Tuesday, 29 March 2022

ვეფხვი_როგორც სიმბოლო


ვეფხვი სამეფო ცხოველია. აღმოსავლეთში ის ცხოველთა მეფედ და ტყის სრულუფლებიან პატრონად თვლება. ინდოეთში ვეფხვი სპილოსავით ჭკვიან ცხოველად მიაჩნიათ, რომელიც, როგორც ფიქრობენ, ინტელექტით ადამიანზე მაღლა დგას. ჩინეთში ის არამარტო ცხოველთა მეფეა, არამედ ბოროტი სულებისთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენს. ამის გამო, ვეფხვს  ხშირად გამოსახავენ საცხოვრებელი სახლების კედლებზე. ეს მტაცებელი ცხოველი გამოხატავს სამხედრო წარმატებას. მის თავს ხატავდნენ მეომართა ფარზე, სამხედრო სიმაგრეების კარიბჭეზე მტრის შესაშინებლად. დასავლეთში ვეფხვი ცნობილი გახდა ალექსანდრე მაკედონელის  ლაშქრობის შემდეგ. რომმა ის პირველად იმპერატორ ავგუსტუსისთვის როგორც ინდოელი ელჩის საჩუქარი ისე იხილა.

ვეფხვი სიმბოლურად აღნიშნავს ძალაუფლებას და დიდ ენერგიას. ამ ცხოველის სიმბოლოს გამოყენებით ადამიანი საკუთარ ქვეცნობიერს უგზავნის გარკვეულ მოთხოვნას: მსურს ამ ძალის გააქტიურება და მართვა. იოგი, რომელიც ვეფხვის ტყავზე მჯდომი მედიტირებს, მიანიშნებს ამ მხეცის ძალის დაუფლებაზე. იოგის გაბრწყინების ხარისხი არ გახლავთ ვეფხვის უზღვავი ენერგიების ეკვივალენტური, მაგრამ  შეუძლია ამ ენერგიებთან მუშაობა და მისი დამორჩილება.


ვეფხვი ერთდროულად არის როგორც მზის, ასევე მთვარის ნიშნის მატარებელი ცხოველი. იმის გამო, რომ კარგად ხედავს სიბნელეში, მას ხშირად უკავშირებენ ღამეს და სიკვდილის საუფლოს. ინდუიზმში ვეფხვი გვევლინება ბოროტი ღმერთების ატრიბუტად. იკონოგრაფიაში დამანგრეველ ღმერთ შივას და სიკვდილის ქალღმერთი კალის ხშირად გამოსახავენ ვეფხვზე ამხედრებულს ან ვეფხისტყაოსანს. ეს ცხოველი იყო მმართველთა და მეომართა-ქშატრიათა სამეფო ღირსების სიმბოლო.


ადამიანის კავშირი ვეფხვთან აისახა აზიის და უფრო მეტად ინდოეთის მრავალ მითში რაქშასებზე (ვეფხვი მაქცია). რაქშასთა სახეში ნათლადაა ასახული ვეფხვით აღფრთოვანება და გამოიწვეული შიში. რაქშასი ეშმაკეული არსებაა, ფლობს მაგიურ ძალას, თავად მოუწყვლადია ყველანაირი შელოცვის მიმართ. მისი საყვარელი საქმიანობა ომია. დაუნდობელია, უყვარს მსხვერპლის ნდობის მოპოვება და შემდეგ მუხანათური თავდასხმა.


დედამიწაზე ბევრი ხალხი არსებობს, რომელსაც სჯერა რომ  წინაპარი ჰყავდა ვეფხვი ან მათი წარმომავლობა დაკავშირებულია ქალთან, რომელიც ვეფხვზე დაქორწინდა.

ამ მტაცებელს დედამიწაზე ყველა ცხოველის ბრძანებლად თვლიან ჩინეთში. მას ორმაგი ბუნება აქვს-არის შემოქმედი და მნგრეველი ერთდროულად. ვეფხვი განასახიერებს ზეადამიანურ ძალებს. ისაა ტყეთა ღმერთების მაცნე, მასზე ამხედრება შეუძლიათ ღმერთებს. არიან უკვდავნი და ძალუძთ ბოროტი სულების განდევნა. სახრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ვეფხვი მიაჩნიათ მთებისა და გამოქვაბულების სულად. 

ჩინეთში, იაპონიასა და კორეაში მონასტრების, მდიდარი მაღაზიების და ფეოდალთა სასახლეების შესასვლელებს ხშირად ამშვენებდნენ ვეფხვის ქვის ქანდაკებებით. აღმოსავლეთში ვეფხვი ისეთივე როლს ასრულებს როგორსაც ლომი აფრიკულ და ევროპულ კულტურაში. ბევრი ღმერთი და მითოლოგიური გმირი შემოსილი იყო ლომის, ვეფხვის ან ჯიქის ტყავით. ასეთი ტყავი მოსავს დიონისეს, ჰერაკლეს, სამსონს და "ვეხისტყაოსნის" გმირ ტარიელს. ამ შემთხვევაში ტყავი მნიშვნელოვანი სიმბოლური ნიშანია ზემაღალი შესაძლებლობების. მხეცის თვისებები გადადის ადამიანზე. მითოლოგიური გმირების ასეთ თვისებებად ითვლებოდა მაგიური შესაძლებლობები და წარმოუდგენელი ფიზიკური ძალა. ტარიელის ტყავი ადამიანის უმაღლესი შესაძლებლობების მაჩვენებელია, რომელმაც გაიარა რთული ინიციაცია.



ვეფხვი ასოცირდებოდა ქალურ საწყის ინ-თან, მიწისქვეშა სამყაროსა და დასავლეთთან, სადაც მზე ჩადის დედამიწის კიდეზე. მისი საპირისპირო იყო მწვანე გველეშაპი(დრაკონი), რომელიც ატარებს მამაკაცურ საწყისს-იანი. მოგვიანებით ვეფხვსა და გველეშაპს შორის მოხდა ადგილმონაცვლეობა. იანის იეროგლიფით აღნიშნავდნენ ვეფხვის მამრულ კეთილშობილებას. როცა ვეფხვს იანის ნიშანი აქვს, ჩინური სიმბოლიკის თანამხმად, ის განასახიერებს ძალაუფლებას, ვაჟკაცობას, მხედრულ ძალას.  როცა ვეფხვი გამოსახულია როგორც ზეციურ გველეშაპთან მეომარი, ის ხდება ინის დედამიწისეული განსახიერება.


ვეფხვს უკავშირდება დასავლეთის მფლობელი სი-ვანმუ, რომელიც ძველ ჩინურ ხელნაწერებში აღწერილია როგორც ზოომორფული არსება. შესაძლოა ამ მრისხანე ქალღმერთის იპოსტასია ვეფხვის მსგავსი ურჩხული დაო-დაი, რომელიც ნახსენებია ხანის დინასტიის ხანაში. დაო-დაის გამოსახულება როგორც წესი გვხვდება დაკრძალვის კულტის ნივთებზე, ხანდახან თავად ურნას ჰქონდა ვეფხვის ფორმა. მოგვიანებით ეშმაკეულმა არსებამ სინ-ვანმუმ განიცადა რადიკალური ცვლილება. ის შევიდა დაოსურ პანთეონში არა როგორც დასავლეთის საშინელი მფლობელი, არამედ როგორც უკვდავების წამლის მფლობელი. ვეფხვი საფლავის მცველად იქცა. მისი გამოსახულებას იყენებენ ეშმაკეულებთან და ბოროტ სულებთან საბრძოლველად. თავად ეშმაკეულებს უნდა განეცადათ შიში, ამიტომ საფლავებზე ხშირად დგამდნენ ვეფხვის ქვის კანდაკებებს.

ჩინურ ალქიმიაში ვეფხვი არის ტყვიის და ფიზიკური ძალის სიმბოლო. ჩინურ ბუდიზმში ვეფხვი სამიდან ერთ-ერთი უგრძნობი არსებაა, რომელიც განასახიერებს გაბრაზებას. მას ეთაყვანებოდნენ არა მარტო როგორც ცხოველთა მეფეს, არამედ როგორც ეშმაკეულთა რისხვას.
ვეფხვი ქრისტიანობის სიმბოლოცაა და ამავე დროს ქრისტეც. 

ასტროლოგიური კუთხით ვეფხვი შემოქმედია და ამავე დროს დამანგრეველი ძალის მქონე. მისი დამახასიათებელია სამეფო ღირსება, სისასტიკე, ძალა, ძალაუფლება, სიმამაცე და მრისხანება, რომელიც როგორც მცველს სჭირდება. აცტეკებისთვის ვეფხვი-დასავლეთით ჩამავალი მზეა, ფარული ბნელი ძალა და მიწის ძალა. ის ხშირად ახასიათებს აზარტული თამაშის მოყვარულებს. შამანებისთვის ვეფხვი განასახიერებს ზეადამიანურ ძალას.

ვეფხვის ნიშნის მატარებელი იმ მასალისაგანაა გამოძერწილი რომლისგანაც ხდებიან რევოლუციონერები და ბელადები. ისინი ყოველთვის წინ მიდიან, სძულთ არსებული ხელისუფლება, საზოგადოებრივი იერარქია და კონსერვატორული აზროვნება.  






No comments:

Post a Comment