Thursday, 25 February 2021

ტროას კავშირი მეროვინგთა მისტიკურ დინასტიასთან და ნაპოლეონთან


რომის დაცემის შემდეგ, ევროპაში დადგა ბნელი საუკუნეების ხანა. სწორედ ამ დროს აღმოცენდა ყოფილ გალიაში  ახალი სახელმწიფო მეროვინგთა ხელისუფლებით-ფრანკთა სამეფო. ისტორიამ შემოგვინახა რომაელთა შემცვლელი დასავლეთ ევროპის ხელისუფალთა შესახებ რამდენიმე ვერსია. ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, მეროვინგები ტროელთა შთამომავლნი იყვნენ. პირველად ფრანკთა ტროელთაგან წარმომავლობის გადმოცემა ჩნდება ჩვ.წ. აღ. მე-7 საუკუნეში. 

Grandes Chroniques de France-დიდი ფრანგული ქრონიკები ამტკიცებს, რომ ფრანკთა წინაპრები იყვნენ ტროელები. ამ თეორიას დიდი ხნის განმავლობაში სრულიად ეთანხმებოდნენ საფრანგეთში ლუდოვიკო XIV-ის ჩათვლით. ქრონიკები მეროვინგთა წინაპრებად ასახელებს ტროას უკანასკნელ მეფე პრიამოსს ან ტროას ომის გმირ მეფე-მოგზაურ ენეასს. არსებობს მეორე ვერსიაც, რომლის მიხედვით, იუდეის მეფეთა შთამომავლები რომაელების მიერ იერუსალიმის ტაძრის დანგრევის შემდეგ, ჩვ.წ. აღ-ის 70 წელს თავი შეაფარეს ფრანკთა მიწას და საფუძველი ჩაუყარეს მეროვინგთა დინასტიას. მეოროვინგთა საგვარეულოში გვხვდება ძველი აღთქმის სახელებიც. მაგალითად მეფე ქლოტარ II-ის ძმას ერქვა სამსონი. სამსონიც გრძელ თმას ატარებდა და იყო ნაზარეთიდან.

Wednesday, 17 February 2021

გამოუცნობი თეთრკანიანი ხალხი "ბაჩვეზები" უგანდაში

 

ნილოსის ზემო წელში მცხოვრები შავკანიანი მოსახლეობა დღემდე ინახავს მოგონებას  იდუმალებით მოცულ თეთრკანიან ადამიანებზე-ბაჩვეზებზე.

ლეგენდების მიხედვით, ეს ადამიანები უგანდის ტერიტორიაზე ჩრდილოეთიდან მივიდნენ, ქვით ააგეს ქალაქები და შექმნეს დასახლებები, გაიყვანეს სარწყავი არხები, კლდოვან ადგილებზე გაბურღეს 70 მეტრის სიღრმის მაღაროები (შახტები). ბაჩვეზები აოცებდნენ ადგილობრივ მოსახლეობას თავისი ცოდნით და უნარებით. გადმოცემით, მათ თავისუფლად შეეძლოთ ტბაზე გადაფრენა, ადიოდნენ ციცაბო კლდეებზე, კურნავდნენ ყველანაირ დაავადებას, ყვებოდნენ  დიდი ხნის წინ მომხდარ ამბებს.

ბაჩვეზთა პირველი ხსენება უკავშირდება ბუნიორო კიტარას სამეფოს შექმნას დაახლოებით მე-13 საუკუნეში ჩვ.წ.აღ-ით. მათ წარმომავლობაზე არსებობს რამდენიმე მოსაზრება: ისინი იყვნენ ან ძველი აბისინიის დედაქალაქ აქსუმიდან მოსულები, ან ძველი მესოპოტამიიდან, ან კვიპროსიდან. ბაჩვეზები სამეფოს მართავდნენ დაახლოებით 150 წელი. მე-15 საუკუნეში კი უკვალოდ გაქრნენ. ამის შემდეგ დიდი სამეფო დაიყო და გაჩნდა სამთავროები ანკოლის, ბუგანდის და ბატაროს სახით. ამასთან ორი წარჩინებული ოჯახი, რომელთა შთამომავლებს დაარქვეს ტუტსი, გადასახლდნენ სამხრეთში. ასე გაჩნდა სახელმწიფო რუანდა, ხოლო მე-17 საუკუნეში შეიქმნა ბურუნდი.

Monday, 15 February 2021

მაგია და მისი როლი ძველ ეგვიპტეში

ძველ ეგვიპტეს ჯერ კიდევ ანტიკურ ხანაში თვლიდნენ  მაგიური ცოდნის სამშობლოდ. ბერძნებსა და რომაელებს არ სჯეროდათ, რომ გრანდიოზული ნაგებობები პირამიდების სახით, ზეციური ძალების დახმარების გარეშე ჩვეულებრივ ადამიანებს შეეძლოთ აგება. თავად ეგვიპტელებსაც სწამდათ შელოცვების და ავგაროზული მაგიის, იდუმალი ღმერთების ცხოველისა და ფრინველის თავებით, იეროგლიფების და გარდაცვლილთა მისაგები რიტუალების. ყოველივე ამან შექმნა მომნუსხველი ატმოსფერო, რაც ოკულტიზმის მიმდევარებისთის ჯერაც არ მისცემია დავიწყებას.

ეგვიპტეში სწამდათ, რომ მაგია ადამიანების  ღმერთებთან, ასევე ცოცხალი ადამიანების მიცვალებულებთან  კონტაქტის დამყარების საშუალებას იძლეოდა, რასაც იყენებდნენ საიქიოში კომფორტული ცხოვრების მოწყობის მიზნით, ამასთან, მიწიერი ცხოვრების მნიშველოვანი პრობლემების გადასაწყვეტად.

Sunday, 7 February 2021

სფინქსის მითიურ_სიმბოლური სახე


სფინქსის მითოპოეტური სახე გავრცელებულია აფრიკის, აზიის და ევროპის ხალხთა მითებში. ეს ფანტასტიკური არსება ითავსებს ცხოველისა და ადამიანის ნიშნებს. ამ არაჩვეულებრივი ქმნილების სამშობლოა ეგვიპტე, საიდანაც ის გავრცელდა მთელ ანტიკურ სამყაროში.ძველ აღმოსავლურ ცივილიზაციებში ლომი მზის ძალაუფლებას განასახიერებდა. ფარაონ ხაფრას-ხაფ-რა სახელი  მზის ღმერთ რას სახელის მატარებელია, რაც მზის მსგავსს ნიშნავს.

ძველი ეგვიპტელები სფინქსს დგამდნენ  წმინდა ადგილების შესასვლელთან. მას თვლიდნენ იდუმალების მეუფედ, რომელიც ინახავდა მიმსვლელთა საიდუმლოს. ყველაზე ცნობილ გიზას სფინქსს აქვს ლომის სხეული. ამ ძლიერი ცხოველის გამოსახულება იყო სიმბოლო ღვთიური ძალისა და სიბრძნის, რომელსაც ფარაონი იყენებდა ქვეყნის დასაცავად და სამართავად.

Wednesday, 3 February 2021

ყოვლისმხედველი თვალი_ეგვიპტელთა, მასონთა და ქრისტიანთა სიმბოლო

 

ყოვლისმხედველი თვალი აღიქვამს ფერების რხევას, სინათლის ინტენსიობას და გადასცემს ტვინს. თვალი არის დუალობის სიმბოლო, ვინაიდან დასავლურ სიმბოლიკაში მარცხენა თვალი შეესაბამება მზეს-ობიექტის გონიერების უარყოფითი მხარეს, მარჯვენა თვალი შეესაბამება მთვარეს-გონიერების დადებით მხარეს, აღმოსავლურში-პირიქით. გამოსახულება რომ სწორად აღიქვას თვალმა, უნდა დაძლიოს მიწოდებული ორი ინფორმაცია რომლის მეშვეობით მზე და მთვარე-უარყოფითი და დადებითი ერთი ობიექტი ხდება. თვალს აქვს უნარი ერთ წერტილში მოახდინოს კონცენტრირება ან მთელი გარემო აღიქვას  მაღალი წერტილიდან.

ჰორი (ხორი) ეგვიპტურ მითოლოგიაში ცისა და მზის ღმერთია შევარდენის სახით. ის იზიდასა და ოზირისის შვილია და ფარაონის მფარველი. ჰორის (ხორის)სიმბოლო ფრთებგაშლილი შევარდენია ბრჭყალებში მოქცეული "შინ" ნიშნით, რომელიც ძალიან ჰგავს ქართულ ასომთავრულ ასო -დონს.
 


დონი  ქართული ასომთავრული ანბანის მე-4  ასო-ნიშანი და მზის ღვთაების იდეოგრამაა, რაც მიანიშნებს, რომ მზის ღმერთის სახელიც -ზე იწყება. უძველეს საქართველოში მზეს "დღე“ ეწოდებოდა. დღეგრძელი ნიშნავს მზეგრძელს.  ვინაიდან "დონ" ანბანში რიგით მე-4 ასო-ნიშანია, იგულისხმება, რომ მზე მეოთხე ცაზეა. წარმართულ საქართველოში მზის ემბლემა იყო თვალი, რაც მსგავსებას ავლენს ჰორის თვალის სიმბოლოსთან.