Saturday, 9 January 2021

მოჰავეს უდაბნოს ქვების საიდუმლო


 მოჰავეს უდაბნო აშშ-ს სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობს. იქვეა დამშრალი ტბის ფსკერი, რომელმაც სახელი გაითქვა თავისი უცნაური მოვლენებით. პირველ რიგში ეს გახლავთ მოძრავი ქვები. რთულია იმის ახსნა რით არის ეს მოვლენა გამოწვეული. ბევრი მეცნიერი მუშაობს ამ გამოცანაზე. ქვების ნაწილი მკვეთრად სწორ ხაზზე მოძრაობს და დროდადრო იცვლის მიმართულებას, ზოგიერთი ქაოტურად. უცნაურია, რომ ქვები მხოლოდ სამ-ოთხ წელიწადში ერთხელ იწყებს მოძრაობს და მისი კვალი მიწის ზედაპირზე ოთხი წლის განმავლობაში რჩება.

რა იწვევს ქვების მოძრაობას? ზოგიერთი მეცნიერი მიიჩნევს, რომ წვიმის შემდეგ წყალი რჩება ქვების ქვეშ, იყინება და ქმნის თხელ ფენას. დილით წყალი ნელ-ნელა დნება და უდაბნოს ზედაპირი  სრიალა ხდება, ამიტომ ქვები მისრიალებენ მასზე.

არსებობს მოსაზრებაც, რომ ყველაფერი დედამიწის მაგნიტური ველის დამსახურებაა, რომელსაც მოძრაობაში მოჰყავს ქვები.

ადგილობრივებს  მიაჩნია, რომ ქვების მოძრაობა სულთა ზებუნებრივი ძალისა და ინდიელთა მაგიის დამსახურებაა, რომელიც ამ მხარეში უძველესი დროიდანაა ცნობილი.

საკუთარი მოსაზრება  აქვს პროფესორ პოლ მესინსაც, რომელმაც უდაბნოს ისტორიაში პირველად დააყენა იქ კამერები 1993 წელს და მიღებული მონაცემების საფუძველზე დაიცვა დისერტაცია. ამ კვლევების შედეგად გაირკვა, რომ ქვები არ მოძრაობენ პარალელურად, არც ფორმა და არც ქვის წონა ცვლის მათ მოძრაობას. სამაგიეროდ მოძრაობაზე მოქმედებს ქვების განლაგება. მიღებული მონაცემების მიხედვით, დამშრალი ტბის თავზე მონაბერი ქარი მეტად რთული და იშვიათი ანომალიაა: იყოფა რამდენიმე დინებად, რომელიც ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით მოძრაობს.  ერთმანეთთან შეჯახებისას დინებები წარმოქმნის ქარბორბალას და მინი-ტორნადოს, რომელიც უბიძგებს ქვებს.

ნამდვილად ასეა ეს თუ არა, რთულია ამის თქმა. მიუხედავად უამრავი ცდების და კვლევებისა, მეცნიერებს( პროფესორ მესინის ჩათვლით) არ შეუძლიათ პასუხის გაცემა ბევრ კითხვაზე: რატომ რჩება ქვების ნაწილი თავის ადგილზე, როცა მათ მეზობლად არსებული იწყებს მოძრაობას? რატომ ბრუნდება ზოგიერთი ქვა ძველ ადგილზე? რატომ მოძრაობს ქვები პრაქტიკულად მუდმივად, იმ დროს როცა ქარიშხალი არაა ყოველ დღე?

მეცნიერებას ჯერ არ აქვს პასუხი. ბუნება არ ჩქარობს პასუხის გაცემას. 

ამ უდაბნოს მეორე უცნაური მოვლენა გახლავთ ქვის უზარმაზარი ლოდი. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ქვის ქვეშ სარკესავით პრიალა, უცნაური გვირაბებია გლუვი ზედაპირის მქონე კედლებით, რომელიც დედამიწის სიღრმისკენ მიემართება.


ესაა დამშრალი ტბის ფსკერზე კიდევ ერთი უცნაური მასიური გრანიტის კლდის ლოდი. მას უბრალოდ "უზარმაზარი ლოდი" შეარქვეს. ის დიდი ხნის განმავლობაში წმინდა ადგილად მიაჩნდათ ადგილობრივ ინდიელებს და დედამიწის გულად მონათლეს. რეგულარულად იკრიბებოდნენ იქ წლის დროთა ცვლილების აღსანიშნავად და ახალი შამანების ზიარებისთვის, რომლებიც უდაბნოში სულიერ გამოცდებს გადიოდნენ.

მე-20 საუკუნეში ქვას დაუკავშირდა ბევრი უცნაური ისტორია. მე-2 მსოფლიო ომის დროს, გერმანელი ემიგრანტი და მოჰავეს უდაბნოს მკვლევარი ფრენკ კრიცერი მოხიბლა უზარმაზარმა ლოდმა და დაიწყო მის ქვეშ გვირაბის თხრა. რისი პოვნა სურდა იქ ზუსტად არავინ იცოდა. თითქოს მან ყური მოჰკრა, რომ ლოდის ქვეშ დაფლული იყო დაკარგული ცივილიზაციის უძველესი განძი. კრიცერმა ვერაფერი იპოვა, მაგრამ ლოდის ქვეშ მოაწყო ავეჯით გაწყობილი რამდენიმე ოთახიანი რეზიდენცია.


ის ცნობილი გახდა როგორც ექსცენტრიული, შეშლილი განდეგილი, რომელიც ცხოვრობდა ლოდის ქვეშ. მას არ ჰყავდა მეგობრები, სანამ არ შეხვდა ყოფილ მფრინავს, ავიამექანიკოსს ჯორჯ ვან ტასელს. ისინი კარგად შეეწყვნენ ერთმანეთს და დამეგობრდნენ კიდეც. სწორედ ამის მერე მოუყვა კრიცერი მეგობარს იმ უცნაურ ამბებს, რომელიც მან ნახა  მისტიკურ წმინდა ქვის ქვეშ ცხოვრებისას.


კრიცერის თქმით, ლოდის ქვეშ თხრის დროს მან აღმოაჩინა უცნაური გვირაბები, რომელსაც ჰქონდა შუშასავით გლუვი ზედაპირის მქონე კედლები. გვირაბები მიემართებოდა ძალიან შორს უფსკრულისკენ. კრიცერმა არ იცოდა საით მიდიოდა გვირაბები და შეეშინოდა იქ შესვლის. ამავე დროს, ამტკიცებდა, რომ ამოუცნობი გვირაბები უცნაურად ზუზუნებდა, რომელიც სტატიკის ხმას ჰგავდა. შემდეგ ეს ხმა ისე გაძლიერდა, რომ კრიცერმა მოაწყო სპეციალური რადიო, რათა დაეჭირა მუდმივი ზუზუნის სიხშირე. ის დარწმუნებული იყო, რომ  საქმე ჩვეულებრივ ბუნებრივ გვირაბებთან არ ჰქონდა და გამოთქვა მათი გამოკვლევის სურვილი, მაგრამ ამის შესაძლებლობა არ მიეცა. 1942 წელს ხელისუფლებამ მასზე ეჭვი მიიტანა, როგორც გერმანელ ჯაშუშზე. პოლიცია დასაპატიმრებლად და დასაკითხად მივიდა, მაგრამ ჯიუტმა კრიცერმა უარი განაცხადა თავისი მოწყობილი საცხოვრებლიდან ამოსვლაზე.

პოლიციამ მისი გამოტყუება გაზის ყუმბარის დახმარებით სცადა, მაგრამ ყუმბარა მოხვდა დინამიტებით სავსე ყუთს, რომელსაც ინახავდა კრიცერი, ყუთი აფეთქდა და კრიცერი დაიღუპა, ლოდი კი  უვნებელი დარჩა.

მეგობრის დაღუპვის შემდეგ, ვან ტასელმა გადაწყვიტა გაეგრძელებინა ლოდის შესწავლა. 1947 წელს ოჯახთან ერთად გადასახლდა იქვე მახლობელ ქალაქში. შემდეგ კი გადაბარგდა ლოდისქვეშა რეზიდენციაში. იყიდა ახლოს მდებარე მიტოვებული პატარა აეროპორტი, შეაკეთა, ააშენა კაფე, მაღაზია, ბენზინგასამართი, სახლი სტუმრებისთვის  და შეუდგა იმ ტერიტორიის, როგორც მედიტაციისთვის შეფერისი ადგილის რეკლამირებას, რათა ახალი მოდური მოძრაობის ნიუ ეიჯის მიმდვრები მიეზიდა. არწმუნებდა მათ, რომ ლოდი იდგა დედამიწის ბუნებრივ ენერგეტიკულ ცენტრზე. სანამ ეზოთერიკის მოყვარულნი მასიურად სტუმრობდნენ ამ ადგილს, ვან ტასელი აგრძელებდა  მიწის თხრას გვირაბების მოსაძებნად, რომელზეც კრიცერი უამბობდა.




რაც უფრო მეტს ყვებოდა ვან ტასელი, მით უფრო უცნაური სახეს იძენდა მისი ისტორიები. ამბობდა, რომ შეეძლო ტელეპატიური ურთიერთობა უცხოპლანეტელებთან. თითქოს ერთხელ  ხომალდზე წაიყვანეს  და იქ ბევრი რამ ასწავლეს: ადამიანის სიცოცხლის გახანგრძლივება, დაავადებების მკურნალობა. აჩუქეს დროის მანქანის ნახაზები. ამ მანქანის დახმარებით შესაძლებელი იყო ადამიანის უჯრედების გაახალგაზრდავება და ენერგიით დამუხტვა სიცოცხლის გასახანგრძლივებლად. ვან ტასელი ამ მოწყობილობას უწოდებდა "ინტერგრატონს". 1954 წელს ტასელი შეუდგა, უკვე ხელთ არსებული ნახაზების მიხედვით, მის აგებას. ნაგებობა ხის, შუშის და ბეტონისა იყო. მასში არ იყო გამოყენებული ლითონი, სპილენძის მავთულის გარდა.

ინტერგრატონი



ინტერგრატონის ინტერიერი

მშენებლობის დროს ქვის ლოდთან უამრავი ხალხი და უფოლოგებიც მიდოდნენ. ვან ტასელმა გადაწყვიტა მოეწყო მათთვის ყოველწლიური შეკრებები, რათა დაწყებული საქმისთვის მიეღო ფინანსური დახმარება. ტასელი ისეთი პოპულარული გახდა, რომ უფოლოგიურ თემაზე  რამდენიმე წიგნიც კი გამოუშვა.

ინტერგრატონის მშენებლობა გაგრძელდა ორი ათეული წელი. 1978 წელს, როცა ნაგებობა თითქმის უკვე მზად იყო, ვან ტასელი მოულოდნელად გულის შეტევით გარდაიცვალა. მას მერე დროდადრო ამოუცნობი მფრინავი ობიექტების (ამო) მოყვარულნი მიდიან ხოლმე იქ. მუშაობს თუ არა ინტერგრატონი, უცნობია.

2000  წელს ლოდს თავისით ჩამოსტყდა ერთი ნაწილი. მას შემდეგ ობიექტმა  დაკარგა მსოფლიოს  ყველაზე დიდი ქვის სტატუსი.













No comments:

Post a Comment