Saturday, 20 November 2021

ჩეშირელი წინასწარმეტყველი რობერტ ნიქსონი


რობერტ ნიქსონი დაიბადა მე-15 საუკუნეში, ინგლისის ქალაქ ჩეშირში, გაკოტრებული ფერმერის ოჯახში. ბიჭი გონებრივად ჩამორჩენილი იყო,  დიდი თავისა და გადმოკარკლული თვალების გამო, ბავშვს დასცინოდნენ. ლაპარაკის დროს იყენებდა მხოლოდ ორ სიტყვას: "დიახ", "არა". ყველაფრის მიუხედავად ნიქსონი შევიდა ისტორიაში როგორც ჩეშირელი წიანასწარმეტყველი.

ერთხელ, ყველას გასაგონად რობერტმა თქვა, რომ მეზობლის ხარი მოკვდებოდა. ნათქვამმა ხალხი გააოცა. რამდენიმე დღის შემდეგ კი მისი სიტყვები ახდა. შორიახლო მცხოვრებმა ლორდმა ჩოლმონდელმა ყური მოჰკრა ამ ამბავს და ბრძანა რობერტის მასთან მიყვანა, მაგრამ ბიჭი ლორდთან დიდხანს არ დარჩა და ისევ შინ დაბრუნდა. მამასთან ერთად დუქანში ყოფნისას რობერტი ორი საათის განმავლობაში იქ დამსწრე საზოგადოებას უამბობოდა ოლივერ კრომველზე, რომელიც 132 წლის შემდეგ დაიბადა, სამოქალაქო ომზე, ჩარლზ I-ის დასჯაზე (რასაც ადგილი ჰქონდა 182 წლის შემდეგ), ყვებოდა საფრანგეთის 1789 წლის რევოლუციაზე, იწინასწარმეტყველა ჯეიმს II-ის დამხობა (რასაც ადგილი ჰქონდა 1688 წელს).

ნიქსონმა  იწინასწარმეტყველა, რომ ნორტონის მონასტრისა და ვეილ როიალის სააბატოს ქვები ერთმანეთს შეხვდებოდა ახლომდებარე მდინარე ვივერის შუაწელში. ყველას ეცინებოდა ამ სიტყვებზე, მაგრამ მალე ვეილ როიალის მონასტრის ქვები გამოიყენეს საამშენებლო მასალად მდინარეზე ხიდის ასაგებად.

ჩეშირის ერთ-ერთი ფერმის ზედამხედველმა მინდორში მუშაობის დროს თვალი მოჰკრა იქ მყოფი ახალგაზრდა ნიქსონის უცნაურ საქციელს, რომელმაც  შეწყვიტა მუშაობა და  ხმამაღლა დაიწყო ლაპარაკი. ზედამხედველი დაინტერესდა რაზე საუბრობდა ბიჭი და გადაწყვიტა მოესმინა მისთვის.-"რიჩარდი უტევს, მიდი რიჩარდ, მიდი!"-ამბობდა ნიქსონი. ცოტა ხნის შემდეგ კვლავ გააგრძელა-"უპირატესობა ჰენრიხის მხარესაა! მთელი ჯარი უტევს! ჰენრიხი იგებს ბრძოლას!"- ამ სიტყვებით დაასრულა ნიქსონმა და შემდეგ ისევ გააგრძელა თოხნა. რობერტი რამდენიმე ხნით ადრე ლაპარაკობდა იმ შეტაკებაზე, რომელიც რიჩარდსა და ჰენრიხს შორის გაიმართა. ზედამხედველმა მომხდარის შესახებ შეატყობინა თავის პატრონებს. მათ გაგონილი ჰქონდათ, რომ ეს საბრალო ბიჭი რაღაც საშუალებით იგებდა იმ მოვლენებზე, რომელიც ახლომახლო ხდებოდა და  წინასწარმტყველებდა მომავალს.

რობერტმა ზუსტად იწინასწარმეტყველა მისი პატრონის ოჯახის ერთ-ერთი წევრის გარდაცვალების შესახებ. ორი კვირით ადრე თქვა, რომ ამოვარდებოდა საშინელი ქარიშხალი, რიჩარდსა და ჰენრიხს შორის მოხდებოდა შეტაკება. ორი დღის შემდეგ, დასახლებაში გამოჩნდნენ ახალი მეფის მაცნეები, რათა ეს ამბავი ეცნობებინათ გადასახადის გადამხდელებისთვის. მათ კი უკვე იცოდნენ ტახტზე ჰენრიხის ასვლის შესახებ. იცოდნენ სწორედ სულელი რობერტისგან, რომელიც ყველაფერს ხედავდა რაც ხდებოდა ჰორიზონტს იქით. მაცნეებს ძალიან გაუკვირდა და ეს ამბავი ყველას მოსდეს.

მეფის მაცნეთა წასვლიდან ორი კვირის შემდეგ, რობერტ ნიქსონს მოუსვენრობა დაეტყო. ის სახლიდან სახლში გადადიოდა და სახლის პატრონებს დამალვას თხოვდა, ვინაიდან მისი თქმით მეფის მსახურები სასახლეში მის წასაყვანად მოვიდოდნენ და თუ მათ სასახლეში გაჰყვებოდა, მაშინ იქ შიმშილი მოჰკლავდა.

ხვეწნა-მუდარის მიუხედავად, არავის უცდია ბიჭის დამალვა, ყველა დასცინოდა. მეფის სასახლეში წაყვანა სულელის ნაბოდვარი ეგონათ. მიუხედავად ყველაფრისა, რობერტი მართალი აღმოჩნდა. მალე მეფის მაცნეები გამოჩნდნენ, ბიჭი კი მათ მომზადებული დახვდა, მეფეც შესახვედრად გაემზადა. ვინაიდან სკეპტიკურად უყურებდა რობერტის უნარებს,  წინასწარ ბეჭედი დამალა და როცა ნიქსონი მიიყვანეს, უთხრა, რომ დაკარგული ბეჭდის პოვნა სურდა. - ვინც დამალა, ისვე იპოვის-უპასუხა ნიქსონმა. მეფეს გაეცინა და ბრძანა რობერტისთვის მწიგნობარი დაენიშნათ, რათა  ჩაეწერა ბიჭის წინასწარმეტყველებები და სასახლის კარისთვის ეცნობებინა. 

სწორედ მეფის ბრძანების დამსახურებით მოაღწია ჩვენამდე ნიქსონის მე-15 საუკუნეში გაკეთულმა წინასწარმეტყველებებმა. მაგრამ 1845 წელს, ნიქსონის საქმეს მიემატა ახალი წინასწარმეტყველებათა ხელნაწერები, რომელიც შემთხვევით აღმოჩნდა საგვარეულო ნივთებში. ნიქსონს ბევრი ისეთი წინასწარმეტყველებაც ჰქონდა გაკეთებული, რომელთა უმეტესობას არ გააჩნდა ისტორიული მნიშვნელობა.

უმეტესი მათგანი ასრულდა როგორც ადამიანთა მიმართ, ასევე მოვლენების თვალსაზრისით. ჯერჯერობით დაუდასტურებელი დარჩა ორი წინასწარმეტყველება: "უცხოელები შეიჭრნენ ინგლისში თოვლიანი ჩაფხუტებით...დათვი დიდი ხნის განმავლობაში იყო მიბმული ბოძზე, მაგრამ გაწყვეტს ჯაჭვს და დიდ ნგრევას გამოიწვევს." და ეს: "მართალია მსოფლიოში იქნება მშვიდობა და ხალხი მშვიდად დაიძინებს, მაგრამ დილით მათ გააღვიძებს ომი".

ჭკუასუსტი რობერტ ნიქსონი მეფის ფავორიტი გახდა. მას მისცეს უფლება სასახლეში ისე ეგრძნო თავი როგორც საკუთარ სახლში და ეთხოვა რაც  სურდა, მაგრამ ნიქსონი იშვიათად სარგებლობდა თავისი მდგომარეობით და არაფერს ითხოვდა.

ყველაფერი კარგად იყო, სანამ მეფემ სანადიროდ წასვლა არ გადაწყვიტა, სადაც ნიქსონს მისი აზრით არაფერი ესაქმებოდა. როგორც კი ბიჭმა ამის შესახებ შეიტყო, მეფეს ხვეწნა დაუწყო, რომ თან წაეყვანა ან  ცოტა ხნით გაენთავისუფლებინა. მეფე დაინტერესდა თხოვნის მიზეზით. ნიქსონმა აუხსნა, რომ ეშინოდა მეფის წასვლის შემდეგ შიმშილით არ მომკვდარიყო, რაზეც მეფემ გაიცინა და დამშვიდების მიზნით რობერტს სპეციალურად დაუნიშნა  პაუსიხმგებელი ადამიანი, რომელიც ყურადღებას მიაქცევდა ბიჭს მისი სასახლეში არყოფნისას.

დანიშნული პიროვნება სერიოზულად მოეკიდა დაკისრებულ მოვალეობას, მაგრამ ზოგიერთმა მოსამსახურემ გონებასუსტ ბიჭს გამოჯავრება დაუწყო.  ამის გამო, მზრუნველმა ჩაკეტა ნიქსონი ოთახში, რომლის გასაღები მხოლოდ მას ჰქონდა და ყველა გააფრთხილა, რომ არავის ეცადა ოთახის გაღება და იქ შესვლა. მოხდა ისე, რომ ეს პიროვნება მეფის დავალების შესასრულებლად იძულებული გახდა  გასულიყო სასახლიდან, დაავიწყდა ოთახში ჩაკეტილ ბიჭზე ზრუნვა ვინმესთვის დაევალებინა. ნიქსონი მარტო დარჩა ოთახში გამოკეტილი.

ორი კვირის შემდეგ, მეფე დაბრუნდა სასახლეში, მაგრამ ნიქსონი უწყლობითა და უჭმელობით უკვე მკვდარი დახვდა. ასრულდა ნიქსონის ყველაზე აბსურდული  წინასწარმეტყველება, ის მშიერი გარდაიცვალა მეფის სასახლეში.





No comments:

Post a Comment