Tuesday, 11 October 2022

სად ინახება ბიბლიური მოსეს კვერთხი


ძველი აღთქმა გვიამბობს ბევრი წინასწარმეტყველის ცხოვრებასა და საქმიანობაზე, სადაც  მოსეს განსაკუთრებული ადგილი უკავია. სწორედ მან იწინასწარმეტყველა იესოს დაბადება და დაიხსნა ებრაელები ეგვიპტის მონობისგან. ბევრი საოცრება მოსემ კვერთხის დახმარებით მოახდინა. ეს ნივთი ბურუსითა და საიდუმლოებითაა მოცული.

ღვთისმეტყველებაში წინასწარმეტყველი მოსე უპირველეს ყოვლისა ცნობილია როგორც კანონმდებელი. მოსეს ღმერთმა სინას მთაზე ქვის ორ ფილაზე დაწერილი ძირითადი ათი მცნება გადასცა. თუმც ძველი აღთქმის მიხედვით მოსე ცნობილია როგორც ისრაელიტელთა ლეგენდალური წინამძღოლი. 40 წელი ემზადებოდა მოსე საკუთარი ისტორიული მისიის შესასრულებლად. ღვთის წინასწარმეტყველი 40 წელი ასრულებდა ამ მისიას არაბეთის უდაბნოში რჩეულ ხალხთან ერთად. აწრთობდა მათ როგორც ფიზიკურად ასევე სულიერად. საერთო ჯამში მოსემ 120 წელი იცოცხლა.

ეგვიპტიდან გამოსვლას მოსე ვერ მოახერხებდა არაჩვეულებრივი კვერთხის გარეშე, რომელსაც გააჩნდა ზებუნებრივი თვისებები. მფლობელის სურვილისამებრ კვერთხს შეეძლო გველად გადაქცევა და პირიქით. კვერთხის მოქნევით მოსეს შეეძლო ჭექა-ქუხილის გამოწვევა, წყლის სისხლად გადაქცევა.

ჩნდება კითხვები: საიდან ჰქონდა მოსეს კვერთხი? რანაირი იყო ის? როდის შეიძინა არაჩვეულებრივი უნარები? სადაა  ამჟამად კვერთხი?

მოსეს კვერთხის წარმოშობასთან დაკავშირებით არსებობს სამი ვერსია. პირველი ვერსია ბიბლიური ხასიათისაა. ის უკავშირდება გამოსვლათა წიგნს. ამ ვერსიის თანახმად, მოსემ  კვერთხი ღმერთისგან მიიღო, ვინაიდან კვერთხზე ნათქვამია, რომ ის "ღვთიურია".

ბიბლიაშივე ნათქვამია, რომ ასეთ კვერთხს ფლობდნენ ეგვიპტელი ქურუმებიც.
"მივიდნენ ფარაონთან მოსე და აარონი და ისე მოიქცნენ, როგორც უფალს ჰქონდა მათთვის ნაბრძანები. წინ დაუგდო აარონმა თავისი კვერთხი ფარაონს და მის მსახურებს, და იქცა გველად."უხმო ფარაონმა ბრძენკაცებსა და ჯადოქრებს. და მათაც, ეგვიპტის გრძნეულებმა, თავიანთი ჯადოსნობით იგივე გააკეთეს." (გამოსვლა 7 10:11)

მეორე ვერსია მიეკუთვნება იუდაურ გადმოცემას. აქ კი მოსეს კვერთხი პატრიარქ იაკობის საკუთრებაა, ოჯახის რელიკვიაა, რომელიც მემკვიდრეობით გადაეცემოდა შთამომავლობას. რაბინთა ლიტერატურის თანახმად, მოსემ იაკობის კვერთხი მიიღო სიმამრისგან-მადიამელი მღვდელი იოთორისგან. მეცხვარე იოთორი კი გახლდათ ქურუმი და ფარაონის მრჩეველი ეგვიპტეში. ის ყოველთვის თანაუგრძნობდა ებრაელებს და იცავდა მათ ინტერესებს ეგვიპტეში. იოთორი მიხვდა, რომ ეგვიპტის მრავალღმერთიანობა არ იყო სწორი რელიგია. მან ამის შესახებ განუცხადა ხალხს, მაგრამ ხალხი განუდგა მას და იოთორი იძულებული გახდა დაეტოვებინა ეგვიპტე, ეცხოვრა ჩვეულებრივი მწყემსის ცხოვრებით. თან წამოიღო თავისი ქურუმობის კვერთხი, რომელიც მოგვიანებით გადასცა მოსეს.

მესამე ვერსიის თანამხმად, მოსემ კვერთხი გააკეთა თავად, რომელიც იყო ჩვეულებრივი მწყემსის კვერთხი, რომელსაც მოსე ცხვრის გადასარეკად იყენებდა. როგორი და რანაირი იყო კვერთხი? თუ ვერწმუნებით იუდაურ გადმოცემებს, მაშინ მოსეს კვერთხზე უნდა ყოფილიყო გაკეთებული წარწერა דצ״ך עד״ש באח״ב, რაც ებრალების სასჯელთა პირველი ასოებისგან შედგება. იმ შემთხვევაში თუკი მოსე თავად დაამზადებდა კვერთხს, მაშინ ის უნდა ყოფილიყო უბრალო ხის ჯოხი. სწორედ ასე უბრალოდ გამოიყურება მოსეს კვერთხი, რომელიც (?) გამოფენილია თოფქაფის სასახლეში, სტამბულში.


როდის შეიძინა კვერთხმა არაჩვეულებრივი უნარები?-ამაზე საუბარია გამოსვლათა წიგნის მე-4 თავში. იმ დროს მოსე ცხოვრობდა სიმამრ იოთორთან და ცოლთან ერთად. ერთხელ, სიმამრის ცხვრის მწყემსვის დროს, მოსე მიადგა ჰორების (სინას) მთას, სადაც ღმერთისგან ნიშანი მიეცა მანათობელი ბუჩქის სახით. ბუჩქი ანათებდა, მაგრამ არ იწვოდა. სწორედ ამ ბუჩქთან შეიმეცნა მოსემ ღმერთი, რომელმაც დაავალა ისრაელიტელთა მონობიდან გამოხსნა და ეგვიპტიდან გამოყვანა. მოსემ ჭოჭმანი დაიწყო და თავის გამართლების მიზნით გაიხსენა იუდეველთა ურწმუნოება, ვისი წინამძღოლობაც მოუწევდა. ღმერთმა მოსეს გაუფანტა ეჭვები და სამი ნიშანი ამცნო. პირველი ნიშანი გახლდათ კვერთხის გველად გადაქცევა და პირიქით.
"მიუგო მოსემ და უთხრა: არ დამიჯერებენ, არ შეისმენენ ჩემს სიტყვას. რომ მითხრან, არ გამოგცხადებიაო უფალი? უთხრა უფალმა: რა გიჭირავს ხელში? მიუგო: კვერთხი. უთხრა: მიწაზე დააგდე! დააგდო მიწაზე და გველად იქცა. და გაერიდა მას მოსე. უთხრა უფალმა მოსეს: გაიწოდე ხელი და კუდზე მოკიდე. გაიწოდა ხელი და მოჰკიდა, და ისევ კვერთხად იქცა მის ხელში. (გამოსვლა თავი 4 1:4)

როგორც ტექსტიდან ჩანს, მოსე დაფრთხა და განერიდა გველს. ეფრემ სირინელი მოსეს ამ საქციელს ხსნის არა გველის შიშით, არამედ ფარაონისა, ვინაიდან ფარაონმა აიძულა მოსე გაქცეულიყო ეგვიპტიდან ეგვიპტელის მკვლელობის გამო. ამასთან, მხოლოდ ფარაონთა თავსაბურავი ირთვებოდა ოქროს კობრით, რომელიც მათი უმაღლესი ძალაუფლების ნიშანი გახლდათ. აიძულა რა ღმერთმა მოსე დაეჭირა გველი კუდით, მას მომავალი დაანახა. მოსე "კუდით დაიჭერდა" ფარაონს. ის ვერ უკბენდა მოსეს, ვინაიდან უკვე ძალაგამოცლილი იქნებოდა.

ბევრად საინტერესო და საყურადღებოა მოსესთვის ჯადოსნური კვერთხის შეძენა. ღმერთი პირობას აძლევს მას, რომ კვერთხი მოსეს ხელში იქცეოდა ღვთის არსობისა და ძალაუფლების სიმბოლო. კვერთხის დახმარებით მოსე ბევრ საოცრებას ახდენს შემდეგ: არწმუნებს ფარაონს გაუშვას რჩეული ხალხი უდაბნოში, ნილოსის წყალს სისხლად აქცევს, მშრალად კვეთს წითელ ზღვას, კლდეზე კვერთხის დაკვრით წყაროს აჩენს, ამარცხებს ამალეკებს.


ამჟამად სად ინახება მოსეს კვერთხი? წინასწარმეტყველ მოსეს თანაბრად ეთანყვანებიან მონოთეისტური კონფესიები: იუდაიზმი, ისლამი, ქრისტიანობა. კვერთხის ადგილმდებარეობის შესახებ არსებობს რამდენიმე მოსაზრება. იუდეველები ამ კვერთხს დაკარგულად თვლიან. ის თითქოს იაკობიდან დაწყებული მოსემდე , მეფიდან მეფემდე გადაეცემოდა თაობიდან თაობას, სანამ ბაბილონელებმა არ დაანგრიეს პირველი ტაძარი. კვერთხი სწორედ იმ დროს დაიკარგა.

მუსლიმები თვლიან, რომ კვერთხი არ დაკარგულა და ის ინახება სტამბულში, თოფქაფის სასახლეში. თურქები აბსოლუტურად დარწმუნებული არიან, რომ ნამდვილი კვერთხი მათთანაა (არგუმენტების გარეშე).


ქრისტიანებიც თვლიან, რომ კვერთხი არ დაკარგულა. კათოლიკეები დარწმუნებული არიან, რომ კვერთხი, რომელიც პარიზში, სან-შაპელის საგანძურში ინახება, ნამდვილად ეკუთვნის მოსეს. ამ კვერთხის ავთენტურობის დასაცავად მოჰყავთ რამდენიმე არგუმენტი: ტინგეირარის ბენედიქტელთა მონასტრის წინამძღვრის ჩვენება, რომელმაც 1150 წელს ნახა მოსეს კვერთხი კონსტანტინეპოლში. ასევე, საფრანგეთის მეფის, წმინდა ლუდოვიკოს ნასყიდობის დოკუმენტი, რომელმაც მე-13 საუკუნეში მოსეს კვერთხი შეიძინა ჯვაროსნებისგან. და ბოლოს, ნეველონის ეპისკოპოსის რწმუნება, რომელმაც სოასონის საკათედრო ტაძრიდან კვერთხი გადასცა სან-შაპელს. თუ კვერთხი არ დაკარგულა, მაშინ ის სან-შაპელში უნდა ინახებოდეს.











No comments:

Post a Comment