კერ-ისი-ერთ-ერთი ყველაზე გამოუცნობი წყალქვეშა ქალაქი, რომელიც ჩაიძირა საფრანგეთის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროზე დაახლოებით მე-5 საუკუნის პირველ ნახევარში. ქალაქი დაარსა და სამეფოს დედაქალაქად აქცია გრადლონ დიდმა, რომელიც მართავდა ახლანდელ ბრეტონს შორეულ წარსულში.
გადმოცემის თანახმად, კერ-ისი ფერიებმა ააშენეს და მათ ეკუთვნოდა, მაგრამ ისინი კეთილგანწყობილი იყვნენ გრადლონისადმი და დაუთმეს საკუთარი სამფლობელოს ნაწილი მას. ქალაქი თვალსადახელშუა გაიზარდა. მალე, კელტურ მიწებზე სიმდიდრითა და სილამაზით მისი ბადალი ქალაქი არ მოიძებნებოდა. ზღვის მხრიდან ქალაქს დამბა და კაშხალი იცავდა, რომლის ჩასაკეტ გასაღებს მეფე კისერზე ჩამოკიდებულს ატარებდა.
გადმოცემით, მეფე სიყმაწვილეში წარმართი იყო. სწორედ მაშინ შეიყვარა ფერია, რომლისგანაც ქალიშვილი დაჰუთი შეეძინა. გრადლონი დროთა განმავლობაში მოექცა ქრისტიანობაზე. მეუღლე-ფერიამ მიატოვა და ის კერ-ისში მარტო დარჩა ქალიშვილთან ერთად.
მეფე გრადლონ დიდის ნათლია გახლდათ ბრძენი წმინდანი გვენოლე. მოგვიანებით ის მეფის მეგობარი და დამხმარე გახდა. მეორე ვერსიით, სწორედ მისი რჩევით ააგო ქრისტიანული ქალაქი კერ-ისი გრადლონმა, რომელსაც ამშვენებდა სამლოცველოები და ტაძრები. მალე მეფემ კერ-ისის მმართველობა გადაულოცა თავის ერთადერთ ქალიშვილ დაჰუთს. მამისგან განსხვავებით, მეფის ქალიშვილი ბოროტი და შეუბრალებელი იყო.
შეუზღუდავი ძალაუფლების ხელში ჩაგდების შემდეგ, დაჰუთი შეუდგა ქალაქში საკუთარი წესების შემოღებას. ახალისებდა ტყუილს, უსაქმურებას და გარყვნილებას. თავად ეძლეოდა გარყვნილებას, თითქმის ყოველდღე იცვლიდა საყვარლებს. როცა საყვარელი ბეზრდებოდა, შავი საქმის შემსრულებელი მოსამსახურეები ახრჩობდნენ უიღბლო ჭაბუკს და ღამით, ქარიშხლიან ამინდში აგდებდნენ ზღვაში.
მოხდა ისე, რომ დაჰუთს შეუყვარდა უცნობი მამაკაცი. ვინ იყო მისი რჩეული არავინ იცოდა. წითელლაბადიანი მომხიბვლელი მამაკაცი ქალაქში მოულოდნელად გამოჩნდა. დაჰუთს ეგონა, რომ მასაც ისევე ადვილად მოხიბლავდა როგორც სხვებს, მაგრამ შეცდა. ახალგაზრდა მამაკაცი მის მიმართ გულგრილობას იჩენდა. ქალი მზად იყო ყველაფერზე წასულიყო მის გამო. მამაკაცმა მას გრადლონის კისრიდან იმ კარის გასაღების მოპარვა მოსთხოვა, რომელიც ქალაქს წყალსაცავისგან იცავდა. დაჰუთისთვის ამ სურვილის შესრულება სირთულეს არ წარმოადგენდა. ქალიშვილი შეიპარა მამის საძინებელში და ჩუმად მოხსნა მამას კისრიდან გასაღები. როგორც კი გასაღები მიუტანა სატრფოს, მან მაშინვე ხელი სტაცა გასაღებს და მუჯლუგუნი ჰკრა დაჰუთს, გაიქცა საიდუმლო კარისკენ, გააღო და უკვალოდ გაქრა.
გაიღო თუ არა კაშხლის კარი, აზვირთებული წყლის მასა შემოვარდა, უზარმაზარმა ტალღებმა გადაუარა ქალაქს. გრადლონს ეძინა და წმინდა გველონემ გააღვიძა ის. მეფემ მოასწრო ცხენზე შეხტომა და დასაღუპად განწირული ქალაქი დატოვა. გზად შვილი შემოეყარა, სტაცა ხელი და უკან შემოისვა, მაგრამ აბობოქრებული სტიქია წამოეწია გაქცეულებს. მეფეს გვენოლე გამოეცხადა, რომელმაც გრადლონი გააფრთხილა: ჩამოაგდე შენს უკან მჯდომი ეშმაკი თორემ დაიღუპები!
ამბავი, რა თქმა უნდა, ძველი ლეგენდაა, რომ არა მისი გმირები გრადლონ დიდი და წმინდა გვენოლე, რომლებიც რეალური ისტორიული პიროვნებები არიან. ლეგენდა ასევე გვეუბნება, რომ ქალაქ კერ-ისის დაღუპვის შემდეგ, გადარჩენილმა მეფემ დაარსა ახალი ქალაქი კემპერი, რომელიც დღესაც არსებობს. ქალაქის ერთ-ერთ ღირშესანიშნაობას წარმოადგენს ცხენზე ამხედრებული გრადლონის ქანდაკება, რომელიც მე-12 საუკუნეში დადგეს. ძველი ქალაქის არსებობაზე სანაპიროსთან მიანიშნებს ძველრომაული გზები, რომელიც ზღვასთან წყდება.
გრადლონის ახლად დაარსებული ქალაქი ისეთივე მშვენიერი არ იყო როგორც კერ-ისი. ლეგენდის მიხედვით, კერ-ისი ყველაზე ლამაზ ქალაქად ითვლებოდა დედამიწაზე. ამბობენ, პარიზს მის პატივსაცემად ეწოდა "პარ ისი", რაც ბრეტანულად "ისის მსგავსს" ნიშნავს. ბრეტანთა რწმენით, კერ-ისი წყლიდან ამოიზრიდება, როცა პარიზს წყალი დაფარავს.
ბრეტანის მოსახლეობა დარწმუნებულია, რომ კერ-ისი მთლიანად არ ჩაძირულა წყალში. ტალღებმა დაინდეს მისი პატარა ნაწილი. ასეთ ნაწილად ითვლება ტრისტანის კუნძული. კუნძულმა სახელი შემთხვევით მიიღო. თავის დროზე აქ განვითარდა კიდევ ერთი შუა საუკუნეების ცნობილი ლეგენდის სიუჟეტი. გადმოცემით, სწორედ აქ ემალებოდა მეფის მრისხანებას ლეგენდარული რაინდი ტრისტანი. რის შემდეგ , კერ-ისის ნაწილმა მიიღო მისი სახელწოდება.
ასეა თუ ისე, ბრეტანელებს სჯერა, რომ კერ-ისში ცხოვრება გრძელდება წყლის ქვეშ, მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელი ათწეულების განმავლობაში არაერთხელ გამოიკვლიეს ფსკერი და უძველესი ქალაქის ნაშთები იქ არ აღმოჩნდა.
თუმც დროდადრო წყლის სიღრმიდან ისმის ზარების რეკვის ხმა. ხმების წყაროს დადგენა შეუძლებელია. ეზოთერიკოსები თვლიან, რომ კერ-ისი მოხვდა პარალელურ განზომილებაში, ვინაიდან "ფერიების მიწა", სადაც გრადლონმა ქალაქი ააშენა, უხსოვარი დროიდან ითვლებოდა უცნაურობებით აღსავსე ნაკრძალ ადგილად.
პარანორმალური მოვლენების მკვლევართა აზრით, კერ-ისის წყალქვეშ გამომწყდვევა შელოცვის შედეგია, რომელიც ელფთა ჯადოქარმა გაუკეთა დაჰუთს. ის კი ვერაფრით ისვენებს და არ უშვებს ქვეშევრდომთა სულებს, სანამ გრადლონის თუნდაც ერთი შთამომავალი მაინც რჩება ცოცხალი დედამიწაზე. მორწმუნეთა აზრით, წამებული ქალაქის პრობლემის გადაჭრა შესაძლებელია სულის მოსახსენებელი პანაშვიდის გადახდით, რომლის ჩატარება ვერ მოახერხა წმინდა გვენოლემ. ზოგიერთი ამტკიცებს, რომ კერ-ისის დაღუპვაზე გადმოცემა სხვა არაფერია თუ არა ქრისტიანობის გამარჯვების მეტაფორა დრუიდიზმზე.
არსებობს მოარული ამბავი ადგილობრივ მოსახლეობაში: ერთხელ, ორი ბრეტანელი ქალბატონი ზღვის სანაპიროსკენ გაუშურა რუჯის მისაღებად. იქ, მოულოდნელად წააწყდნენ სავაჭრო ფარდულებს, სადაც უცნაურ სამოსში გამოწყობილ ვაჭრებს მოჰკრეს თვალი. ვაჭრები თავის გაურკვეველ, ეგზოტიკურ საქონელში სასაცილო საფასურს ითხოვდნენ, მაგრამ ქალბატონებს ფული არ ჰქონდათ თან, რასაც ერთ-ერთის სასოწარკვეთილი წამოძახილი მოჰყვა: ერთი სუს გადახდაც კი იხსნიდა კერ-ისს. ამის შემდეგ, ფარდულებიც, ვაჭრებიც და საქონელიც ჰაერში უკვალოდ გაქრა.
მსგავს ისტორიას ყვებოდნენ რამდენიმე წლის წინ. შებინდებისას, ორი მოზარდი ზღვის ცარიელ სანაპიროს ასუფთავებდა ნაგვისგან. მათ მიუახლოვდა მოხუცი ქალბატონი და დახმარება სთხოვა, იქნებ შეკვრა ფიჩხი მიეტანათ მისთვის სახლამდე. ახალგაზრდებმა აუხსნეს მოხუცს, რომ არ შეეძლოთ სასწრაფო სამუშაოს მიტოვება და ზრდილობიანად უთხრეს უარი. ქალბატონმა ბიჭებს ლანძღვა და წყევლა დაუწყო, თან გაჰყვიროდა, რომ თანხმობის შემთხვევაში, მშვენიერი ქალაქი განთავისუფლდებოდა მუდმივი წამებისგან.
რამდენად მართალია ეს ისტორიები, სადავოა, მაგარამ ისინი კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ლეგენდა კირ-ისზე ისევ ცოცხლობს ხალხში. ხალხური გადმოცემები კი ცარიელ ადგილზე არ ჩნდება. კირ-ისის სახით კიდევ ერთი ქალაქი მიემატა ლეგენდარული ქალაქების სიას.
No comments:
Post a Comment