საფრანგეთის პირენეების პატარა ქალაქ კუსერანსთან არსებულ ტურგუილის ველს ადგილობრივებმა "ჩვიდმეტი ველის ადგილი" დაარქვეს, სადაც თავად ცხვირსაც კი არ ჰყოფენ. ხანდახან იქ უცნაური ამბები ხდება. სწორედ ამ მიზეზის გამო, მას "დაკარგულ სიცოცხლეთა ველსაც" უწოდებენ. ამბობენ, აქ დასეირნობენ ქალისთავიანი მგლები. ტურგუილის ველს გარშემო პირენეის მთები არტყავს. ცენტრში კი ლურჯად მოკამკამე ულამაზესი ტბა ალეტია. უკვე მრავალი საუკუნეა აქაური მოსახლეობა არ ეკარება და არც სხვებს უშვებს ამ ადგილზე. მიზეზი კი ის გახლავთ, რომ ამ ადგილზე ბევრი ადამიანი დაიკარგა სამუდამოდ. დაკარგულები თითქოს შეერწყნენ ალეტის სარკისებურ წყალს.
არსებობს ლეგენდა, რომ დანაშაული ქალისთავიან მგლებს მიუძღვით. იმასაც ამბობენ, რომ ტბის ნაპირას ცხოვრობენ ჯადოქრები. ისინი მსხვერპლს უთვალთვალებენ და კვალდაკვალ მიჰყვებიან. ისეთი "ბედნიერებიც" აღმოჩენილან, ვინც მათგან თავის დაღწევა მოახერხა, მაგრამ რამდენიმე კვირის შემდეგ გადასხვაფერებული დაბრუნებულან- გარეგნულად დაბერებულნი ყვებიან საშინელ ისტორიებს. ვინც გადარჩა, რამდენიმე წელიწადში შეურაცხადად იქცა.
1998 წელს, ახალგაზრდა გეოლოგი პოლ ლებლანი საკუთარ ჯგუფს ჩამორჩა, გზა აერია ტბა ალეტთან. მეგობრები რამდენიმე თვის განმავლობაში ეძებდნენ მას. სურათებიც კი გააკრეს ყველგან, მაგრამ ახლაგაზრდა გეოლოგი ვერ იპოვეს. რამდენიმე თვის შემდეგ პოლ ლებლანი კურორტ გუზე-ნეიჟში გამოჩნდა. მოსახლეობამ იცნო ახალგაზრდა. ის პოლიციის განყოფილებაში წაიყვანეს, სადაც ლებლანი მოჰყვა მისი არყოფნის შოკისმომგვრელ დეტალებს. მან თქვა, რომ მრავალი წლის წინ ის ნამდვილად გეოლოგად მუშაობდა, მაგრამ გულის ძახილს უგდო ყური და გადაწყვიტა თავი ღმერთისთვის მიეძღვნა. მიიღო სათანადო განათლება და სამწყსოდ მთის პატარა სოფელში წავიდა. ადგილობრივებთან ერთად ის ყოველდღე ლოცულობდა, რომ ეს ადგილი დაეტოვებინა ქალისთავიან მგლებს. რა თქმა უნდა, ახალგაზრდა ყველამ გიჟად ჩათვალა. ცოტა ხანში პოლს მშობლებმა ჩამოაკითხეს და ბელგიაში წაიყვანეს, ვინაიდან ჟურნალისტებმა მეტისმეტად შეაწუხეს ის.
ეს ისტორია დავიწყებას მიეცემოდა ალბათ, რომ არა კიდევ მსგავსი შემთხვევა. ამ ამბიდან ათი წლის შემდეგ, კუსერანს ეწვია ახლაგაზრდა მოგზაურთა ჯგუფი. ისინი ლურდიდან პირენეების გავლით კატალონიაში მიემგზავრებოდნენ ბარსელონას დასათვალიერებლად. ადგილობრივ სასტუმროში მათ მოუყვნენ ტურგუილის ველის დაწყევლილ ადგილზე. ახალგაზრდებმა გადაწყვიტეს იმ ადგილის მონახულება. სასტუმროს მეპატრონემ სცადა, რომ ხელი აეღოთ ამ წამოწყებაზე, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. ახალგაზრდები ავიდნენ ტბაზე, ამინდი კარგი იყო და ბანაობა გადაწყვიტეს. როდესაც წყლიდან ამოვიდნენ, შეამჩნიეს რომ ერთი ყმაწვილი-ჟოზეფ შარტიე გამქრალიყო. ისევე როგორც წინა შემთხვევისას, ეს ახალგაზრდაც რამდენიმე თვის შემდეგ გამოჩნდა. იჯდა გზისპირზე კოკისპირულ წვიმაში. პირველი ორი დღე ყმაწვილი საერთოდ არ ლაპარაკობდა. როცა ალაპარაკდა, სულ სხვა სახელით მოიხსენია თავი. თქვა, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში ყველი ამოჰყავდა რომელიღაც მთის სოფელში. სად და ვისთან ცხოვრობდა არ ახსოვდა. მაგრამ ამბობდა, რომ ყველი მუდმივად მიჰქონდათ საზიზღარი გარეგნობის მამაკაცებს. სოფლის გარეთ მას არ უშვებდნენ, ვინაიდან ირგვლივ ქალისთავიანი მგლები დაძუნძულებდნენ. ორ თვეში ეს ახალგაზრდა ფსიქიატრიულ საავადმყოფოში აღმოჩნდა.
მეცნიერები და ანომალური მოვლენების სპეციალისტები შეუდგნენ ტურგუილის ველის შესწავლას, მაგრამ პასუხი ვერ იპოვეს. არის მოსაზრება, რომ სადღაც ამ ტბის მახლობლად არსებობს სხვა განზომილებაში გადასასვლელი და გარკვეულ დროში ერთხელ ის იხსნება. ასეთ აზრს გამოთქვამენ ინგლისელი სპეციალისტები. მაგრამ ეს მხოლოდ თეორია გახლავთ. დაზუსტებით ჯერაც არაფერი იციან.
No comments:
Post a Comment