უძველესი დროიდან ყველა კულტურაში დადიოდა ლეგენდები გოლიათებზე, რომლებსაც ჩვენი შორეული წინაპრები ხედავდნენ და თაყვანსაც სცემდნენ როგორც ღმერთებს. მათზე საუბარია ბიბლიაშიც, მაგრამ ისინი, როგორც ჩანს, დროში გაუჩინარდნენ და ახლა მათზე მოარულ ამბებს მითებად ყვებიან.
არსებობდა თუ არა ნამდვილად გოლიათთა რასა? ამის შესახებ ბევრი თეორია და სავარაუდო მტკიცებულება არსებობდა, რომელსაც დროდადრო გათხრების დროს მიწიდან იღებდნენ ჩონჩხის სახით. ამ ჩონჩხებიდან არცერთს მოუღწევია ჩვენამდე ამა თუ იმ მიზეზის გამო, ან მალავდნენ მუზეუმების სარდაფებში.
ჩრდილეთ ამერიკის ინდიელთა ტომის პაიიუტების ლეგენდებში ნახსენებია თეთრკანიანი გოლიათები მწითური თმით. ადგილობრივ ინდიელებს მათთან მუდმივი ომი ჰქონდათ, ვინაიდან გოლიათები კანიბალები იყვნენ და იტაცებდნენ ინდიელ ქალებს. ისინი ცხოვრობდნენ ახლანდელი ნევადის შტატის ტერიტორიაზე.
პაუნის ტომის ინდიელთა ლეგენდა კი გვაუწყებს, რომ დედამიწაზე პირველი ადამიანები იყვნენ გოლიათები. ისინი იმდენად მაღლები იყვნენ, რომ ბიზონებიც კი ერთი ბეწონი ჩანდნენ მათ გვერდით. ამ გოლიათებს არაფრის ეშინოდათ და შემოქმედს არ აღიარებდნენ. ამიტომ ისე იქცეოდნენ, როგორც მოესურვებოდათ და შედეგებზე არ ფიქრობდნენ. ბოლოს და ბოლოს შემოქმედს მობეზრდა და გადაწყვიტა გოლიათების დასჯა. მოუვლინა წარღვნა, დედამიწა წყლით დაიფარა, გოლიათები წყალში დაიღუპნენ.
ჩიპევას ტომის ინდიელებში შემორჩენილია გადმოცემა, რომლის მიხედვით, პირველნი ამ მიწაზე ცხოვრობდნენ შავწევროსანი გოლიათები. მოგვიანებით მოვიდნენ სხვები, ჟღალწვერა გოლიათები. მათ გაანადგურეს შავწვეროსნები და დაიპყრეს ეს მიწები. მსგავსი ლეგენდები ჩრდილოეთ ამერიკის ინდიელებში ბევრია შემორჩენილი.
1885 წელს, გამოცემაში "American Antiquarian" გამოქვეყნდა სტატია. სმითსონის ინსტიტუტის მკვლევართა ჯგუფმა პენსილვანიის შტატში გათხრების დროს აღმოჩენილ სამარხში ნახეს 2.18 მ. კაცის და სხვადასხვა სიმაღლის ბავშვთა ჩონჩხები. მამაკაცს შუბლზე მოუჩანდა სპილენძის გვირგვინი. ბავშვის ჩონჩხებს ამშვენებდა ძვლის მძივები. სტატიაში ეწერა, რომ ამ აღმოჩენას მოჰყვებოდა კონტინენტის ისტორიის გადახედვა, თუმც მსგავსი არაფერი მომხდარა. ყველა მონაპოვარი შეიფუთა და გაიგზავნა სმითსონის ინსტიტუტში. გამოკვლევა აღარ გაგრძელებულა ან აღარ გახმაურებულა.
გოლიათების ყველაზე მასობრივი სამარხი აღმოჩნდა 1871 წელს. დანიელ ფრედინბურგი მეგობრებთან ერთად ატარებდა მიწის სამუშაოებს თავის რანჩოზე ქალაქ კაიუგასთან (ნიუ იორკის შტატი). დაახლოებით ორი მეტრის სიღრმეზე ისინი წააწყდნენ დიდ სამარხს. სამარხი უბრალო ორმოებში იყო მოწყობილი. ასეთი სამარხი 200-მდე აღმოჩნდა. ყველა ძვალი ეკუთვნოდა გოლიათი ზომის ადამიანს, დაახლოები 2.5მ, ზოგიერთი 3 მ-ც იყო. ყველა ჩონჩხზე აღმოჩნდა ქვის მძივები. სამარხში იყო ქვის ცულები და ინდიელებისთვის დამახასიათებელი დიდი ჩიბუხები. ბევრ თავის ქალას ეტყობოდა ძალადობის კვალი. სამარხის აღმოჩენამ ადგილობრივ მოსახლეობაში გამოიწვია დიდი დაინტერესება, დაიწყეს თვითნებური გათხრები ოქრო-ვერცხლის მოპოვების მიზნით. დაიკარგა ბევრი თავის ქალა. რანჩოს მეპატრონე იძულებული გახდა მიწით ამოევსო გათხრების ადგილი. ახალი კვლევები იქ აღარ ჩატარებულა.
ერთ-ერთი ყველაზე სენსაციური განაცხადი გაკეთდა პატარა კუნძულზე, რომელიც მდებარეობს კალიფორნიის სანაპიროზე. თურმე აქაც ოდესღაც ცხოვრობდნენ უჩვეულო სიმაღლის ადამიანები.
ლოს-ანჯელესიდან 35 კმ-ის მოშორებით, წყნარ ოკეანეში მდებარეობს კლდოვანი კუნძული სანტა-კატალინა იგივე კატალინა. ჩვ.წ.აღ-მდე 7000 წლის წინ იქ ცხოვრობდნენ ტონგას ტომის ინდიელები. 1542 წელს კუნძული დაიპყრეს ესპანელებმა, მოგვიანებით ის გადავიდა მექსიკის შემადგენლობაში, ხოლო შემდეგ მიუერთდა აშშ-ს. 1920 წლიდან კუნძული იქცა ტურისტულ კურორტად.
1896 წელს კუნძულზე საცხოვრებლად ჩავიდა გლიდენის ოჯახი. მათი ვაჟი რალფი დაინტერესდა ინდიელთა არტეფაქტებით და შეუდგა უძველესი კულტურის ნარჩენების ძიებას კუნძულზე, მათ შორის იყო ინდიელთა სამარხებიც. მას მერე, რაც შემთხვევით რალფმა ინდიელის თავის ქალა აღმოაჩინა, ამ საქმიანობამ უფრო მეტად გაიტაცა.
მალე ის მოყვარულ არქეოლოგად იქცა, თხრიდა ინდიელთა სამარხებს კუნძულზე. ამ გათხრების დროს, მან თითქოს აღმოაჩინა 800 საიდუმლო ინდიელთა სამარხი და ბევრი არტეფაქტი, რელიკვია, ძვლები. ამ ძვლებს და არტეფაქტებს რალფ გლიდენი ყიდიდა სხვადასხვა მუზეუმებსა და კოლექციონერებზე.
კუნძულის მეპატრონეს აკრძალული ჰქონდა ძვლებისა და არტეფაქტების გაყიდვა, გამოაცხადა ისინი ჩიკაგოს ფილდის მუზეუმის საკუთრებად. თუმც ორგანიზაციამ Heye Foundation, რომელსაც გლიდენმა ადრე მიჰყიდა დიდი რაოდენობით რელიკვიები და ნაშთები, გააფორმა ხელშეკრულება მუზეუმთან კატალინაზე გათხრების წარმოების შესახებ. ამ საქმიანობაში სწორედ ის დაწინაურდა, რამაც გლიდენს მისცა უფლება შეუზღუდავად გაეგრძელებინა გათხრები.
მისდა სამწუხაროდ, 1924 წელს Heye Foundation შეწყვიტა გათხრების დაფინანსება, ამიტომ გლიდენი იძულებული გახდა ემუშავა მარტო. გახსნა საკუთარი აღმოჩენების მუზეუმი ქალაქ ავალონში კუნძულ კატალინაზე, რომელსაც უწოდა "კუნძულის ინდიელთა კატალინას მუზეუმი". მუზეუმი საკმაოდ პირქუშად გამოიყურებოდა. იქ გამოფენილი იყო ინდიელთა უამრავი ჩონჩხი, რომელიც საშინელ შთაბეჭდილებას ტოვებდა, მაგრამ ბევრ ცნობისმოყვარეს იზიდავდა.
მაგრამ გლიდენმა სახელი გაითქვა არა როგორც ინდიელთა ჩონჩხების მუზეუმის მფლობელმა, არამედ როგორც პიროვნებამ ვინც განაცხადა, რომ კუნძულ კატალინაზე უძველეს დროს ცხოვრობდნენ გოლიათი ადამიანები. მისი თქმით, გათხრების დროს ის წააწყდა რამდენიმე ჩონჩხს კუნძულის სხვადასხვა ადგილზე, რომლებიც ნორმალურ ადამიანზე ბევრად მაღალი იყო.
ბევრი სავარაუდო გოლიათის ჩონჩხი დაკრძალული იყო რიტუალური ფორმით ურნებში. ამიტომ ამის გათვალისწინებით, გლიდენმა ივარაუდა, რომ ადგილობრივები მათ თაყვანს სცემდნენ როგორც ღმერთებს.
რა თქმა უნდა, მისი მონაპოვარი დაუფარავი სკეპტიციზმითა და უნდობლობით მიიღო სამეცნიერო არქეოლოგიურმა საზოგადოებამ. მეცნიერებმა ასეთ განაცხადს გლიდენის საბოლოო სასოწარკვეთილი ცდა უწოდეს და სარეკლამო ტრიუკი ახალი გათხრების ფინანსების მოსაპოვებლად. ამის გამო, არცერთმა პროფესიონალმა არქეოლოგმა არ მოისურვა კუნძულ კატალინაზე გამგზავრება რათა ენახა ჩონჩხები. ზოგიერთმა ადგილობრივმაც გამოთქვა ეჭვი აღმოჩენისადმი. ამის შესახებ საკუთარი აზრი გამოთქვა ავალონის მხარეთმცოდნე ჯინ ჰილმა:
ეს (მუზეუმი) დამთრგუნველი იყო და ძალიან საშიში. ძვლები ყველგან იყო დახროვილი. ერთ-ერთ თავის ქალაში სინათლე ენთო. წლების შემდეგ, ბევრ რამეზე გამიჩნდა ეჭვი რალფ გლიდენის მიმართ. ერთხელ, აღმოვაჩინე რამდენიმე ქვითარი, რაც ადასტურებდა, რომ ჩონჩხები მან შეიძინა ლოს-ანჯელესში, ბროდვეიზე, სუვენირების მაღაზიაში.
ადრე, კუნძულის ჩრდილოეთ ნაწილში ასევე აღმოჩნდა ყალბი არქეოლოგიური გათხრების ადგილი, რომელიც როგორც ვარაუდობდნენ ეკუთვნოდა რალფს. იყო თუ არა ის ყალთაბანდი? რას იზამ, ასე ამბობდნენ მასზე.
გლიდენის ფანტასტიკური აღმოჩენების მთავარი პრობლემა გახლდათ საკმარისი მტკიცებულებების არარსებობა, რაც მის სიმართალეს დაამტკიცებდა. მაგრამ იყვნენ ისეთებიც, ვინც მრავალი წლის განმავლობაში აცხადებდა, რომ საკუთარი თვალით ნახეს გლიდენის ჩონჩხები.
გლიდენის კოლექციის ზოგი ძვლები სავარაუდოდ გააგზავნეს კალიფორნიის უნივერსიტეტსა და სმითსონის ინსტიტუტში, მაგრამ მათი წარმომადგენელები უარყოფდნენ ასეთი ნიმუშების არსებობას კოლექციებში.
მიუხედავად ამისა, გამოითქვა ვარაუდი, რომ არტეფაქტები ნამდვილად ჩაკეტილია საველე ანგარიშებთან და ფოტოებთან ერთად ზესაიდუმლო საცავებში. ფაქტია, რომ ოფიციალურად არცერთი ჩონჩხი არ წარმოუდგენიათ მტკიცებულების სახით და გაურკვეველია რა დაემართა ამ სავარაუდო ექსპონატებს.
უკანასკნელ წლებში ყველაზე მნიშვნელოვან აღმოჩენად იქცა ყუთი წარწერის გარეშე, რომელიც შემთხვევით ნახეს კატალინას მუზეუმის არქივში 2012 წელს, სადაც ინახებოდა გლიდენის უამრავი ჩანაწერი ექსპედიციებზე, ზოგიერთი ძველი რელიკვიის ფოტოები და ადგილობრივთა ნაშთები და თითქოს გოლიათთა ჩონჩხებიც.
გლიდენის გოლიათთა ფოტოების სანდოობა ხშირად სადავოა. პარანორმალური მოვლენების მკვლევარი ლ. მარზულის აზრით, ერთი ფოტოს დეტალური ანალიზი აჩვენებს, რომ გამოსახული ჩონჩხი რეალური იყო და სიცოცხლეში მართლაც ძალიან მაღალ ადამიანს ეკუთვნოდა. მაგრამ სხვები ამტკიცებენ, რომ ფოტო ყალბია. მერზული ასევე ამბობდა, რომ ერთ-ერთი გოლიათის ჩონჩხზე აშკარად ჩანდა 6 თითი.
როგორც ირკვევა, ძველად ამერიკის ტერიტორიაზე ინდიელებთან მეზობლად ცხოვრობდნენ გოლიათ ადამიანთა ტომები. ინდიელთა საშუალო სიმაღლე 160 სმ. იყო. რა თქმა უნდა, მათთვის 2 მ-ზე მეტი სიმაღლის ადამიანები გოლიათები იქნებოდნენ.
გადმოცემებით, ისინი კანიბალები იყვნენ, მაგრამ საკმაოდ განვითარებული ჰქონდათ მატერიალური კულტურა, სპილენძის მეტალურგია. ჩანს, გოლიათთა სხვადასხვა ტომი განვითარებით სხვადასხვა დონეზე იყო, ისევე როგორც მათი მეზობელი ინდიელები. სავარაუდოდ, მათ შორის შერეული ქორწინებებსაც ჰქონდა ადგილი. ამ თვალსაზრისით უნდა აღინიშნოს, რომ გოლიათთა ზოგიერთო ანთროპოლოგიური თავისებურება-კბილების ორმაგი რიგი და ექვსი თითი კიდურებზე ხანდახან იჩენს თავს ზოგიერთ ადგილობრივში დღესაც. 1949 წელს ეკვადორის ჯუნგლებში აღმოჩნდა ტომი ვაიორანი. ამ ტომის წარმომადგენლები ჩვეულებრივი სიმაღლისანი იყვნენ, მაგრამ უმეტეს მათგანს გააჩნდა კბილების ორი რიგი და კიდურებზე ექვსი თითი, ისევე როგორც ამ სურათებზეა.
No comments:
Post a Comment