Thursday, 22 September 2022

რიცხვი 666_როგორც სიმბოლო


საკმაოდ ცნობილი სახარებისეული "იოანეს გამოცხადება" ყოველთვის დიდი ინტერსს იწვევდა  მორწმუნეებსა და ზოგადად  საზოგადოებაში.  სურვილი ტექსტის ფარული მნიშვნელობის ამოცნობის და გაშიფვრისა ყოველთვის დიდი იყო. განსაკუთრებულ ინტერსს გამოცხადების ტექსტში იწვევს რიცხვი 666, რომელიც მხეცის ანუ ეშმაკის რიცხვთანაა ასოცირებული. არსებობს ამ რიცხვის ამოხსნის სხვადასხვა ვერსია. 

როგორც ცნობილია, გამოცხადება იოანესი კუნძულ პატმოსზე დაიწერა, სადაც იმ დროს ასახლებდნენ სხვაგვარად მოაზროვნეებს. ტექსტში ძირითადად საუბარია ადამიანებს შორის მზარდ განხეთქილებაზე, სიცოცხლისთვის საშიშ დაავადებებზე, ცრუ წინასწარმეტყველთა გამოჩენაზე, ზნეობის დაცემაზე, ახალ უპრეცენდენტო მკაცრი დიქტატურის გამეფებაზე და  შემდეგ ბოროტი და კეთილი ძალების უკანასკნელ შეტაკებაზე. 

აპოკალიფსი სრულდება 144 ათასი მართლმორწმუნის გადარჩენით. როგორც ამბობენ, რიცხვ "144000"-ში იგულისხმება არა მართლმორწმუნეთა ზუსტი რიცხვი, არამედ აბსოლუტური სრულყოფა-12 კვადრატში. 12 სრულყოფილ რიცხვად ითვლება. მკითხველისთვის ყველაფრის გააზრება და აღქმა ცოტათი რთულია, ვინაიდან ავტორი იყენებს უამრავ მეტაფორას. ამასთან, მომავლის მოვლენების აღწერა პირველი საუკუნის ლექსიკითა და წარმოსახვით ბევრად რთულია აღსაქმელად.

ყველაზე უფრო რთული კი თავად მხეცის განმარტება გახლავთ, რომელიც მთავარი ანტიქრისტიანული ძალის სიმბოლოა. როცა ანტიქრისტე გამოცხადდება, სურვილის შემთხვევაში მისი რიცხვის გამოცნობა შესაძლებელი იქნება. ასევე მის გამოცნობას გაადვილებს მხეცის დამყარებული დიქტატურა, ყველასგან უპირობო მორჩილების მოთხოვნა და მარჯვენა ხელზე მისი ნიშნის ტარება.

თანამედროვე მკვლევართა უმეტესობა დარწმუნებულია, რომ 666 არაა ეშმაკის რიცხვი. მათი თქმით, ასეთი თვალსაზრისი  ახალი  და ძველი აღთქმის მთარგმნელთა მიერ თარგმნის დროს დაშვებული შეცდომის გამო გაჩნდა.

ნუმეროლოგებისთვის სამი ექვსიანი ერთად-666 აღნიშნავს ყველა ადამიანური გრძნობისა და ვნების ნაზავს. ესაა ადამიანის ფიზიკური ბუნება და მასთან შეჭიდება არაა საჭირო. ასე რომ, ნუმეროლოგთა აზრით 666-ის შიში ნიშნავს საკუთარი თავის, პიროვნული მახასიათებლების მიუღებლობას და განვითარების შიშს. სულიერი ნუმეროლოგია თვლის სამ ექვსიანს იმათ ნიშნად, ვინც შეიცნო ყოფიერების საიდუმლო და გამოიცნო საკუთარი მისიის არსი დედამიწაზე. ამ რიცხვების ენერგია ვლინდება სულიერი ზრდის საფუძვლებში. ესაა ყოველი ადამიანის საყრდენი, ვინც ამ სამყაროში მეტის მიღწევას ახერხებს. ეს რიცხვი ასევე ნიშნავს ფულისა და სიმდიდრის მოზიდვას. ექვსიანები როგორც ძლიერი მაგნიტი ისე იზიდავს მატერიალურ სიმდიდრეს. მნიშვნელოვანია მიღებული არ დაიხარჯოს მალევე, არამედ მოხდეს ბედის ამ საჩუქრის ზრდა. ასეთ შემთხვევაში ადამიანს ყოველთვის ექნება ფული.

ფილოსოფოს-ეზოთერიკოს რენე გენონს მიაჩნია, რომ რიცხვი 666 არ შეიძლება მივაკუთვნოთ უბედურების მომასწავებელ რიცხვს, ვინაიდან 666 პირველ რიგში, გახლავთ მზის რიცხვი. ის შესაძლოა ანგელოზ ჰაკატროლის რიცხვია-''შარავანდედის ანგელოზი''.  მეორე მხრივ, ეს რიცხვი დაკავშირებულია ზორათის სახელთან-მზის დემონი, რომელიც  კაბალისტური ახსნა-განმარტებით წინ აღუდგა არქანგელოზ მიქაელს. ორივე მეტატრონის სახეებია (მეტატრონი-იუდაური მითოლოგიის მთავარანგელოზი, რომელიც ღმერთთან ყველაზე ახლოა) გენონი აღნიშნავს, რომ ანტიქრისტეს შეუძლია მიიღოს მესიის სიმბოლოები და გამოიყენოს ისინი უარყოფითი მნიშვნელობით. მესიის და ანტიქრისტეს ემბლემაა ლომი. ამის საფუძველზე გენონი თვლის, რომ არსებობს მეტატრონის ორი სახე-ნათელი და ბნელი.


666-ის ორმაგ ხასიათში მდგომარეობს კაცობრიობისთვის რეალური შესაძლებლობა, რომ გადალახოს ათასწლეულთა წყევლა და გადავიდეს სხვა, მხსნელ განზომილებაში, რაც ითვალისწინებს 6-ის 9-ში ტრანსფორმაციას.  მისტიკოსი მიგელ სერანო თვლის, რომ 6-დან 9-ში გადასვლა წარმოადგენს უდიდეს მისტერიას. მისივე განმარტებით ღმერთი ''ვოთანი'' განხორციელდა გამრუდებულ მატერიალურ სამყაროში და საკუთარი თავი ხერხემალზე გააკრა. ახლა, ''ვოთანი'' ცდილობს შეცვალოს და დააბრუნოს პოლარული ღერძი ძველ მდგომარეობაში. ''ვოთანის'' მიზანია მარცხნივ მბრუნავი სვასტიკიდან დაუბრუნდეს მარჯვნივ მბრუნავ სვასტიკას და დააბრუნოს ძველი ოქროს ხანა. მიგელ სერანო მიუთითებს საშუალებაზე , რომლითაც შესაძლებელია სამი 666–ის ჩიხიდან გამოსვლა. 

რომ ჩავწვდეთ რიცხვ 666–ს, როგორ შეესაბამება 999–ს, საჭიროა 6–ისა და 9–ის შეფარდებაზე დაკვირვება. არ კმარა დავაფიქსიროთ მათი საერთო გამყოფი–სამი და ვაჩვენოთ მათი მოხაზულობის სარკისებური ხასიათი. აუცილებელია ავხსნათ, რომ 6 და 9 წარმოადგენს სვასტიკის ელემენტებს (ამის დანახვა ადვილია, თუ მათ გამოვსახავთ არა ჩვეულებრივი მრგვალი ფორმით, არამედ კვადრატულით). ისინი თითქმის ერთმანეთში არსებობს, ამასთან გააჩნიათ თავისი ქვენა და ზენა ასპექტები. 6–ის ზენა ასპექტია ჰარმონია, სილამაზე, წონასწორობა. ვინაიდან ექვსიანი თავისთავად გვთავაზობს გზის არჩევანს, მასში არსებობს საკუთარი ქვენა ასპექტის არჩევანის შესაძლებლობაც–''უსასრულო'', წმინდა ადამიანური საწყისი, ღმერთისგან მოკვეთილი, რომელიც სიმბოლიზებულია ერთით. 9–ის უმაღლესი ასპექტია ხელდასმა, სამ სამყაროზე ძალაუფლება, ზღვარი, რომელსაც ადამიანმა შესაძლოა მიაღწიოს, მაგრამ ამავე დროს, ესაა ეთერული სივრცე–იეზოდის სფერო, რომელსაც შეუძლია გამოავლინოს თავი სქესის სახით. ექვსიანის უზანაესი ასპექტი ეხება იმ ადგილს, რომელსაც მართავს ცხრიანი. ცხრიანის ქვენა ასპექტი კვეთს სფეროს, რომელიც ეკუთვნის ექვსიანს. გასამმაგებული 9–იანი წარმოადგენს სამმაგ სრულ ხელდასმას. გასამმაგებული ექვსიანი არის სამმაგი უსრულობა. ექვსიანის მოძრაობა 9–კენ მარჯვენა მხარეს  და სინათლისკენ მიმართული გზაა–ანუ სვასტიკის მარჯვნივ მოძრაობა. მარცხენა მხრიდან მარჯვენა მხარეს მოძრაობაზე გადასვლა მოითხოვს ადამიანისა და კაცობრიობისაგან ძლიერ ნებისყოფას, რაც შეუძლებელია ღვთის ნების გარეშე, რომლის სიმბოლოა 1. სწორედ 1–ის მიმატებით 9–ს ვაქცევთ ათიანად, რაც ეხმარება გადაბრუნებულ ''დემონურ'' ექვსიანს მიიღოს ვერტიკალური მდგომარეობა და 999-ად იქცეს,  რომელსაც უწოდებენ ღვთიურ რიცხვს. 6–იანი გახლავთ რიცხვი, რომელიც არასრულყოფილია ადამიანისა და ღმერთის გარეშე.

ჩვ.წ.აღ-მდე მე-3 ათასწლეულში შუმერებმა საფუძველი ჩაუყარეს თვლის 60-იან სისტემას, რომელმაც დროის 60-ად დაყოფის სისტემა წარმოშვა, საათის 60 წუთად, წუთის 60 წამად, ასევე კუთხის 360 გრადუსად დაყოფა (60 x 6). ეს გამოგონება გამოიყენეს შემდეგ ბაბილონელებმა. მათ სახელს უკავშირდება ასტროლოგია. ამიტომ ღმერთები რომელსაც ისინი ეთაყვანებოდნენ ასოცირდებოდა მზესთან, მთვარესთან და სხვა დანარჩენ ხილულ პლანეტებთან. უზენაესი ღვთაება, ყველა ღვთაების დამბადებელი, ასოცირდებოდა მზესთან. ის იყო ყველაზე ძლევამოსილი პლანეტა. ასტროლოგიის ფუძემდებლებმა ვარსკვლავური ცა დაყვეს 36 თანავარსკვლავედად. 360 გრადუსიანი წრე იყოფა 12, 30 გრადუსიან ზოდიაქის ნიშნად. ბაბილონის ღმერთები ფლობდნენ შემოქმედ და დამანგრეველ ენერგიას. საკუთარი ღმერთების ბობოქარი ბუნების შიშით ქურუმებმა შექმნეს მზის ბეჭედი "Sigilla Solis"-თილისმა, საკმაოდ ძლიერი და  ღმერთებისგან დამცავი. მათემატიკა იყო ბაბილონელთა ოკულტური ცოდნის საყრდენი, ხოლო ყველაზე ძლიერი მაგიური დამცველი გახდა რიცხვითი მატრიცა-მაგიური კვადრატი ერთმანეთზე გამრავლებული მზის რიცხვებით: 6 x 6. 36 უჯრედი შეესაბამებოდა 36 თავარსკვლავედს და მათ მმართველ ღმერთებს. ყოველი რიგის რიცხვების, სვეტისა თუ დიაგონალის ჯამი არის 111, ხოლო ყველა სვეტის და რიგის არის 666. როგორც ვხედავთ, რიცხვი 666 დაკავშირებულია მაგიურ კვადრატთან, რომელშიც გაერთიანებულია 36 რიცხვი. ამ კვადრატის თითოეული ვერტიკალური, ჰორიზონტალური და დიაგონალური მწკრივების ჯამი=111. მაშასადამე, ცალ-ცალკე ექვსი ვერტიკალური და ექვსი ჰორიზონტალური მწკრივების ჯამი=666. სწორედ ეს მაგიური კვადრატი უკავშირდება მზეს, ხოლო 111 მზის გონით არსებას აღნიშნავს.


არანაკლები კონკრეტული მნიშვნელობა აქვს ამ რიცხვს ჩვენთვის, ქართველებისთვის, ვინაიდან ამ რიცხვს თამაზ ჩხენკელი უკავშირებს ქართული ანბანის შემქმნელ მეფე ფარნავაზის სახელს, ვინაიდან ფარნავაზი გახლავთ მზით ცხებული მეფე. მაშასადამე, ის მზესთანაა დაკავშირებული. სახელ ფარნავაზს უნდა მივუსადაგოთ მისი შესაბამისი რიცხვითი მნიშვნელობები. ფ-5000, ა-1, რ-100, ნ-50, ა-1, ვ-6, ა-1,ზ-7. ამ რიცხვების ჯამი უდრის 666-ს. რიგითი ქრისტიანისათვის 666 მხოლოდ მხეცის რიცხვია. იმისათვის, რომ ამ რიცხვის ნამდვილი მისტიური მნიშვნელობა (ფარნავაზის) არ გამოეჩხრიკათ, მას ტაბუს როლი ჰქონდა. აქედან გამომდინარე, 666 გახლავთ კოდის გასაღები.

ლეონტი მროველის ცნობას ქართული ანბანის შექმნის შესახებ თ.ჩხენკელმა მიუძღვნა შესანიშნავი გამოკვლევა. მას მიაჩნია, რომ  ცნობა, რომელიც უდიდეს კულტურულ-რელიგიურ მნიშვნელობის ფაქტს ეხება, შეუძლებელია ფანტაზიის ნაყოფი ყოფილიყო და მასში რაიმე მინიშნება არ იყოს დაცული რეალურად მომხდარ ამბავზე. აღნიშნული ცნობა პირდაპირი ინფორმაციის გარდა შეიძლება შეიცავდეს დაშიფრულ ინფორმაციას, რომლის მოძიება ანბანის რიცხვული სისტემის საფუძველზე იქნება შესაძლებელი, ვინაიდან ანტიკურ ხანასა და ქრისტიანულ შუა საუკუნეებში ანბანი საიდუმლო ჰერმეტულ მოძღვრებებთან იყო დაკავშირებული. ძველი ანბანი კრიპტოგრაფიული და კაბალისტური ახსნა-განმარტებას და საფუძველს წარმოადგენდა, ამიტომ განეკუთვნებოდა მაგიისა და მისტიკის სფეროს. ცნობილია, რომ "ქართლის ცხოვრებაში'' სხვა წყაროებთან ერთად გამოყენებულია ჰერმეს ტრისმეგისტოსის ასტროლოგიურ-კაბალისტური წიგნი. (კ.კეკელიძე ძვ. ქართ. ლიტ.) ანბანი ასოებსა და ამ ასოებისგან შედგენილ სიტყვებში "საღმრთო სახელთა'' მოძიებას შეიცავდა. ავტორი გვიხსნის, რომ ანბანში ასოები გარკვეული რიგით, გარკვეული თანმიმდევრობით არის დალაგებული-თითოეული ასონიშანი რიცხვსაც ასახიერებს ე.ი. ანბანი რიცხვულ სისტემას წარმოადგენს. ქართული ანბანიც ასეთსავე რიცხვულ სისტემას შეესაბამება. ანბანის ამ ფაქტმა წარმოშვა კრიპტოგრაფია-იდუმალთმწერლობა. კრიპტოგრაფია ორგვარია-ჰემატრია და იზოფსეფია. იზოფსეფია სიტყვას შემადგენელი ასოების რიცხვთა ჯამით გამოხატავს დავუშვათ მიქაელი-40+10+600+1+5+30=686 ე.ი. სახელი მიქაელის იზოფსეფია უდრის 686. ამრიგად, ყოველი სიტყვა ან სახელი რიცხვნიშანიც არის. ვინაიდან ტრადიციული ცნობის თანახნად ქართული ანბანი ფარნავაზმა შექმნა, სახელი ფარნავაზი 500+1+100+50+1+6+1+7 ამ რიცხვთა ჯამია და=666.

როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ 666 არა ერთი რომელიმე ადამიანის, არამედ ადამიანთა გარკვეული ტიპის სახელია. "ქართლის ცხოვრებაში'' გვხვდება სახელები "სამარ'' და "არმაზ''. ფარნავაზი ძმისწულია სამარისი. სამარის იზოფსეფია=342. ფარნავაზის საღრმთო სახელია"არმაზ''-იზოფსეფია=342. ჩხენკელი ასკვნის, რომ ამ სამი სახელის იზოფსეფია ერთმანეთთან სეპტიმალური შესაბამისობის რიცხვული სისტემის საფუძველზე არის დაკავშირებული, კერძოდ 342 შეესაბამება 666, ხოლო 149-ში 49 შეესაბამება 100 და მათი ჯამისაგან მიიღება "არმაზ'' სახელის იზოფსეფია. ეს რიცხვსახელი სეპტიმალური თვლის სისტემის გასაღებს წარმოადგენს და სავარაუდოდ, ამ კოდზე სიმბოლური ხასიათის ინფორმაციაა დაფარული. 

ერნსტ ბინდელი სეპტიმალურ შესაბამისობით რიცხვულ სისტემას ძველ მისტერიებს უკავშირებს, სადაც 7 განიმარტება როგორც დროსთან შინაგან კავშირში მყოფი რიცხვი. 7-ს გავყავართ ჩვენი სივრცის საუფლოდან და შევყავართ დროის საუფლოში. ე.ი. 7 არის დროში აღსრულებულ მოვლენათა რიცხვი. ერნსტ ბინდელის აზრით, 342 თან და 343 სეპტიმალურად შესაბამული 666 და 1000 თავიანთი არსით დროის სპირალური განვითარების თავბრუდამხვევ სურათს გამოხატავს, რასაც იოანეს გამოცხადებასთან აკავშირებს. ამრიგად 342-666 ე.ი. სამარ-ფარნავაზ სახელების იზოფსეფია სეპტიმალურად შესაბამული უაღრესად მნიშვნელოვანი რიცხვებია. თ. ჩხენკელი გამოხატავს გაოცებას, რომ ამას 1958 წელს შტუტჰარტში გამოქვეყნებულ წიგნში "რიცხვთა სულიერი საფუძველი'' გვიცხადებს გერმანელი თეოლოგი, რომელსაც არავითარი წარმოდგენა არა აქვს"ქართლის ცხოვრებაზე'' და არც ქართულ ენაზე.

რაც შეეხება გამოცხადების რიცხვ 666, რომელიც სეპტიმალურად შესაბამისეული წყვილეულის (342-666) ცალს წარმოადგენს,  ამ მხეცს 7 თავი და 10 რქა აქვს და უკვე ამ რიცხვებით გამჟღავნებულია სეპტიმალური შესაბამისობის პირველი წყვილეული: 7-10, მაგრამ 7 თავი და 10 რქა აქვს აგრეთვე "ცეცხლის ვეშაპს" და სწორედ ეს ვეშაპი აძლევს ზღვიდან ამომავალ მხეცს თავის ძალას, საყდარსა და ხელმწიფებას. ხსენებული ვეშაპი-"გველი დასაბამისაი"-ანგელოზის მიერ უფსკრულშია ჩაგდებული 1000 წლით და ამ აზრით, ეს ორი რიცხვი 666 და 1000 დაკავშირებულია, ხოლო ეს რიცხვები 342 და მისი მომდევნო 343-თან სეპტიმალურად შესაბამული რიცხვებია.

გამოცხადებაში,  მხეცთან დაკავშირებულ კონტექსტში ნახსენებია კიდევ ერთი რიცხვი, რომელსაც პირდაპირი კავშირი აქვს 666-თან. ესაა რიცხვი 42 "და მიეცა მას (მხეცს) ხელმწიფებაი ყოფაი ბრძოლისა ორმეოც და ორ თთუე" (13, 5). რიცხვები 6 და 42(6x7) ხშირადაა მოხსენიებული ბიბლიის ტექსტში. სამარ-ფარნავაზის სახელების იზოფსეფიებია 342-666.

თამაზ ჩხენკელი სვამს კითხვას, რატომ უნდა ყოფილიყო "მწიგნობრობის შემქმნელი" ქართლის პირველი მეფე-ღმერთის სახელი სახარებისეული თვალსაზრისით მაკომპრომენტირებული რიცხვებით დაშიფრული. რიგირთი ქრისტიანისთვის 666 მხოლოდდამხოლოდ "მხეცის რიცხვი" იყო და მას ტაბუს როლი უნდა შეესრულებინა იმის თვალში, ვინც ფარნავაზ სახელის იზოფსეფიას გაარკვევდა. ამან შეუძლებელია არ გააჩინოს ვარაუდი, რომ სწორედ ამიტომ ეს რიცხვი-666 კოდის გასაღებსაც წარმოდგენს. როგორც ჩანს, რომ აქ, კოდზე მიმანიშნებელი მეტაინფორმაცია იყო გამჟღავნებული. რომელიმე ობიექტში კოდის ამოცნობა კი იმას ნიშნავს, რომ მის შესახებ გარკვეული შუალედური ინფორმაცია შევიძინეთ. ტექსტს ჩვეულებრივი ინფრომაციის გარდა ახლავს მეტაინფორმაცია, რაც წარმოადგენს ტექსტის ამოხსნის გასაღებს. ამიტომ  კოდის გაშიფვრის გასაღები თავად მასშივეა  დამარხული.

"ჯერ კიდევ ადრექრისტიანულ ხანაში ფიქრობდნენ, რომ თუ ტექსტში თანმიმდევრულად და ლოგიკურად არის აღწერილი რაიმე ამბავი, საეჭვოა, მკითხველი ჩაუკვირდეს იმას, რომ აქ პირდაპირი, "ადვილად მისაწვდომი" აზრის გარდა სხვა აზრიც არის საგულვებელი. ამიტომ ტექსტში განზრახ შეჰქონდათ ხოლმე "დაბრკოლების ქვები"-ერთგვარი უაზრობანი, რომ მათზე ფეხწამოკრულ მკითხველს გაეაზრებინა ტექსტის ფარული მნიშვნელობა. ამიტომ სიმბოლიკური ენის ცოდნა საჭიროდ ითვლებოდა ზემხედველებისთვის. ბრძენთ თვისებაა, ამბობდა გრამატიკოსი დიდიმი, გონივრულად მოიხმონ სიმბოლო და ჩაწვდნენ საიდუმლოს, რომელიც მის წიაღ არის დაფარული. სხვა მხრივ, სიმბოლიკურმა ფორმამ ისე მარჯვედ უნდა დაფაროს საიდუმლო, რომ ამ დაფარვით საჩინოყოს და იდუმალყოფით გამოავლინოს იგი"-თამაზ ჩხენკელი








No comments:

Post a Comment