Monday, 11 November 2019

უცნობი ცივილიზაციის უძველესი მეგალითური ნაგებობები მალტაზე




მალტის არქიპელაგი ნიმფა კალიფსოს სამშობლოდ ითვლება. აქ შეაფარა თავი პავლე მოციქულმა. ამ არქიპელაგზე აღმოჩნდა მსოფლიოში ყველაზე ძველი ტაძრები-კვალი ერთ-ერთი ყველაზე საიდუმლო ცვილიზაციისა კაცობრიობის ისტორიაში.  

7000 წლის წინ მალტის არქიპელაგი დაფარული იყო მრავალფეროვანი მცენარეებით. მისი უშიშარი პირველი აღმომჩენნი 5200 წლის წინ გადმოსხდნენ არქიპელაგზე. ვინ იყო ეს ხალხი?-პასუხი ამ კითხვაზე ჯერაც გაუცემელია. ერთი რამაა ნათელი მხოლოდ-თანამედროვე მალტელებს არაფერი აქვთ საერთო იმ ხალხთან. მოსულთა კულტურა ნეოლითური გახლდათ. მათ ფართო სავაჭრო ურთიერთობები ჰქონდათ მეზობლებთან და მეგალითური ნაგებობებისთვის საჭირო მასალა შემოჰქონდათ. არქეოლოგებს მიაჩნიათ, რომ მალტა გახლდათ იმ დროის მნივნელოვანი საკულტო ცენტრი.

არქიპელაგსა და კუნძულ გოცოზე აღმოჩენილია 23 ტაძრის ნანგრევი. მხოლოდ ოთხმა ტაძარმა მოაღწია ჩვენამდე შედარებით დაუზიანებლად-ჯგანთია, ჰაგარ-კვიმი, მნაიდრა, ტარშიენი. მათში ყველაზე ძველია ჯგანტია ("გოლიათების კოშკი"), რომელიც მდებარეობს კუნძულ გოცოზე. ის აგებულია 3600 წელს ჩვ.წ.აღ-მდე.-ხუთასი წლით ადრე ეგვიპტეში ფარაონების დინასტიის გაჩენამდე. ლეგენდის მიხედვით, ჯგანთია ააგეს ოდესღაც კუნძულზე მცხოვრებმა გოლიათებმა.



ჰაგარ-კვიმი კარგად შემონახული ტაძარია მალტაზე.


მნაიდრის კომპლექსი დაახლოებით 3600-2500 წელსაა აგებული მარჯნის ბლოკებით.





ტარშიენის სატაძრო კომპლექსი ქვის ხანის მალტის არქიტექტურის მწვერვალს წარმოადგენს. ის თარიღდება 2800 წ-ით ჩვ. წ.აღ-მდე. ქვები დამშვენებულია სხვადასხვა ორნამენტებით. აქვე აღმოჩნდა ქალღმერთის კოლოსალური ქანდაკების ნაწილი. აღმოჩენილი ნიმუშები მოწმობს, რომ ტარშიენი რიტუალებისთვის იყო განკუთვნილი.



წერილობითი წყაროების არქონის მიუხედავად, არქეოლოგებმა ტაძრების დანიშნულების გარკვევა მაინც შეძლეს მათში აღმოჩენილი სარიტუალო ობიექტების გათვალისწინებით. ამ ნაგებობებს მალტელები სამარხებად არ იყენებდნენ, ვინაიდან იქ ადამიანთა ნეშთი არ აღმოჩნდა. არსებული ჰიპოთეზის თანახმად, მალტის არქიპელგი ხმელთაშუა ზღვის საკრალური ცენტრი უნდა ყოფილიყო-დიდი ქალღმერთის საცხოვრებელი. კოშკები ცაზე მზის მოძრაობას ასახავდა, ხოლო ბუნიობისას მზის სხივები ანათებდა მთავარ სამსხვერპლოს.

ტაძრების მშენებლობა შეწყდა 2300 წ.-ს ჩვ. წ. აღ-მდე. ცივილიზაცია რომელმაც ეს უნიკალური ძეგლები შექმნა, მოულოდნელად გაქრა. არსებობს მოსაზრება, რომ მალტაზე კრეტის მოსახლეობამ შეაღწია. ეს მოსაზრება ეყრდნობა ანტიკურ წყაროებში შემონახულ ინფორმაციას მინოსის დაპყრობით ომებთან დაკავშირებით დასავლეთში.

საკითხი კვლავ ღიად რჩება.




No comments:

Post a Comment