თომას ლეთბრიჯი გახლდათ ინგლისელი არქეოლოგი, პარაფსიქოლოგი, მკვლევარი და ამავე დროს ადამიანი, რომელსაც წინააღმდეგობრივი დამოკიდებულება ჰქონდა ბრიტანულ არქეოლოგიასთან. მას დიდი წვლილი მიუძღვის პარაფსიქოლოგიური კვლევების ისტორიაში, რომელიც მოიცავდა ისეთ თემებს, როგორიცაა: სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ, ბიოლოკაცია, პოლტერგეისტი, დროის ბუნება და წინასწარმეტყველება. საკუთარი იდეები გადმოსცა წიგნების სერიაში, რომელიც გამოსცა სიცოცხლის ბოლოსთვის. კვლევების შედეგად, ტესლას მსგავსად მივიდა დასკვნამდე: "ის რაც დღეს წარმოადგენს მაგიას, ხვალ მეცნიერებად იქცევა". კოლინ უოლსონმა ლეთბრიჯს დაარქვა "პარანორმალური მოვლენების აინშტაინი".
ინგლისის არქეოლოგიურ საზოგადოებასთან უთანხმოების შემდეგ, ლეთბრიჯმა დატოვა კემბრიჯი და საცხოვრებლად გადავიდა ქვეყნის სამხრეთით, დევონის სანაპიროზე მდებარე ტიუდორების დროინდელ სახლში. სურდა აქ გაეტარებინა სიცოცხლის ბოლო წლები. სწორედ აქ მოხდა უცნაური რამ მის ცხოვრებაში. თომასი დაუახლოვდა არაჩვეულებრივი უნარების მქონე მეზობელ ქალს, რომელსაც დასახლებაში იცნობდნენ როგორც "კუდიანს".
ქალმა უთხრა მას, რომ გონებაში პენტაგრამის გამოსახვით და შემდეგ მისი ვიზუალიზებით მოახერხა არასასურველი სტუმრების გზიდანვე თავიდან მოშორება. მაგიური პენტაგრამის გამოყენების თემამ მკვლევარი თომას ლეთბრიჯი მიიყვანა პარანორმალური მოვლენების სამყარომდე.
თავიდან ლეთბრიჯი სკეპტიკურად იყო განწყობილი, სანამ ექსტრაორდინალურმა შემთხვევამ არ შეუცვალა აზრი და საბოლოოდ არ დაარწმუნა ის. თომასი ლოგინში წოლისას ვარჯიშობდა, გონებაში გამოსახავდა პენტაგრამას საწოლის გარშემო. იქვე, გვერდით იწვა მისი მეუღლე. გავიდა რამდენიმე ღამე და მონას, მის მეუღლეს, გაეღვიძა უცნაური გრძნობით, თითქოს მათ საწოლთან ვიღაც იდგა, მაგრამ ქალი მხოლოდ სუსტ ნათებას არჩევდა, რომელიც ნელ-ნელა გაქრა და დატოვა საძინებელი ოთახი.
სამი წლის შემდეგ მეზობელი ქალი გარდაიცვალა უცნაურ ვითარებაში, რამაც თავისებური გავლენა იქონია თომას ლეთბრიჯის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ოკულტისტურ აღმოჩენაზე. კიდევ ერთ უცნაურ ინციდენტს ჰქონდა ადგილი მეზობელი ქალის გარდაცვალებიდან ერთი წლის შემდეგ. იანვრის წვიმიან დღეს თომასი და მისი მეუღლე სანაპიროზე წყალმცენარეების შესაგროვებლად წავიდნენ. მოულოდნელად ჩამოწვა ნისლი, ლეთბრიჯი საოცარ სიბნელეში აღმოჩნდა და შიშმა შეიპყრო. ერთი კვირის შემდეგ, მეუღლესთან ერთად კვლავ იმავე ადგილზე დაბრუნდა. გავიდნენ თუ არა სანაპიროზე, ორივეს საშინელი გრძნობა დაეუფლა და თავბრუსხვევა დაეწყო, რაც ცოლ-ქმარმა ავის მომასწავებლად მიიჩნია. ცხრა წლის შემდეგ, ამავე ადგილზე ვიღაცამ თავი მოიკლა. თომას ლეთბრიჯი დაინტერესდა მიზეზით, რომლის გამოც იმ ადგილზე მისულნი ცუდად გრძნობდნენ თავს..
ლეთბრიჯი რატომღაც დარწმუნებული იყო, რომ გამოცანის გასაღები წყალთან იყო დაკავშირებული. იცოდა, რომ მიწისქვეშა წყლები იწვევს ცვლილებებს დედამიწის მაგნიტურ ველში. მისი ვარაუდით, გამდინარე წყლის მაგნიტურ ველს შეუძლია "ჩაიწეროს" ძლიერი ემოციები, რომელიც წარმოაჩენს ადამიანის ტვინისა და სხეულის ელექტრონულ აქტივობას. ასეთი ველები შეიძლება ძალიან გაძლიერდეს ნესტიან და ნისლიან ამინდში.
"ზეცნობიერმა იცის ბევრად მეტი ვიდრე ჩვენ, ვინაიდან მას არ სჭირდება ტვინის გამოყენება ყველაფრის გასაფილტრად...ის არსებობს ზონაში დროის გარეშე! ყველაფერი შეიძლება მართალი იყოს,-სავარაუდოდ ასეა,-მაგრამ ასევე გაუგებარი ჩვენთვის".-წერდა ის
1962 წელს, დევონში გადასვლიდან ხუთი წლის შემდეგ, თომასმა სულებსა და ქანქარებზე საკუთარი იდეების კრისტალიზება მოახდინა ჩამოყალიბებულ თეორიაში, რომელზეც ისაუბრა წიგნში "მოჩვენებები და ჯადოსნური ჩარჩო". წიგნმა დიდი ინტერესი გამოიწვია. მისი თეორია საკმაოდ არგუმენტირებული იყო. ის ამტკიცებდა, რომ გარკვეულ ადგილებზე, განსაკუთრებით გამდინარე წყლის ახლოს, გენერირდება სტატიკური ელექტროობის ბუნებრივი ველები. ამ ველებს შეუძლია დაიჭიროს და ჩაიწეროს იქ ნამყოფ ადამიანთა ფიქრები და გრძნობები. თუკი ადამიანის ემოციები შეიძლება აღიბეჭდოს ველების სახით გამდინარე წყალში და ეს აღიქვას ბიოლოკატორმა, მაშინ სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, ის სამყარო უფრო რთულია, რაც უფრო მეტ ადამიანს შეაქვს მასში თავისი წვლილი. გამოდის, გარს გვახვევია ფარული ინფორმაცია "ჩანაწერების" სახით და ის ყველასთვის ხელმისაწვდომი ხდება, თუ დავეუფლებით ბიოლოკაციის ხელოვნებას.
ქანქარაზე ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ ჩვენი სამყაროს იქით არსებობს სხვა სამყაროებიც, რომელსაც სავარაუდოდ გააჩნია სხვა განზომილებები. ჩვენ მათ ვერ ვხედავთ, თუმც ისინი არსებობს, მაგრამ ჩვენი სხეული საკმაოდ მოუხეშავია მაღალი ვიბრაციების მისაღებად. ფსიქო-ველებს ან შესაძლოა სულს კი გააჩნია უხილავი სამყაროების წვდომის უნარი.
ლეთბრიჯმა გადაწყვიტა სიზმრების მისტერიის შესასწავლად ეწარმოებინა "სიზმრების წიგნაკი". ის დარწმუნებული იყო, რომ ჩვენ ვხედავთ სიზმრებს მომავალზე, მაგრამ მათი უმეტესობა იმდენად ტრივიალურია ან ხანმოკლე, რომ მალევე გვავიწყდება. ერთხელ, ღამით გამოეღვიძა, სიზმარში მამაკაცის სახე ნახა, რომელიც თითქოს სარკიდან უცქერდა, თუმც სახე ჩასმული იყო საქარე მინაში. თომასს კი შეცდომით ის სარკედ მოეჩვენა. კაცი ხელებს ნიკაპზე ისვამდა. ლეთბრიჯი დარწმუნებული იყო, რომ ეს პიროვნება არასდროს ენახა.
მკვლევარმა ასევე შეამჩნია, რომ ზოგიერთი მისი სიზმარი საპირისპირო მიმართულებით მიმდინარეობდა. მან სიზმარში ნახა ობიექტი, რომელიც ძალიან ჰგავდა ფუმფულა გველს, რომელიც მის ოთახში შესრიალდა. ოთახის ავეჯი თითქოს სარკეში ირეკლებოდა. ობიექტში, რომელიც ძალიან ჰგავდა გველს, შეიცნო თავისი სიამის კატის კუდი, რომელიც უკუღმა მიდიოდა წინ. რატომ ხდება ისე, რომ სიზმარში დრო ხანდახან უკან მიდის?-დაინტერსედა ლეთბრიჯი. ამ კითხვაზე პასუხი უკარნახა ქანქარამ, რომელმაც აჩვენა, რომ შემდეგი დონის ენერგეტიკული ვიბრაციები-ჩვენს იქით არსებული სამყაროსი-ჩვენ სამყაროსთან შედარებით ოთხჯერ უფრო სწრაფია. თომასმა ჩათვალა , რომ სიზმარში ჩვენ ნაწილობრივ გადავდივართ ამ სამყაროდან უფრო მაღალ დონეზე. სიზმრიდან დაბრუნებულნი, უკან ვბრუნდებით, რათა შემოვიდეთ საკუთარ, უფრო ნელი ვიბრაციების სამყაროში. ეფექტი ძალიან ჰგავს სწრაფ მატარებელს, რომელიც ასწრებს ნელ მატარებელს. თუმც ნელი მატარებელი, რომელიც წინ მიდის, გვეჩვენება თითქოს უკან ბრუნდება.
როცა ლეთბრიჯმა და მისმა მეუღლე მინამ მოინახულეს მერი მაიდენსის სახელით ცნობილი წრიულად მდგარი მეგალითები კორნუელში, იმის გასარკვევად თუ რამდენი ხნის განმავლობაში იდგა ქვები იქ, თომასმა გამოიყენა ქანქარა, ხელი დაადო ქვას და იგრძნო ელექტრო ძაბვის მსგავსი დარტყმა. ქანქარამ დაიწყო თვითმფრინავის პროპელერივით ბზრიალი. ასე გრძელდებოდა რამდენიმე წუთს. ლეთბრიჯმა დათვალა 451 ბრუნვა. თითო ბრუნვა შეუსაბამა ათ წელს და მეგალითის აგების თარიღად დაასახელა 2540 წელი ჩვ.წ.აღ-მდე. შედეგი ძალიან ჰგავს სხვა მეგალითების, სთოუნჰენჯის ტიპის ძეგლების ნახშირბადის ანალიზს.
თომას ლეთბრიჯს სურდა აღედგინა ბიოლოკაციის უძველესი ხელოვნება. ძველ დროს სწამდათ, რომ სამყარო მაგიურია. ადამიანები დაბადებიდან დაჯილდოებული იყვნენ ბიოლოკაციის უნარით და ბუნებრივად აღიქვამდნენ დედამიწის ძალას. თომასს მიაჩნდა, რომ მეგალითური ქვები იმ ადგილების მოსანიშნად იდგმებოდა, სადაც დედამიწის ძალა უფრო ძლიერი და ხელმისაწვდომი იყო გამოსაყენებლად, რაც დღეისთვის უკვე დავიწყებულია.
თანამედროვე ადამიანმა დათრგუნა ან მიივიწყა სამყაროს ძალებთან ინტუიციური კონტაქტის ინსტიქტი. ლეთბრიჯი არასდროს ყოფილა სპირიტუალისტი, არასდროს უთმობდა დროს სიკვდილის შემდეგ სიცოცხლის არსებობის თემას, მაგრამ მკაცრი ლოგიკით ამ საკითხების თანმიმდევრული შესწავლისას, შეამჩნია, რომ ჩვენი სამყაროს მიღმა არსებობს სხვა რეალობის სფეროებიც; რომ არსებობს ენერგიის ფორმები, რომელიც ჩვენ ჯერ არ გვესმის. სპირიტუალიზმი და ოკულტიზმი უბრალოდ ფარული ენერგიის ფართო არეალის ამოცნობის ჩვენი არაკვალიფიციური ცდებია, როგორც ალქიმია, რომელიც გახლდათ ატომური ფიზიკის მისტერიის შეცნობის ადრეული ცდა.
ლეთბრიჯი იჩენდა მეცნიერულ სიფრთხილეს, თუმც ბოლო წლებში სულ უფრო და უფრო ჩაუფიქრდა ადამიანის არსებობის არსს და მის კავშირს პირად ევოლუციასთან. 1971 წელს ის შეუდგა საკუთარი საოცნებო წიგნის წერას "ქანქარის ძალა", მაგრამ ავად გახდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. გარდაიცვალა ისე, რომ წიგნის რედაქტირება ვერ მოასწრო.
No comments:
Post a Comment