Monday, 15 February 2021

მაგია და მისი როლი ძველ ეგვიპტეში

ძველ ეგვიპტეს ჯერ კიდევ ანტიკურ ხანაში თვლიდნენ  მაგიური ცოდნის სამშობლოდ. ბერძნებსა და რომაელებს არ სჯეროდათ, რომ გრანდიოზული ნაგებობები პირამიდების სახით, ზეციური ძალების დახმარების გარეშე ჩვეულებრივ ადამიანებს შეეძლოთ აგება. თავად ეგვიპტელებსაც სწამდათ შელოცვების და ავგაროზული მაგიის, იდუმალი ღმერთების ცხოველისა და ფრინველის თავებით, იეროგლიფების და გარდაცვლილთა მისაგები რიტუალების. ყოველივე ამან შექმნა მომნუსხველი ატმოსფერო, რაც ოკულტიზმის მიმდევარებისთის ჯერაც არ მისცემია დავიწყებას.

ეგვიპტეში სწამდათ, რომ მაგია ადამიანების  ღმერთებთან, ასევე ცოცხალი ადამიანების მიცვალებულებთან  კონტაქტის დამყარების საშუალებას იძლეოდა, რასაც იყენებდნენ საიქიოში კომფორტული ცხოვრების მოწყობის მიზნით, ამასთან, მიწიერი ცხოვრების მნიშველოვანი პრობლემების გადასაწყვეტად.

ჩვენამდე შორეული წარსულიდან მოაღწია ცნობებმა და ფაქტებმა მაგიისადმი ეგვიპტელთა რწმენის შესახებ. ასეთთა რიგს განეკუთვნება გრანიტის სტელაზე გაკეთებული წარწერა, რომელიც სფინქსის თათებშუა აღმოაჩინეს. მაგიის ერთ-ერთი მიმართულება გახლავთ მიცვალებულთა სულების გამოძახება ანუ ნეკრომანტია, რაც გადმოცემულია დარიგებების სახით. ისინი ინახება ლონდონის მუზეუმსა და პარიზის ლუვრში. დარიგებებში დაწვრილებითაა აღწერილი კონტაქტის დამყარების საშუალება, არამარტო ღმერთებთან და სულებთან(სინათლის სამყაროდან), არამედ დემონურ არსებებთან და დაღუპულ, დაკარგულ სულებთანაც. ასეთ ქმედებას ახლდა მეტად რთული რიტუალები. ეგვიპტის ''მიცვალებულთა წიგნში'' უამრავი ცნობაა მიწისქვეშა სამყაროს ბნელ ძალებზე. ზოგიერთი მათგანი საიქიოს კარიბჭესაც იცავდა.

გადმოცემით, ბოროტ ძალებთან ეგვიპტელი მაგი საკუთარი ინიციატივით არ შედიოდა კონტაქტში. თუკი ისინი ''დაუპატიჟებლად'' გამოჩნდებოდნენ, მაგები მათ სარკის დახმარებით, სხვადასხვა ამულეტებითა და შელოცვებით იცილებდნენ თავიდან. როდესაც ასეთი საშუალებები არ სჭრიდა, ცდილობდნენ ცეცხლით მათ დაფრთხობას. შელოცვის სტილი გახლდათ თხოვნა-მოთხოვნა. მას წარმოთქვამდნენ განსაკუთრებული ინტონაციით სპეციალური პოზებისა და ჟესტების თანხლებით. ყველაფერი ატარებდა შთამბეჭდავი შოუს სახეს.

მაგიის განსაკუთრებულ სახეობას წარმოადგენდა შემცვლელი სხეულის შექმნა. მას შავი მაგიისთვის იყენებდნენ. ძველ ეგვიპტელებს სწამდათ, თუ მაგი სანთლისგან გამოძერწავდა რომელიმე ადამიანის ფიგურას და ჩაუტარებდა გარკვეულ რიტუალს, ასეთ შემთხვევაში, მისი შედეგი გავლენას მოახდენდა იმ პერსონაზე ვისაც ეკუთვნოდა ფიგურა. სანთლის თოჯინებით მანიპულაციები ფართოდ იყო გავრცელებული, რასაც მოწმობს შუა სამეფოს დროის სარკოფაგებზე გაკეთებული წარწერები და ასევე ძველი ტექსტები.

პირამიდების შენების დროსაც კი, არაჩვეულებრივ საინჟინრო ხელოვნებას უთავსებდნენ საიდუმლო რიტუალებს, რომელიც იზიდავდა და ამავე დროს აშინებდა არაინიცირებულებს და საქმეში ჩაუხედავებს.

როცა ეგვიპტის მმართველმა ხეოფსმა გადაწყვიტა ყველაზე დიდი პირამიდის აგება, მშვენივრად უწყოდა, რომ ასეთი გრანდიოზული გეგმის განსახოციელებლად  აუცილებელი იყო საიდუმლო ცოდნის ფლობა. მალევე მოიძებნა საიდუმლო ცოდნისა და უნარის მქონე ადამიანი ქურუმ ჯედის სახით. ძველ ეგვიპტეში მას დიდ მაგად მიიჩნევდნენ. ამბობდნენ, რომ მას შეეძლო ყოველი ცოცხალი არსების მართვა და ასევე მიცვალებულთა გაცოცხლება. ხეოფსმა საჩუქრებით აავსო ქურუმი, ემუდარებოდა გაემჟღავნებინა მისთვის პირამიდის აგების ტექნოლოგია.

ეგვიპტურ პაპირუსებსა და ტაძრის იეროგლიფებში ნათქვამია, რომ ხეოფსის პირამიდის მშენებლობაში მონაწილეობას იღებდნენ მხოლოდ ქურუმები, ვინაიდან ისინი გულმოდგინედ მალავდნენ უზარმაზარი ქვების წყობის საიდუმლო ხერხს, რომელიც მხოლოდ მათ იცოდნენ. მკვლევარებმა გაარკვიეს როგორ "მუშაობდნენ" ქურუმები. ისინი განსაკუთრებულ ტონალობაში კითხულობდნენ შელოცვებს და ქვები მნიშვნელოვნად კარგავდა წონას. შემდეგ გარკვეული სიზუტით ალაგებდნენ მათ საჭირო ადგილზე.

მეცნიერები ფიქრობენ, რომ ეგვიპტე და მაგია განუყოფელია. ძველად ხალხისთვის ის ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო. მაგიური ძალის ფლობას ისინი აღიქვამდნენ როგორც ბოძებულ საჩუქარს.

მაგია მჭიდროდ იყო დაკავშირებული რელიგიასთანაც. ფაქტიურად ძნელია იმის თქმა, სად მთავრდებოდა რელიგიური რიტუალი და სად იწყებოდა მაგიური ქმედება. შესაბამისად, მთავარი მაგები იყვნენ ქურუმები, რომელთაც გააჩნდათ უზარმაზარი გავლენა და რეალურად მართავდნენ ქვეყანას ფარაონთან ერთად. ჰყავდათ განსაკუთრებული ღმერთი "ხეკა". ამავე სახელწოდებას ატარებდა მაგიური ქმედება. "ხეკა" ნიშნავს კა-ს გაძლიერებულ მოქმედებას. მაგიად ეგვიპტელები თვლიდნენ არა გარეგან ძალას, არამედ ძალას, რომელიც ადამიანის შიგნიდან მოდის. ამ ძალის დახმარებით მაგს შეეძლო სხვა ადამიანზე გავლენის მოხდენა. მკვლევარები ხაზს უსვამენ ეგვიპტელთა რელიგიის განსაკუთრებულობას, ვინაიდან სხვა რელიგიებისგან განსხვავებით, სადაც  ადამიანები საკუთარი მიზნის მისაღწევად ცდილობდნენ ღმერთების კეთილგანწყობის მოპოვებას, ეგვიპტელები ბედავდნენ და თავის ღმერთებს ბრძანებებს აძლევდნენ და ემუქრებოდნენ კიდეც. ძლიერ მაგს შეეძლო ძალა დაეტანებინა ღმერთისთვის და გაკეთებინა ის რისი გაკეთებაც მას მაინცდამაინც არ სურდა.საკუთარ თავში ხეკას ძალის გამოსაღვიძებლად ქურუმები ატარებდნენ სპეციალურ რიტუალებს 'სეშაუს" სახელწოდებით.

ხეკა

მაგიის ერთ-ერთ გავრცელებულ ფორმად ეგვიპტეში ითვლებოდა მკითხაობა და წინასწარმეტყველება. ყველაზე პოპულარული იყო სიზმრებზე მკითხაობა. ამ ხელოვნებას ასწავლიდნენ ონის ანუ ჰელიოპოლისის ტაძრებში. ონის მთავარი ქურუმი ოფიციალურად ატარებდა დიდი წინასწარმეტყველის ტიტულს. ეგვიპტელებში საკმაოდ იყო განვითარებული სხვადასხვა სახის წყევლა, რომელიც ორ ჯგუფად იყოფოდა. პირველი სახის წყევლას, ვინმეს დაკვეთით, ქურუმები უგზავნიდნენ დამკვეთის მეტოქეს. მეტოქე შეიტყობდა თუ არა, რომ ის დაწყევლეს დიდი ძალის მქონე ეგვიპტელმა ქურუმებმა, შეიძლება მართლაც განეტევებინა სული. მეორე სახის წყევლის ტექსტებს სამარხის კედლებზე წერდნენ, რომელიც მიმართული იყო იმათ წინააღმდეგ ვინც შეაწუხებდა მუმიას, ასევე იმათ წინააღმდეგ ვინც სამარხიდან მოიპარავდა რამეს.

ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ მაგიურ საშუალებად ითვლებოდა ამულეტი იგივე ავგაროზი, რომელსაც ხშირად იყენებდნენ რიტუალის დროს. ავგაროზის გადაცემისას მაგი კითხულობდა სპეციალურ შელოცვას, რომელსაც ასრულებდა სპეციალურად მომზადებული ქურუმი. შელოცვის ტექსტს ხშირად კვეთდნენ ავგაროზზე.  როგორც წესი დამცავ ავგაროზებს ამზადებდნენ ცხოველების და წმინდა ხოჭო სკარაბეოსის სახით. მაგიურ ტექსტს დიდი ძალა ჰქონდა. ბევრი შელოცვის ტექსტი შემონახულია "მიცვალებულთა წიგნში".

წყაროებიდან ცნობილია, რომ ეგვიპტელ მაგებს რამდენიმე დონეზე შეეძლოთ ემუშავათ შელოცვაზე. არსებითი იყო მაგიური რიტუალის შესრულების ადგილი, შესრულებული მოქმედება და წარმოთქმული სიტყვები. მაგიური მოქმედება რომ ასრულებულიყო, ქურუმები და მაგები სიტყვებს წარმოთქვამდნენ განსაკუთრებული ხმის ტონალობით და თვითეულ ბგერას წარმოთქვამდნენ ზედმიწევნითი სიზუსტით. შელოცვისას სწორი რითმი და ხმა აძლიერებდა ზემოქმედების ძალას, ხოლო გამეორება მაგიური ენერგიის დაგროვების საშუალებას იძლეოდა.

ეგვიპტელებმა იცოდნენ  რამდენად ზემოქმედებდა მაგია ადამიანზე, მის  ფსიქიკურ მდგომარეობაზე და ისიც უწყოდნენ, რომ მაგიის დახმარებით შეიძლებოდა ადამიანისთვის მიეცათ შესაძლებლობა შინაგანად შეცვლილიყო.

დრო გადიოდა, იცვლებოდა დინასტიები. ეგვიპტელი ქურუმების გაუგონარ ძალაზე ყვებოდნენ ძველი მსოფლიოს ყველა კუთხეში. ეს ამბები კი ხშირად იქცეოდა ახალი მითების დაბადების მიზეზად. ასეთია ამბავი ქურუმ ზაზემანჰზე, რომელიც თითქოს ემსახურებოდა ფარაონ სნოფრუს. ყვებოდნენ თითქოს მან ტბის წყალი შუაზე გააპო იმისთვის, რომ იქ ერთი მსახურის დაკარგული სამკაული ეპოვა. ეს ისტორია ძალიან წააგავს მოსეს ცნობილ ამბავს.

ბევრს ახლაც სჯერა, რომ ძველი ეგვიპტელი ქურუმების საიდუმლოთა დიდი ნაწილი ჯერაც არ არის ამოხსნილი.








 

No comments:

Post a Comment