მექანიკური "მოლაპარაკე თავები" ნახსენებია მე-12 საუკუნის სხვადასხვა ევროპულ წყაროებში. ხელნაწერებში საუბარია "სპილენძის მოლაპარაკე თავებზე", რომლებიც გარკვეულწილად წარმოადგენდა მექანიკურ ავტომატს და წინასწარმეტყველებდა. არაბულ ხელნაწერებში კი ხშირად წინაწარმეტყველებენ ადამიანის მოჭრილი თავები ან თავისქალები. ტექსტებს თუ ვენდობით, თავები დამზადებული იყო თითბერის ან ბრინჯაოსგან და ლაპარაკობდნენ ქვედა მოძრავი ყბის საშუალებით. თავებს შეეძლო პასუხის გაცემა დასმულ კითხვებზე და ასევე მომავლის წინასწარმეტყველება.
ვარაუდობდნენ, რომ მექანიზმის შიგნით მომწყვდეული იყო რაღაც"მაგიური ძალა". ბევრი მისტიკოსი ცდილობდა ხელში ჩაეგდო ასეთი არტეფაქტი. ამბობდნენ, რომ თავები ყოვლისმცოდნეები იყვნენ, ყველა სახის კითხვაზე სცემდნენ პასუხს და წინასწარმეტყველებდნენ მომავალს. ამიტომ შუა საუკუნეების ევროპაში ასეთი თავები მისტიკოსებისთვის იქცა კულტის საგნად.
ქრონისტი უილიამ მალსბერი "ინგლისელ მეფეთა ისტორიაში" ყვება ვინმე ჰერბერტ ორილიაკელზე (მე-10 ს.) ორილიაკელმა საიდუმლო წიგნიდან გამოიყენა ცოდნა, რომელიც მოიპარა ალ-ანდალუზიიდან (ახლანდელი ანდალუზია) და დაამზადა მოლაპარაკე თავი. თუმც თავი კონკრეტულად დასმულ კითხვებზე პასუხობდა მხოლოდ: დიახ ან არა. მოგვიანებით, ჰერბერტი გახდა რომის პაპი სილვესტერ მე-2. ამტკიცებდნენ, რომ თავმა მას საკუთარი სიკვდილიც კი უწინასწარმეტყველა.
გადმოცემით, ასეთივე მექანიზმი შეიმუშავა ინგლისელმა სახელმწიფო მოღვაწემ, ფილოსოფოსმა და მეცნიერმა, ეპისკოპოსმა ლინკოლნ რობერტ გროსეტესმა, რომელიც იმ დროის სხვა გამოჩენილი ადამიანებივით გატაცებული იყო ალქიმიით. თავმა თითქოს ერთხელ იწინასწარმეტყველა, მაგრამ შემდეგ მოულოდნელად აფეთქდა. გერმანელმა დომინიკანელმა ბერმა ალბერტ მაგნუსმაც ასეთი თავი ეშმაკეულისგან მიიღო და მისთვის სპილენძის სხეული შექმნა, მაგრამ თავი გაუთავებლად ლაყბობდა, რამაც მაგნუსის მოსწავლე თომა აქვინელი წყობიდან გამოიყვანა და გამწარებულმა ის გაანადგურა.
მოლარაკე თავის შექმნის ყველაზე ცნობილი ისტორია უკავშირდება შუა საკუნეების ინგლისელი მეცნიერის და ფილოსოფოსის, ფრანცისკანელი ბერის როჯერ ბეკონის სახელს. ბეკონი სამეცნიერო შრომების გარდა გატაცებული იყო ოკულტიზმით და ასტროლოგიით. მას სწამდა, რომ ალქიმია ნამდვილი მეცნიერება იყო, რომელიც ემორჩილებოდა ბუნების კანონებს. ამ ინტერესმა ბეკონი მიიყვანა ინგლისის გარშემო სპილენძის მაგიური კედლის შექმნის იდეამდე, რაც მისი აზრით, საჭირო იყო ქვეყნის მტრისგან დასაცავად. ბეკონს მიაჩნდა, რომ ამ ამოცანის გადაწყვეტაში მას დაეხმარებოდა ჯადოსნური სპილენძის თავი, რომელიც მისცემდა მას სწორ რჩევას. გადმოცემით, ბეკონმა შექმნა კიდეც "მექანიკური მოლაპარაკე თავი", რასაც მან შვიდი წელი მოანდომა. ამ საქმეში ბეკონს ეხმარებოდა ბერი ბანგეასი და მოსამსახურე მაილზი. გამოგონება გახლდათ ადამიანის თავის ზუსტი ასლი, შიგ არსებული ყველა ორგანოთი. თუმც თავი რატომღაც დუმდა და არაფერს ამბობდა.
გადმოცემის თანახმად, იმედგაცრუებულმა ბეკონმა დახმარების მიზნით რომელიღაც ეშმაკეული გამოიხმო, სთხოვა რჩევა როგორ აელაპარაკებინა თავი. ეშმაკეულმა ამცნო, რომ თავი იმ შემთხვევაში ალაპარაკედებოდა თუკი მას შვიდი ცნობილი მცენარის კვამლით გააჯერებდნენ. საჭირო იყო მცენარეების ქოთანში მოთავსება, გახურება და სპილენძის თავის ქვეშ დადგმა, ისე რომ, გამონაბოლქვს უნდა გაეხურებინა თავი.
ბეკონი და მისი დამხმარეები რამდენიმე კვირის განმავლობაში ახურებდნენ თავს გამონაბოლქვის საშუალებით და ელოდნენ სასწაულს როდის ალაპარაკდებოდა თავი. მოხდა ისე, რომ გადაღლილმა ბეკონმა და ბანგესმა წათვლემა მოისურვეს და მიმდინარე პროცესისთვის ყურადღების მიქცევა მაილზს დაავალეს. მაილზმა ძილის გასაფანტად ვიოლინოზე დაკვრა დაიწყო. მოულოდნელად თავი ალაპარაკდა, მაგრამ მან მხოლოდ ერთი ფრაზის წარმოთქმა მოასწრო: "დრო არის, დრო იყო, დრო წავიდა", რასაც მოჰყვა საშინელი ხმაური, ნაპერწკლები და თავი აფეთქდა. ცოტა ხანში კვამლში გახვეული სპილენძის თავის ნამსხვრევები იატაკზე ეყარა.
მიუხედავად ამისა, ცნობილია, რომ იმ წლებში, როცა ბეკონმა თითქოს თავი-მისანი შექმნა, მის შესახებ დადიოდა ბევრი უცნაური ჭორი, რომ თითქოს ჯადოქარი და ეშმაკის თაყვანისმცემელი იყო, ურთიერთობა ჰქონდა ეშმაკეულებთან და ბოროტ სულებთან. ამის შესახებ დრამატურგმა რობერტ გრინმა პიესაც კი დაწერა "ბერი ბეკონი და ბერი ბანგეუსი", სადაც ორივენი გამოყვანილები არიან როგორც ნეკრომანტები და შავი მაგები.
გადმოცემები მექანიკურ მოლაპარაკე თავებზე მოგვაგონებს მითს კრეტაზე არსებულ ბრინჯაოს ბუმბერაზ ტალოსზე, რომელიც თითქოს ჰეფესტომ (ცეცხლისა და მჭედლობის ღმერთი) უბოძა მეფე მინოსს რათა კრეტას მეთვალყურე ჰყოლებოდა. ბუმბერაზი დღეში სამჯერ შემოუვლიდა ხოლმე კუნძულს. ის ერთგვარი მცველი იყო და თუ მტრულ ხომალდს მოჰკრავდა თვალს, უზარმაზარ ლოდებს სტყორცნიდა და ანადგურებდა მათ. ბოლოს, ეს ბუმბერაზი ბრინჯაოს მცველი მედეას მაგიის მსხვერპლი გახდა.
No comments:
Post a Comment