდეგო ოთხიანია, ფორმა-ფორმისა, ავტორიტეტი-ავტორიტეტისა. ვიღაცას შეურაცხყოფა მიაყენეთ (ფორმა), მოგიხდებათ მობოდიშება (ფორმა). შექმენით რევოლუციური მთავრობა(ავტორიტეტი)-მას დაუპირისპირდება დიქტატურა(სხვა ავტორიტეტი). ესაა კარმის საერთო ფორმა, ასევე ადამიანური სამართალი. მაგიაში ჭარბობს ფორმების დაპირისპირება, პოლიტიკაში-ავტორიტეტების დაპირისპირება.

რვიანი ითვლება წმინდა რიცხვად. ის იყოფა ორ ოთხიანად.. თითოეული ორიანი იყოფა ერთიანებად. ამგვარად აღდგება მონადა საკვანძო სიტყვებში ოგდიადასთან:''სიყვარული'', ''ბჭობა'', ''განწყობა'', ''კანონი'' და''თანხმობა''. ოგდიადა იყო საიდუმლო რიცხვი, რომელიც ასოცირებულია ელევსინის მისტერიებთან და სამოთრაკეს კაბირულ მისტერიებთან. აღმოსავლურ ეზოთერიზმში, როგორც აღვნიშნეთ, რვიანი წონასწორობის სტატიკური სიმბოლოა და ამასთან, სამყაროს უწყვეტი მოძრაობის განსახირებაა. ოგდიადა-8 არის ციკლების მარადიული და სპირალური მოძრაობის, ცვლილების, მობრუნებისა და სიახლის სიმბოლო. რვიანი არის ახალი კოსმიური ოქტავის დასაწყისი, შვიდი ნოტის ანუ ციკლის დასრულების შემდეგ. ამიტომ ის ხელდასმის უმაღლეს საფეხურთანაა გაიგივებული. აქიდანაა რვა საფეხური რაჯა-იოგასი, რვადონიანი ზეაღსვლა ჰერმეტულ ტრადიციაში, რვა ჩაკრის კონცეფცია.

ცხრა-9 (ენეადა)-ამ რიცხვის ეზოთერული მნიშვნელობა გამოხატავს დასრულებისა და სრულყოფის იდეას, რომელიც მასშია განთავსებული და დაკავშირებულია სამი სამყაროს სინთეზთან, ანუ სამის სამადობასთან (ღმერთი, უნივერსუმი, ადამიანი). ცხრიანი არის ყოფიერების ფიზიკური დონის სიმბოლო, რომელშიც ვლინდება სამადობის კანონი. თავის ადამიანურ ასპექტში ცხრიანი განასახიერებს სულიერი ძალის იდეას, რაც გამოიხატება სამივე სამყაროს ფლობაში, ანუ ხელდასმის იდეა.


რიცხვი 9 გრაფიკულად გამოისახება ცხრაქიმიანი ვარსკვლავით, ანუ წრით, რომელიც
დაყოფილია ცხრა ნაწილად. ცხრიანი ითავსებს ყოფიერების მთელ ციკლს, რაც წრის
სახით არის გამოსახული, რომელშიც 360 გრადუსია(3+6+0=9) და ყველა რიცხვი 1-დან 9-მდე. ცხრიანი დიდ როლს ასრულებდა სხვადასხვა რელიგიური ტრადიციისა და კულტურის რიცხვით სიმბოლიკაში. მაგ., ტროას ომი გრძელდება ცხრა წელი. ამასთან, დასახელებულია ცხრა მუზა (მე-10 წელს მისი დასრულება), 9 წელს მოგზაურობს ოდისევსი (მე-10 წელს ბრუნდება), 9 ფრინველი წინასწარმეტყველებს ომის ხანგრძლიობას. პოსეიდონი ცხრა წელი იმყოფება ზღვის ქალღმერთთან. ცხრა წელი მიმდინარეობს აქაველებში ჟამიანობა, აპოლონის ბრძანებით ცხრა დღე მიმდინარეობს წყალდიდობა აქაველთა ბანაკში. ცხრა დღე მიმდინარეობს ღმერთების დავა ჰექტორის გვამთან დაკავშირებით. ცხრა დღე არ იმარხებიან ნიობეს შვილები. ცხრა დღე მიმდინარეობს ჰექტორის გლოვა. როგორც ვხედავთ, ჰომეროსი ძალზედ ხშირად იყენებს რიცხვ 9-იანს.

ცხრიანი ასოცერიბულია შეცდომებთან და ნაკლოვანებებთან, ვინაიდან მას სრულყოფამდე აკლია ერთიანი-10. მას ადამიანის რიცხვად თვლიან, ვინაიდან ემბრიონის განვითარებას სწორედ ცხრა თვე სჭირდება. 9-ცხრა, იგივე ენეადა არის უსაზღვრო რიცხვი, ვინაიდან მის უკან არაფერია, გარდა უსასრულო რიცხვი 10-ისა. მას უწოდებენ საზღვარს, ვინაიდან ის აგროვებს რიცხვებს თავად. მას უწოდებენ ჰაერის სფეროს, ვინაიდან ის ისევე ახვევია რიცხვებს გარშემო, როგორც ჰაერი-დედამიწას. იმ ღმერეთებს შორის, რომლებიც იზიარებენ დიდი თუ პატარა ხარისხით მის ბუნებას არიან: პრომეთე, ვულკანი, იუნონა, იუპიტერის და და ცოლი, პანი, ტიტოგენი, კურტისი, პრიზერპინა, ჰიპერიონი.

რიცხვი ცხრა განიხილება როგორც ბოროტება, ვინაიდან ის გადაბრუნებული 6-ია. ელევსინის მისტერიების თანახმად ეს იყო სფეროთა რიცხვი, რომლის საშუალებით დაბადებისას აღმოცენდება ცნობიერი. ცხრიანი თავისი ფორმით ასოცირდება სპერმატოზოიდთან და სიცოცხლის დაბადებასთან. ესაა რიცხვი, რომელიც ხელახლა გამრავლებისას იბადება ყველა სახეობასა და ასპექტში. ისაა ყოველი წრის ნიშანი, ვინაიდან მისი სიდიდე გრადუსებში ტოლია 9-ის 3+6+0. ზოგიერთი პირობისას, ის ცუდის მანიშნებელია და უბედურების მომტანი. თუკი რიცხვი 6 არის ჩვენი პლანეტის სიმბოლო, რომელიც მზადაა გამოგვეცხადოს ღვთიური სულით, ამ დროს 9-იანი გახლავთ ჩვენი დედამიწის სიმბოლო გაცოცხლებული ბოროტი სულით.

ეზოთერული წარმოდგენით თუკი ცხრა იყო სიმბოლო გარშემოწერილობისა, მაშინ რიცხვი ერთი იყო გარშემოწერილობის ცენტრი, ხოლო მთელი წრე წარმოადგენს რიცხვი 10=1+9. ცხრა-ტრიადის სამკუთხედი და სამის გასამება. აქიდანაა ის სამი სამყაროს რჩეული სახე. ცხრა გახლავთ რიცხვების საერთო დასასრული, მის ერთთან დაბრუნებამდე. იუდეველებისათვის ეს რიცხვი იყო ჭეშმარიტების, ყოფიერების სიმბოლო. ცხრიანი გამოხატავს არამარტო ხელდასმას, არამედ სრულყოფილებასთან ზიარების ეტაპებსაც.

რიცხვი-10 (დეკადა)-ეზოთერული თვალსაზღისით აგრძელებს ხაზს, რომელიც
ცხრიანის დანიშნულია. ამასთან, ის აბსოლუტური სრულყოფის იდეისა და რიცხვის
დასრულების სიმბოლოა, რომელიც უბრუნდება ერთნიშნა რიცხვების წყაროს-1-ს.
მისი გრაფიკული გამოსახულებაა წრე+ცენტრი, გველი, რომელიც სვეტზე მიცოცავს.
ესაა აბსოლუტური სრულყოფისა და ტოტალური დასრულების რიცხვი.

ათიანი არის სინთეზი ყოფიერისა და არაყოფიერისა. ყოფიერი-1, არაყოფიერი-0 პითაგორეს მიაჩნდა, რომ 10 მოიცავს ყველა არითმეტიკულ და ჰარმონიულ პროპორციას. მისივე აზრით 10 არის რიცხვთა ბუნება, როდესაც მიდიან მასთან,უბრუნდებიან მონადას. დეკადა ერქვა ცასაც და სამყაროსაც, ვინაიდან ერთი შეიცავს მეორეს.

ათიანს  დაუღლელსაც უწოდებენ, ვინაიდან ღმერთის მსგავსად ის დაღლას არ ექვემდებარება. პითაგორელები ციურ სხეულებს ყოფდნენ 10 თანრიგად. დეკადა ყველა რიცხვს სრულყოფს. ისინი ამ რიცხვის ასოცირებას ახდენდნენ ღმერთებთან: ატლასი, ურანოსი, მნემოსინე, მზე, პლანეტები და ერთიანი ღმერთი. ათიანი გახლავთ პირველი ოთხი ნატურალური თანრიგის რიცხვთა ჯამი (1+2+3+4=10), შეიცავს მთელ სამყაროს. ზოგიერთი თეორიის თანახმად, ათიანი უნივერსუმის მთლიანობის სიმბოლოა (ორ პლანში-მეტაფიზიკურსა და მატერიალურში).

დავამატოთ სხვა რიცხვებიც

თერთმეტი-11-გახლავთ წმინდა რიცხვი, ძალის გამოყენების ორადობის სიმბოლო, რომელსაც ადამიანი სულიერ განწმენდამდე მიჰყავს, ან ნგრევასა და ქაოსამდე. ეზოთერული თავალსაზრისით ესაა რიცხვი, რომელიც არის განწმენდის სიმბოლო-ნიშანი სიცოცხლისა და გარადაცვალებისა, გზის გამხსნელი ყოფიერების უმაღლესი სფეროებისაკენ.

თორმეტი-12-ზესრულყოფილი რიცხვი, ''ფილოსოფიური ქვის'' დასრულებისა და ღვთიური წრის, მბრუნავი სამყაროს სიმბოლო. გვაქვს 12 ზოდიაქის ნიშანი, 12 ოლიმპიური ღმერთი, 12 ბიბლიური შტო, 12 მოციქული. 12-ის სიმბოლიკა მჭიდროდაა დაკავშირებული ზეციურ იერუსალიმთან.

ცამეტი-13-ამ რიცხვს თვლიან უბედურების მომტანად, რაც გამოწვეულია იმით, რომ ეს რიცხვი ერთით მეტია ზესრულყოფილ თორმეტზე. ეს კი საშიშია დისჰარმონიით, აფეთქებით, მეტისმეტი მიზანდასახული გადასვლით ახალ ხარისხზე. აქედან მომდინარეობს ამ რიცხვის გაიგივება სიკვდილთან. ეს უკანასკნელი კი აღნიშნავს ცხოვრების ახალ ფაზაში გადასვლას. რიცხვი ცამეტი მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ნეკრომანტიაში და შავბნელ კულტებში. გადმოცემით, მას იყენებდნენ როგორც სულების გამოსაძახებელ ძალას. ეზოთერული თვალსაზრისით 13 არის სიკვდილის სიმბოლო, რომლის შემდეგ იწყება გარდასახვა და აღდგომა. რიცხვი 13 იკვეთება მასონურ სიმბოლიკაშიც. სოლომონის ბეჭედი მისი მაგიური ძირით შეიცავს ცამეტ ვარსკვლავს. რიცხვი 13-ის მისტიკური საფუძველი არის 1 და 3, რომელიც უდრის 4-ს -პითაგორელების წმინდა ტეტრაქტისი.

 13 ასევე დაკავშირებულია ''სიცოცხლის ყვავილთან. სიცოცხლის ყვავილი შეიცავს საიდუმლო სიმბოლოს, რომელიც 13 წრის ერთმანეთში შეთავსებით ჩნდება. ეს ყველაზე მნიშვნელოვანი და წმინდა სტრუქტურაა სამყაროში. ყველანაირი არსებულის სიცოცხლის ნაყოფი. სიცოცხლის ნაყოფში მოთავსებულია 13 საინფორმაციო სისტემა. თითოეული მათგანი ხსნის რეალობის სხვა ასპექტს. ამ სისტემებს ძალუძთ ჩავწვდნენ ყველაფერს, დაწყებული ადამიანის სხეულით, დამთავრებული გალაქტიკით. 13 წრის შეერთებით ჩვენ ვღებულობთ სქემას, რომელსაც ეწოდება მეტატრონის კუბი. მასში ჩართულია ხუთი სამგანზოლებიანი ფორმა, რომელიც პლატონის სხეულებით არის ცნობილი. ეს ხუთი ფორმა და მათი ურთიერთშეთანხმება ჰქმნის ყველა შესაძლო სტრუქტურას სამყაროში. მაგ.ცოცხალი არსების ემბრიონის უჯრედის დაყოფის სქემას. ესაა სიცოცხლის ნაყოფის ინფორმაციის პირველი სისტემა, რომელიც ჩნდება სიცოცხლის ყვავილიდან.

ოცდაცამეტი-33-ყველაზე მნიშვნელოვანი რიცხვის საიდუმლო მნიშვნელობა. 33-ბევრი სასულიერი ტრადიციის წმინდა რიცხვია. ზოგიერთი მკვლევარი ანბანის 33 ასოს უკავშირებს ადამიანს ხერხემლის 33 მალას. ქრისტიანულ ტრადიციაში ეს გახლავთ წმინდა ასაკის სიმბოლო, რომლის მიღწევისას სწორად განვითარებულ ადამიანს ეხსნება მთლიანად ყველა სულიერი ძალა და მონაცემი. ვიცით, რომ 33 არის იესო ქრისტეს ასაკი. 33 მისტიკური ფუძეა 3+3=6. ექვსი კოსმიური წონასწორობის სიმბოლოა.


ორმოცი- 40-ესეც ყველაზე მნიშვნელოვანი რიცხვია. 40-აბსოლუტური დასასრულის სიმბოლოა. ნეტარი ავგუსტინეს 40 მიაჩნდა გამოხატულებად ადამიანის მოგზაურობისა ჭეშმარიტებასთან და ღმერთთან. 40 დღე გრძელდებოდა იესოს მარხვა უდაბნოში. ბავშვის ნორმალური განვითარებისათვის დედამ ის მუცლით უნდა ატაროს 7X40=280 დღე. მოსე 40 წელი იყო უდაბნოში.






No comments:

Post a Comment