ყველაზე ძვირფას და იშვიათ ქვებს ხშირად თან ახლავს მომნუსხველი, ამოუცნობი და ხანდახან ტრაგიკული ისტორიები. როგორც წესი, საუბარია ალმასებზე, ზურმუხტებზე, ლალებსა და საფირებზე. მაგრამ ხდება გამონაკლისი შემთხვევებიც ნახევრადძვირფას ქვებთან დაკავშირებით. სწორედ ასეთთა რიგს განეკუთვნება ამეთვისტოს ქვა სახელწოდებით "ჰერონ ალენი". ის არაფრით განსხვავდება თავისავე მსგავსთაგან ერთი რამის გარდა-აქვს მფლობელის საიქიოს გასტუმრების არაჩვეულებრივი უნარი.
ქვის სახელწოდება "ჰერონ ალენი" დაკავშირებულია ბუნების ისტორიის მუზეუმის თანამშრომლის სახელთან, რომელსაც ერთ მშვენიერ დღეს მიუტანეს ეს არტეფაქტი. ედვარდ ჰერონ ალენი გახლდათ მწერალი, მეცნიერი, იურისტი, საკმაოდ ერუდირებული პიროვნება და ამავე დროს ქირომანტიც. თავისუფალი დროის დიდ ნაწილს უთმობდა ვიოლინოზე დაკვრას და ქირომანტიას. რამდენიმე წელიწადში ამ საქმიანობამ სახელი გაუთქვა. ქირომანტიამ ის დააკავშირა ცნობილ მწერალ ოსკარ უაილდთან. მწერალს მოეწონა მისი უნარი და ყველანაირად ხელს უწყობდა.
ჰერონ ალენი გატაცებული იყო არაბული კულტურით, თარგმნა ომარ ჰაიამის რუბაიები. უყვარდა იშვიათი წიგნები, რამაც აღმოსავლური ეზოთერიკის, განსაკუთრებით ქირომანტიის უნიკალურ მცოდნედ აქცია. მან წიგნიც კი დაწერა "ქირომანტია თუ მეცნიერება ქირომანტიაზე", რომელიც ისეთი პოპულარული გახდა, რომ გამომცემლებმა ორჯერ დიდი ტირაჟით დაბეჭდეს ეს წიგნი. მთელი ლონდონი ნიჭიერ ქირომანტზე ლაპარაკობდა.
1855-57 წწ-ში ინდოეთში, ქალაქ კანპურში აჯანყება მოხდა. ბრიტანელები აჯანყების ჩასახშობად ქალაქში შევიდნენ. სწორედ ამ მოვლენების დროს უცნობმა ბრიტანელმა ჯარისკაცმა ინდრას ტაძრიდან მოიპარა ამეთვისტოს ქვა, რომელიც შემდეგ აღმოჩნდა პოლკოვნიკ ფერისის ხელში. ფერისმა ის დიდ ბრიტანეთში ჩაიტანა. წყევლამ არ დააყოვნა, ფერისსა და მის შვილს მძიმე დაავადება შეეყარა, რასაც ფინანსური პრობლემებიც დაერთო. ოჯახის მეგობარმა, რომელსაც ქვა ხელში ეჭირა, რამდენიმე დღეში თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. გაკოტრებული და მძიმედ დაავადებული ფერისი მალევე გარდაიცვალა.
მემკვიდრეობით მიღებული ქვის პატრონმა, ფერისის შვილმა იგრძნო, რომ მას ბოროტი ბედისწერა არ აძლევდა გასაქანს. ძვირფასი ქვის მოშორების მიზნით მან ამეთვისტო მეგობარს აჩუქა. ახალმა მფლობელმა გაურკვევლი მიზეზით თავი მოიკლა. სივდილის წინ წერილი დაწერა, სადაც ამეთვისტოს ძველი პატრონისთვის დაბრუნებას ითხოვდა.
ქვისგან საბოლოოდ განთავისუფლების მიზნით უმცროსმა ფერისმა ის ბუნების ისტორიის მუზეუმის თანამშრომელს ჰერონ ალენს გადასცა. სწორედ ამის შემდეგ აღმოჩნდა ქვა ჰერონ ალენის ხელში. ფერის უმცროსმა ყველაფერი უამბო ქვის შესახებ, არაფერი დაუმალავს. ალენს წყევლის არ სწამდა და როგორც სიძველეების დიდმა მოყვარულმა ხალისით მიიღო საჩუქარი. ცოტა ხანში ის თავის მეგობრებს აჩვენებდა უნიკალურ საჩუქარს. სჯობდა ეს არ გაეკეთებინა, ვინაიდან ქვის ხელში აღების შემდეგ, ერთმა ქონება დაკარგა, გაკოტრდა და ცოლს დიდი აურზაურით გაეყარა, მეორე-ცნობილმა საოპერო მომღერალმა მისთვის ყველაზე ძვირფასი ხმა დაკარგა და სიკვდილამდე ვეღარ დაუბრუნდა სცენას.
სასოწარკვეთილმა ალენმა ამეთვისტო ლონდონის ერთ-ერთ არხში ჩააგდო. ეგონა საბოლოოდ მოიშორა, მაგრამ სამი თვის შემდეგ არხის წმენდის დროს ხაპმა ის ზედაპირზე ამოაგდო. მუშებმა ტალახსა და სილაში თვალი მოჰკრეს ქვას და მსგავსი ნივთებით მოვაჭრესთან წაიღეს. მან კი ქვა ისევ ბუნების ისტორიის მუზეუმის მინერალთა განყოფილებაში მიიტანა. ამეთვისტო კვლავ ედვარდ ჰერონ ალენს დაუბრუნდა.
როცა პატარა გოგონა ავად გაუხდა, ჰერონ ალენი მიხვდა, რომ ქვას მართლაც რაღაც სჭირდა. ამიტომ ის შვიდ კოლოფში შეფუთა და ბანკის საკანში შეინახა, თან მოითხოვა, რომ საკანი მისი გარდაცვალებიდან მხოლოდ სამი წლის შემდეგ გაეხსნათ. ამის შემდეგ გოგონა გამოჯანმრთელდა და ქირომანტმა თავისი საქმიანობა კვლავ წარმატებით გააგრძელა.
ჰერონ ალენი გარდაიცვალა 1943 წელს. რამდენიმე წლის შემდეგ მისმა ქალიშვილმა ამეთვისტო ბუნების ისტორიის მუზეუმს დაუბრუნა და მამის წერილიც გადასცა გაფრთხილებით, რომ საბედისწერო ქვა ხელში არავის აეღო.
ახლა ამეთვისტო "ჰერონ ალენი" მუზეუმის ექსპოზიციაშია. მას ოფიციალურად შეარქვეს "სამჯერ დაწყევლილი". ალენის შვილიშვილი საზღვაო ოფიცერი აივორ ჯონსი კატეგორიულ უარზეა ხელი ახლოს ყოფილ ოჯახურ რელიკვიას.
No comments:
Post a Comment