ყოვლისმხედველი თვალი აღიქვამს ფერების რხევას, სინათლის ინტენსიობას და გადასცემს ტვინს. თვალი არის დუალობის სიმბოლო, ვინაიდან დასავლურ სიმბოლიკაში მარცხენა თვალი შეესაბამება მზეს-ობიექტის გონიერების უარყოფითი მხარეს, მარჯვენა თვალი შეესაბამება მთვარეს-გონიერების დადებით მხარეს, აღმოსავლურში-პირიქით. გამოსახულება რომ სწორად აღიქვას თვალმა, უნდა დაძლიოს მიწოდებული ორი ინფორმაცია რომლის მეშვეობით მზე და მთვარე-უარყოფითი და დადებითი ერთი ობიექტი ხდება. თვალს აქვს უნარი ერთ წერტილში მოახდინოს კონცენტრირება ან მთელი გარემო აღიქვას მაღალი წერტილიდან.
ჰორი (ხორი) ეგვიპტურ მითოლოგიაში ცისა და მზის ღმერთია შევარდენის სახით. ის იზიდასა და ოზირისის შვილია და ფარაონის მფარველი. ჰორის (ხორის)სიმბოლო ფრთებგაშლილი შევარდენია ბრჭყალებში მოქცეული "შინ" ნიშნით, რომელიც ძალიან ჰგავს ქართულ ასომთავრულ ასო დ-დონს.
დონი ქართული ასომთავრული ანბანის მე-4 ასო-ნიშანი და მზის ღვთაების იდეოგრამაა, რაც მიანიშნებს, რომ მზის ღმერთის სახელიც დ-ზე იწყება. უძველეს საქართველოში მზეს "დღე“ ეწოდებოდა. დღეგრძელი ნიშნავს მზეგრძელს. ვინაიდან "დონ" ანბანში რიგით მე-4 ასო-ნიშანია, იგულისხმება, რომ მზე მეოთხე ცაზეა. წარმართულ საქართველოში მზის ემბლემა იყო თვალი, რაც მსგავსებას ავლენს ჰორის თვალის სიმბოლოსთან.
იზიდამ ჰორი მიცვალებული ოზირისისგან გააჩინა, რომელიც უდაბნოს ღმერთმა სეთმა მოკლა. სვანეთში მესტიის ძველი სახელწოდება გახლდათ სეთი. სეთი სვანურად მცველს ნიშნავს. ეგვიპტური სეთიც, რას და ოზირისის მსგავსად, ჩრდილოეთიდან იყო მისული. (ამაზე ვისაუბრე სხვა თემაში ეგვიპტეზე). სეთი და ჰორი შეეჭიდნენ ერთმანეთს სამყაროზე ძალაუფლების მოსაპოვებლად. ჰორი დამარცხდა ამ ბრძოლაში და სეთმა მას თვალი ამოუღო. საკუთარი თვალი ჰორმა მამას, ოზირისს გადააყლაპა, ოზირისი გაცოცხლდა.საბოლოოდ სეთი დამარცხდა და ჰორს კვლავ გაეზარდა თვალი. მკვდრეთით აღმდგარმა ოზირისმა ტახტი ჰორს გადასცა, თავად კი მიცვალებულთა საუფლოს მეუფედ იქცა.
ეგვიპტეში ჰორის თვალს გამოსახავდნენ საფლავის ქვაზე მიცვალებულის დახმარების ნიშნად საიქიოში. ეგვიპტეში ჰორის შევარდენის მარცხენა თვალი მთვარის სიმბოლო იყო, ხოლო მარჯვენა თვალი მზის. ჰორის დავსებულ მარცხენა თვალს ეგვიპტელები ხსნიდნენ მთვარის ფაზებით. ყოველთვიურად ტაძრებში ტარდებოდა თვალის აღდგენის რიტუალები, რაც მთვარის ციკლთან იყო დაკავშირებული.
მნიშვნელოვანია, რომ ჰორის თვალი ექვს სხვადასხვა ნაწილად იყოფა. ყოველი მათგანი წარმოადგენს შვიდი ნაბიჯიდან ერთს, რომელსაც სრულ შემეცნებამდე მიჰყავს ადამიანი, რაც ნათლად იკვეთება ბევრ კულტურაში. მეშვიდე სიმბოლო უშუალოდ არის თვალი, რომელიც გახლავთ დანარჩენი ექვსის შემაერთებელი. ე.ი. ვინც გაივლის შემეცნების ექვს დონეს აღწევს ღმერთს. სულის მოგზაურობა სინათლის ძიებისას წარმოდგენილია პირამიდის სახით, რომლის წვერი დასასრულის გვირგვინია. ამიტომაა პირამიდის თავზე ყოვლისმხედველი თვალი მასონთა სიმბოლიკაში.
ეგვიპტელებს მიაჩნდათ, რომ ადამიანი შვიდას გარდასახვას საჭიროებს ღმერთისა და ყოველივე არსებულის შესაცნობად, რაც თითეული ადამიანის მიზანი უნდა იყოს. ძველ ეგვიპტელთა წარმოდგენით, სული რომელმაც სიბრძნესა და ცოდნას მიაღწია, სხვადასხვა სხეულში ცხოვრების განვლის შედეგია, რაც შევარდენშია განსახიერებული. შევარდენს ცხოველთა და ფრინველთა სამყაროდან ყველაზე მახვილი თვალი აქვს. ის გადაუფრენს მატერიალურ სამყაროს, სძლევს სივრცესა და დროს. ამიტომ იყო ჰორის თვალი ეგვიპტის მისტერიული სკოლების სიმბოლო. მოწაფეს ასწავლიდნენ გონების დუალობის დაძლევას და კონტრასტების შემეცნებას როგორც სიმართლის მიღწევის საშუალებას. ყველაფერი შავი რომ იყოს, რაღანაირად გეცოდინება რა არის თეთრი.
ჰორის თვალი იყო სიმბოლო საიდუმლო ინფორმაციისა. რომ დაინახო სიმართლე, უნდა შესძლო გონების დუალობის დაძლევა. სწორედ ამას ითვალისწინებდა ეგვიპტის მისტერიული სკოლების სწავლება.
ეგვიპტეში უამრავი ჰორის თვალის სკოლა იყო. თვითეულ მათგანს თავისი ფუნქცია და სწავლების სხვადასხვა ფორმა ჰქონდა. მოწაფეები პირველ შვიდ წელიწადს სწავლობდნენ საკუთარი სხეულის ფუნქციების ფლობას, მარტოობისა და სიკვდილის შიშის დაძლევას, ღებულობდნენ სამყაროზე ზოგად ცოდნას. სწავლების ამ პერიოდს უწოდებდნენ ''ჰორის მარცხენა თვალის სკოლას''. სწავლის დროს მოწაფეები აბარებდნენ უამრავ გამოცდას რათა გამოევლინათ მიღებული ცოდნის ხარისხი. გამოცდა ითვალისწინებდა ჩაკეტილ ოთახში შხამიან გველთან ერთად მარტო ყოფნას. იქ მოსწავლეები დიდხანს იმყოფებოდნენ, რის შემდეგ ნიანგებით სავსე წყალში უვნებლად უნდა შესულიყვნენ. მხოლოდ ამის შემდეგ აღწევდნენ სხეულის ფუნქციებზე სასურველ სრულ კონტროლს. მოწაფეები დიდხანს ძლებდნენ უსმელ-უჭმელნი, შეეძლოთ სხეულის ტემპერატურის დაწევა და ტკივილს გაყუჩება. ისინი სწავლობდნენ ასტრონომიასა და ასტროლოგიას სპეციალურად ამ მიზნისთვის განკუთვნილ ტაძრებში. ყველა გამოცდის ჩაბარების შემდეგ მოსწავლეები მზად იყვნენ ''ჰორის მარჯვენა თვალის სკოლაში'' გადასასვლელად, სადაც უნდა ესწავლათ სიყვარული და გზა, რომელიც სრულ შემეცნებამდე მიიყვანდა. ეუფლებოდნენ ტელეპატიურ ურთიერთობებს და იძენდნენ გონების სრული მართვის უნარს.
ყოვლისმხედველ თვალს თავისი ადგილი უკავია ქრისტიანობაშიც. ხშირად მას გამოსახავდნენ ძველ ხატებზე და იყენებდნენ ტაძრის ინტერიერის გასაფორმებლად. ყველაზე ადრეული გამოსახულება დათარიღებულია მე-6 ს. ჩვ.წ. აღ-ით. ღვთის ყოვლისმხედველი თვალი ხედავს ყველაფერს დედამიწაზე. სამკუთხედში ჩასმული თვალი მიანიშნებს სამებას.
ყოვლისმხედველი თვალი ნაწილია მასონური კულტურის. ის დიდი არქიტექტორის განათლების, გაბრწყინების სიმბოლოა. მასონთა მოძრაობა მშენებლების ორგანიზებული იყო. მასონური ნიშანი გვხვდება არამარტო ძველ პაპირუსებში, არამედ თანამედროვე ცხოვრებაშიც და გამოსახულია ამერიკულ ერთდოლარიანზე. პირამიდა არის პროგრესის ნიშანი, თვალი-ქვეყნის ნათელი მომავალი და ამერიკული ოცნების ხორცშესხმა. თუმც კონსპიროლოგიური თეორიების მოყვარულნი თვლიან, რომ ისაა მცირერიცხოვანი ჯგუფის სიმბოლო, რომელიც აკონტროლებს სახელმწიფოს და მთელი მსოფლიოს.
აღმოსავლეთის ქვეყნებში მასონური თვალი გვხვდება ბევრ იაპონურ და ჩინურ არტეფაქტზე. მარჯვენა განასახიერებს მთვარეს, მზე-მარცხენას, რაც უმაღლესი ძალების მიერ დედამიწაზე მიმდინარე მოვლენების თვალყურის დევნის სიმბოლოა. აღმოსავლურ ენებში არის იეროგლიფი, რომლის მოხაზულობა გვახსენებს ეგვიპტური ჰორის თვალს. მას იყენებენ ავგაროზის სახით. ძველ ინდურ ტრაქტატებში ის ასოცირდება შივასთან, მესამე ღვთიურ თვალთან.
No comments:
Post a Comment