მიუხედავად ეგვიპტური ლაბირინთის მასშტაბებისა, ყველაზე ცნობილი მაინც კრეტაზე არსებული ლაბირინთი გახლავთ, ვინაიდან ანტიკურ ეპოქაში ლაბირინთი ასოცირდებოდა მინოტავრის ლაბირინთთან კნოსოში. ჰეროდოტე და პლინიუსი ეგვიპტის, კრეტის ლაბირინთთან ერთად ახსენებენ რომის ლაბირინთსაც. პლინიუსის თანახმად რომის ლაბირინთი დიდი ეტრუსკი მხედარმთავრის ლარსას სამარხი გახლდათ. პლინიუსს თავად არ უნახავს ეს სამარხი, მაგრამ ის ეყრდნობა ვარონის მონაცემებს.
ყველაზე სახელგანთქმული მაინც მინოტავრის ლაბირინთია კრეტაზე. მითის მიხედვით კრეტის მეფე მინოსმა დედალოსს შეუკვეთა მისი აგება და სახელად ლაბირინთი უწოდა. ლაბირინთი განკუთვნილი იყო მინოტავრისთვის, რომელიც ნახევრად ხარი და ნახევრად ადამიანი იყო. სავარაუდოდ ლაბირინთში სრულდებოდა რიტუალური ცეკვები.
არსებობს თეორია რომლის მიხედვით ლაბირინთის ამგებმა დედალოსმა ასწავლა თეზევსს და მის თანამგზავრებს წმინდა ცეკვა, რომელიც წმინდა ხაზებში იშლებოდა, რაც განასახიერებდა ლაბირინთში მოგზაურობასა და მინოტავრის სიკვდილის შემდეგ განთავისუფლების იმიტაციას. ( ა.ლოსევი "ანტიკური მითოლოგია"). ლაბირინთის საკრალური ცეკვის შესრულება გახლავთ ფსიქოფიზიოლოგიური მომზადება. ლაბირინთის ხაფანგის გავლა კი შეეძლო მხოლოდ ისეთ ადამიანს, ვინც საკუთარ სხეულსა და ფსქიკას კარგად მართავდა.-"ცნობილი კრეტის ლაბირინთი, სადაც ბინადრობდა ხარისთავიანი მინოტავრი, უცილობლად წარმოადგენდა კრეტული მისტერიების ინიციაციის ადგილს."( მენლი ჰოლი)
ერთ-ერთ ანტიკურ ლარნაკზე გამოსახულია მოცეკვავე თეზევსი მინოტავრისგან განთავისუფლებულ ათენელ ტყვეებთან ერთად.
წმინდა რიცხვი შვიდიანი ფიგურირებს ლაბირინთის ნაგებობაში, ასევე ის ფიგურირებს ლაბირინთის ცეკვებში-7 გავლა და დაბრუნება. თუკი სრულდებოდა საკრალური ცეკვა, მაშინ ცხადი ხდება, რომ ლაბირინთი წარმოადგენს საკულტო ნაგებობას მისტერიების შესასრულებლად.
უკანასკნელი ადგილი, სადაც ნახეს "ლაბირინთის ცეკვა", გახლავთ ბასკთა ქვეყანა საფრანგეთში. 1920 წელს სოფლის დღესასწაულზე ცეკვავდნენ ე.წ. "ლოკოკინას", რომლის შესრულებისას მოცეკვავეები ერთმანეთზე ჯაჭვურად გადაბმულნი მოძრაობდნენ და ასრულებდნენ ჩვენთვის ცნობილი ცეკვის ხვეულებსა და სვლებს. ცეკვის მიზანი გახლდათ მისი წინამძღოლის გადაცდენა მონახაზის დეფორმირების საშუალებით. რის შემდეგ ის აღმოჩნდებოდა ჩაკეტილ ჯაჭვში.
მითის მიხედვით კრეტის ლაბირინთი მდებარეობდა მიწის ქვეშ. ამასთან დაკავშირებით რენე გენონმა გამოთქვა აზრი, რომ ლაბირინთი უნდა ყოფილიყო გამოქვაბული რომლის საშუალებით ხდებოდა შეღწევა არამარტო მიწისქვეშა, არამედ მიწისზედა სფეროებშიც. ლაბირინთის ცენტრი ახორციელებს კავშირს ზენაართან და ქვენაართან. ლაბირინთის ცენტრში ჯვარი კი არის მამა მზის სიმბოლო, სიცოცხლის წყარო, ასევე სამყაროს ხე, რომელიც აერთებს მატერიალურ და ზეგრძნობად სამყაროს. ზოგიერთი ლაბირინთი მოქმედებს როგორც ზესივრცობრივი გვირაბი, რომელიც აკავშირებს ჩვენს რეალობას ზემატერიალურ სამყაროებთან.
ათასწლეულების განმავლობაში არცერთი სალოცავი ჟესტი ასე ხშირად არ გვხდება ყველა კულტურულ სფეროში, როგორც ხელებაწეული ჟესტი. მას რელიგიური ცხოვრების პირველშობილ ჟესტსაც კი უწოდებენ. პირველი ქრისტიანი მეუდაბნოე მამებს სწამდათ, რომ ლოცვისას არ არის აუცილებელი ბევრი სიტყვის წარმოთქმა; საკმარისია ხელების მაღლა აწევა. საქმე იმაშია, როცა ადამიანი ხელებს წევს მაღლა მისი სხეულის სიბრტყეში ლაბირინთი ეწყობა. ეს ლაბირინთი არის ზღვარი ამქვეყნიურ და ღვთიურ სამყაროს, საკრალურ სივრცეს შორის, რომელთან კონტაქტს ეძიებს მლოცველი. მეორე მხრივ, ეს ლაბირინთი მლოცველისთვის არის შესასვლელი საკრალურ სივრცეში, რომელიც აძლიერებს ადამიანის კავშირს უმაღლეს ძალებთან. კრეტაზე აღმოჩენილი ქალღმერთის ქანდაკებაც ხელებაწეულია.
საუკუნეების განმავლობაში ბევრ ადამიანს აწუხებდა კრეტის ლაბირინთის არსებობის რეალურობის საკითხი. განსაკუთრებული ინტერესი ვენეციელთა მიერ ამ კუნძულის ოკუპაციის დროს გაღვივდა.(მე-14-17 ს-ში). მათ ადგილობრივებისგან გაგონილი ჰქონდათ, რომ მესარაში არსებობდა გამოქვაბულთა მთელი სისტემა. პოლ ფორი აღნიშნავს, რომ კრეტის ყველა დანიშნული გუბერნეტორი თავს ვალდებულად თვლიდა ენახა ეს გამოქვაბულები. მიაჩნდათ , რომ სწორედ იქ უნდა ყოფილიყო მითიური ლაბირინთი. მე-20 ს-ში ამ გამოქვაბულებს ადგილობრივი მოსახლეობა ომის დროს თავშესაფრადაც კი იყენებდა. მე-2 მსოფლიო ომის დროს გერმანელები მათ საბრძოლო მასალის საწყობად იყენებდნენ. როდესაც ისინი კუნძულს ტოვებდნენ ლაბირინთი ააფეთქეს და მისი შესასველი გაანადგურეს. 2009 წელს ინგლისელ და ბერძენ მეცნიერთა ჯგუფმა ნიკ ჰოვარტის ხელძღვანელობით (ჰარვარდის უნივერსიტეტის გეოგრაფი) მოაწყო ექსპედიცია კუნძულ კრეტაზე იმ ადგილზე, რომელსაც ადგილობრივები უწოდებდნენ ლაბირინთს. გაირკვა, რომ გამოქვაბულების მთელი სისტემა 2კმ-ზე მეტი სიგრძისაა. ისინი ერთმანეთთანაა დაკავშირებული ფართო კამერებით, ლაბირინთში არსებობს ჩიხური ოთახებიც. ტერიტორია დაახლოებით 9 ათას კვ.მ-ს მოიცავს. ძველი გადმოცემები გამართლდა. ულტრათანამედროვე მოწყობილობის დახმარებით, რომელიც მიწის ქვეშ კვლევის საშუალებას იძლევა, აღმოჩნდა ნაგებობებისა და გვირაბების მთელი ქსელი, რომელიც ერთმანეთს კვეთს.
რა საიდუმლოს ინახავს ლაბირინთები ( ნაწილი I )
რა საიდუმლოს ინახავს ლაბირინთები ( ნაწილი II )
რა საიდუმლოს ინახავს ლაბირინთები (ნაწილი III)
რა საიდუმლოს ინახავს ლაბირინთები ( ნაწილი II )
რა საიდუმლოს ინახავს ლაბირინთები (ნაწილი III)
No comments:
Post a Comment