ტამპლიერები არ კმაყოფილდებოდნენ იდეალურ საზოგადოებაზე ოცნებით. მათ სურდათ საზოგადიების ტრადიციული სტრუქტურის რეორგანიზაცია, ამასთან ევროპა იყო შუალედური ეტაპი სასურველი პროექტის რეალიზაციისთვის. მათი დიდი სურვილი გახლდათ ქრისტიანებსა და მაჰმადიანებს შორის მტრობის მოსპობა. ტამპლიერთა მფარველობით შეაღწია დასავლეთ ევროპაში საღვთო გეომეტრიისა და არქიტექტურის პრინციპებმა. ორდენის გაუქმების შემდეგ, საიდუმლოებათა დიდი ნაწილი დაიკარგა. ტაძრელთა თვალსაზრისით მსოფლიოს ყველა რელიგია წარმოშობილია კაცობრიობის ერთი დიდი პირველრელიგიიდან და ყველა განკერძოებული კულტი უნდა დაუბრუნდეს ამ ერთიანობას.
საღვთო გეომეტრიას ზოგიერთი ავგაროზული მაგიის ერთ-ერთ ფორმად თვლიდა. გადმოცემით, მას იყენებდა ლეონარდო და ბოტიჩელი. "ტიმეოსში'' პლატონმა შემოქმედს "ტექტონი''-მშენებელი უწოდა. ამგვარად, "არქიტექტონი'' "მთავარი მშენებელია''. პლატონის აზრით, არქიტექტონმა შექმნა კოსმოსი გ ე ო მ ე ტ რ ი ი ს დახმარებით. მე-16 ს-ში ჯონ დი კითხულობდა ლექციებს გეომეტრიის საფუძვლებზე. მან გამოაქვყნა ევკლიდეს ინგლისური თარგმანის წინასიტყვაობა, სადაც ყველა მათემატიკურ მეცნიერებათა წინ დააყენა არქიტექტურა. ის საუბრობდა ქრისტეზე, როგორც "ღვთიურ არქიტექტორზე''. ჯერ კიდევ პლატონი ამტკიცებდა, რომ არქიტექტორი არის ყველასი და ყველაფრის ოსტატი.
ტამპლიერთა საქმეში კარგად იყო ჩახედული რომის იმპერიის იმპერატორი ფრიდრიჰ მე-2 შტაუფენი. ის ზიარებული იყო ტაძრელთა გეგმას. რომის დიდი აღშფოთების მიუხედავად, ფრიდრიჰ მე-2 კონტაქტებს ამყარებდა მაჰმადიან ხელდასმულებთან, ნაცვლად იმისა, რომ მათ წინააღმდეგ ჯვაროსნული ლაშქრობა მოეწყო. აქედან გამომდინარე, ის ნამდვილად არ ტოვებდა პაიკის შთაბეჭდილებას სხვის თამაშში. პირიქით, მან შეაღწია ხელდასმულთა მაღალ წრეებში და თავჯდომარეობდა ,,მრგვალ მაგიდას'' აკოში, სადაც შეიკრიბნენ ყველა რაინდული ორდენის წარმომადგენლები, როგორც ქრისტიანულის, ისე მაჰმადიანურის. ფრიდრიხ მე-2 იტალიის პროვინცია აპულეუსში ქ. ანდრეასთან ააგო უზარმაზარი ციხე-სიმაგრე, რომელსაც მსოფლიოს მმართველის ციხე-სიმაგრეც კი უწოდა. ციხის სახელია კასტელ დე მონტე და აგებულია რვაკუთხოვანი გეგმით, ისევე როგორც ტამპლიერთა სამლოცველოები.
ციხე მოგვიანებით იქცა მაღალ საფეხურზე მდგომთა რეზიდენციად. იგი გათვალისწინებული იყო სულ სხვა მიზნებისთვის. არც ერთი ოთახი არ ატარებდა უტილიტარულ დანიშნულებას. იქ არ იყო საძინებლები, სასადილოები და სასტუმრო ოთახები. იმპერატორის სიცოცხლეში კასტელ დე მონტე გამოიყენებოდა მხოლოდ სადღესასწაულო შეკრებებისა და ცერემონიებისთვის. ციხის შიგნით შენარჩუნებულია რვაკუთხოვანი გეგმა. ყველა ოთახი განლაგებულია ერთი ცენტრალური ოთახის გარშემო-პატრონის, ასევე რვაკუთხოვანი ოთახის გარშემო. სავარაუდოდ,შუა ოთახი უფრო საიდუმლო იყო, აქედან გამომდინარე, უფრო წმინდაც.
ფილიპე მე-4 კარგა ხნის განმავლობაში უყურადებდა მეშურნეთა ჭორებს ტამპლიერთა ზღაპრული ქონების შესახებ. სულ მალე, თავისი თვალით დარწმუნდა ამაში, როდესაც ნახა მათი აურაცხელი სიმდიდრე. 1306 წელს პარიზის ჯანყის დროს ფილიპე ლამაზი ტამპლიერთა ორდენის მაგისტრმა შეიფარა და ხალხის რისხვისგან იხსნა. ის დამალეს ციხესიმაგრე ტემპლში, რომელიც ორდენის პარიზის რეზიდენცია გახლდათ. ტემპლში ფილიპე გაატარეს მიწისქვეშა გასასვლელში, რომელიც საგანძურზე გადიოდა. ის სიმდიდრე რაც ფილიპე ლამაზმა იქ ნახა, მოსვენებას არ აძლევდა. მან იგრძნო ორდენის მთელი ბრწყინვალება. მხოლოდ ტემპლის კარმიდამოს ეკავა პარიზის მთელი კვარტალი. რაც მთავარია, მათი ბინადარნი არ ემორჩილებოდნენ სამეფო სასამართლოს და ექვემდებარებოდნენ მხოლოდ ტამპლიერებს. ამას გარდა, მეფემ ტამპლიერებისგან უზარმაზარი თანხა ისესხა, ხოლო როდესაც საშიშროებამ ჩაიარა, ლუვრში გადასახლდა, მაგრამ მალე ისიც დატოვა და პონტუაზიში დაბინავდა, შორს ამბოხებულებისგან.
უზარმაზარი ქონების მითვისების გარდა, ფილიპეს კიდევ სხვა მიზეზიც ჰქონდა ტაძრელთა დაპატიმრებისა და განადგურებისა.ცნობილია, რომ საფრანგეთის მეფეს სურდა ტამპლიერთა ორდენში გაწევრიანება. ამის შესახებ მან სთხოვა დიდ მაგისტრ ჟაკ დე მოლეს, რაზეც ცივი უარი მიიღო. ამასთან, ფილიპე ხვდებოდა, რომ ტაძრელთა ძალაუფლების მთავარი წყარო ფული კი არ იყო, არამედ რაღაც ისეთი, რაც მათ წმინდა მიწაზე ნახეს, რამაც მათ ზღაპრული სიმდიდრე მოუტანა და რაც გარკვეულწილად მფარველობდა კიდეც ტაძრელთა ყოველგვარ წამოწყებას. ფილიპე ლამაზს სწორედ იმის გარკვევა აინტერესებდა, რა იყო რაინდთა სულიერი სიძლიერის წყარო.
და აი,1307 წლის 22 სექტემბერს სამეფო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება ყველა ტაძრელის დაპატიმრების შესახებ. წამების ძალით აღიარებინებდნენ პატიმრებს დანაშაულს და კოცონზე წვავდნენ, მათ შორის იყვნენ ორდენის ბოლო მაგისტრი ჟაკ დე მოლე და გიიომ დე შარნე-ნორმანდიის კომანდორი. ორდენი დაშალეს. ტამპლიერების განადგურების შემდეგ, რომის პაპმა ქონების ნაწილი გადასცა ჰოსპიტალიერებს ანუ იოანიტებს. გადარჩენილმა ტამპლიერებმა პირობა დადეს ებრძოლათ იოანიტების წინააღმდეგ, რომლებიც დღემდე ფლობენ ტამპლიერთა ქონების დიდ ნაწილს.
იოანიტების ორდენმა თურქებთან დაპირისპირებისას ბევრი სამფლობელო დაკარგა. კარლ მე-5 მათ მალტის კუნძული შესთავაზა. იოანიტები მალტის კუნძულზე დაფუძნდნენ და ამის მერე მიიღეს "მალტის ორდენის'' სახელწოდება. მე-18 ს-დან უმაღლესი კლასის რაინდები ხმარობენ დიდი ზომის ჯვრებს. მალტის ჯვარი ჯილდოს სახით შემოღებულ იქნა იტალიაში, ავსტრიაში, პრუსიასა და ესპანეთში. "მალტის ორდენი''დღემდე არსებობს. იქ მოხვედრა მხოლოდ არისტოკრატების პრეროგატივაა. ორდენის უმაღლეს იერარქიაში მხოლოდ არისტოკრატული ოჯახის წევრები ხვდებიან, ისიც სამასწლიანი გენეალოგიით და საკუთარი გერბით. ორდენი ყველაზე მსხვილი საქველმოქმედო ორგანიზაციად ითვლება.
ტამპლიერთა ორდენის განადგურების შემდეგ, გადარჩენილებმა შოტლანდიას შეაფარეს თავი. ისინი შოტლანდიის მეფე რობერტ ბრიუსმა პატივით მიიღო და მათ ორდენში გაწევრიანდა. ტამპლიერებმა იქ ტაძრები ააგეს, განსაკუთრებით ერთი ეკლესია იწვევს დაინტერესებას-როსლინი, რომელიც ეკუთვნოდა კლერთა საგგვარეულოს. ეკლესია მაგიურ-ალქიმიური სიმბოლიკითაა დამშვენებული. ეკლესიის სარდაფებში განთავსებულია განსასვენებლები, სადაც დაკრძალული არიან რაინდები, სავარაუდოდ განძის მცველნი. შესაძლოა განძი ინახება სპეციალურად აგებული სალოცავის სვეტში. კედლებზე გამოსახული სხვადასხვა მაგიური სიმბოლოების ამოცნობა აქამდე ვერავინ შეძლო.არსებობს მოსაზრება, რომ ტამპლიერთა გადარჩენილი განძი სწორედ აქ უნდა იყოს გადამალული.ინგლისში არსებობს ნეოტამპლიერთა ორდენი "ბალდუინ პრესეპტორნ ბრისტოლი''. 1873 წელს ინგლისისა და შოტლანდიის სხვადასხვა ტამპლიერთა ორდენები გაერთიანდა ე.წ. "გენერალურ კონვენტში''.
ტამპლიერთა ირგვლივ მუდმივად არსებობდა მითქმა–მოთქმა, მაგრამ ბოლომდე არაფერია ცნობილი და გარკვეული. ტაძრელთა მოულოდნელი ტრაგიკული განადგურება და ქონების გაქრობა გახდა ახალი ლეგენდებისა და ჰიპოტეზების გაჩენის საფუძველი. ცნობილია, რომ მხოლოდ ნაწილმა შესძლო სხვა ორდენებთან შერწყმა, მაგრამ რა დაემართა მათ უზარმაზარ ქონებას, გემებს, ფლოტს, დიდ არქივს არავინ იცის. ევროპაში რამოდენიმე ათასი ტამპლიერი იყო. მათგან მხოლოდ ნაწილი დასაჯეს. გადარჩენილებს რა დაემართა? ყოველთვის ისმება ეს კითხვა.
ერთი ვერსიით, ინგლისში ჰარფორდის საგრაფო გახდა რაინდთა თავშესაფარი, ხოლო ქალაქი ბელდიკი, რომელიც ტამპლიერების დაარსებული იყო, იქცა ბრიტანეთის შტაბ–ბინად. ფიქრობენ, რომ ოფიციალური ლიკვიდაციის შემდეგ, ისინი საიდუმლოდ იკრიბებოდნენ საიდუმლო ოთახებში, სარდაფებსა და გამოქვაბულებში. ჰარდფორდში–როისთონის გამოქვაბული შეიძლება ყოფილიყო მათი ერთ–ერთი შეკრების ადგილი, ვინაიდან გამოქვაბულში აღმოჩენილია კლდეზე გაკეთებული ნახატები. ნახატები თარიღდება შუასაუკუნეებით. ბევრი ნახატი ატარებს წარმართულ ხასიათს. ზოგ მათგანში ამოიცნეს ცნობილი ქრისტიანი წმინდანები.
მეორე ვერსიით შოტლანდიაში გაქცეულმა ტამპლიერებმა დაარსეს შოტლანდიური წესის მასონური ორდენი. ერთ–ერთი ლეგენდის მიხედვით ტამპლიერები იერუსალიმის ტაძრის ქვეშ გათხრებს აწარმოებდნენ და იქ აღმოაჩინეს გრაალის თასი, ნოეს კიდობანი და გოლგოთის ჯვრის ნაწილები. თითქოს ნაპოვნი გრაალის თასი შოტლანდიაში წაიღეს მე–14 საუკუნის დასაწყისში.
ზოგიერთი თანამედროვე საიდუმლო ორგანიზაცია აცხადებს, რომ ტამპლიერთა მემკვიდრეა. საიდუმლოებით მოცული ტამპლიერები კი ასოცირდებიან ძველ საიდუმლო საზოგადოებებთან და მისტერიებთან.
კათოლიკურ ბეჭდურ უწყებაში გაზეთ-L'osse Vatore Romano ვატიკანის ისტორიკოს-მკვლევარმა ბარბარა ფრალემ, რომელიც პაპის არქივში მუშაობდა, გამოაქვეყნა ერთ-ერთი ტამპლიერი რაინდის დაკითხვის ჩანაწერი. ვინმე ფრანგი არნო შაბატიერი იხსენებს ტამპლიერთა ორდენში გაწევრიანების წეს-ჩვეულებას, რომელიც ჩატარდა 1287 წელს. მისი მონაყოლიდან ირკვევა, რომ ძმათაგან ერთ-ერთმა ის გაიყვანა საიდუმლო ნაგებობაში, სადაც მას ანახეს გრძელი სელის ქსოვილი, რომელზეც გრძელთმიანი და წვეროსანი კაცის ბუნდოვანი გამოსახულება ჩანდა. ძმებმა შაბატიერს მიუთითეს, რომ მთხვეოდა ტილოზე გამოსახულის ფეხის ტერფებს. მას მერე, შაბატიერს ეს ქსოვილი აღარ უნახავს.
ვატიკანის მკვლევარი თვლის, რომ მოპოვებული დოკუმენტი საშუალებას იძლევა საბოლოოდ გაირკვეს იესოს სუდარის საუკუნენახევრით გაქრობის საიდუმლო. მისი ვერსიით, ტამპლიერებმა ეს ძვირფასი ნივთი გაიტანეს ვატიკანიდან, მაგრამ საზოგადოებას არ გამოუჩინეს და საიდუმლოდ ინახავდნენ, როგორც უდიდეს სიწმინდეს. 1898 წელს იესოს სუდარას გადაუღეს პირველი სურათები. ვატიკანმა გამოუშვა ფურცლები, რომლის შემძენი განთავისუფლდებოდა ცოდვებისაგან(ინდულგენცია). ამ ფურცელზე გამოსახული იყო პაპი პიუს მე-9,იესოს სუდარა და ლოცვა, რომელიც თავად პიუსის კალამს ეკუთვნოდა.
No comments:
Post a Comment