ყველასთვის ცნობილია ძველ ეგვიპტეში მიცვალებულის სხეულის მუმიფიცირების მეთოდის შესახებ, მაგრამ ბევრმა არ იცის, რომ ბუდისტები კიდევ უფრო შორს წავიდნენ. მათ მიაღწიეს სიცოცხლეშივე საკუთარი სხეულის მომზადებას მუმიფიცირებისთვის. "ცოცხალ მუმიად" ქცევა შეეძლო იმ ბერს, რომელიც აღწევდა გაბრწყინებას. რაც იმას ნიშნავს, რომ ის ღირსი იყო დარჩენილიყო უხრწნელი. მიაჩნდათ, რომ ცოცხლად მუმიფიცირებული ბერი ბუდას მდგომარეობას მიაღწევდა: ნამდვილად არ მოკვდებოდა, იქნებოდა ცოცხალთა და მიცვალებულთა საამყაროებს შუა და იმოქმედებდა ამ სამყაროებს შორის. ამასთან, უხრწნელი მუმია იქცეოდა თაყვანისცემის ობიექტი და იცავდა გარშემომყოფთ ავადმყოფობებისა და უბედურებისგან.
თვითმუმიფიცირების პრაქტიკა იაპონიიდან გავრცელდა, რომელიც მე-9 საუკუნეში მცხოვრებ ბერი კუკაის სახელს უკავშირდება. მან დააფუძნა სინგონის ბუდისტური სკოლა. კუკაის გარდაცვალებიდან ორი საუკუნის შემდეგ, მის ჰაგიოგრაფიაში გაჩნდა მონაცემები, რომ ის არ გარდაცვლილა და საკუთარი თავი დაიმარხა სპეციალურ მედიტაციურ მდგომარეობაში. აღორძინებიდან ასეულობით წლის შემდეგ კი ის დაეხმარება სხვებს ნირვანას მდგომარეობაში გადასასვლელად.
ვინც სცადა ცოცხალ ბუდად გადაქცევა საკუთარ სხეულში, მათ შორის ყველაზე მეტნი იყვნენ სინგონის ბერები. ბერები ძალიან მკაცრად ექცეოდნენ საკუთარ თავს სამარხებში მედიტაციაში შესვლამდე, სადაც ჩერდებოდა მათი სიცოცხლე და ზოგიერთი მათგანი იქცეოდა მუმიად-სოკოშიმბუცუდ.
უხრწნელ მუმიად ქცევა გრძელდებოდა 3000 დღე. ამისთვის ბერები საკუთარ თავს აწამებდნენ, ნელა იკლავდნენ თავს 3000 დღის განმავლობაში. მომზადება იყოფოდა სამ ეტაპად, თითეული გრძელდებოდა ათასი დღე.
პირველ ეტაპზე ბერი უნდა ცდილიყო, რომ მის სხეულში არ დარჩენილიყო ცხიმი, რომელიც ხელს უწყობს ხრწნას. ამიტომ მომავალი "ცოცხალი მუმია" უნდა გადასულიყო მკაცრ დიეტაზე, რომელიც შედგებოდა კაკლის, მარცვლეულისა და წიწიბურისგან.
მეორე ეტაპზე ისედაც გასავათებული ბერი გადადიოდა კიდევ უფრო მკაცრ დიეტაზე-ქერქის და ფესვების. ამავე დროს, აგრძელებდა განუწყვეტელ ლოცვას და შრომას მონასტერში. როცა მეორე ათასი დღე მიილეოდა, ბერი იწყებდა განსაკუთრებული ჩაის სმას-ურუში. ურუშის შემადგენლობაში შედიოდა ისეთი ინგრედიენტები, რომელიც გამოიყენებოდა ლაქის დასამზადებლად და იყო ძალიან ტოქსიკური. ბუნებრივია, რომ ასეთი შხამიანი ჩაი იწვევდა ღებინებას და გამოჰყავდა ორგანიზმიდან წყალი. მაგრამ ბერი რომელსაც მუმიის სახით გაბრწყინების მიღწევა და ბუდასთან მიახლოება სურდა, განაგრძობდა საკუთარი თავის მოწამვლას. ურუში კარგად უნდა გასჯდომოდა სხეულის შიგნით ბერს, რათა გვამის მატლებისთვის მიუღებელი ყოფილიყო.
ხანგრძლივი შიმშილისა და საწამლავის მიღების შემდეგ, დგებოდა მუმიფიცირების დასკვნითი ეტაპი. ძალაგამოლეულ და გამოფიტულ ბერს სვამდნენ სპეციალურად ამოთხრილ ორმოში ლოტოსის პოზაში, სადაც გაუნძრევლად უნდა ყოფილიყო. ორმოს მჭიდროდ ხურავდნენ, ტოვებდნენ მხოლოდ პატარა ღრიჭოებს ჰაერისთვის. მიაჩნდათ, რომ ამ ეტაპზე უნდა გადაწყვეტილიყო ყველაფერი: ან ბერი საკმაოდ გაბრწყინდებოდა და ღირსი გახდებოდა ქცეულიყო უხრწნელ მუმიად, ან ხანგრძლივი ტანჯვა ჩაივლიდა ფუჭად. წყლისა და საჭმელის გარეშე დატოვებული ბერი რაღაც დროის განმავლობაში იჯდა ორმოში, ლოცულობდა და გარეთ მყოფებს ყოველდღე სპეციალური ზარის რეკვით აცნობებდა, რომ ცოცხალი იყო.
როცა ზარის რეკვა შეწყდებოდა, ბერები ორმოსთან აღარ მიდიოდნენ და ხელუხლებლად ტოვებდნენ სამი წელი. სამი წლის შემდეგ, ორმოს თხრიდნენ და ამოწმებდნენ შედეგს. თუ სხეული უხრწნელი დარჩებოდა და უბრალოდ გამომშრალი, ეს ნიშნავდა რომ მუმიფიცირებამ წარმატებით ჩაიარა. მუმია გადაჰქონდათ ტაძარში, სვამდნენ პატივსაცემ ადგილზე და ის ხდებოდა თაყვანისცემის ობიექტი.
მაგრამ ხანდახან ყველაფერი წარმატებით არ სრულდებოდა. თუ სხეული ხრწნას დაიწყებდა, ეს იმის ნიშანი იყო, რომ ბერი საკმაოდ არ გაბრწყინდა და არც ღირსი იყო ქცეულიყო უხრწნელ მუმიად. ასეთ შემთხვევაში, სხეულს ჩვეულებრივად მარხავდნენ. როგორც ჩანს, ხშირ შემთხვევაში მუმიფიცირება წარმატებით არ სრულდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ეს პროცესი გამომუშავებული იყო ხანგრძლივი ცდებისა და შეცდომების დაშვების შედეგად. ცნობილია ცოცხლად მუმიფიცირების მხოლოდ 24 შემთხვევა ჩინეთში, ტიბეტსა და იაპონიაში. ეს მუმიები ახლა იმყოფება ბუდისტურ ტაძრებში. ცოცხალ მუმიფიცირებას დიდი ხანია უკვე აღარ ატარებენ, ვინაიდან ეს პრაქტიკა 1903 წელს აიკრძალა.
უკანასკნელი ადამიანი, რომელმაც სოკოშიმბუცუს მიაღწია მაშინ. როცა ხელისუფლებამ აკრძალა თვითმუმიფიკაცია გახლდათ ბერი ბუკაი, რომელიც 1903 წელს გარდაიცვალა. მისი ნეშთი ხელუხლებელი რჩებოდა 1960 წლამდე. უნივერსიტეტის მკვლევარები მისი სხეულის მდგომარეობის შესწავლას შეუდგნენ.
სხეულის ხრწნის შეჩერება მუმიფიკაციის გარდა შესაძლებელია კიდევ ერთი მეთოდით, რომელსაც იყენებდნენ ტიბეტელი ბერები. ამ მდგომარეობას ეწოდება ტუკდამი. ამ დროს გარდაცვლილი ბერის სხეული არ იხრწნება დიდი ხნის განმავლობაში, რაც აბსოლუტურად არ აოცებს სავანის ძმებს. ისინი ამბობენ, რომ ეს ადამიანები არ გარდაიცვალნენ, არამედ ღრმა მედიტაციაში არიან ჩაძირული, რომელსაც უწოდებენ ტუკდამს.
ოფიციალური მეცნიერება უარყოფს ამ მოვლენის მედიტაციურ ბუნებას, ვინაიდან მედიტაციის მდგომარეობაში ადამიანი მაინც ცოცხალია. ტუკდამის მდგომარეობაში მყოფ ბერებს ტვინის აქტიურობის არანაირი ნიშანი არ აღენიშნება. უბრალოდ ისინი მედიტაციურ პოზაში იყვნენ, როცა სიკვდილმა მოაკითხა.
ბუდისტი ბერები ამტკიცებენ, რომ ტუკდამის მდგომარეობაში სული ჯერ ისევ სხეულშია და ადამიანი ისევ ცოცხალია. ამ ფაზაში გადასვლა იწყება მედიტაციით "ნათელი შუქი", რომლის დროს ბერის გონება იქამდე ფართოვდება, სანამ არ გაიშლება უნივერსალურ ცნოებიერებაში და არ გაშორდება სხეულს. იმ წუთიდან ავლენს სხეული ხრწნას.
ტუკდამის საკითხებს იკვლევენ ვისკონსის უნივერსიტეტის ტვინის ჯანმრთელობის ცენტრის მეცნიერები. "ტუკდამის პროექტის" ფორმატს ხელმძღვანელობს აშშ-ს ერთ-ერთი სახელგანთქმული ნეირობიოლოგი რიჩარდ დევიდსონი. ამ საკითხზე მან ბევრი სტატია გამოაქვეყნა, მაგრამ ამ ფენომენის ბოლომდე შეცნობისგან ჯერ კიდევ შორსაა.
დევიდსონი სიკვდილის შემდგომ ტუკდამის მოვლენას პირველად შეესწრო ახლობელი მეგობრის ბუდისტი სულიერი მოძღვრის ლეშე ლჰუნდუბ სოპას გარდაცვალების შემდეგ. ხუთი დღის მიცვალებულის ნახვამ ექიმი გაოგნებული დატოვა, ვინაიდან ის რამდენიმე წუთის წინ გარდაცვლილს ჰგავდა. "ტუკდამის პროექტის" პირველი ანგარიში გამოქვეყნდა 2021 წლის იანვარში, სადაც მეცნიერები გვამცნობდნენ, რომ ჩაატარეს 13 გარდაცვლილი ბერის თავის ტვინის ენცეფალოგრაფიული გამოკვლევა და ტვინის აქტივობის ვერავითარი ნიშანწყალი ვერ აღმოაჩინეს. მეცნიერებს აინტერესებს სხეულის ხრწნა, რომლის ნიშნები გარდაცვალებიდან 4 წუთის შემდეგ ვლინდება ხოლმე და თვალსახილველია მეორე დღეს, რაც შეუმჩნეველია ტიბეტელი ბერების სხეულზე.
დალაი-ლამას აზრით, კვლევისას წინსვლის არარსებობა არ ნიშნავს, რომ ტუკდამის მოვლენას გააჩნია ზებუნებრივი ბუნება.
"რასაც მეცნიერება არარსებულად თვლის, ჩვენ არ უნდა მივიღოთ როგორც არარსებული. მაგრამ თუ მეცნიერებას არ ძალუძს ახსნა-ეს სულ სხვა საქმეა. მაგალითისთვის შეიძლება მოვიყვანოთ ცნობიერება. მიუხედავად იმისა, საუკუნეებია ცნობილია, რომ ის გააჩნია გონიერ არსებებს ადამიანის ჩათვლით, ჩვენ ჯერაც არ ვიცით რას წარმოადგენს და როგორ ფუნქციონირებს ის."
ხრწნის ნიშნების არარსებობა არ გახლავთ გარდაცვლილი ბუდისტი ბერების ერთადერთი გამოცანა მეცნიერებისთვის. ტაილანდელი ბერი ლუანგ ფჰო ფჰიანი არამარტო არ გაიხრწნა ორი თვის განმავლობაში, არამედ სიკვდილის შემდეგ გაიღიმა კიდეც, რამაც მეცნიერები გამოუვალ მდგომარეობაში ჩააგდო.
No comments:
Post a Comment