მისტერია-საიდუმლო, რომელიც დაფარულია სხვებისთვის. ყველაზე ძველი ტექსტი მისტერიებზე გახლავთ ეგვიპტური "მიცვალებულთა წიგნი", რომლის ავტორი ლეგენდის მიხედვით იყო თავად ღვთაება თოთი. მისტერიაში მონაწილე ადეპტი გადიოდა რიგ გამოცდას, რომელიც სიმბოლოურად წარმოდგენდა მის სიკვდილს და მკვდრეთით აღდგომას.
"მიცვალებულთა წიგნში" აღწერილია არამარტო სიკვდილის შემდეგ სულის მოგზაურობა, არამედ გადმოცემულია წმინდა რიტუალების დროს მიღებული განცდები და მდგომარეობა. სიკვდილისა და აღდგომის ძველ მისტერიებში, წმინდა საიდუმლო რიტუალებში, იყენებდნენ ცნობიერების შეცვლის ფსიქოტექნიკას.
ჰეროდოტე მისტერიებზე დიდი პატივისცემით საუბრობდა: "დუმილს ვამჯობინებ მისტერიებზე, რომელთა უმეტესობა ჩემთვის ცნობილია".
მისტერიებში ყოველთვის იყენებდნენ დაშიფრულ ენას საიდუმლო ცოდნის დასაფარად. დიდი მისტერიების ფარული სიმბოლიზმი გაუგებარს ხდიდა უცოდინარისთვის ჭეშმარიტ მნიშვნელობას.
ციცერონის, ვერგილიუსის თანახმად, მისტერიების სწავლებით ცხოვრებისეული სიმწარე და უბედურება წინა ცხოვრებაში დაშვებული შეცდომებისა და ცოდვების საზღაური გახლდათ.
დიდ მისტერიებზე დაშვება მოითხოვდა რთულ პროცედურებს, ისეთის როგორიც იყო ინიციაცია. კლასიკური ავტორების ნაწერებიდან ცნობილი ხდება, რომ ამ რიტუალების დროს ადგილი ჰქონდა უცნაურ მოვლენებს. პლატონი წერდა, რომ მომსწრე გახდა ნათელი სხივის ხილვის. პროკლუსის (მე-5 ს) თქმით, "ღმერთები იღებდნენ სხვადასხვა ფორმას, ჩნდებოდნენ სხვადასხვანაირი სახით, ხანდახან უკონტურო ნათებით. სოკრატე იმათ ვინც მისტერიებს საფუძველი ჩაუყარა გენიოსებად მიიჩნევდა.
მისტერიებზე დაშვება შეუძლებელი იყო საეჭვო რეპუტაციის პირებისთვის. მიუხედავად დიდი ძალაუფლებისა, ნერონი ვეღარ ბედავდა ელევსინის მისტერიებში მონაწილეობის მიღებას მას მერე, რაც საკუთარი დედა მოკლა. მისტერიებს რიგითები უცქერდნენ როგორც რაღაც საფრთხის შემცველს. ყველაზე დიდ დანაშაულად ითვლებოდა მათთვის საიდუმლოს გამხელა. "გამცემი" სიკვდილითა და ქონების კონფისკაციით ისჯებოდა. ცნობილია, რომ პოეტი ესქილე იმის გამო, რომ სცენაზე გადაიტანა ზოგიერთი რამ მისტერიებიდან, სიკვდილს მხოლოდ გაქცევით გადაურჩა, ვინაიდან სასამართლო გამოძიებით დადგინდა, რომ ის არ იყო ხელდასმული. ესქილემ დიონისეს საკურთხეველს შეაფარა თავი.
ისტორიული ფაქტები გვიჩვენებს, რომ მისტერიებში მონაწილეობისთვის აუცილებელი იყო შეურყვნელი რეპუტაცია. ადეპტს ეხსნებოდა სხვადასხვა სახის ცოდნა სიმბოლოებისა და კატეგორიების საფარქვეშ, რისი წვდომაც პროფანებისთვის შეუძლებელი იყო. ასეთი გასაიდუმლოების გამო, შეუძლებელი ხდება ინიციაციის ძველი რიტუალის სურათის აღდგენა. ერთადერთი ებრაელი ფილონია ვინც გვამცნობს, რომ მისტერიები ხსნიდნენ ბუნებაში მიმდინარე მოვლენების საიდუმლოებებს. ისტორიული დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ მისტერიებში ხდებოდა თვალის ახელა არამარტო უმაღლეს "მე"-ზე და ადამიანი ადიოდა კოსმიური შემეცნების უმაღლეს დონეზე, არამედ ის იღებდა სამეცნიერო მონაცემებს და ზუსტ ინფორმაციას კაცობრიობის უცნობ ისტორიაზე. რისი დასტურიცაა პლატონის "ტიმეოსი", სადაც სოლონი საუბრობს ეგვიპტელ ქურუმებზე, რომლებიც აცნობდნენ მის ეპოქამდე არსებულ 9 ათასი წლის ქრონოლოგიას, რაც იძლევა ვარაუდის საშუალებას, რომ ეგვიპტეში არსებობდა ისტორიული არქივები, რომელიც მოიცავდა დროის დიდ ხანას.
მისტერიები ტარდებოდა დედამიწის სხვადასხვა კონტინენტზე, მაგრამ განსაკუთრებით გავრცელებული იყო ხმელთაშუა ზღვის რეგიონში. ინიციაცია ეფუძნებოდა მითებს სიკვდილის შემდეგ აღმდგარ ღმერთებზე, როგორიც იყო: იშთარი და თამუზი, იზიდა და ოზირისი, დიონისე, ატისი და ადონისი. მიაჩნდათ, რომ სიკვდილისა და აღდგომის გამოცდილება, რომელსაც ისინი რიტუალის დროს იღებდნენ, ინიცირებულებს ათავისუფლებდა სიკვდილის შიშისგან და ძირფესვიანად ცვლიდა მათ.
ყველა დროის მისტერიებიდან ყველაზე ცნობილი და მნიშვნელოვანი გახლდათ ელევსინის მისტერია, რომელიც დაკავშირებული იყო ჰადესის მეუფის მიერ პერსეფონეს გატაცების ისტორიასთან. რიტუალი ტარდებოდა ხუთ წელიწადში ერთხელ პატარა ქალაქ ელევსინში, ათენთან ახლოს, თითქმის ორი ათასი წლის განმავლობაში ძვ.წ. აღ-ის 1400 წლიდან ახ. წ.აღ-ის 395 წ-მდე. რომის უკანასკნელმა იმპერატორმა ფლავიუს თეოდოსიუსმა აკრძალა მისტერიებში და სხვა წარმართულ რიტუალებში მონაწილეობის მიღება.
მისტერიის რიტუალები ყოველთვის ფარული იყო უცხო პირებისთვის. ინიციაცია ადამიანს აკავშირებდა ღმერთთან, უკვდავებასთან და ღვთიური ძალის შეძენესთან იმქვეყნიურ სამყაროში. დემეტრას მთავარ ტაძარში ერთდროულად მიმდინარეობდა სამი ათასამდე ნეოფიტის ინიციაცია. ცნობიერების შეცვლის რა მეთოდებს იყენებდნენ ამ საიდუმლო რიტუალების დროს უცნობია. ცნობილია მხოლოდ, რომ რიტუალში მონაწილეები სვამდნენ კიკეონს, რომელიც შეიცავდა ერგოტის ალკოლოიდებს და ზემოქმედებით ჰგავდა ლსდ-ს, ხოლო ბაქხანალიებისთვის ღვინო შეიცავდა ფსიქოდელურ ინგრედიენტებს.
სხვადასხვა სულიერ-ფილოსოფიურ და მისტიკურ ტრადიციაში: ბუდიზმი, დაოსიზმი, სუფიზმი, გნოსტიციზმი, ქრისტიანული მისტიციზმი, კაბალა აღწერილია განცდები, რომელსაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ვერ ვაცნობიერებთ. სულიერი სისტემებიდან უმეტესობა წარმოადგენს ადამიანის ფსიქიკის და შემეცნების მრავალსაუკუნოვანი შესწავლის შედეგს. აღმოსავლეთის სხვადასხვა მისტიკური ტრადიცია და სულიერი სწავლება განსაკუთრებული ინტერესის სფეროა ტრანსპერსონალური ფსიქოლოგიის მკვლევართათვის.
ცნობიერის თანამედროვე მკვლევართა შედეგები ადასტურებენ ძველი სწავლებების პოზიციას. სხვადასხვა ძველი "წმინდა" ხერხის საშუალებით შესაძლებელია ადამიანში ე.წ. ჰოლოტროპული მდგომარეობის გამოწვევა. ეს ტექნოლოგიები მოიცავს დოლზე ბრახუნს, ზარების რეკვას, მონოტონურ სიმღერას, რითმულ ცეკვას, სუნთქვის რითმის შეცვლას. განსაკუთრებით ეფექტურია ფსიქოდელური მცენარეების რიტუალური მოხმარება.
ჰოლოტროპული მდგომარეობა შამანიზმის რიტუალების განუყრელი ნაწილი იყო. ის ძველი მისტერიების სიკვდილისა და აღდგომის საკვანძო ელემენტი გახლდათ. ჰოლოტროპულმა განცდებმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მსოფლიო რელიგიების მისტიკურ განშტოებებში. ეზოთერულმა ტრადიციებმა შეიმუშავეს სპეციფიკური მეთოდები ასეთი განცდის გასაძლიერებლად. მას განეკუთვნება იოგა, ბუდისტური მედიტაციები და კონცენტრაცია, მრავალხმიანი მონოტონური სიმღერა, დერვიშთა წრიული ბრუნვა და სხვა. ამავე სისტემებმა შეიმუშავეს ლოცვის ეფექტური ფორმები, მედიტაცია, სუნთქვითი ვარჯიშები ადამიანის შეცვლილი ცნობიერების მდგომარეობაში შესაყვანად.
როგორც აღვნიშნეთ, სიკვდილისა და აღდგომის მისტერიების საფუძველი გახლდათ მითოლოგიური ისტორიები, სადაც მონაწილეობდნენ სხვადასხვა ღვთაებები. ისინი კვდებოდნენ და მკვდრეთით აღდგებოდნენ, ანდა ეშვებოდნენ მიცვალებულთა მიწისქვეშა საუფლოში და იქიდან უვნებელი ბრუნდებოდნენ. სიკვდილისა და აღდგომის მითები იყო წამყვანი ძველი მისტერიებისა, რომლის დროს ნეოფიტები განიცდიდნენ სიკვდილს, აღდგომას და ღრმა სულიერ-ფსიქოლოგიურ გარდასახვას. ადეპტის განცდები განიხილებოდა როგორც ღვთაებებთან კონტაქტის დამყარების საშუალება.
სარწმუნო ცნობების თანახმად, ცნობიერის მსგავს უკიდურეს მდგომარეობაში შეყვანა ითვლებოდა გონების დაკარგვისგან დაცვად. რაც მაჩვენებელია იმისა, რომ შესაბამის გარემოში ადამიანის ფსიქიკაში მიმალულ საშიშ ძლიერ ძალებს ეძლეოდა გარეთ გამოსვლის საშუალება. იმ ძლიერ განცდებს, რომელსაც ნეოფიტი განიცდიდა მისტერიების დროს, განსაკუთრებით სულიერ-ფსიქიკურ სიკდილს და აღდგომას, გააჩნდა სამკურნალო და გარდასახვის პოტენციალი.
პლატონი საუბრობს ოთხი ტიპის სიგიჟეზე, რომელიც გამოწვეულია ღვთიური ზემოქმედების შედეგად: ეროტიკული, როცა ადამიანს ეუფლება აფროდიტე და ეროსი, წინასწარმეტყველური-აპოლონის ზემოქმედებით, მხატვრული სიგიჟე, რომელიც შთაგონებულია ერთ-ერთი მუზით და მისტიკური საიდუმლოს სიგიჟე-დიონისესთან დაკავშირებით. პლატონი მისტიკური სიგიჟის თერაპიულ პოტენციალს აღწერს და მოჰყავს მაგალითისთვის რეა-კიბელეს მისტერიები.
ბრიტანეთის დრუიდულ მისტერიებში ზღვარი სიმბოლურ და ფიზიოლოგიურ სიკვდილს შორის არასტაბილური იყო. ნეოფიტს ცოცხალს აწვენდნენ კუბოში ან ნავში და უშვებდნენ ზღვაში, რითაც გამოხატავდნენ მზის ღვთაების სიკვდილს. ამისთანა უჩვეულო და მძიმე გამოცდის დროს ბევრი ნეოფიტი იღუპებოდა. ვინც გაივლიდა ასეთ მკაცრ რიტუალს, ითვლებოდა ხელახლა დაბადებულად.
ძველ ეგვიპტეში, კარნაკის ტაძარში, დიდი პირამიდის სამეფო ოთახში, იზიდას და ოზირისის ტაძარში ტარდებოდა იზიდასა და ოზირისის მისტერიები. ნეოფიტი იეროფანტთა ხელმძღვანელობით გადიოდა მთელ რიგ გამოცდებს სიკვდილის შიშის გადალახვის და ეზოთერული ცოდნის მისაღებად. ტრანსფორმაციის რიტუალის მითოლგიური საფუძველი გახლდათ ისტორია ოზირისის მკვლელობისა საკუთარი ძმის სეთის მიერ და შემდგომ მისი გაცოცხლება იზიდას და ნეფტის დახმარებით. რის შემდეგ, ოზირისი გახდა მიწისქვეშა სამყაროს მეუფე. ამ მისტერიებში სიკვდილისა და აღდგომის თემა დაკავშირებული იყო დღისა და ღამის ცვლის ციკლთან და მზის ღვთაება ამონის მოგზაურობასთან ცაზე და მიწისქვეშა სამყაროში.
მისტერიები დიდი მნიშვნელობის მატარებელი გახლდათ ძველი სამყაროს კულტურისა და ევროპული ცივილიზაციის განვითარებისთვის, ვინაიდან ინიციაცია გავლილი ჰქონდა ბევრ იმ დროის ცნობილ ადამიანს. ელევსინის საიდუმლოს ზიარებულნი იყვნენ: პლატონი, არისტოტელე, ევრიპიდე, სოფოკლე, მარკუს ავრელიუსი.
სათანდო გამოცდის შემდეგ ნეოფიტს საზეიმოდ იღებდნენ მისტერიის კულტის წევრად. თავად ინიციაციის პროცესზე ცოტა რამაა ცნობილი, ვინაიდან რიტუალზე საუბარი სასტიკად იყო აკრძალული. კლიმენტი ალექსანდრიელი წერდა, რომ ელევსინის მცირე მისტერიებში არსებობდა რაღაც საბაზისო სწავლება და მომზადება მომდევნო დიდი მისტერიებისთვის, რომლის შემდეგ აღარაფერი რჩებოდა გაუგებარი სამყაროზე. ამის შემდეგ მხოლოდ ნანახის განჭვრეტა და ბუნების გაგებაღა რჩებოდა. და მაინც, მისტერიების ახსნა მხოლოდ გარკვეული განწმენდით და წინასწარი მითითებებით ხდებოდა.
როგორც არისტოტელე ამბობდა: "ნეოფიტს არაფრის სწავლა სჭირდება, მხოლოდ შთაბეჭდილების მიღებაა მთავარი და სულის განსაკუთრებულ მდგომარეობაში შესვლა და ღირსეულ კანდიდატად ქცევა".
მისტერიებში ყველაზე შთამბეჭდავი რიტუალი ტარდებოდა ტაურობილიუმის დროს, სადაც ხდებოდა ხარის სისხლით განბანვა. რიტუალი იმდენად ძვირი ჯდებოდა, რომ ხარჯს ხანდახან საძმო იყოფდა. ტაურობილიუმი წარმოადგენდა კიბელეს კულტის რიტუალის შემადგენელს, რომელიც სავარაუდოდ შემდეგ ისესხეს მითრაისტებმა. რიტუალის შესასრულებლად თხრიდნენ ორმოს, რომელზე დგამდნენ ხის ფანერებისგან შეკრულ ღრიჭოებიან პლატფორმას. პლატფორმაზე კლავდნენ ხარს, რომლის სისხლი ეწვეთებოდა ორმოში მყოფ ნეოფიტს, სისხლი მთელ სხეულს ესხმებოდა და ასველებდა. გამოსაცდელი სპეციალურად ენას უშვერდა და დაგროვილ სისხლს სვამდა როგორც განწმენდის აქტის აღსრულებას. რის შემდეგ, ნეოფიტი " ხელახლა იბადებოდა მარადიულობისთვის". ამ ინიციაციის ეფექტურობა გრძელდებოდა ოცი წელი, რომელსაც ისეთი მაღალი შეფასება ჰქონდა, რომ ვინც ასეთ ნათლობას გაივლიდა, საფლავის ქვაზე ტოვებდა ამის მოწმობას- renati in aeternum (მარადიულობისთვის ხელახლა დაბადებული).
ყოველ სერიოზულ მისტს მიაჩნდა, რომ საზეიმო კურთხევის რიტუალის შემდეგ, ის "ორჯერ დაბადებული" ახალი პიროვნება იქნებოდა, სიკვდილიდან გადავიდოდა სიცოცხლის ახალ საფეხურზე და ღვთაების საიდუმლოს თანაზიარი გახდებოდა. ინიციაცია ითვლებოდა "სიკვდილად" , საიდაინაც მორწმუნე აღსდგებოდა ხელახალი დაბადების გზით. შესაძლოა სწორედ ამიტომ ირჩევდნენ ინიციაციისთვის შუაღამეს. ასეთი სიკვდილს მოჰყვებოდა ახალი ცხოვრება სულიერი აღდგომის საშუალებით.
მისტერიების დიდი დამსახურებით მოხდა ურთიერთობა ადამიანისა ღმერთთან. სწორედ მათ გახსნეს ის გზა, რომლითაც ადამიანს შეეძლო ღმერთთან მიახლოება. რაც მიიღწეოდა ექსტაზის საშუალებით. ექსტაზის დროს მორწმუნე ყოველდღიურ ყოფაზე მაღლდებოდა, როცა სხეული აღარ იყო სულის შემაფერხებელი. ფიზიკური თვალსაზრისით ეს მდგომარეობა წარმოადგენდა თავისებურ ანესთეზიას, ტკივილის შეგრძნების გაქრობას. ცნობილია, რომ ბაკხანალიის მონაწილეები ტკივილს ვერ გრძნობდნენ და ზებუნებრივი ძალით იყვნენ დაჯილდოებული. ასე მოსდიოდათ კიბელეს კულტის ქურუმებს. ასეთი უგრძნობლობა ტკივილის მიმართ გახლავთ რელიგიური ფენომენი. ამაღლდე გრძნობებზე, რომ გქონდეს ღვთიური ხილვა და გახდე ღმერთში "განსახირებული" იყო მიზანი, რომელიც ექსტაზის დროს მიიღწეოდა.
თუ მისტერიების მისტიციზმი ხანდახან ცოტა უხეშად გვეჩვენება და სასარგებლო თითქოს არაფერია მასში, მაშინ ჩვენთვის ბევრად საინტერესო იქნება თუკი გავიხსენებთ, რომ ის გარკვეულწილად წინამორბედი, წარმართობის დროიდან კი მოკავშირე გახდა მდიდარი ფილოსოფიურ-რელიგიური მისტიციზმისა, რომელიც ამაღლებული ფორმით ქრისტიანობის მარადიულ საკუთრებად იქცა ფილონის, პლოტინის და ნეოპლატონიკოსების საშუალებით-დიონისე არეოპაგელისა და ავგუსტინესი.
No comments:
Post a Comment