რომის დაცემის შემდეგ, ევროპაში დადგა ბნელი საუკუნეების ხანა. სწორედ ამ დროს აღმოცენდა ყოფილ გალიაში ახალი სახელმწიფო მეროვინგთა ხელისუფლებით-ფრანკთა სამეფო. ისტორიამ შემოგვინახა რომაელთა შემცვლელი დასავლეთ ევროპის ხელისუფალთა შესახებ რამდენიმე ვერსია. ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, მეროვინგები ტროელთა შთამომავლნი იყვნენ. პირველად ფრანკთა ტროელთაგან წარმომავლობის გადმოცემა ჩნდება ჩვ.წ. აღ. მე-7 საუკუნეში.
Grandes Chroniques de France-დიდი ფრანგული ქრონიკები ამტკიცებს, რომ ფრანკთა წინაპრები იყვნენ ტროელები. ამ თეორიას დიდი ხნის განმავლობაში სრულიად ეთანხმებოდნენ საფრანგეთში ლუდოვიკო XIV-ის ჩათვლით. ქრონიკები მეროვინგთა წინაპრებად ასახელებს ტროას უკანასკნელ მეფე პრიამოსს ან ტროას ომის გმირ მეფე-მოგზაურ ენეასს. არსებობს მეორე ვერსიაც, რომლის მიხედვით, იუდეის მეფეთა შთამომავლები რომაელების მიერ იერუსალიმის ტაძრის დანგრევის შემდეგ, ჩვ.წ. აღ-ის 70 წელს თავი შეაფარეს ფრანკთა მიწას და საფუძველი ჩაუყარეს მეროვინგთა დინასტიას. მეოროვინგთა საგვარეულოში გვხვდება ძველი აღთქმის სახელებიც. მაგალითად მეფე ქლოტარ II-ის ძმას ერქვა სამსონი. სამსონიც გრძელ თმას ატარებდა და იყო ნაზარეთიდან.
კარლ V-ის დიდ ფრანგული ქრონიკებში გამოსახულია ფრანკთა ტროელებთან კავშირის გამომსახველი მინიატურები. ტექსტში კი საუბარია ხანძარში გახვეული ქალაქიდან თავდახსნის მომენტები. ტროადან გაქცეულნი აფუძნებენ ქალაქ სიკამბრიას მდინარე დუნაიზე. მოგვიანებით ისინი აარსებენ ქალაქ დისპარგუმს. ფრანკები გადადიან გალიაში და უწოდებენ საკუთარ თავს ფრანკებს-საკუთარი ბელადის სახელს. ამ გადმოცემებისავე მიხედვით ქალაქმა პარიზმა სახელი მიიღო ტროას ომის გამომწვევ პარისის სახელიდან და სწორედ ის გახდა სენაზე ქალაქის დამაარსებელი. ამ ვერსიის მიხედვით ქალაქი ტულუზი, ლონდონი, ბარსელონა, ბერნი და კელნიც მათი დაარსებულია.
გერმანელი ტომებიც საკუთარ წინაპრად ტროანას-მეფე პრიამოსის ქალიშვილს მიიჩნევდნენ. სკანდინავიური საგების გადმოცემით, ერთ-ერთი შთამომავალი იყო თრაკიის მმართველი. მან თავის ხალხთან ერთად მოახერხა სკანდინავიისა და იუტლანდიის (დანიის) მიწების დაპყრობა და მთელ ჩრდილო-დასავლეთ ევროპის ტერიტორიაზე განსახლება.
ყურადსაღებია რომ ნორმანები, ბურგუნდები და ისლანდიელებიც ირწმუნებიან, მათი ფესვები ტროადანაა. კიდევ უფრო დიდ დაინტერესებას იწვევს სულთან მაჰმუდ მე-2 საქციელი, როცა მან 1453 წელს კონსტანტინეპოლი აიღო, ტროას ნანგრევებთან მივიდა და გამოაცხადა, რომ შური იძია ტროელთა ნაცვლად.
სასურველია შევიხსენოთ ძველი რომის ისტორიის ცნობილი ფაქტი რომაელთა ტროელთაგან წარმომავლობის პრეტენზიის შესახებ. ისინი ამ ვერსიას უსაფუძვლოდ არ აღნიშნავდნენ. არქეოლოგიური მონაცემები ამტკიცებს ენეასის კულტის არსებობას აპენინის ნახევარკუნძულზე. როცა რომი იპყრობდა საბერძნეთს, მას გააჩნდა იდეოლოგიური ბაზა-ტროელთა შთამომავალნი შურს იძიებდნენ აქაველებზე ტროას ნგრევასთან დაკავშირებით.
მეროვინგები უძველესი დროიდანვე ატარებდნენ საიდუმლო ცოდნასა და განსაკუთრებული ინიცირების ტრადიციას. ამაზე მეტყველებს ფაქტი, რომ ამ დინასტიის წარმომადგენლები დაბადებიდანვე არ იყვნენ მეფე-ღვთისმსახურნი, ასეთები ხდებოდნენ თორმეტი წლის ასაკიდან. ქრისტიანობის მიღებამდე მათი ხარისხი უფრო მაღალი იყო. საინტერესოა, რომ ქრისტიანობის მიღების შემდეგაც კი ისინი ინარჩუნებდნენ პოლიგამიას, რაც მათ განსაკუთრებულ სტატუსზე მიანიშნებს. ამასთან, ისინი ზღაპრულად მდიდრებიც იყვნენ. ახლანდელი შვეიცარიის ტერიტორიაზე, ქალაქ სიონის მახლობლად, მდებარეობდა ზარაფხანა, სადაც მათ სახელზე ასხამდნენ ოქროს მონეტებს. მონეტები დღემდეა შემორჩენილი, რომელზეც გამოსახული იყო ჯვარი და მოგვიანებით ის გახდა ფრანკთა სამეფოს ჯარის სიმბოლო იერუსალიმში.
მეროვინგები ატარებდნენ გრძელ თმას, რაც ამ საგვარეულოს მეფეთა პრივილეგია გახლდათ. გადმოცემით, თმაში იმალებოდა მათი მაგიური ძალა. ამიტომ ისინი არასდროს იჭრიდნენ თმას. ამ დინასტიის მეფეები გამოირჩეოდნენ წიგნიერებით, რაც იმ დროისთვის იშვიათი იყო. ისინი ფლობდნენ ლათინურს, ბერძნულს, არამეულს და ივრითს. საკუთარი დინასტიის სახელს ფრანკთა მეფეები უნდა უმადლოდნენ მეფე მეროვეის. მისი წარმოშობაც ლეგენდებითაა მოსილი და თუკი მათ ვერწმუნებით ის ზღვის ურჩხულის შთამომავალი იყო. ლეგენდის მიხედვით, ფეხმძიმე მეროვეის დედა, მეფე ქლოდიოს მეუღლე, საბანაოდ წავიდა ზღვაზე, სადაც კვინოტავრის მსგავსმა ზღვის ურჩხულმა მოიტაცა და შეაცდინა. ამიტომ გაჩნდა აზრი, რომ მეროვეის ძარღვებში ჩქეფდა ფრანკთა მეფე ქლოდიოს და ზღვის ურჩხულის სისხლი. ამ ლეგენდას სავარაუდოდ საფუძველად უნდა ედოს საერთაშორისო დინასტიური ქორწინება, ანუ მეფის წარმომავლობა დაკავშირებული იყო უცხოეთთან.
გადმოცემით, ამ დინასტიის წარმომადგენლები კარგად ერკვეოდნენ ოკულტიზმსა და ეზოთერიკაში. 1653 წელს ჰილდერიკ I-ის(მეროვეის ვაჟი) საფლავში გარდა ტრადიციული სამეფო იარაღისა და სხვადასხვა ძვირფასეულობისა, აღმოჩნდა ნივთები, რომელსაც იყენებენ მაგიასა და ჯადოქრობაში: ცხენის მოჭრილი თავი, ოქროს ხარის თავი, ასევე ბროლის ბურთულა. აღმოჩნდა ასევე სამასამდე ოქროს ფუტკარი. ფუტკარი გახლდათ მეროვინგთა დინასტიის საკრალური სიმბოლო. მეფეები ატარებდნენ "ჯადოსნურ" სამკაულს და იცოდნენ საიდუმლო დამცავი შელოცვა. ამ დინასტიის წარმომდგენელთა ნაპოვნ თავისქალებზე აღმოჩნდა რიტუალური ნაჭდევები, რომელიც ძალიან ჰგავდა ტიბეტის ბუდისტ ღვთისმსახურთა ნაჭდევებს, რომელსაც ისინი თავის ქალაზე იკეთებდნენ. ჰიმალაებში ამ რიტუალის მიზანი გახლდათ გარდაცვალების დროს სულისთვის სხეულის დატოვების გაადვილება. გადმოცემით, მეროვინგებს შეეძლოთ ხელის დადებით მკურნალობა. სამკურნალოდ ისინი სამოსზე დაკიდებულ ფოჩებსაც კი იყენებდნენ; გააჩნდათ ნათელხილვის და ექსტრასენსორულ უნარები; ესმოდათ ცხოველებისა და ბუნების ძალების ენა; კარგად ჩასწვდნენ დღეგრძელობის საიდუმლოს; სხეულზე ჰქონდათ განსაკუთრებული ნიშანი-წითელი ფერის ჯვარი გულზე ან ბეჭზე. სამარხში აღმოჩენილი ყველა ნივთი გადაეცა ლეოპოლოდ-ვილჰელმ ჰაბსბურგს, იმპერატორ ფერდინანდ III-ის ძმას. მოგვიანებით ყველაფერი საფრანგეთს დაუბრუნდა.
მეროვინგების თმის მაგიური ძალა იძლევა ვარაუდის საფუძველს, რომ ეს ლეგენდა დაკავშირებული უნდა იყოს თებესთან და აპოლონთან, რომელიც არ იჭრიდა თმას. აპოლონი ძალიან ჰგავს სემიტურ ხართავიან ღმერთ ბაალს. არსებობს მონაცემები, რომელიც ასევე მოწმობს თმების კულტის კავშირს დათვთან. ზოგიერთი მკვლევარის აზრით თმები-ტერიომორფული, ცხოველის სახის მქონე ღვთაებაა, რომელმაც ახალ პირობებში შეინარჩუნა ძველი სახელი თმებიდან გამომდინარე. სწორედ ასეთი გახლდათ ღმერთ-ხარის ტრადიცია, რომელიც მიუღებელი და უცნაური ფორმით ზღვიდან ჩნდება. ხარის თავი პირდაპირი მინიშნებაა ამ ცხოველის კულტზე. ფუტკრებიც განეკუთვნება საინტერესო სიმბოლოს. ეს სიმბოლო ფიგურირებს მასონურ და სხვა მისტიკურ ტრადიციაში. დიდი მნიშვნელობის მატარებელია ოქროს ფუტკარი ზოროასტრიმშიც. ფუტკრის კულტი მთავარი იყო ქალღმერთ კიბელეს მისტერიებში. მის ქურუმებს ფუტკრები ერქვათ.
კრეტის ფუტკარი |
მეროვინგებთან დაკავშირებულ მრავალი მითი უკავშირდება არკადიას-ლეგენდარულ ქვეყანას. აქაც დაფიქსირებულ მრავალ სიმბოლოთაგან მთავარი იყო დათვი. ეს სიმბოლო ფიგურირებდა მათ გერბში ფუტკრებთან ერთად. დათვი ძველი სიმბოლოა ისევე როგორც ხარი. ის დამახასიათებელია იდუმალებით მოცული მეროვინგების რიტუალებისთვის და ფარული ღვთაების ტიტანური ფორმაა. ეს სიმბოლო გახლავთ ამბოხი სამყაროს სისტემის მიმართ და მეროვინგების დინასტიასთან კავშირს ამტკიცებს. აქედან გამომდინარე შეიძლება საუბარი ფრანკთა მეფეების მისტიკურ კავშირზე არკადიის მიწასთან, რომელიც საბერძნეთში, პელოპონესზე, დორიელების მიერ პატარა დაუმორჩილებელ მიწაზე (პელაზგთა სამკვიდრო) მდებარეობდა. სწორედ მათ შეცვალეს ძველი სამყარო. არკადია გახლდათ ბოლო საყრდენი უფრო ძველი ხმელთაშუაზღვისპირელი ხალხებისა და მათი კულტურებისთვის. ეს მინიშნება გულისხმობს მისტიკური ცოდნას, რომელსაც ფლობდნენ მეროვინგები. სავარაუდოდ სახელ არკადიას ეტიმოლოგია უკავშირდება "არკადეს"-დათვის ხალხი. არკადიელები ამტკიცებდნენ, რომ მიწის ღვთაება-დათვის არკასის მემკვიდრეები იყვნენ. არკასი ნიმფა კალისტოს შვილი იყო. მისი სახელი ირეკლება დიდი დათვისა და პატარა დათვის მითებში. დათვის კულტს სავარაუდოდ მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა პელაზგურ ყოფაში. მან ასევე არანაკლები ადგილი შეინარჩუნა სიკამბრ-ფრანკების ტრადიციაშიც. დათვი გალთა ენაზე გამოითქმოდა როგორც "ართი" (arth). აქედან გაჩნდა სახელი ართურიც (Arthur). არსებობს კიდეც მოსაზრება, რომ მეროვინგთა დინასტიას კავშირი აქვს გრაალის თასის საიდუმლოსთან.
No comments:
Post a Comment