ჰილდეგარდ ფონ ბინგენი გახლავთ ყველა დროის და არამარტო შუა საუკუნეების ევროპელი ხალხის უნიკალური და ყველაზე ცნობილი გერმანელი მისტიკოსი ქალი და თავისი დროის ძალიან დაფასებული წინასწარმეტყველი. ჰილდეგარდი დაიბადა 1098 წელს ბინგენის მახლობლად (ახლანდელი მაინციდან 20 კმ-ში) არისტოკრატულ ოჯახში. ბავშვობიდან აწუხებდა თავის ტკივილები. მიეჩვია პატარაობიდან ტკივილების ატანას, არ ტიროდა და ჩიოდა ამის გამო. ეშინოდა ეთქვა, რომ მტკივნეული შეტევების დროს ეწყებოდა უცნაური ხილვები. ხილვები კი მას სამი წლის ასაკიდან დაეწყო. როცა მშობლებმა ხილვების შესახებ შეიტყვეს, მიხვდნენ რომ გოგონა ღვთის მსახურებისთვის იყო მოვლენილი. 8 წლის ასაკში ის ბენედიქტელთა ორდენის ქალთა მონასტერში მიიყვანეს, სადაც მის აღზრდაზე ზრუნავდა დედა იუტა. ის ასწავლიდა ჰილდეგარდს ბიბლიას, გალობას და ბენედიქტელთა ლოცვებს, ლათინურ პატრისტიკას და ხელოვნებას.
დედა იუტას გარდაცვალების შემდეგ, 1136 წელს მონასტრის მართვა გადაიბარა ჰილდეგარდმა. მანვე დაარსა რუპერტსბერგის მონასტერი ბინგენის მახლობელ გორაკზე. ჯერ კიდევ დედა იუტას სიცოცხლეში ჰქონდა ხილვა ახალი სავანის დაფუძნებაზე. მიეთითა წაეყვანა ათი მონაზონი, რომელიც მასთან წასვლის სურვილს გამოთქვამდა. ჰილდეგარდმა ღვთის დასახული მიზნის აღსრულება შეძლო 1147 წელს. მის მიერ დაარსებული მონასტერი განსხვავდებოდა ადრე არსებული მონასტრებისგან. მისი ხელმძღვანელობით მონასტერში შეიქმნა ქალთა მხიარული კომუნა. ჰილდეგარდი ამბობდა, რომ სამოთხეში სიმახინჯეს ადგილი არ ჰქონდა. მონაზონი უარყოფდა ბენედიქტელთა ორდენის წესდებას, რაც ითვალისწინებდა მკაცრ ასკეტიზმს და თვითგვემას. მონაზვნები სხეულის გვემაზე ამბობდნენ უარს, კარგად იკვებებოდნენ, ეწაფებოდნენ მეცნიერებებს და ხელოვნებას. მონასტერში მოხვედრის მსურველთა რიცხვი იმდენად დიდი იყო, რომ 1165 წელს გაიხსნა შვილობილი სავანე აიბინგენში.
ჰილდეგარდი მრავალპროფილური ნიჭის პატრონი იყო-მწერალი, პოეტი, ლინგვისტი, მხატვარი, კომპოზიტორი, ფილოსოფოსი, ნათელმხილველი, ქრისტიანი მისტიკოსი.
ამ საოცარ ქალს ყურადღებით უსმენდა ეკლესიის ელიტა, იმპერატორები, ჰქონდა აქტიური მიწერ-მოწერა კათოლიკური სამყაროს წამყვან პირებთან, სახელმწიფოს მეთაურებთან და არისტოკრატებთან. მას ხშირად მიმართავდნენ პაპები და იმპერატორები რჩევისთვის.
ჰილდეგარდი გახლავთ წმინდანთა ცხოვრების აღწერის, მედიცინისა და ბალახებით მკურნალობის ტრაქტატების, ისტორიისა და კოსმოლოგიის ავტორი. წერდა ადამიანზე როგორც მიკროკოსმოსზე და სამყაროს დროთა ციკლებზე. ნიუტონამდე დიდი ხნით ადრე შუა საუკუნეების მონაზონი საუბრობდა მიზიდულობის კანონზე; ნახევარი საუკუნით გაუსწრო გალილეო გალილეის, ჩვენი პლანეტის როგორც მბრუნავი სფეროს აღწერაში; ამპერამდე 700 წლით ადრე ალაპარაკდა მაგნიტურ ველებზე. ტრაქტატების ილუსტრაციებს თავად ქმნიდა. დახატა სამყაროს რუკა და მეტისმეტად ფილიგრანული რთული მანდალები, რომელიც არ ჩამორჩებოდა ტიბეტურს. ერთ მათგანზე ადამიანია გამოსახული კოსმოსის შუაგულში.
მაგრამ შუა საუკუნეებში უფრო მეტად ფასობდა მისტიკური გამოცხადებები, რომლის გამო, მონაზონს იმდენად სცხვენოდა, რომ თავის სულიერ ძმას ვოლმარს მიმართა რჩევისთვის დაეტოვებინა თუ არა ჩანაწერები უცნაურ ხილვებზე. ვოლმარმა ყველაფრის დაწერა და გამოქვეყნება ურჩია. ჰილდეგარდი ასეც მოიქცა.
"გაიხსნა ცა და თვალისმომჭრელმა სინათლემ მთლიანად გამიარა ტვინში"-წერდა ჰილდეგარდი.
ჰილდეგარდი მალევე ჩასწვდა ფილოსოფოსთა, წმინდა მამათა ნაწერების არსს. მიუხედავად იმისა, რომ მონაზონს არასდროს უსწავლია მუსიკა, მოულოდნელად დაიწყო ტექსტებისა და სიმღერების წერა "ღვთის სადიდებლად". მალევე შეუდგა საკუთარი ხილვების ლათინურად აღწერას, რომელიც საფუძვლად დაედო ყველაზე ცნობილ მისტიკურ ნაწარმოებს "Scivias"-შედგება 26 ხილვისგან (შეიმეცნე გზა). ესაა სწავლება რწმენაზე შეზავებული ავტორის თეოლოგიითა და ანთროპოლოგიით მისტიკურ-წინასწარმეტყველური შეგრძნებების საფუძველზე. ამ ნაწარმოებში მონაზონმა სცადა აეხსნა საკუთარი ხილვები, რომელსაც ხედავდა სინათლის ლაქებისგან შემდგარი სურათების სახით. ისინი ვარსკვლავებივით კიაფობდა და ძალიან ჰგავდა ვიტრაჟებს, რომელიც მოგვიანებით გაჩნდა ტაძრებში. მოკიაფე სხივები უჩვენებდა სამყაროს ჭეშმარიტ სახეს, მის მოწყობას. კოსმოსი მას დიდი კვერცხის სახით ესახებოდა, რომლის შიგნით იყო ადამიანი. ღმერთი ასეთ წუთებში ელაპარაკებოდა უცნობ ენაზე. მან ამ ენის ლექსიკონიც კი შეადგინა, რომელიც ლათინურს ჰგავდა. "ლინგვა იგნოტა" ანუ უცნობი ენა დღეს ითვლება ადამიანის მიერ შექმნილ ერთ-ერთ პირველ ხელოვნურ ენად.
სამყაროს დასასრულს ჰილდეგარდი უკავშირებდა კომეტის გამოჩენას. ის წერდა, რომ კომეტის გამოჩენამდე, ბევრი ხალხები, მართლათა გარდა, აღიგვება პირისაგან მიწისა გაჭირვებისა და შიმშილისაგან. უამრავი ქვეყანა აღმოჩნდება წყალქვეშ. კომეტის ჩამოვარდნის მერე წყლის უზარმაზარი მასა ამოხეთქავს ოკეანიდან და დაფარავს ბევრ ქვეყანას, რაც სიღატაკისა და სხვადასხვა დაავადების მიზეზი გახდება. კომეტის გამოჩენას მოჰყვება საშინელი მიწისძვრა. გადარჩება მხოლოდ მამაკაცთა მცირე ნაწილი, შვიდი ქალი ერთ მამაკაცისთვის იბრძოლებს, რომ მასზე იქორწინოს, ვინაიდან იმ დროისთვის ქალისთვის სამარცხვინო გახდება შვილის არყოლა. კომეტა ჩაძირავს ბევრ სახელმწიფოს, მოიყოლებს ბევრ ავადმყოფობას და სიღარიბეს. ყველა სანაპირო ქალაქი ჩაიძირება, ბევრს კი ტალღები დაანგრევს. უამრავი ცოცხალი არსება დაიღუპება, რომელიც გადარჩება, დაავადებები მოკლავს. გაუკაცრიელდება ქალაქები.
პაპ ევგენიუს III-ს ისე მოეწონა ჰილდეგარდის 1148 წელს ჩაწერილი ხილვები, რომ ეკლესიურად ოფიციალური აღიარება მიანიჭა. XII ს-ის 50-იან წლებში მონაზონი უფრო სერიოზულ მეცნიერებებზე გადაერთო, წერდა შრომებს მედიცინასა და ბუნებისმეტყველებაში.
ჰილდეგარდს ხილვები ხშირად ჰქონდა, რის შემდეგ გრძნობდა ენერგიის მოზღვავებას, რაც უბიძგებდა ლიტერატურული მოღვაწეობისკენ. უცნაური იყო, რომ მას სტუმრობდნენ ღიად. "ღმერთის ხმა" უხსნიდა ხილვებში ნანახი სიმბოლოებისა და სახეების მნიშვნელობას. ჰილდეგარდი იწერდა ყველაფერს დაწვრილებით. საბოლოოდ შეიქმნა სამეცნიერო, ფილოსოფიური, ზნეობრივ-ეთიკური ნაშრომების და ძვირფასი ქვების, ბალახეულის სამედიცინო მიზნებით გამოყენების ტრაქტატების ბიბლიოთეკა.
სხვა წინასწარმეტყველთა მსგავსად ჰილდეგარდმა იწინასწარმეტყველა ეკლესიის დაცემა და ანტიქრისტეს დაბადება, რომლის მმართველობა მან დაწვრილებით აღწერა: ახლოვდება დრო, როცა ხალხი და ხელისუფლება უარყოფს პაპის ძალაუფლებას. ცალკეული ქვეყნები რომის პაპის ნაცვლად უპირატესობას მიანიჭებენ საკუთარ საეკლესიო მმართველებს. გერმანიის იმპერია განაწილდება. საეკლესიო ქონება გახდება საერო საკუთრება. მღვდლებს დაუწყებენ დევნას. ანტიქრისტეს დაბადების შემდეგ ერეტიკოსები დაიწყებენ ცრუ სწავლების ქადაგებას დაუბრკოლებლად. რის გამო, ქრისტიანებს ეჭვი შეეპარებათ საკუთარ წმინდა კათოლიკურ რწმენაში. სამყაროს დასასრულისთვის კაცობრიობა განიწმინდება ტანჯვის გზით. ეს განსაკუთრებით მართებული იქნება სასულიერო პირთა მიმართ, რომლებიც დაკარგავენ მთელ ქონებას. როცა სულიერი მამები უბრალო ცხოვრებას შეუდგებიან, პირობები გაუუმჯობესდებათ.
ჰილდეგარდის წინასწარმეტყველების მიხედვით, ანტიქრისტე სამყაროს დასასრულის დღეს გამოჩნდება. სწორედ იმ დღეს, როცა მზე ჰორიზონტიდან გაქრება. სინათლის ანგელოზის ტანსაცმლით მოსილი ანტიქრისტეს დედა დაფეხმძიმდება ისე, რომ არ ეცოდინება შვილის მამის ვინაობა. ქალი ყველას დაარწმუნებს, რომ ეს დაბადება საოცრებაა, ვინაიდან ქორწინების გარეშეა. ხალხი მას წმინდანად შერაცხავს. ანტიქრისტე გაიზრდება შეუბრალებელი, ყველას მოკლავს ვინც მას არ იწამებს. ის მეფეთა, სასულიერო პირთა, დიდებულთა მხარეს დადგება, დაივიწყებს მორჩილებას და მარტო პატივმოყვარეობაზე იფიქრებს და ბოროტი საქმიანობით დაიმორჩილებს მსოფლიოს. თავის მხარეს გადაიყვანს ბევრს. ეტყვის, რომ მათ შეუძლია ყველაფერი აკეთონ რაც სურთ, რაც იმისი ნიშანი გახდება, რომ ის შეიყვარეს და მათი ღმერთია. უარყოფს ნათლობას, სახარების ქადაგებას, აბუჩად აიგდებს ყველა ცნებას რაც კაცობრიობას მიეცა. მოიფიქრებს საკუთარ კოდს, რაც იქცევა მისი პატივისცემის გასაღები. ყველა მსახურს გადასცემს მას, როგორც ზეციური სასუფევლის რწმენის ნიშანს, რომლის თაყვანის ცემას აიძულებს. უარის მთქმელს საშინელი ტანჯვასა და წამებას დაპირდება. ბოროტებასთან საბრძოლველად, მისი მხილებისთვის გამოჩნდება ენოქი და ილია. მოგვიანებით, მათი მოსვლის შემდეგ ანტიქრისტე განადგურდება და ეკლესია კვლავ აღდეგა არნახული დიდებით.
ჰილდეგარდმა იწინასწარმეტყველა ინგლისის რეფორმაციის და ნაპოლეონის ომების მიმდინარეობის ისტორია. პროტესტანტები მასში ხედავდნენ მათი "ერეტიკული იდეების" მატარებელს. კათოლიკე ჰუმანისტები და ეზოთერიკოსი ფილოსოფოსები კი აღფრთოვანებულები იყვნენ იდუმალი მონაზვნის არარელიგიური მემკვიდრეობით. გარდაიცვალა ჰილდეგარდი 1179 წელს თავისივე დაარსებულ რუპერტსბერგის მონასტერში. მას პატივს მიაგებდნენ როგორც წმინდანს. ამიტომ სიკვდილის შემდეგ სცადეს მისი კანონიზაცია, მაგრამ პროცესი შეჩერდა 1243 წელს, ვინაიდან ზედმეტი თავისუფალი აზროვნება დაინახეს მის ნაშრომებში.
მე-20 საუკუნის ბოლოს აღდგა ჰილდეგარდის სახელი. 2012 წელს პაპ ბენედიქტ XVI მოახდინა მისი ოფიციალური კანონიზაცია და მიანიჭა "ეკლესიის მასწავლებლის" ტიტული. ახლა ჰილდეგარდი გახლავთ ქრისტიანი ფემინისტების, ძველი მუსიკის მოყვარულთა, სახალხო მკურნალთა სიმბოლო.
No comments:
Post a Comment