ვაჯრა გახლავთ ბუდიზმის მნიშვნელოვანი რიტუალური ინსტრუმენტი. სანსკრიტზე ვაჯრა აღნიშნავს ალმასის სიმტკიცეს. ესაა ერთიანი, მტკიცე, ურღვევი ცოდნისა და გაბრწყინების სიმბოლო. ძველი ტექსტებიდან ირკვევა, რომ ვაჯრა არ იყო ყოველთვის სიმშვიდისა და მშვიდობის სიმბოლო.
პირველად ვაჯრა გაჩნდა ძველ ინდოეთში, სადაც ის გახლდათ ვედური ცის, მთავარ ღმერთ ინდრას (დევთა მეფის) იარაღი. ინდური პურანების თანახმად, ბოროტმა აზურებმა მთლიანად გააქრეს სინათლე და წყალი დედამიწაზე, რამაც ყველასთვის სიცოცხლე შეუძლებელი გახადა. ინდრა უშედეგოდ ებრძოდა დემონთა ღმერთებს და საბოლოოდ დასახმარებლად მოუხმო უმაღლეს ღვთაება ვიშნუს.
ვიშნუმ ინდრას აცნობა, რომ ნამუჩისა და ვრითრას მხოლოდ ისეთი იარაღი მოკლავდა, რომელიც არ იყო არც მაგარი და არც თხევადი. ღმერთმა თვაშთამ ინდრას არაჩვეულებრივი იარაღი უბოძა საშინელი აზურების დასამარცხებლად. ეს ახალი იარაღი ელავდა და ნაპერწკლებს ყრიდა. მისი დახმარებით ინდრამ გაანადგურა ნამუჩი და ვრითრა, რამაც დედამიწაზე დააბრუნა აუცილებელი სინათლე და წყალი.
ვაჯრა მოწინააღმდეგეს იდუმალი ძალის დარტყმით ამარცხებდა. მას ტრადიციულად გამოსახავენ ლითონის ხელჯოხის სახით სამი, ხუთი ან ცხრა კბილანით, რომელიც ორივე ბოლოში ლოტოსის ყვავილიდან გამოდის. რიგვედის თანახმად, როცა ინდრამ გამოიყენა თავისი ვაჯრა, მას ჰქონდა გახსნილი კბილანები. ბუდისტური ლეგენდის მიხედვით, თავად ბუდამ გამოართვა ინდრას ვაჯრა და დაუხურა კბილანები, რითაც ის გამანადგურებელი იარაღიდან აქცია მშვიდობის კვერთხად.
ვაჯრას მსგავსი იარაღი არსებობს შუმერულ კოსმოლოგიაშიც. მისი გამოყენება ჩაწერილია ბაბილონის ეპოსში შექმნათა "ენუმა ელიში". ბრძოლა ცის ღმერთ მარდუქსა და გველ თიამათს შორის დაწვრილებითაა აღწერილი ამ უძველესი დოკუმენტის მეოთხე ფირფიტაზე. ეპოსის თანახმად, ბოროტმა, უძლიერესმა თიამათმა შეიმუშავა მზაკვრული გეგმა ეასა და სხვა მმართველი ღმერთების წინააღმდეგ. ღმერთებს მისი რისხვისა ეშინოდათ და ეძებდნენ გამოსავალს. ეამ სცადა წინააღმდეგობა გაეწია თიამათისთვის, მაგრამ მასთან შეტაკების ნაცვლად უკან დაიხია. გააფთრებულ გველთან საბრძლოველად წინა ხაზზე გამოვიდა მისი შვილი მარდუქი, ერთი პირობით, გამარჯვების შემთხვევაში ის იქნებოდა მთელი სამყაროს მეუფე.
ღმერთები დაეთანხმნენ და მარდუქს გადასცეს ძლიერი იარაღი, მშვილდი, კვერთხი და ბადე თიამათთან საბრძოლველად. გამოსახულებაზე მარდუქს ხელში უჭირავს სამპირა კვერთხი. ესაა სამპირა სასიკვდილო იარაღი.
დასავლეთის სამყაროში ელვისებური დარტყმა ადვილად ასოცირდება ბერძნულ ცის ღმერთ ზევსთან. ასეთი იარაღის დახმარებით მან დაამარცხა ტიტანები და კონტროლქვეშ აიყვანა ბერძნული პანთეონი. მითის მიხედვით, ზევსმა გაანთავისუფლა ციკლოპები, მშენებელ-ხელოსნები, რომლებიც ჩამწყვდეული იყვნენ მიწისქვეშა ტარტაროზში. მადლობის ნიშნად, ციკლოპებმა აჩუქეს არაჩვეულებრივი იარაღი, ელვის დარტყმა. ზევსმა ეს იარაღი გამოიყენა ბერძნულ მითოლოგიაში ყველაზე ძლიერ და საშიშ არსებასთან, ასთავიან გველეშაპ ტიფონთან საბრძოლველად. ზევსის ხელში იარაღს სამი პირი აქვს.
ჩინეთშიც არსებობს ლეგენდა ვაჯრაზე, რომელსაც ატარებს გმირი ჰუა-ჰუა და ის ძალიან წააგავს ინდრას ვაჯრას.
No comments:
Post a Comment