Saturday, 4 December 2021

თეთრი პირამიდა სიანი_ჩინეთი მასზე ბევრ რამეს მალავს


საიდუმლოებით მოცულ თეთრ პირამიდაზე ბევრს ლაპარაკობენ, ჩინეთის ხელისუფლება კი მის შესახებ ყველაფერს მალავს. ჩინური თეთრი პირამიდის არსებობაზე დასავლეთში პირველად შეიტყვეს მე-20 საუკუნის 40-იან წლებში მფრინავი ჯეიმს ჰაუსმანისგან, რომლის თქმით, ქალაქ სიანის მახლობლად დაინახა პირამიდის მსგავსი თეთრი ფერის ნაგებობა. ეს მოხდა 1945 წელს, როცა ის დაფრინავდა ინდოეთსა და ჩინეთს შორის. ფრენის დროს ჰაუსმანმა კარგად დაინახა მრავალი ძვირფასი ქვით მოკაშკაშე პირამიდის წვერი. მფრინავის თქმით, პირამიდა იმდენად უზარმაზარი ჩანდა, რომ სავარაუდოდ ყველაზე დიდი ზომის უნდა ყოფილიყო მსოფლიოში. უფრო მეტიც, იმავე ველზე, ისევ ქალაქ სიანის მახლობლად თვალი მოჰკრა მომცრო ზომის კიდევ ათეულ პირამიდას.

თეთრი პირამიდის ისტორია  1912 წლიდან დაიწყო, როცა ავსტრალიელი ვაჭრები მაიერ შრედერი და ოსკარ მამანი  ქარავნით მიემართებოდნენ აბრეშუმით განთქმული ჩინეთის პროვინცია შანსისკენ. მონღოლეთ-ჩინეთის საზღვართან ახლოს მონღოლმა გამცილებელმა მათ უთხრა, რომ ისინი მალე გაივლიდნენ ძალიან ძველი პირამიდების ახლოს, რომელიც  5000 წლის წინანდელ წიგნებშია ნახსენები. პირამიდები ძველ დედაქალაქ სიან ფუსთან, დღევანდელ სიანთან მდებარეობდა. როცა ამ ტერიტორიას მიუახლოვდნენ, ვაჭრებმა შეამჩნიეს სამი დიდი პირამიდა და მიმდევრობით კიდევ უფრო პატარები. პირამიდის ყოველ წახნაგს სხვადასხვა ფერი ჰქონდა: შავი-ჩრდილოეთი, მწვანე-ლურჯი-აღმოსავლეთი, წითელი-სამხრეთი და თეთრი-დასავლეთი. პირამიდის გაბრტყელებულ წვერზე ყვითელი მიწა იყო დაყრილი. ოდესღაც პირამიდის წახნაგებზე განთავსებული იყო საფეხურები, რომელიც მწვერვალისკენ მიემართებოდა, მაგრამ დროთა განმავლობაში ჩამოინგრა.

ვაჭრები, ის იშვიათი ევროპელები აღმოჩნდნენ, ვისაც გაუმართლა და ნახა პირამიდების კომპლექსი შანსიში. მას მერე არავის არაფერი გაუგია მათ შესახებ. შრედერის ჩანაწერები და სტატია 1963 წელს აღმოაჩინა ახალზელანდიელმა ავიატორმა ბრიუს კეტიმ, რომელმაც თავისი ცხოვრების დარჩენილი დრო დაუთმო ამოუცნობი პირამიდების ძიებას და მათზე ცნობების შეგროვებას. მას ხელში ჩაუვარდა "ევრაზიის" მფრინავ გრაფ ვულფ კასტელის გადაღებული ფოტოები, რომელიც დაფრინავდა ჩინეთის თავზე 1933-1936 წლებში. გრაფმა ფრენის დროს, ქალქ სიანის მახლობლად შეამჩნია 16 პირამიდა, ერთი მათგანი, ყველაზე მაღალი თეთრი იყო. კასტელმა გადაიღო რამდენიმე ფოტო. შინ დაბრუნების შემდეგ გადაწყვიტა მათი გაზეთში გამოქვეყნება, მაგრამ ამ სურვილს უცნაურობები მოჰყვა. მოხვდებოდა თუ არა ფოტოები რედაქციაში, რაღაც მიზეზით იკარგებოდა ან რედაქტორი უარს ამბობდა მათ დაბეჭდვაზე.

1937 წელს, ერთმა გაზეთმა გადაწყვიტა ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ საგანგაშო წინასაომარი მდგომარეობის დროს სენსაცია შეუმჩნეველი დარჩა. შემდეგ გაზეთის რედაქტორი უცნაური დაავადებით გარდაიცვალა, ხოლო მოგვიანებით, გაურკვევლ ვითარებაში საკუთარ ბინაში მოკლეს ვულფ კასტელი.

კეტიმ გადაწყვიტა საქმე ბოლომდე მიეყვანა. ის გაფრინდა ჩინეთში, ზემოდან გადაიღო რამდენიმე ფოტო თუ არა, მოულოდნელად აღმოაჩინა, რომ მისი თვითმფრინავი წყობიდან გამოვიდა, გაუჩნდა ხანძარი და პილოტი იძულებული გახდა გადმომხტარიყო პარაშუტით. კეტი იპოვეს ადგილობრივებმა და წაიყვანეს პოლიციაში. კაპიტანი გამოაძევეს ჩინეთიდან. მან მოახერხა ფირების გადამალვა და შინ დაბრუნებულმა გამოაქვეყნა სენსაციური მასალა. ამის შემდეგ მან ჩინეთის ხელისუფლებისგან მიიღო ოფიციალური წერილი, რომელშიც მფრინავს არაორაზროვნად აფრთხილებდნენ დაევიწყებინა ყველაფერი რაც ნახა, ვინაიდან არანაირი პირამიდები შანსიში არ არსებობდა. კეტი მაინც აგრძელებდა კვლევას, მაგრამ მალე ის მეტად უცნაურ ვითარებაში გაიტანა სატვირთო მანქანამ.

1947 28 მარტის გაზეთ The New York Times-ში დაიბეჭდა ამ პირამიდის შავ-თეთრი ფოტო ბრტყელი წვერით, რომელიც წააგავდა აცტეკთა პირამიდას. ჟურნალისთა თქმით, ეს ფოტო ჰაუსმანის მიერ  ჩინეთზე გადაფრენის დროს იყო გადაღებული. მაგრამ ფოტოზე აღბეჭდილი პირამიდა არაფრით ჰგავდა ჰაუსმანის აღწერილ პირამიდას. ამიტომ ამ ფოტომ გამოიწვია საზოგადოების იმედგაცრუება. გაჩნდა ეჭვი, რომ ამ სურათს არანაირი კავშირი აქვს თეთრ პირამიდასთან და მასზე სიანის ველის სხვა პირამიდაა გამოსახული.


მოულოდნელად ჰაუსმანის ისტორია და ფოტო მკაცრად გასაიდუმლოებული აღმოჩნდა. თითქოს. არცერთი გაზეთი და ჟურნალი აღარ აქვეყნებდა მას და ასე გრძელდებოდა 45 წელი. ზოგიერთთა აზრით, ეს ისტორია განგებ "დაიმარხა" ამერიკის შეიარაღებული ძალების საიდუმლო სამსახურის არქივებში.

მას მერე,  დასავლეთის ბევრი მკვლევარი ცდილობდა სიანის თეთრ პირამიდაზე ინფორმაციის ამოხსნას, მაგრამ ვერავინ მიაღწია ამ საქმეში წარმატებას. თეთრი პირამიდის ფოტოს მოპოვებაც კი ძალიან ძნელი გახდა. არსებობს მხოლოდ სიანის ველის სხვა პირამიდების რამდენიმე  ჩვეულებრივი და თანამგზავრიდან გადაღებული ფოტო.



ზოგიერთს მიაჩნია, რომ მთავარი პრობლემა მდგომარეობს პირამიდების რთულად მისასვლელ  მდებარეობაში. მათთან მისასვლელად საჭიროა მაღალი მთებისა და ხეობების გადალახვა, მაგრამ ეს მიზეზი უფრო განზრახ მოგონილს ჰგავს.

ჩინეთის პირამიდებზე მეტნაკლებად დაწვრილებითი ინფორმაციის მოპოვება ძალიან ძნელია, შეუძლებელიც კი. ცნობილია მხოლოდ, რომ ზოგიერთ პირამიდას თავად ჩინეთში თვლიან უძველეს სამარხ კომპლექსად. ამ პირამიდების უმეტესობას ეწოდება არა პირამიდა, არამედ ყორღანი, სადაც განისვენებენ ჩინეთის სამეფო ოჯახის წევრები. მათი ნახვაც კი რთულია, ვინაიდან ყორღანთა უმეტესობაზე გაზრდილია ბუჩქნარი და ხეები. ფართო საზოგადოებისთვის დასათვალიერებლად მხოლოდ ერთეულებია გახსნილი.


მსოფლიო პრესაში გამოჩნდა ჩინელ არქეოლოგთა ცნობა. მიწისძვრების შედეგად, ქვეყნის ერთ-ერთ რაიონში, ქალაქ უჰანთან ახლოს, ქანების მოძრაობის შედეგად ზედაპირზე გამოჩნდა სამი კონუსისებრი პირამიდა. ყველაზე დიდი 300 მ. სიმაღლის, დანარჩენი ორი- 157 მ. ერთ-ერთი პირამიდის საძირკველთან მეცნიერებმა აღმოაჩინეს გასასვლელი, რომელმაც ისინი მიიყვანა მიწისქვეშა ლაბირინთში და შემდეგ დიდ დარბაზში, რომლის კედლები დაფარული იყო გაუგებარი ნახატებით. ჩინეთის ხელისუფლებამ მაშინვე უარყო ეს ინფორმაცია. პირამიდის ფერდობებზე დარგეს სწრაფად მზარდი ბუჩქნარი და ხეები. მაგრამ გერმანელმა არქეოლოგმა ჰარტვიგ ჰაუსდორფმა და ავსტრიელმა პეტერ კრასმა მაინც აღწერეს პირამიდების ველი და გადაუღეს ფოტოები ცნობილ თეთრ პირამიდას, რომელიც ქალაქ სიანის მახლობლად მდებარეობს. არქეოლოგებმა ადგილობრივებისგან შეიტყეს, რომ ლეგენდის მიხედვით, ოდესღაც პირამიდის მწვერვალი დაფარული იყო ოქროთი.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ყველაზე უძველესი ჩინური პირამიდები არანაკლებ 8 ათასი წლისაა. კონსპიროლოგებს მიაჩნია, რომ  ჩინური პირამიდების გადამეტებული გასაიდუმლოების ახსნა შეიძლება მხოლოდ იმით, რომ იქ რაღაც უცნაურია დაფარული.
 
2000 წელს ჩინეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ქალაქ სიანის ჩრდილოეთით მდებარეობს დაახლოებით 400 პირამიდა, თუმც მათ შორის, არ უხსენებია დიდი თეთრი პირამიდა. ამავე განცხადების მიხედვით, ზღუდავენ ტურისტების მისვლას ძველ პირამიდებთან, რაც მხოლოდ და მხოლოდ ნაგებობის და არტეფაქტების დაზიანების უსაფრთოხოების დაცვის მიზნითაა განპირობებული. ამავე მიზეზით არ უშვებენ პირამიდებთან არქეოლოგებსა და ისტორიკოსებს.

ამ ცოტა ხნის წინ, ჩინეთის ხელისუფლებამ თეთრი პირამიდის ირგვლივ არსებული ტერიტორია, ეროვნული უსაფრთხოების მიზეზით, გამოაცხადა დახურულ ზონად. იქ აშენდა რაკეტების სასტარტო მოედანი და იქიდან დედამიწის ხელოვნური თანამგზავრები გადიან ორბიტაზე. ერთ-ერთმა წამყვანმა ჩინელმა არქეოლოგმა ჰია ნაიმ კი განაცხადა, რომ პირამიდებს არ იკვლევენ, ვინაიდან ეს მომავალი თაობების საქმეა.






No comments:

Post a Comment