Friday, 20 November 2020

აპოლონ თიანელის უდიდესი გამოცანები და საიდუმლოებანი

"მე მხოლოდ ადამიანი ვარ, მაგრამ ნებისმიერს შეუძლია ჭვრეტისა და ფილოსოფიის წყალობით ღმერთებამდე ამაღლდეს."
ამ საოცარი, იესო ქრისტეს თანამედროვე პიროვნების ფიგურა დღემდე სადაოდ რჩება. აპოლონ თიანელის ბიოგრაფია ეკუთვნის ფლავიუს ფილოსტრატე უფროსის კალამს, ახ.წ. აღ-ის 220 წ, დაიწერა ცნობილი ბრძენის გარდაცვალებიდან ორი საუკუნის შემდეგ და ეფუძნება  ნინევიელი დამისის დღიურებს, რომელიც გახლდათ აპოლონის პირადი მდივანი და თანამგზავრი ყველგან. მისი დღიურები უკვალოდ გაქრა.

ფილოსტრატე ასევე წყაროდ მიუთითებს მაქსიმ ეგეოსელის ნაშრომსა და მოირაგენის თხზულებათა 4 ტომეულს. ფლავიუს ფილოსტრატემ ეს დავალება იმპერატორ სეპტიმუს სევერუსის მეუღლის იულია დომნას მოთხოვნით შეასრულა. ფილოსტრატე გვამცნობს, რომ აპოლონი კაპადოკიიდან, ქალაქ თიანადან (თინ-თენება, ნათება) იყო. სწავლობდა თარსესში, სადაც დაიბადა მოციქული პავლე. თარსესიდან ის ეგევსში გაემგზავრა, სადაც გაიცნო ესკულაპეს ტაძრის ქურუმები, ასევე პლატონის მიმდევართა, სტოიკელთა, ეპიკურელთა ფილოსოფიური სკოლების მოსწავლეები და მასწავლებლები.

თიანელის ბიოგრაფიაში ბევრი რამაა სარწმუნო და გამოგონილიც. ცნობილია როგორც ჭეშმარიტი პითაგორელი, იყო ვეგეტარიანელი, ატარებდა უხეშ სამოსს, დადიოდა ფეხშიშველი, ინახავდა ხუთი წლით მდუმარების აღთქმას და უარს ამბობდა ხორციელ სიამოვნებაზე.  ხელდასმა მიიღო ესკულაპეს ტაძრის ქურუმებისგან. ბევრს მოგზაურობდა და სტუმრობდა ტაძრებს. ინდოეთში ბრაჰმანებთან სწავლობდა, ეგვიპტეში ქურუმთა სიბრძნეს ეზიარა, საბერძნეთში ტროფონის გამოქვაბულის მიწისქვეშა სამყაროში ჩავიდა. სწამდა რეინკარნაციის და ახსოვდა დაბადებამდე თავისი ცხოვრება.

გადმოცემით, ეგვიპტის ღმერთი პროტეუსი გამოეცხადა დედამისს და გააფრთხილა, რომ თავად ის განსახიერდებოდა მომავალ შვილში. ახალგაზრდობაში საოცარი გონებრივი უნარებით გამოირჩეოდა და გარეგნულად ძალიან მომხიბვლელი იყო. დიდ სიამოვნებას ნახულობდა პლატონის, არისტოტელეს მიმდევრებთან საუბარში. 

აპოლონმა მამისგან მნიშვნელოვანი ქონება მიიღო მემკვიდრეობით, რაზეც მისი სიკვდილის შემდეგ უარი განაცხადა საკუთარი ძმებისა და ნათესავების სასარგებლოდ, ვინაიდან მისივე სიტყვებით, შეიმეცნა სიმდიდრის სრული უძლურება და მიხვდა, არაფერი სურდა თავისთვის. სწავლების საფასურს აპოლონი არ იღებდა მაშინაც კი, როცა ძალიან უჭირდა.

დიდი პოპულარობა მოუპოვა მას მკურნალობამ. სამკურნალო რჩევების მიცემის დროს, აპოლონი ხშირად ავლენდა საოცარ კეთილგონიერებას, გებულობდა ამა თუ იმ დაავადების ზნეობრივ მიზეზს და მიუთითებდა პაციენტს ამაზე.

ცნობილია, რომ აპოლონს ჰქონდა წინასწარმეტყველების უნარი და იყო ტელეპატი. როცა კორინთოელმა მენიპუსმა თავისი საცოლე გააცნო, აპოლონმა მასში ამოიცნო ვამპირი. ქორწილზე ყოფნისას მან რამდენიმე მაგიური მოძრაობით სტუმრები გააქრო და საპატარძლო აიძულა ეღიარებინა, რომ მენიპუსის სისხლის დალევა სურდა.

ამბობენ, რომ თიანელს შეეძლო ერთი ადგილიდან გაქრობა და მეორე ადგილზე გადასვლა. ერთხელ, არაკეთილმოსურნემ ის დომიციანეს წინააღმდეგ მზაკვრული ხრიკების მოწყობასა და მწყესის, მის შიგნეულზე მკითხაობის მიზნით, მკვლელობაში დაადანაშაულა. აპოლონი სასამარათლოს წინაშე ხელფეხშეკრული წარსდგა იმპერატორისა და მისი ამალის თვალწინ, მაგრამ მყისიერად გაინთავისუფლა თავი და უკვალოდ გაქრა. მოგვიანებით, ნათელხილვის უნარის დამსახურებით, აპოლონი თვალს ადევნებდა რომში დომიციანეს მკვლელობას, როცა თავად იმყოფებოდა შორს, ეფესოში. ამბობდნენ, რომ მას შეეძლო გარდასახვა ცხოველად, ხედ, თუმც თავად თიანელი ამას უარყოფდა.

თიანელი წმინდანი იყო თუ გრძნეული, ყოველთვის საკამათო თემა გახლდათ. მის გამონათქვამებს იმდენად დიდი ძალა ჰქონდა, რომ  პატივს მიაგებდნენ როგორც ღვთაებას და თიანელის სახელზე ტაძრებსაც კი აგებდნენ. მიუხედავად ამისა, აპოლონს არ უშვებდნენ ელევსინის მისტერიების ოფიციალურ რელიგიურ რიტუალებზე. ამბობენ, რომ ელევსინის დიდმა ქურუმმა არ ისურვა მისტერიებში მიეღო აპოლონი, ვინაიდან მას გრძნეულად თვლიდა. ამაზე აპოლონმა თქვა: ნუ უწოდებ ყველას გრძნეულს ვინც შენზე მეტი იცის. ქურუმს შერცხვა და აპოლონი საიდუმლო რიტუალებზე მიიპატიჟა. წინასწარმეტყველმა მიპატიჟებაზე უარი განუცხადა. 

სულიერი მისწრაფებების კულმინაციად იქცა მისი ჰიმალაებში გამგზავრება. გზა მეტად ხანგრძლივი იყო. აპოლონმა ბევრი ქვეყანა გაიარა,  სხვადასხვა ადამიანებს შეხვდა და საბოლოოდ მიაღწია ნანატრ სავანეს. ინდოეთში აპოლონს და მის მოსწავლე დამისს გულისხმიერად შეხვდა მეფე-ფილოსოფოსი ფროატი, ბრაჰმანთა მოსწავლე. მან აუხსნა სტუმრებს რა სირთულეები ახლდა დაუპატიჟებელ სტუმრებს  ბრაჰმანთა სავანის გზაზე, ვინაიდან ალექსანდრე მაკედონელსაც კი არ მიეცა სავანეში მოხვედრის უფლება, როცა ის ინდოეთში შეიჭრა, ვერც  ძალით  შეძლებდა მის აღებას. ასე განიდევნენ ინდოეთიდან ჰერაკლე ეგვიპტელი და დიონისეც, როცა სცადეს იარაღით მისი დაპყრობა. ფროატმა აპოლონს სარეკომენდაციო წერილი გაატანა ბრაჰმანთა უხუცესთან. ბრაჰმანებმა  წინასწარ იცოდნენ სტუმრების მისვლის შესახებ და დამხვდური გამოაგზავნეს, რომელიც მათ ბერძნულად ესაუბრებოდა, რამაც გააოცა აპოლონი და დამისი. ბრძენნი მუდამ  ღრუბლებში გახვეულ მთაზე ცხოვრობდნენ, რომელიც მათი სურვილასამებრ ხან ქრებოდა და ხან ჩნდებოდა. მთაზე თიანელს შემოხვდა  ცისფრად მანათობელი ჭა. ჭის წყალი წმინდად ითველობოდა.  ბრაჰმანები ცეცხლს ეთაყვანებოდნენ როგორც წმინდას და  მას მზის სხივებიდან იღებდნენ.

აპოლონის თქმით, ბრაჰმანი ბრძენნი არიან ზეადამიანები, თუმც ცხოვრობენ დედამიწაზე. მზისადმი მიძღვნილი ღვთისმსახურებისას, ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე ადიან ჰაერში და ლევიტირებენ. დღისით, ბრძენნი შესთხოვენ მზეს  დედამიწის აყვავებასა და ბედნიერების სუფევას. ისინი სურვილსამებრ იწვევენ წვიმას, ფანტავენ ღრუბლებს. ყველაფრი რაც სჭირდებათ, არ აქვთ და მოისურვებენ, დიდი ძალისხმევის გარეშე შეუძლიათ მიიღონ.

აპოლონი შეხვდა ინდოელ ბრძენთ. იარქს (archat-სანსკრიტზე უმაღლესი სულიერი ხარისხი ბუდიზმში) არ უკითხავს ვინ იყვნენ ისინი, ვინაიდან ყველაფერი ისედაც იცოდა მათ შესახებ. იარქმა აპოლონს თავადვე მოუყვა მისი ცხოვრების ზოგიერთი დეტალი. თიანელი გააოცა იარქის ნათელხილვის უნარმა. ბრძენმა დაარწმუნა, რომ მასაც ასწავლიდა იგივეს. თიანელის კითხვაზე ვინ იყვნენ ისინი, პასუხი-ღმერთები. ხოლო კითხვაზე, რატომ თვლიდნენ ისინი თავს ღმერთებად, უპასუხეს: ვინაიდან კეთილები ვართ. აპოლონს ისე ძალიან მოეწონა მათი პასუხი, რომ  ხშირად იხსენებდა. თიანელმა  ოთხი თვე გაატარა ბრაჰმანებთან. იარქის თქმით, ისინი ცნობდნენ ხუთ სტიქიას და არა ოთხს ბერძნებივით, მეხუთეა ეთერი. სტუმარ-მასპინძელი საუბრობდა ასტროლოგიურ საკითხებზეც, განიხილავდა მანტიკის ხელოვნებას. ბრძენის თქმით, წინასწარმეტყველება შეუძლია მხოლოდ მას, ვინც სულიერად განწმენდილია, რომლის გონება თავისუფალია ბოროტებისგან და აქვს სუფთა აზრები. მოგვიანებით, ამ შეხვედრებს აღწერდა აპოლონის მოსწავლე დამისი. დამშვიდობებისას აპოლონს უთხრეს, რომ მომავალში ბევრი ადამიანი მიაგებდა მას პატივს  როგორც ღმერთს, მარტო სიკვდილის შემდეგ კი არა, სიცოცხლეშივე. ინდოეთიდან დაბრუნებული აპოლონი უკვე ნამდვილი ხელდასმულივით იქცეოდა. მისი ნაწინამსწარმეტყველევი ეპიდემიები, მიწისძვრები, მმართველთა გარდაცვალება და სხვა მოვლენები ზუსტად სრულდებოდა.

ჩარლზ ბ. უაიტის წიგნში "ქრისტიანული რელიგიის ისტორია ორას წლამდე" საუბარია უფრო მეტ შთამბეჭდავ ფენომენზე, რომლის მოწმეები იყვნენ აპოლონ თიანელის თანამედროვენი. დღესასწაულებზე ის აოცებდა სტუმრებს. აპოლონის სურვილით ჩნდებოდა პური, ხილი, ბოსტნეული და სხვადასხვა ტკბილეული. ქანდაკებები ცოცხლდებოდა, ბრინჯაოს ფიგურები ჩამოდიოდა კვარცხლბეკიდან, იცვლიდა პოზებს და ემსახურებოდა იქ მყოფთ. ამავე ძალის გამოყენებით ხდებოდა დემატერიალიზაცია, ქრებოდა ოქროს და ვერცხლის ჭურჭლი, ზოგიერთ შემთხვევაში ქრებოდნენ მოსამსახურეებიც.

რომში აპოლონი დაადანაშაულეს ღალატში. დაკითხვაზე მისვლისას, ბრალმდებელმა გაშალა თავისი გრაგნილი, რომელზეც ბრალდება ეწერა და გაოცდა, ფურცელი სუფთა აღმოჩნდა.

ერთხელ, აპოლონს გზად დამკრძალავი პროცესია შემოხვდა. მან სასახლე დაბლა დაადგმევინა, ხელი შეახო გარდაცვლილ ახალგაზრდა ქალს, წარმოთქვა რამდენიმე სიტყვა და მიცვალებული გაცოცხლდა. 

საკუთარ ფენომენს აპოლონ თიანელი ხსნიდა  განსაკუთრებული კვებით, რომელიც უნარჩუნებდა სიწმინდესა და მგრძნობიარობას. ის იმ დროს გავრცელებული მსხვერპლშეწირვის წინააღმდეგი იყო და აცხადებდა, რომ ღმერთებს არ სჭირდებოდა მსხვერპლი. ყოველთვის საუბრობდა ზნეობის რელიგიაზე, სიბრძნეზე, ფილოსოფიასა და სულის უკვდავებაზე. ქადაგებდა ახლობლის ზრუნვაზე.- "ხედავთ, ჩიტები როგორ ზრუნავენ ერთმანეთზე, როგორ სიამოვნებთ საკვების გაზიარება, ჩვენ კი ეს არ გვსურს"-ამბობდა ის. თიანელის ცხოვრება გახლდათ ცოცხალი განსახიერება იდეალისა, რომლისკენაც სულიერი განვითარების პროცესში უნდა ისწრაფოდეს ადამიანი.

აპოლონი შეურიგებელი მტერი იყო ღვთისმოსაობის გარეგნული დემონსტრირების, უსარგებლო საჩვენებელი რელიგიური რიტუალების ბრწყინვალების, პირფერობისა და ფარისევლობის. ის წინააღმდეგი იყო ყოველგვარი მაგიის. მიაჩნდა, რომ მაგია  მოტყუება და სტიქიების საშიში პროტესტი იყო. აპოლონი ხშირად იყენებდა ფსიქიკური ენერგიის თვისებების ცოდნას. მას არ ეშინოდა სიკვდილის და ქადაგებდა სულის უკვდავებას.

თიანელმა თავისი ხანგრძლივი და საოცარი ცხოვრების ბოლოს გახსნა სკოლა ეფესოში და გარდაიცვალა თითქმის ასი წლის ასაკში. მადლიერმა ეფესოელებმა ყველა სიკეთის პატივსაცემად მას ოქროს ქანდაკება დაუდგეს.









No comments:

Post a Comment