საზოგადოებისთვის ცნობილი, ყველა დროის ერთ-ერთი გავლენიანი და სამეცნიერო რევოლუციის საკვანძო ფიგურა ისააკ ნიუტონი დაინტერესებული იყო ოკულტიზმით. ის გახლდათ მისტიციზმით გატაცებული. მისი დაინტერესება ალქიმიითა და თეოლოგიით დოკუმენტურადაა დადასტურებული. ნიუტონს ბევრი საიდუმლო ჰქონდა. გადმოცემით, ბიბლიაში არსებული ფარული კოდების ამოხსნის ცდებს მეცნიერის გამოუქვეყნებული ნაშრომები ნათელჰყოფს. სავარაუდოდ, გამოუქვეყნებელი ჩანაწერები დაწერილია 1680 წელს, რომელიც აღმოაჩინეს მისი გარდაცვალებიდან 200 წლის შემდეგ. დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ ნიუტონს აპოკალიფსის გასაღებად მიაჩნდა ძველი ეგვიპტე.
სამეფო საზოგადოების წევრის რობერტ ჰუკის მხრიდან კრიტიკის ქარცეცხლის შემდეგ, 1680 წელს ნიუტონი შეუდგა პირამიდების შესწავლას. ამ დროს, საკუთარი ნებით, ის იმყოფებოდა სამეცნიერო დევნილობაში ვულსტორპის მამულში, კემბრიჯის უნივერსიტეტიდან შორს.
ნიუტონი განსაკუთრებულ ინტერესს იჩენდა პირამიდების მიმართ, ვინაიდან მისი აზრით ამ ძველ სტრუქტურებს შეეძლო დახმარებოდა მას გრავიტაციის თეორიის დამტკიცებაში. ამასთან, იმედოვნებდა, რომ პირამიდების მშენებლობის საიდუმლოს ამოხსნით, ამოხსნიდა სამყაროს სხვა საიდუმლოებებს.
ერთ-ერთი მიზანი ასევე გახლდათ იმ საზომი ერთეული ამოხსნა, რომელსაც იყენებდნენ ძველი ეგვიპტელები პირამიდების მშენებლობისას. ნიუტონის აზრით, ძველი ეგვიპტელები ზომავდნენ დედამიწას თანამედროვეთათვის დაკარგული მეთოდით. ერასტოფენის მიერ მოცემული რიცხვები არ ეთანხმებოდა ნიუტონის ვარაუდს გრავიტაციული მიზიდულობის შესახებ. ამიტომ მან ყურადღება გაამახვილა თალესისა და ანაქსიმანდრეს მიერ მოყვანილ ადრეულ რიცხვზე, რომლის მიხედვით დედამიწის გარშემოწერილობა იყო 400 000 სტადია.
თურმე მისი ნაწერების კითხვა გარკვეულწილად შესაძლებელია, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ფურცლის კუთხეები დამწვარია, რომელიც თითქოს ნიუტონის ძაღლის მაგიდაზე ახტომისას დავარდნილმა სანთელმა დაწვა. ხელნაწერთა სპეციალისტ გაბრიელ ჰიტონის თქმით, დოკუმენტები ნამდვილად გამაოგნებელია, ვინაიდან მასში კარგად ჩანს როგორ ცდილობდა ნიუტონი პირამიდების საიდუმლოს ამოხსნას.
მეცნიერი ცდილობდა მოეძებნა საკუთარი გრავიტაციის თეორიის მტკიცებულება. ამასთან იცოდა, რომ ეგვიპტელები ფლობდნენ ალქიმიის საიდუმლოს, რომელიც დროთა განმავლობაში დაიკარგა. მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, ნიუტონმა თავი მიანება, უარი თქვა ალქიმიით გატაცებასა და არაორთოდოქსულ რწმენაზე, რომელიც სამების უარყოფაში გამოიხატებოდა, ვინაიდან იცოდა, რომ არაორთოდოქსული შეხედულებები კარიერის ფასად დაუჯდებოდა.
რა თქმა უნდა, ის ერთადერთი არ იყო ვინც დაინტერესებული გახლდათ ალქიმიით. ევროპის ერთ-ერთმა გავლენიანმა მედიკოს-მეცნიერმა პარაცელსმა დაწერა ათი ათასზე მეტი გვერდი, რომელიც ეძღვნებოდა ქირურგიას, ალქიმიას, ასტროლოგიასა და თეოლოგიას.
ნიუტონი არგონავტების მოგზაურობას "ოქროს საწმისის" მოსაპოვებლად თვლიდა ალქიმიურ კატეგორიად. ცნობილია, რომ ის "Gentleman's club of spalding" (კლუბის) წევრი იყო. ჰერმეტული ტრადიციის თანახმად, ცდილობდა გაერკვია თანაფარდობა მუსიკასა და არქიტექტურაში. ანიჭებდა დიდ მნიშვნელობას სოლომონის ტაძრის ფორმასა და ზომებს. მისი აზრით, ეს ნაგებობა ინახავდა რომელიღაც ალქიმიურ ფორმულას, ხოლო ძველი ტაძრის ცერემონიები-ალქიმიურ რიტუალებს.
მეცნიერი დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდა დაედგინა ბიბლიური აპოკალიფსის დრო. სწორედ ამან განაპირობა მისი დაინტერესება პირამიდებით.
ნიუტონის უიშვიათესი გამოუქვეყნებელი ხელნაწერები 380 000 ფუნტ სტერლინგად გაიყიდა აუქციონზე.
No comments:
Post a Comment