ცნობადის ხე-სამყაროს ხის სახეცვლილება. ის საპირისპიროა ცხოვრების ხისა, რომელიც ბიბლიური ტრადიციით გახლავთ სიკეთისა და ბოროტის შემეცნების ხე და სიკვდილის მომასწავებელი. ბაბილონში იზრდებოდა ორი ხე-ცხოვრების ხე და ჭეშმარიტების ხე, რომელსაც ასევე საპირისპირო მნიშვნელობა ჰქონდა.
ეგვიპტის მითოლოგიიდან ცნობილია სიკომორი, რომლზეც მიცვალებულთა წიგნის თანახმად, უნდა დაეშვას მიცვალებული ფრინველის სახით საცოცხლის ნაყოფით ხელში; ვინც ამ ხის ტოტზე ჩამოჯდება ღმერთად იქცევა, ანუ შეიძენს ღვთიურ ცოდნას.
გარკვეული თვალსაზრისით ცნობადის ხედ შეიძლება ჩაითვალოს სკანდინავიური იგდრასილიც, რომელზეც ცხრა ღამე გაატარა მასზე დაკიდებულმა ოდინმა, რათა ზიარებოდა სიბრძნეს და მიეღო რუნები.
აპოკრიფული ლეგენდა გვამცნობს, რომ ცნობადის ხის ყლორტებიდან გამოიჭრა ქრისტესთვის განკუთვნილი ჯვარი. ევამ დარგო ცნობადის ხის ტოტი ადამის საფლავზე. გაზრდილი ხე სოლომონმა გადარგო იერუსალიმის ტაძრის ბაღში, შემდეგ მოჭრა და მასალისგან ჯვარი გამოჭრა. კაბალისტური ლეგენდის მიხედვით, ცნობადის ხე გადაიტანეს ადამის ვაჟის სეთის სამყაროში. მან ჩაიბარა ერთმანეთში შეზრდილი ცხოვრებისა და ცნობადის ხე, ასევე სამი მარცვალი მფარველი ანგელოზისგან, რომელიც უნდა ჩაედოთ მომაკვდავი ადამისთვის პირში. ამ მარცვლებიდან ამოიზარდა აალებადი ბუჩქი, საიდანაც ღმერთი ელაპარაკებოდა მოსეს. მოსემ ბუჩქის მასალისგან გააკეთა მაგიური კვერთხი. ეს კვერთხი მოგვიანებით მეფე დავითმა დარგო სინას მთაზე. კვერთხიდან გაიზარდა სამმაგი ხე, რომელიც მოჭრეს და მისგან გამოთალეს იერუსალიმის ტაძრის სვეტები. მესამე ნაჭერი ტაძრის წყალსაცავში ნახეს ქრისტეს დროს. სწორედ მისგან გამოჭრეს ჯვარი ქრისტეს ჯვარცმისთვის.
ღმერთმა ცნობადის ხე ცხოვრების ხის გვერდით განათავსა ედემის ბაღში. ვინც მის ნაყოფს მიირთმევდა, ეხსნებოდა სულიერების თვალი და შეეძლო ღმერთის სიყვარულის წვდომა. ცნობადის ხე გახლავთ სამყაროს ხის სახეცვლილება. თუ ცხოვრების ხე მოიცავს და შინაგანად აერთიანებს კოსმოსის არსებობის ყველა კანონსა და ფორმას, ცნობადის ხე განასახიერებს მხოლოდ იმ ნაწილს, რომელსაც შეიძლება ჩასწვდეს ადამიანი, შესაბამისად, შესაძლოა დამახინჯდეს ან გამოყენებულ იქნას ბოროტი მიზნით.
თუ ცხოვრების ხის ნაყოფი იძლევა დიდ, ერთიან უნივერსალურ სიბრძნეს, უკვდავების შემეცნებას და ზეციურ კრიტერიუმებს, ცნობადის ხის ნაყოფის ზემოქმედება დამოკიდებულია იმაზე, როგორ და რისთვის იყენებს მას ადამიანი. ამიტომ ცნობადის ხის ნაყოფს შეუძლია მოიტანოს სარგებელიც და ზიანიც, ბოროტებისა და სიკეთის შემეცნება. ცნობადის ხეს შეუძლია შეცდომაში შეყვანა, ილუზიის შექმნა, რომელიც შეიძლება აღქმული იყოს ჭეშმარიტებად. ბოროტი მიზნით გამოყენება უკვალოდ არასდროს ქრება. ასეთი ბოროტად გამოყენების ბუნებრივი შედეგია ტანჯვა და ტკივილი. დროულად არ შეჩერებას და გაკვეთილის არ მიღებას მოჰყვება სულიერი და ზნეობრივი დაცემა.
ცხოვრების ხე თუ მასწავლებელია კეთილისა და ბოროტის, ცნობადის ხე უფრო მეტად ცდუნებაა, რომელიც წინაღობა და გამოცდაა ჭეშმარიტებისა და სიბრძნის გზაზე, რათა ადამიანმა ისწავლოს ყალბისა და ნამდვილის გარჩევა, პასუხი აგოს საკუთარ ფიქრებზე, განზრახვებსა და მათგან გამომდინარე ქცევებზე.
სხვადასხვა ხალხის მითებში სამოთხის ბაღში, სადაც არ არის ნგრევა და სიკვდილი, სადაც დრო გაჩერებულია და დგას მუდმივი გაზაფხული, ყოველთვის ფიგურირებს ორი ცენტრალური ხე: ცხოვრების ხე და ცნობადის ხე. ისინი ერთმანეთს ავსებენ, მაგრამ ცნობადის ხეზე ყოველთვის შემოხვეულია მაცდური გველი.
ცნობადის ხეს და ცხოვრების ხეს ადარებენ კაბალისტური ტრადიციის ორ სარკეს. "დაბურული სარკე" გვიჩვენებს მხოლოდ ბუნდოვან გამოსახულებას, შესაბამისად, ბუნდოვან წარმოადგენას, ე.ი. ნამდვილად რაც არსებობს ესაა ცნობადის ხის ნაყოფი. პრიალა სარკე ნიშნავს წინასწარმეტყველების, ნათელხილვის, წინასწარჭვრეტის, ჩაღრმავების, საგნების არსის წვდომის უნარს-ესაა ცხოვრების ხის ნაყოფი.
გველშემოხვეული ხე არის სიმბოლო axis mundi (სამყაროს ღერძი) და მატერიალური სამყაროს გამოვლენის ციკლები. გველი ან დრაკონი (გველეშაპი) რომელიც იცავს ხეს, განასახიერებს სიბრძნესთან ზიარების სირთულეს. მეორე მხრივ, გველს შეუძლია აცდუნოს მამაკაცი ან ქალი. ხის ნაყოფით შეიძლება შეიძინო უკვდავება ან ცოდნა. ცნობადის ხე ხშირად გამოისახება ვაზის სახით. ის ედემის ბაღში წარმოადგენს დაკარგული სამოთხის, უკვდავების სიმბოლოს, რომელიც დაკარგა ადამიანმა, ვინაიდან ღმერთთან პირველი შეთანხმება დაივიწყა. ეს ხე წარმოადგენს მოქმედი მე-ს ცნობიერის სფეროს, რომელიც ადაპტირებულია შემთხვევითობებთან. ამ გიგანტურ ხეს, რომელიც იცვლის სახეს მითოლოგიაში, სტუმრობენ ადამიანები. ადამიანი ადის და ჩამოდის ტოტებით შექმნილ ბუნებრივ კიბეზე. მან უნდა გაიაროს გამოცდები, რათა დაიბრუნოს დაკარგული სამოთხე და ღმერთთან ერთობა.
No comments:
Post a Comment