მგელი, მგელ-ძაღლი არის ძალის სიმბოლო. ის იმყოფება ორი სამყაროს ზღვარზე. შეგვახსენებს, რომ ადამიანში ცხოვრობს ველური ძალა და არის თავისუფლების ტოტემი. მგელი გვასწავლის თავისუფლების სიყვარულს, თავისუფალ ცხოვრებას შინაგანი შეზღუდვების გარეშე. მგელი ყოველთვის იყურება შიგნით და შემდეგ გარეთ.
მგელი, როგორც მითიურ-სიმბოლური პერსონაჟი, გვხდება თითქმის ყველა კულტურაში-ძველი ეგვიპტეში, შუა აზიიდან მოყოლებული სკანდინავიამდე. მგელს უკავშირდება ბევრი გადმოცემა გმირებზე. ქართულ რეალობაში ასეთია ვახტანგ "გორგასალი"-სპარს., მგლისთავა. ცნობილია, რომ ვახტანგის საომარ მუზარადზე წინ მგელი იყო გამოსახული, უკან კი - ლომი. სპარსელებთან ომის დროს მუზარადზე მგელ-ლომ გამოსახული მეფის გამოჩენა შიშის ზარს სცემდა ყველას, სპარსელები ერთმანეთს გასძახოდნენ: "დურ აზ გორგასარ" (მოერიდეთ მგლისთავს).
მგლის ბუნება ორსახოვანია: ის არის როგორც ძალის, ვაჟკაცობის, გამარჯვების, ასევე ბოროტების, მზაკვრობის, სისასტიკის სიმბოლო. მგლის სიმბოლო ძალიან ძველია. ბევრ ტრადიციაში თვლიდნენ მგელს ადამიანებსა და ღმერთებს შორის შუამავლად, მიცვალებულთა და ცოცხალთა სამყაროს შორის მეგზურად. ამიტომ მას ახასიათებს როგორც მზის ასევე მთვარის ბუნებაც. მგელი მზის ღვთაებების თვისებებით არის დაჯილდოებული-სიბრძნით, ერთგულებით, წინასწარმეტყველების უნარით და მთვარის-ცვალებადობა, სხვადასხვა სახის მიღების უნარი და იმქვეყნიურ სამყაროს ძალებთან კავშირი.
ეგვიპტურ მითოლოგიაში უპუატს-ღმერთს მგლის სახით, თაყვანს სცემდნენ, როგორც მიცვალებულთა მფარველს და იმქვეყნიურ სამყაროში მეგზურს. უპუატს უწოდებდნენ ოზირისის პირველ მეომარს და ხანდახან მასთან აიგივებდნენ კიდეც, ისევე როგორც ანუბისთან.
ანტიკურ ხანაში ხანდახან აპოლონს გამოსახავდნენ მგლის სახით. მგლის კულტთან იყო დაკავშირებული ძველი განწმენდისა და ნაყოფიერების დღესასწაული ლუპერკალიუმი. შეტაკების დროს მგელმა არ იცის წაგება. ის ან ამარცხებს, ან ვაჟკაცურად პირისპირ ხვდება სიკვდილს.
მგელს შეუძლია იქცეს უსუსრთა ძლევამოსილ დამცველად. ამიტომ ბერძნულ-რომაულ ტრადიციაში წარმოადგენს ომის ღმერთ არესის(მარსის) თანმდევ ნიშანს, არის ვაჟკაცობის, გამბედაობის და გამარჯვების იმედის პერსონიფიკაცია. ამიტომ, შემთხვევითი არ არის, რომ მარსის ვაჟებს - რომის ლეგენდარულ დამფუძნებლებს რომულუსს და რემუსს მგელი კვებავდა.
ასეთივე ლეგენდა მგლების მიერ გვარის მამამთავრის აღზრდაზე დამახასიათებელია ევრაზიის, ძველი სპარსეთის მითოლოგიისთვის. თურქული მოდგმის ხალხისთვის მგელი აღიქმებოდა როგორც გვარის ტოტემი. თემის გმირ-მამამთავარს ერქვა მგელი, რომელსაც მგლის თავი ჰქონდა.
მგლების ხროვის ერთობა და ძალა იქცა სამხედრო არმიის სიმბოლოდ. სკანდინავური ეპოსი აღწერს ორ მგელს-ღმერთი ოდინის დამხმარეს. ხეთურ, ირანულ, ბერძნულ გერმანულ და სხვა კულტურაში მეომრები ხშირად იმოსებოდნენ მგლის ტყავით და საკუთარ თავს უწოდებდნენ მგლებს. მგლის თავის გამოსახულება გვხვდება არამარტო ალმებზე, არამედ სხეულზე ტატუს სახით. თავისი ხროვის, ოჯახის, საკუთარ ლეკვებზე და მეორე ნახევარზე ზრუნვამ მგელი აქცია ერთგულებისა და თავდადების სიმბოლოდ.
მითიური წინასწარმეტყველების თანახმად, ღმერთების უკანასკნელი შეტაკება მოხდება, როცა განთავისუფლდებიან ქთონური მხეცები. მაშინ მგელი გადაყლაპავს მზეს, რასაც ხალხის დაღუპვა მოჰყვება. კელტურ ლეგენდებშიც მგელი ყლაპავს მზეს, ზეციურ მამას. რის შემდეგ დგება უკუნეთი ღამე. მგლის დროა ღამე, სიბნელე, ზამთარი, გარდაცვალება, რომლის მერე იბადება ახალი სამყარო.
ზოროასტრიზმის ასტროლოგიურ სისტემას, ყოველ წელს, ოცდათორმეტწლიან ციკლში, გააჩნია თავისი სიმბოლო-ცხოველი, ტოტემი. ზოროასტრული სისტემის მიხედვით, მგლის წელში დაბადებული ადამიანი არის აქტიური პიროვნება, რომელსაც უყვარს ექსტრემალურ პირობებში ბრძოლა, არ ეშინია არანაირი საფრთხის. ესაა ღირსეული ადამიანი, მოგზაური, რომელსაც უჭირს ერთ ადგილზე ყოფნა.
შუა საუკუნეების ალქიმიაში მგელი განასახიერებს სურმას, რომელიც ხსნის ყველა ლითონს და საჭიროა ოქროს მინარევებისგან გასაწმენდად. ბევრ ალქიმიურ ტრაქტატში სურმის შენაერთს გამოსახავდნენ ხახადაღებული მგლის სახით.
როგორც აღვნიშნეთ, ქართველთა მგელთან დაკავშირებული ეთნიკური სახელი გვხვდება უცხო წყაროებში. სპარსულად ქართლს ეწოდება Warucan ანუ მგლის ქვეყანა. სახელი "ვახტანგი" სპარსულად ნიშნავს "მგლის ტანის მქონეს". მე-3 საუკუნის პართულ წყაროებში ივერია ნახსენებია "ვირშან", რაც მგლის ქვეყანას ნიშნავს. მგლის სიმბოლოს ეთნიკურ სახელში წარმოსახვა განპირობებული იყო ქართულ ტრადიციაში ძაღლისა და მასთან ასოცირებული მგლის მნიშვნელოვანი არსებობა. ყველასთვის ცნობილია მგლები-თრიალეთის თასზე. მგლები ჯერ მორიგე ღმერთის დამხმარენი იყვნენ, მოგვიანებით წმ.გიორგის.
ქართულ ტრადიციაში მგელი სოლარული ცხოველია. მის სიმბოლოს კავშირი აქვს მზის ასტრალურ კულტთან. ქართველთა წარმართული ღვთაება კვირია, რომლის დაქვემდებარებაში არიან მგლები, სოლარული ღვთაებაა.
საქართველოში იკვეთება მგელ-ძაღლის კავშირი ლომთან, რომელიც ასევე მზის ზოომორფული სიმბოლოა. სწორედ ამაზე მიუთითებს მგელ-ლომის გამოსახულება ვახტანგ გორგასლის მუზარადზე. მგლისა და ლომის კავშირი შეინიშნება ერტუსკულ რწმენა-წარმოდგენაში, სადაც ზოდიაქის ცენტრალური ფიგურა ლომი მგლითაა ჩანაცვლებული. ჰერაკლე გმირობათა 12 საფეხურიან ციკლს ასრულებს სწორედ ჰადესის მგელ-ძაღლის, ცერბერის (კერბეროსის) ამოყვანით.
ქართული მითოსური ხედვით, მგელ-ძაღლი ერთდროულად ციურიცაა, მიწიერიც და ქვესკნელთან დაკავშირებული. მგლის სიმბოლოს სამსახოვნება კავშირს პოულობს სამყაროს ხესთან, რომელიც წარმოადგენს ზესკნელის, შუასკნელის და ქვესკნელის საკრალურ კავშირს. ამ სამსახოვნებიდან გამომდინარე, მგლის ტყავი გამოიყენებოდა ღვთაებათა თუ ქურუმთა შესამოსელში, რომელსაც ვხვდებით თრიალეთის ვერცხლის თასზე გამოსახულ სარიტუალო კომპოზიციაში, სადაც ნათლად იკვეთება სიცოცხლის ხისა და მგელ-ძაღლის სიმბოლოს ურთიერთკავშირი. მსგავსი რიტუალი სიცოცხლის განახლებასთანაა დაკავშირებული.
No comments:
Post a Comment