გადმოცემით, მეფე სოლომონს ჰქონდა საყვარელი ბეჭედი, ალექსანდრე მაკედონელს-გვირგვინი. ისინი არასდროს იშორებდნენ ამ თილისმებს, ვინაიდან ლეგენდის მიხედით, ეს ნივთები მეტეორიტული რკინისგან იყო დამზადებული.
ხალხი ყოველთვის თაყვანს სცემდა ციდან ჩამოვარდნილ საგანს. მეტეორიტული რკინისგან იარაღს ამზადებდნენ ეგვიპტელები, ინდიელები. ძველად ადამიანი მეტეორიტს თვლიდა ღმერთების მატერიალურ განსახიერებად, რაც მას აქცევდა თაყვანისცემის ობიექტად. მეტეორიტის დავარდნის ადგილზე აგებდნენ საკულტო ნაგებობებს, ხოლო რკინის მეტეორიტებისგან ამზადებდნენ საკულტო თილისმებს, ამულეტებს. ოქროსთან, ვერცხლთან და სპილენძთან შედარებით ის უფრო მტკიცე, მყარი და ცეცხლგამძლე იყო.
ძველი ლეგენდები გვიამბობენ, რომ ჰუნთა ბელად ატილას, თემურლენგის, მეფე ართურის იარაღი ზეციური წარმოშობისა იყო. ყველა მითოლოგიაში მეტეორიტის ჩამოვარდნა ასოცირდებოდა იეროგამიასთან-ცის ღმერთისა და მიწის ქალღმერთის ქორწინებასთან. მეტეორიტის მიწაში ღრმად ჩავარდნა გახლდათ სიმბოლო ცისა და მიწის შერწყმისა და ახალი სიცოცხლის დაბადებისა.