Sunday, 13 March 2022

ბიბლიური სებას დედოფლის წინასწარმეტყველება


ბიბლიურ ტექსტებში ხშირად არიან ნახსენები როგორც ისტორიული, ასევე სრულიად უცნობი ადამიანები. ერთ-ერთი მათგანი გახლავთ სებას დედოფალი, რომლის შესახებ ძალიან ცოტა რამაა ცნობილი. ვიცით მხოლოდ, რომ მდიდარი დედოფალი ჩავიდა სოლომონ მეფესთან და შეხვდა მას. ისლამურ სამყაროში მას პატივს მიაგებენ როგორც ძლევამოსილ დედოფალ ბალქისს, ხოლო ეთიოპიაში როგორც მაქედას. სებას დედოფალზე ისე ცოტა რამაა ცნობილი, რომ ისტორიკოსებს და არქეოლოგებს ეჭვი შეაქვთ მის რეალურ არსებობაში. ბიბლიის მეფეთა მესამე წიგნში დედოფალი მოხსენებულია უბრალოდ როგორც "აღმოსავლეთის დედოფალი". არ არის დაზუსტებული მისი წარმოშობა. ცნობილია მხოლოდ ის, რომ სოლომონ მეფის სახელმა მის ყურამდეც ჩააღწია. დედოფალმა გადაწყვიტა სოლომონის მონახულება და პირადად  გაცნობა. გაეშურა იერუსალიმისკენ ქარავნით, რომელიც დატვირთული იყო ძვირფასი სამეფო ძღვენით. ბიბლიური გადმოცემის თანახმად, დედოფალს გადაწყვეტილი ჰქონდა გამოეცადა სოლომონ მეფე და დარწმუნებულიყო მის სიბრძნეში. დედოფალი მართლაც გაოცებული დარჩა მეფე სოლომონის გამჭრიახობით და კმაყოფილი დაბრუნდა საკუთარ ქვეყანაში. ბიბლიაში მოკლედაა ნაამბობი ამის შესახებ.  სებას დედოფალზე კი ინფორმაცია სხვა წყაროებშიც გვხდება.


იუდეველთა და მუსლიმთა ლეგენდებში საკმაოდ ცნობილია იგავი სოლომონსა და სებას დედოფალზე, რომელიც ფანტასტიკური ელემენტებითაა გაჯერებული. იუდეის ისტორიკოსი იოსები (I საუკუნე) თვლიდა, რომ ის იყო ეგვიპტისა და ეთიოპიის დედოფალი. არაბულ ფოლკლორსა და ყურანში ვიგებთ, რომ სოლომონმა ფრინველ უდოდისგან შეიტყო მდიდარი სამეფოს შესახებ, რომელსაც მართავდა დედოფალი. მეფე სოლომონმა ფრინველს გაატანა მოსაწვევი, თან დააბარა, რომ ვიზიტზე უარის თქმის შემთხვევაში სოლომონი გაანადგურებდა მის სამეფოს. სებას დედოფალმა მიიღო მოწვევა, აღასრულა და შემდეგ მოექცა სოლომონის რწმენაზე-ერთი ჭეშმარიტი ღმერთისა.

თანამედროვე არქეოლოგების აზრით, თუ სებას დედოფალი რეალური ისტორიული ფიგურა იყო, მაშინ მიწები რომელსაც ის განაგებდა, უნდა ყოფილიყო აქსუმის სამეფო (თანამედროვე ეთიოპია) ან სებეის სამეფო (თანამედროვე იემენი), შესაძლოა ორთავე ერთად. ვარაუდი ეფუძნება იმ ფაქტს, რომ სოლომონისადმი მიძღვნილ საჩუქრებში იყო საკმეველიც, რომელიც ხარობს მხოლოდ ამ ორი სამეფოს მიწაზე. სავარაუდოდ, დედოფალი ცხოვრობდა ძვ. წ. აღ-ის მე-9,10 ს-ში. ის გახლდათ არაბეთის ნახევარკულზე მდებარე სახელმწიფოს მდიდარი მმართველი. სოლომონი არაერთხელ შეხვდა მას და მოისმინა მისი წინასწარმეტყველება მსოფლიოს მომავალზე. დედოფლის წინასწარმეტყველება იმდენად საინტერესო გახლდათ, რომ მეფე სოლომონმა უბრძანა ჟამთააღმწერელს ჩაეწერა, რომლის დამსახურებით აღმოჩნდა ის წიგნში "სებას დედოფლის წინასწარმეტყველებები."

ზოგიერთ ისტორიკოსს სებას დედოფლის პიროვნებასთან დაკავშირებით გააჩნია საინტერესო ჰიპოთეზა. მათი აზრით, ეს ქალი ერთი არაა, ის რამდენიმეს კრებითი პიროვნებაა.

სებას დედოფლის წინასწარმეტყველების უნარი პირველად გაჩნდა ბიზანტიურ კულტურულ სივრცეში. მას მიაწერდნენ ნათელმხილველობას, ვინაიდან ის გაიგივებული იყო რომაულ სიბილასთან. ამ შემთხვევაში, სება იგივე სიბილა  გაეშურა იერუსალიმში რათა გამოეცადა სოლომონი საკუთარი გამოცანებით. ზოგიერთი თვლის, რომ დედოფლის გაიგივება სიბილასთან მისი სიბრძნის დამსახურება უნდა ყოფილიყო. ყურადღებას იქცევს ერთ-ერთი ქალდეველი და იუდეველი სიბილას სახელი, რომელსაც პავსანიუსი სებეს უწოდებს და ის გამოჩნდა პალესტინაში. თუმც პავსანიუსის სებეს ისტორიკოსი სიუდასი სამბეთად ახსენებს, რომელსაც ნოეს შთამომავლად მიიჩნევს.

"სებას დედოფლის წინასწარმეტყველების" ავტორად მიიჩნევენ მაქედას (875 წ ჩვ.წ.აღ-მდე). ის მიაჩნდათ დიდ წინასწარმეტყველად.  ისრაელის მეფის სასახლის სტუმრობისას ყვებოდა საკუთარ ხილვებს. სოლომონის ბრძანებით მის ნათქვამს იწერდნენ. წინასწარმეტყველებები სამ წიგნადაა ჩაწერილი და ეხება სხვადასხვა ისტორიულ ხანას. უფრო მნიშვნელოვანი გახლავთ მეორე და მესამე წიგნი, სადაც საუბარია სამყაროს დასასრულზე. 

ტექსტის თარგმანი გაჩნდა 1916 წელს, რომელიც სავარაუდოდ ჩვ.წ. აღ-მდე მე-9 ს-ში დაიწერა და დიდი რეზონანსი გამოიწვია.

პირველი წიგნი აღწერს ძველი ისრაელის მიწაზე სოლომონის მეფობის შემდეგ თავს დამტყდარი  უბედურებისა და ტანჯვის წლებს. აქვე აღმოვაჩენთ მესიის დედამიწაზე მოსვლის ხილვას იერუსალიმთან ახლოს და მის ჯვარცმას. წინასწარმეტყველების თანახმად, მესიის ტანჯვით სიკვდილის შემდეგ ღმერთის საშინელი სასჯელი დაატყდება თავს იერუსალიმს. სახელმწიფო საბოლოოდ დაინგრევა, ქალაქი მიწასთან გასწორდება, ებრაელები განიფანტებიან ყველა მიმართულებით, ვინაიდან არ მიიღეს და იწამეს მესია. რომი იქცევა მოსეს სვეტად, ვინაიდან ის აღიარებს მესიას და დაიცავს მას სისხლის უკანასკნელ წვეთამდე. მესიის გარდაცვალების შემდეგ, მისი სწავლება გავრცელდება ყველა ხალხში. ისინი ირწმუნებენ, ყველანაირად დაიცავენ და შეინარჩუნებენ მის მოძღვრებას.

მეორე წიგნში დედოფალი იძლევა ინფორმაციას  მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებზე, დიდ ომზე, რომელიც უნდა გაჩაღდეს სამ ფრონტზე, ასევე ქრისტიანული სამყაროს გაყოფასა და მისგან განდგომაზე. მმართველები განუდგებიან რომს, ხალხი იცხოვრებს ტყუილსა და ურწმუნოებაში. კაცობრიობას შეიპყრობს დაუნდობლობა, რომელიც ურწმუნოებით და ღმერთის უარყოფით იქნება გამოწვეული. მაშინ ღმერთი დედამიწაზე გამოაგზავნის უბედურებებს გაფრთხილების მიზნით: გვალვები, მიწისძვრები, შიმშილი, ხანძრები, ზაფხულში ყინვები, ეპიდემიები.

სებას დედოფალი აფრთხილებს ყველას სამყაროს დასასრულზე. "ვინც სიკეთეს აკეთებს და  ღმერთს ყურს მიუგდებს" ღმერთი მათ წლებს მოუმატებს, ურწმუნოებს კი შეუმცირებს მშვიდობიანი ცხოვრების ხანგრძლიობას. შეუძლებელია ხალხმა იცოდეს სამსჯავროს დღე. ხალხს  მიეცემა მხოლოდ მისი ნიშნები. ადამიანებს სამყაროს დასასრულამდე გაეხსნება შვიდი ნიშანი, რომელიც ამცნობს მათ ღვთის ნებას და შემდეგ მოვლენებს წინ წარუძღვება ეს შვიდი ნიშანი. პირველი-ესაა ცხოველები, რომელიც სისხლში განიბანებიან და დაიტანჯებიან. მეორე-მთვარე გარდაისახება და აღმოსავლეთიდან გამოანათებს, რაც ხალხს შეაშინებს და ლოცვას დაიწყებს. კიდევ ერთი ნიშანი-მთვარე, ვარსკვლავები და მზე წითლად გაანათებს. მეოთხე-გვალვა დედამიწაზე, რის გამო ხეები და მცენარეები გახმება. მეხუთე-დედამიწის კოლაფსი, იმ ადგილებიდან ამოსული ცეცხლი და კვამლი. მეექვსე ნიშანი-ცეცხლოვანი წყალი, რომელიც სანაპიროებიდან წამოიმართება. მისი ხილვისას ხალხი შიშმა უნდა შეიპყროს, დაიღუპოს, მაგრამ გადარჩება. უკანასკნელი ნიშანი-დედამიწის ზედაპირის მოძრაობა, რის შედეგად მთები და კლდეები ჩამოიქცევა და მიწასთან გასწორდება, რაც ადამიანებს დააბნევს და ისინი გზააბნეულ ცხვრებს დაემსგავსებიან.

მესამე წიგნი ეხება ბოლო ჟამს. ღმერთი კვლავ მოისურვებს ადამიანების სწორ გზაზე დაყენებას. ამიტომ ის გამოუგზავნის ხალხს მეტ ნიშანს: ადამიანებს ისე მოშივდებათ, რომ შაბათ-კვირასაც იმუშავებენ რათა თავი გადაირჩინონ. ხანგრძლივ ქორწინებაში მყოფთ არ ექნებათ თანხმობა, აქედან გამომდინარე ჩხუბი, გაუგებრობა და განქორწინება. ხელოვნება, მეცნიერება ისე განვითარდება, რომ ადამიანები დაიწყებენ მიწის სიღრმიდან ნედლეულის მოპოვებას: ნახშირი, მადანი და ქვა, რომელიც განაპირობებს რკინის მრწველობის განვითარებას. მისგან დამზადდება სხვადასხვა მოწყობილობები. მსოფლიოში გაიფურჩქნება ვაჭრობა, რაც ზოგიერთთა სიხარბის ზრდას, ჭეშმარიტებისა და სიყვარულის გაქრობას გამოიწვევს. მსოფლიოს დაიპყრობს ფული. 

ბოლო ჟამს იქნება გლობალური ომი, რომლის დროს დაიღუპება ურწმუნოთა ორი მესამედი, რასაც მოჰყვება 50 წლიანი მშვიდობა ღვთის მფარველობის ქვეშ ანტიქრისტეს მოსვლამდე. მის მოსვლას მთელი მსოფლიო შეიტყობს. ის თავის სწავლებას გაავრცელებს, რომელიც ჭეშმარიტ რწმენას დაავიწყებს ხალხს. ისინი ვინც არ იწამებენ მის მაგიურ ძალას და არ შეურთდებიან, იქნებიან დევნილნი. ღმერთისგან გამოგზავნილი  ორი წინასწარმეტყველი ელია და ენოქი შეებრძოლებიან ატიქრისტეს. განრისხებული ანტიქრისტე მათ მოაკვლევინებს და ქუჩაში დაუმარხავად დააგდებს ოთხი დღე. მეოთხე დღეს გაისმება ზეციდან ხმა და ორი მასწავლებელი აღდგება. გაიხსნება ზეცა, გაიელვებს, მოკლავენ შვიდი ათას ადამიანს, იერუსალიმის მეათედი ნაწილი მიიძინებს და ვინც გადარჩება მოექცევა ჭეშმარიტი ღმერთის რწმენაზე. იმ დროს ეკლესიას მართავს უკანასკნელი პაპი პეტრე.  დადგება საშინელი მსჯავრის დღე ადამიანებისთვის. თავიდან შვიდჯერ გაისმება საშინელი გრგვინვა, რომელიც გაგრძელდება შვიდი დღე, და ის იმდენად ძლიერი იქნება, რომ ქალაქები, კედლები, ციხესიმაგრეები ნანგრევებად იქცევა. როცა დრო დადგება ყველაფერი დასრულდება.

სებას დედოფლის წინასწარმეტყველება სამყაროს დასასრულზე დიდ ინტერესს იწვევს დღემდე. ზოგს მიაჩნია, რომ დედოფლის ხილვები მეტისმეტად ზუსტია, ვინაიდან ის წინასწარმეტყველებდა ისეთ მნიშვნელოვან მოვლენებზე როგორიცაა ქრისტეს დაბადება, ებრაელთა დევნა, ნაპოლეონის დაპყრობითი ომები და ორი მსოფლიო ომი. 





No comments:

Post a Comment