გრაფი სენ-ჟერმენი არ იყო ტრაბახა, არ აზვიადებდა როცა ამტკიცებდა, რომ შეისწავლა ეგვიპტელთა ქიმიური საიდუმლოებები. მაგრამ როცა ამაზე საუბარს იწყებდა, არავის ეჯერა მისი. ამიტომ ზრდილობის გამო, თანამოსაუბრეთ თავს ისე აჩვენებდა თითქოს ხუმრობდა.
უმბერტო ეკო- "ფუკოს ქანქარა".
ის ადამიანი ვინც ისტორიაში კვალს ტოვებს, ხშირად საიდუმლოებებითაა მოცული. სწორედ ერთ-ერთი ასეთი საიდუმლოებით აღსავსე პიროვნება გახლდათ გრაფი სენ-ჟერმენი.
ყველას სმენია გრაფი სენ-ჟერმენის შესახებ, მასზე ბევრ უცნაურობებს ყვებიან. თავი მოჰქონდა მარადიულ ურიად, სიცოცხლის ელექსირისა და ფილოსოფიური ქვის გამომგონებლად. როგორც შარლატანს დასცინოდნენ. კაზანოვა თავის "ჩანაწერებში" მას ჯაშუშსაც კი უწოდებდა. თუმც მიუხედავად იდუმალებისა, სენ-ჟერმენს გამოარჩევდა კეთილშობილი გარეგნობა და საზოგადოებაში თავაზიანი ქცევის უნარი.
ზუსტად არავინ იცოდა სად და როდის დაიბადა გრაფი, რაც მას აძლევდა საშუალებას, რომ თავისუფლად ესაუბრა ცნობილ ადამიანებზე, ასეული და ათასეული წლების წინ გარდაცვლილებთან შეხვედრებზე. ის შესანიშნავად ფლობდა ბევრ ენას, ამიტომ რთული იყო იმის გარკვევა რომელი იყო მისი მშობლიური. მსმენელთა წარმოსახვა განცვიფრებაში მოჰყავდა მომხიბვლელ მონაყოლს ეგზოტიკურ ქვეყნებზე. გრაფის მოხუცი მოსამსახურე ქრთამის საფასურად ამბობდა, რომ არაფერი იცოდა მის წარმოშობაზე და წარსულზე, ვინაიდან მასთან მხოლოდ სამასი წელი მსახურობდა. ასეთი პასუხის მერე, ბევრს სჯეროდა, რომ გრაფმა იცოდა უკვდავების ელექსირის მომზადების საიდუმლო. სენ-ჟერმენი მისი უკვდავების შესახებ გავრცელებულ ხმებს არ უარყოფდა.
საკუთარ წარმოშობაზე კითხვის დასმისას ის დუმდა და იღიმებოდა. მოგზაურობდა სხვადასხვა სახელით, მაგრამ ხშირ შემთხვევაში, თავს გრაფ სენ-ჟერმენს უწოდებდა. თუმც არ გააჩნდა კანონიერი უფლება ამ ტიტულის ტარებისა,რომლითაც მას იცნობდნენ ბერლინში, ლონდონში, ჰააგაში, პარიზში. მიუხედავად ბუნდოვანი წარსულისა, ის მალე იქცა თავისიანად პარიზის მაღალ საზოგადოებასა და ლუდოვიკო XV-ის კარზე.
საშუალო სიმაღლის, 40-50 წლის მომხიბვლელ მამაკაცს, ევროპაში ხანგრძლივი მოგზაურობისას, გარეგნობა არ ეცვლებოდა. სენ-ჟერმენი არ ჰგავდა იმ დროის ტიპიურ ავანტიურისტს. არ უჩიოდა ფულის ნაკლებობას და ეწეოდა მდიდრულ ცხოვრებას. ძვირფასი ქვები მისი სისუსტე იყო. იცვამდა უბრალოდ, გემოვნებით, ჟილეტსა და ფეხსაცმლის ბალთებზე მსხვილი ბრილიანტები უბრწყინავდა, ნეკა თითს კი დიდი ალმასი უმშვენებდა. ამასთან, გრაფს ყოველთვის დაჰქონდა თან ძვირფასეულობით სავსე ზარდახშა, რომელსაც სიამოვნებით აჩვენებდა სხვებს. მისი სიმდიდრის წყაროს საიდუმლო არავინ იცოდა. სენ-ჟერმენი გამოირჩეოდა არისტოკრატული მანერებით. ღირსეულად ეჭირა თავი მეფესთან და არისტოკრატებთანაც. იყო განათლებული, სრულყოფილად ფლობდა ევროპულ ენებს: ფრანგულს, ინგლისურს, იტალიურს, გერმანულს, ესპანურს, პორტუგალიურს, ჰოლანდიურს. ასევე კარგად იცოდა: უნგრული, თურქული, არაბული, ჩინური და რუსული.
სენ-ჟერმენი იყო კარგი მუსიკოსი. უკრავდა ვიოლინოზე, არფაზე, გიტარაზე, ამასთან კარგად მღეროდა. დაწერა რამდენიმე პატარა ოპერა და მუსიკალური პიესა. იყო ხელოვნების თაყვანისმცემელი, ხატავდა კიდეც. მისი ნახატები სიბნელეში ანათებდა. სენ-ჟერმენი დაინტერესებული იყო ქიმიით. ალქიმიკოსები ყოველთვის ერკვეოდნენ ქიმიაში. ამბობდნენ, რომ სენ-ჟერმენი ფლობდა ძვირფასი ქვების ტრანსმუტაციის საიდუმლოს. 1757 წელს მან ლუდოვიკო XV-ს გამოართვა გაბზარული დიდი ალმასი, რომელიც ქვას ფასს უკარგავდა. ორ დღეში დაუბრუნა უხარვეზო, რამაც ამ ქვის ფასი ორჯერ გაზარდა.
მიუხედავად იმისა, რომ გრაფი უმეტესად არ ლაპარაკობდა საკუთარ თავზე, ხანდახან თითქოს შემთხვევით "წამოსცებოდა" , რომ ის ესაუბრებოდა ძველ ფილოსოფოსებს და მმართველებს. "ყოველთვის ვეუბნებოდი ქრისტეს, რომ ცუდად დაასრულებდა"-ყველაზე ცნობილი "წამოცდენა". თითქოს შემდეგ ნანობდა ამ წამოცდენას. ხანდახან გრაფის გამოჩენა აბნევდა ხანდაზმულ არისტოკრატებს, რადგან იხსენებდნენ, რომ ისინი ამ ადამიანს შეხვედრიან ადრე-ბავშვობაში, ახალგაზრდობაში არისტოკრატულ სალონებში ჯერ კიდევ მეფე-მზის დროს, თუმც მას შემდეგ ის არ შეცვლილა.
ინკვიზიციის არქივებში ინახება კალიოსტროს მონაყოლის ჩანაწერი, სადაც ის აღნიშნავს სენ-ჟერმენთან ვიზიტს. კალიოსტრო მას გოლშტეინში შეხვდა, სადაც თითქოს გრაფმა ტამპლიერთა ორდენის უმაღლეს მისტიკურ ხარისხს აზიარა. ხელდასმის დროს, სტუმარმა დაინახა სახელგანთქმული სარკე. კალიოსტრო ასევე ამტკიცებდა, რომ ნახა ის ჭურჭელი, რომელშიც გრაფი უკვდავების ელექსირს ინახავდა.
კაზანოვაც აღწერს თავის მემუარებში სენ-ჟერმენთან შეხვედრას საფრანგეთში. მისი სიტყვებით, გრაფი ნამდვილ ჯადოქარს ჰგავდა-უცნაურ აღმოსავლურ სამოსში, გრძელი წვერით და სპილოს ძვლის კვერთხით ხელში. მან კაზანოვას გამოართვა სპილენძის მონეტა 12 სუ, ჩადო სპეციალურ ღუმელში, ჩაატარა რაღაც მანიპულაციები. მონეტა დადნა და როცა გაცივდა, გრაფმა ის სტუმარს დაუბრუნა. კაზანოვა გაოცებული იყო, ვინაიდან მას ხელში ოქროს მონეტა ეჭირა. თუმც ამ ფაქტმა დააეჭვა და რაღაც ფანდს მიაწერა. მან მაინც ჩაიდო ჯიბეში მონეტა, რომელიც შემდეგ ჰოლანდიელ მარშალ კეიტს უსახსოვრა.
|
კაზანოვა |
ისტორიულ დოკუმენტებში სენ-ჟერმენის სახელი 1745 წელსაა ნახსენები, როცა ის ინგლისში დააპატიმრეს იმის გამო, რომ სტიუარტთა მხარდამჭერი წერილები ჩაიტანა. გრაფმა რამდენიმე დღე გაატარა შინაპატიმრობაში. 1746 წელს მან დატოვა ლონდონი და თორმეტი წლით გაქრა. ინფორმაცია, თუ სად გაატარა ეს წლები, არ არსებობს.
საფრანგეთში სენ-ჟერმენზე გარკვევით არაფერი იცოდნენ. მხოლოდ ხმები დადიოდა, რომ ძალიან მდიდარი და ფენომენალური უნარების პატრონი იყო. ლუდოვიკო XV-მ მისგან მიიღო უცნაური წერილი. გრაფი წერდა, რომ "მეფეს შესაძლოა ის დასჭირვებოდა რაღაც მიზეზთა გამო, რაშიც მას შეეძლო დახმარების გაწევა". მეფე დაინტერესდა რით შეიძლება დახმარებოდა ეს უცნაური პიროვნება. მიუხედავად ახლობელ არისტოკრატთა წრის უარყოფითი დამოკიდებულებისა, ლუდოვიკომ ის საფრანგეთში მიიპატიჟა და შამბორის ციხესიმაგრე დაუთმო. სანაცვლოდ სერ-ჟერმენი დაჰპირდა, რომ მისი კეთილდღეობისთვის ყველაფერს გააკეთებდა. გრაფმა შამბორში ლაბორატორია მოაწყო და ასისტენტები დაიქირავა.
სენ-ჟერმენზე სხვადასხვა ზღაპრული ამბები ვრცელდებოდა ხალხში: ის 500 წლის იყო, მან შეიმეცნა ფილოსოფიური ქვის საიდუმლო. დიდ ინტერესს იწვევდა "სენ-ჟერმენის სარკე"-მაგიური არტეფაქტი, რომელშიც შესაძლებელი იყო მომავლის დანახვა. თითქოს მასში გრაფმა ლუდოვიკო XV-ს დაანახა მისი შთამომავლობა, მეფემ გონება დაკარგა, როცა თავმოკვეთილი შვილიშვილი დაინახა. საფრანგეთის მეფეს სურდა გრაფის გამოყენება საკუთარი მიზნებისთვის, თუნდაც სხვადასხვა ლითონების ოქროდ გარდაქმნის საიდუმლოს გარკვევა. ამასთან,ლუდოვიკოს მოწამვლის შიში ჰქონდა და აინტერესებდა არსებობდა თუ არა უნივერსალური ანტიდოტი. სენ-ჟერმენი პირდაპირ არ პასუხობდა მეფეს, მაგრამ პირობას აძლევდა რომ დაეხმარებოდა.
შესაძლოა ზოგიერთი დაუჯერებელი ისტორია, რომელიც სენ-ჟერმენის სახელს უკავშირდება, "კოლექტიური შემოქმედების" ნაყოფიც იყო. ცნობილია გრაფის რამდენიმე ორეულის არსებობის შესახებ-სავარაუდოდ თაღლითები. ის ხშირად მიემგზავრებოდა საფრანგეთიდან, რომელიც მის სათაო -ბინად იქცა. ჩნდებოდა ევროპის ქალაქებში სხვადასხვა სახელით. ხან მარკიზ დი მონფერა იყო, ხან გრაფი ბელამარი, მარკიზ დ'აიმარი, ფონ შენინგი, ლორდი უელდონი და ა.შ.
სენ-ჟერმენმა სახელი გაითქვა წინასწარმეტყველებითაც. სავარაუდოდ ეს ფენომენალური უნარი ჯადოსნური სარკის წყალობა იყო, რომელშიც ის მომავალს , ადამიანთა და სახელმწიფოთა ბედს ხედავდა. ლეგენდის მიხედვით, ჯადოსნური სარკე ოდესღაც ნოსტრადამუსს ეკუთვნოდა. ამ სარკის არსებობაზე წერდა ეკატერინე მედიჩიც. როცა ნოსტრადამუსმა მას აჩვენა ეს მაგიური ნივთი, ეკატირინემ მასში ბართლომეს ღამის სისხლიანი მოვლენები და ჰენრიხ III-ის სიკვდილი დაინახა.
იდუმალი გრაფის მომავლის წინასწარმეტყველების უნარმა, საწამლავებისა და ანტიდოტების ცოდნამ მიიპყრო მეფის ფავორიტ მარკიზა დე პომპადურის ყურადღება. მარკიზამ სცადა ქალური შარმით მოეხიბლა ის, ვინაიდან იცოდა რომ სხვა საშუალებები გრაფთან არ სჭრიდა. პომპადურმა ისიც იცოდა, რომ არისტოკრატ მანდილოსანთა მხრიდან გრაფის ცდუნების ყველა ცდა უშედეგოდ დასრულდა. ამ შემთხვევაში, მარკიზას აზარტი ამოძრავებდა. მაგრამ ცდა უშედეგოდ დასრულდა, უფრო მეტიც, სენ-ჟერმენმა ქალს გარდაცვალების დღე დაუსახელა. საკვირველი არაა, რომ ამის შემდეგ, მარკიზამ შეიძულა გრაფი.
|
მარკიზა დე პომპადური |
ბევრი სენ-ჟერმენს ჯაშუშად თვლიდა, რომელიც ფულადი ანაზღაურებით ევროპელი მონარქების დელიკატურ დავალებებს ასრულებდა. გრაფს შეეძლო ყოფილიყო არაოფიციალური დიპლომატიური კურიერი ან საიდუმლო მოლაპარაკებების შუამავალი. თითქოს სწორედ ამ საქმიანობიდან ჰქონდა მას სოლიდური შემოსავლები. ეს ვერსია შესაძლოა გონივრულიცაა, მაგრამ ბევრ გამოცანას ვერ ხსნის, რომელიც სენ-ჟერმენის სახელს უკავშირდება. ხანდახან გრაფს აპატიმრებდნენ, მაგრამ ყოველთვის ბოდიშის მოხდით ათავისუფლებდნენ.
სენ-ჟერმენი დიდხანს მოგზაურობდა ევროპის გარშემო. 1770 წელს კვლავ პარიზში დაბრუნდა. თუმც ლუდოვიკო XV-ის გარდაცვალების შემდეგ დატოვა საფრანგეთი და გაემგზავრა გერმანიაში. ამის მერე, ის თითქოს გაორდა. ერთი სენ-ჟერმენი ცხოვრობდა კარლ-ჰესენ-კასელელთან, რომელიც ალქიმიისა და საიდუმლო მეცნიერებების ვნებიანი თაყვანისმცემელი იყო. შემდეგ გაემგზავრა ეკერნფორნში, გოლშტეინში, სადაც საეკლესიო ჩანაწერის მიხედვით 1784 წელს გარდაიცვალა. დაკრძალვის ადგილი უცნობია.
მეორე სენ-ჟერმენი კი ჯერ გაემგზავრა შლეზვიგ-გოლშტეინში, სულ მარტოდმარტო გაატარა იქ რამდენიმე წელი თავის კუთვნილ ციხესიმაგრეში, ამის მერე, გაემგზავრა კასელში, სადაც ასევე გარდაიცვალა, ოღონდ 1795 წელს. საფლავი ამ შემთხვევაშიც უცნობია.
ამ ცნობისმოყვარე სუბიექტის უცნაურ გარდაცვალებას შეუძლებელია არ გამოეწვია აზრთა სხვადასხვაობა. გარდაცვალების წლად ითვლება 1784 წელი, თუმც არსებობს ჩვენებები ადამიანებისა, ვინც შეხვედრია სენ-ჟერმენს ოფიციალური გარდაცვალების შემდეგ. 1785 წელს შედგა მასონთა შეხვედრა პარიზში. შემორჩენილია მონაწილეთა სია, რომელთა შორის აღნიშნულია სენ-ჟერმენიც. 1788 წელს გრაფ დე შალონი ვენეციაში შემთხვევით შეხვდა გარდაცვლილს წმ. მარკოზის მოედანზე და დიდხანს ესაუბრა მას.
1814 წელს, მოხუცი არისტოკრატი მადამ დე ჟანლისი, რომელიც ახალგაზრდობაში კარგად იცნობდა სენ-ჟერმენს, შეხვდა მას ავსტრიის დედაქალაქში, სადაც იმ დროს მიმდინარეობდა ვენის კონგრესი. გრაფი სრულიად არ იყო შეცვლილი. მაგრამ როცა მოხუცი ქალი მივარდა მასთან და კითხვების დასმა დაუწყო, გრაფმა შეინარჩუნა თავაზიანობა და რამდენიმე წუთში უკან დაიხია. შესაძლოა, ეს პიროვნება ჰგავდა სენ-ჟერმენს და ზრდილობის გამო არ მოისურვა ქალის განერვიულება.
სენ-ჟერმენს მიეძღვნა ბევრი წიგნი, როგორც აღფრთოვანებულ-იდეალისტ პანეგირიკებისგან, ასევე შედარებით ობიექტური მკვლევარებისგან. შემონახულია უამრავი მემუარული ლიტერატურა, რომელთა ავტორები ან პირადად შეხვედრიან სენ-ჟერმენს, ან ისეთ ადამიანებთან ჰქონიათ კონტაქტი ვინც მას იცნობდა. მაგრამ ავთენტურ დოკუმენტებს, რომელიც ამ პიროვნებას ეკუთნოდა ჩვენამდე არ მოუღწევია.
1871 წელს პარიზის კომუნის დროს, ქალაქის პოლიციის პრეფექტურაში გაჩნდა ხანძარი. ყველაზე სამწუხაროა ის, რომ დაიწვა ბიბლიოთეკა, სადაც ერთი დარბაზი ეთმობოდა სენ-ჟერმენის სახელთან დაკავშირებულ დოკუმენტებს. ოც წელზე მეტ ხანს გროვდებოდა ეს კოლექცია პირადად ნაპოლეონ III-ის ბრძანებით. იქ ინახებოდა მთელი რიგი უნიკალური წყაროები ერთ ეგზემპლარად: დოკუმენტური მტკიცებულებები და გრაფის თანამედროვეთა დღიურები, მისი წერილები, პირადი ნივთები. მათი უმეტესობა ვერ მოხვდა ისტორიკოსების ხელში.
|
ნაპოლეონ III |
ერთ-ერთ მნიშვნელოვან წყაროდ ფრანგულ ხანასთან დაკავშირებით ითვლება გრაფინია დ'ადემარის "მოგონებები". ეს ქალბატონი დიდი ხნის განმავლობაში იყო დედოფალ მარია ანტუანეტას სეფექალი. ამ წიგნში ბევრი საინტერესო ინფორმაციაა სენ-ჟერმენზე. თუნდაც, მარია-ანტუანეტას და სენ-ჟერმენის საიდუმლო შეხვედრაზე, რომლის დროს გრაფმა თითქოს 12 წლით ადრე გააფრთხილა მომავალი რევოლუციის საფრთხეზე და ბასტილიის ციხის აღებაზე. დ'ადემარი ასევე წერს სენ-ჟერმენთან შეხვედრის შესახებ 1788 წელს, მისი გარდაცვალების ოფიციალურად გამოცხადებიდან 4 წლის შემდეგ . დ'ადემარი ასევე წერს, რომ ნახა სენ-ჟერმენი მარია-ანტუანეტას სიკვდილით დასჯის დღესაც. ზოგიერთ ისტორიკოსს ეჭვი ეპარება ამ დღიურების ავთენტურობაში.
|
მარია ანტუანეტა |
ერთ-ერთ ყველაზე დიდ გამოცანად რჩება სენ-ჟერმენის ნამდვილი გვარი და წარმოშობა. მოჩვენებითი გრაფი ისე ხშირად იცვლიდა სახეს, რომ ისტორიკოსები საბოლოოდ ვერ არკვევენ ვინ იმალებოდა მრავალრიცხოვანი ნიღბის უკან, რომელიც შეიძლება ორ ჯგუფად დავყოთ-ფანტასტიკური და რეალური.
თეოსოფები და მისტიკოსები სენ-ჟერმენს თვლიან წინასწარმეტყველად შამბალადან, დიდ აღმოსავლელ ადეპტად, ახალი ეპოქის ტაძრის დამაარსებლად. ელენა რერიხი ამტკიცებდა, რომ სენ-ჟერმენი ხელმძღვანელობდა რევოლუციას, რათა მისი საშუალებით მოეხდინა გონებრივი განახლება და შეექმნა ერთიანი ევროპა. არსებობს ამერიკელ პოლკოგანის ცნობილი სურათი , სადაც ელენა ბლავატსკაია გამოსახულია დიდ ჰიმალაელ მაჰათმებთან და სენ-ჟერმენთან ერთად. ცნობილი თეოსოფი ჩარლზ ლედბიდერი ამტკიცებდა, რომ სენ-ჟერმენი რამდენჯერმე გარდაისახა. ერთ-ერთი გარდასახვის დროს ის იყო როჯერ ბეკონი, ასევე ფრენსის ბეკონი და ბოლოს ტრანსილვანიის თავადი ფერენც II რაკოცი.
|
ბლავატსკაია, მაჰათმები და სენ-ჟერმენი |
სენ-ჟერმენის წარმოშობის ყველაზე რეალური ვერსია ეფუძნება მის პირად აღიარებას, რომელიც მან გააკეთა საუბრის დროს მეფე კარლოს ჰესენ-კასელელთან. გრაფმა თითქოს განაცხადა, რომ ის ტრანსილვანიის თავადის ფერენც II რაკოცისა და გრაფინია ტეკელის პირველშობილია. ჯერ კიდევ ჩვილ ასაკში მიაბარეს მედიჩის უკანასკნელ შთამომავალს. როცა გაიზარდა და გაიგო, რომ მისმა ორმა ძმამ მიიღო ტიტული "სენ"-ის დამატებით, გადაწყვიტა აეღო სახელი სენ-ჟერმენი, იმ იტალიური ქალაქის სახელწოდებიდან, სადაც ის იზრდებოდა.
|
ფერენც რაკოცი |
უნგრული ვერსია სენ-ჟერმენის ბევრ გამოცანას ხსნის: მისი არისტოკრატულობა, განათლება, სიმდიდრე. თუმც რაკოცების გენეალოგიის შესწავლისას აღმოჩნდა, რომ ფერენც II არასდროს დაქორწინებულა გრაფინია ტეკელიზე, ხოლო ჰესენ რეინფოლდის პრინცესასთან დაბადებული უფროსი ვაჟი ლეოპოლდ-გეორგი ოთხი წლის ასაკში გარდაიცვალა. შესაძლოა სიკვდილი მოჩვენებითი იყო და გვარის პოტენციური მემკვიდრე საზღვარგარეთ წაიყვანეს, ვინაიდან ფერენც II-ის ორი სხვა ვაჟი აღმოჩნდა ჰაბსბურგთა მძევალი. შესაძლოა, გერმანელს აერია რთული უნგრული სახელები ერთმანეთში.
გავიდა ასეული წლები, სენ-ჟერმენი კი ყველა ცოცხალზე უფრო მეტად ცოცხალია. ზოგიერთ მისტიკოსს სჯერა, რომ უკვდავი გრაფი ისევ დააბიჯებს ცოდვილ დედამიწაზე ჩვენ შორის.
No comments:
Post a Comment