ყველასთვის საყვარელი სანტა-კლაუსი მითოლოგიური პერსონაჟი გახლავთ. მაგრამ გამოგონილ, მხიარულ წმინდა ნიკოლოზს სული შთაბერა ნამდვილმა წმინდანმა ნიკოლოზმა, რომელიც ჩრდილოეთ პოლუსის ყინულოვან საფარზე კი არა, არამედ თანამედროვე სამხრეთ თურქეთის მიწაზე ცხოვრობდა და მოღვაწეობდა. წმინდა ნიკოლოზი გარდაიცვალა ჩვ.წ.აღ-ის მე-4 საუკუნეში. ის იმავე ეკლესიაში დაკრძალეს სადაც მსახურებდა, ანტალიის პროვინციაში.
სანტა-კლაუსის წინარე სახე ნიკოლოზი დაიბადა 270 წელს თანამედროვე თურქეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, საპორტო ქალაქ პატარაში. იმ დროს ეს ტერიტორია რომის იმპერიის მმართველობის ქვეშ გახლდათ. ნიკოლოზი და მისი ოჯახი როგორც ერთგული ქრისტიანები რომის იმპერიის ქვეშევრდომნი იყვნენ. მომავალი წმინდანი მდიდარი და გავლენიანი ოჯახიშვილი იყო. დედ-მამა ძალიან ადრე დაეხოცა, ეპიდემიამ იმსხვერპლა. ნაცვლად იმისა, მემკვიდრეობით მიღებული ფული თავად მოეხმარა, ნიკოლოზმა ქონება დაარიგა და ცხოვრება ღარიბთა და ავადმყოფთა მსახურებას მიუძღვნა. უფრო მეტად ღარიბ ბავშვებსა და უსახლკარო ოჯახებს ეხმარებოდა მალულად და საჩუქრებს ურიგებდა. ისე გაუვარდა სახელი, რომ ბავშვებმა წინდებისა და ფეხსაცმელების ჩამოკიდება დაიწყეს იმ იმედით, რომ ნიკოლოზი მათთანაც მივიდოდა და საჩუქრებით შეავსებდა, რასაც ხშირად უსრულებდა კიდეც.
ჯერ ისევ ყმაწვილკაცი აკურთხეს ნიკოლოზი მირას ეპისკოპოსად. მის ხელგაშლილობას დიდი ძალა ჰქონდა და ხალხში აღფრთოვანებას იწვევდა. 343 წლის 6 დეკემბერს წმინდანის გარდაცვალების მერე, მალევე წესად შემოიღეს ამ დღეს, მის სახელზე ბავშვების დასაჩუქრება. რეფორმაციის შემდეგ საჩუქრების გაცემის დღე გადაიტანეს დეკემბრის ბოლოს, რამაც შექმნა ქრისტეს დაბადების თარიღთან ამ დღის ასოციაცია. წმინდა ნიკოლოზის სახელთან დაკავშირებული ქველმოქმედება შემოინახა სანტა-კლაუსმა, რომელიც იქცა განუზომლად გულუხვი პერსონაჟის მითოლოგიურ განსახიერებად.
წმინდა ნიკოლოზის საფლავი მირაში მომლოცველებში დიდი პოპულარულარობით სარგებლობდა. ამ რეგიონში ხშირი იყო ომები და თავდასხმები მუსლიმთა მხრიდან. ქრისტიანები შიშობდნენ, რომ განსასვენებლის ადგილს თავს დაესხმოდნენ და მისი მონახულება გაჭირდებოდა. ერთ-ერთი წყაროს მიხედვით, 1087 წელს გავლენიანმა ვაჭართა ჯგუფმა ყველა ღონე იხმარა და ნეშთი გადაიტანა იტალიის ქალაქ ბარიში, სადაც ის როგორც ვიცით დღემდე ინახება. მისთვის სპეციალურად ააგეს ბაზილიკა და წელიწადში ერთხელ 9 მაისს, გადმოსვენების დღეს წმინდა ნაწილებს საფლავიდან იღებენ.
მრავალსაუკუნოვანი სპეკულაციებისა და ათეულობით წლის ძიების შემდეგ, თურქეთის არქეოლოგთა ჯგუფმა გააკეთა განცხადება, რომ აღმოაჩინეს წმინდა ნიკოლოზის საფლავის ზუსტი მდებარეობა ძველი, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის იატაკქვეშ. მიუხედავად იმისა, რომ მისი სახელობის ახლანდელი ეკლესია ჩვ.წ.აღ-ის 520 წელსაა აგებული, ის დაშენებულია ძველ ეკლსიაზე.
ამგვარად, გაირკვა, რომ ერთმანეთზე დადგმული ორი სართულის ქვემოთ უნდა ყოფილიყო დაკრძალული წმინდა ნიკოლოზის ცხედარი. თურქ არქეოლოგთა ჯგუფის ხელმძღვანელის განცხადებით, სარკოფაგი სავარაუდოდ სპეციალურ ადგილზე უნდა მდგარიყო და ასეთად მათ მიიჩნიეს ის კედელი, რომელზეც ფრესკაა იესოს გამოსახულებით. ფრესკაზე იესოს მარცხენა ხელში უჭირავს ბიბლია და მარჯვენა ხელით იძლევა კურთხევას.
ბოლო გათხრების დროს არქეოლოგებმა აღმოაჩინეს ძველი ეკლესიის იატაკი და საძირკველი. ამისთვის დიდი სამუშაო ჩატარდა. ადგილი უზარმაზარი მოცულობის სილისა და შლამისგან გაიწმინდა, ვინაიდან ძველი ეკლესია დაანგრია შუა საუკუნეებში მოვარდნილმა წყალდიდობამ. რის გამოც იმ დროს აუცილებელი გახდა ახალი ეკლესიის აშენება იმავე ადგილზე. ეს სწორედ ის იატაკია, სადაც დააბიჯებდა წმინდა ნიკოლოზი. შემონახულია მისი სარკოფაგიც.
მე-6 საუკუნემდელი იატაკი მარმარილოს ფილებით მოზაიკურად იყო დაგებული. ერთ-ერთ ფილაზე გაკეთებული იყო ბერძნული წარწერა-"მოწყალება". არქელოგების აზრით, წარწერა სპეციალურად, წმინდა ნიკოლოზის საფლავის მდებარეობის ზუსტი მინიშნებისთვის იყო გაკეთებული სწორედ იმ ადგილზე, სადაც ის ლოცულობდა ხოლმე. ეკლესია ხუროთმოძღვრული თვალსაზრისით საოცრად ჰგავს მაცხოვრის საფლავის ტაძარს იერუსალიმში. ორივე ტაძრის გუმბათი ღიაა და დაუსრულებელი.
2017 წელს ჩატარებული ელოქტრონული სკანირებით აღმოჩნდა ცარიელი სივრცეები ძველი ეკლესიის იატაკსა და მის საძირკველს შორის. სწორედ ამ ერთ-ერთ ცარიელ სივრცეში უნდა ყოფილიყო წმინდა ნიკოლოზის ნეშთი და სარკოფაგი. ანტალიის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის რეგიონალურმა საბჭომ განაცხადა, რომ ხუთი წლის დაუღალავი შრომის შედეგად აღმოაჩინეს წმინდა ნიკოლოზის საფლავის ნამდვილი ადგილმდებარეობა. თურქმა არქეოლოგებმა განაცხადეს, რომ წმინდანის ნაწილები არა ბარიში, არამედ დემრეშია, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაში, ვინაიდან იქ კიდევ ერთი სარკოფაგი აღმოჩნდა, რომელიც მე-4 საუკუნით თარიღდება, სადაც მათივე თქმით ასვენია წმინდანი.
ბარის უნივერსიტეტის ანატომიის პროფესორმა1957 წელს წმინდანის ნეშტს გადაუღო სურათები და მათი საშუალებით დახატა პორტრეტი. 2004 წელს სახის ანთროპოლოგ-რეკონსტრუქტორმა სცადა წმინდანის სახის შექმნა და ამისთვის კომპიუტერული დიაგნოსტიკის უახლესი მეთოდი და 1957 წელს შეგროვილი მასალა გამოიყენა. კომპიუტერული რეკონსტრუქციის შედეგი ჩანს ფოტოზე.
ზოგიერთ ისტორიკოსს კი მიაჩნია, რომ ბარიში წმინდანის ნეშთის გადატანის მთელი ისტორია მე-11 საუკუნეში მოლოცვის ახალი ცენტრის რეკლამირების ხერხი იყო. “დღესდღეობით ბარიში არაფერი ამტკიცებს იმას, რომ იქ დასვენებული ძვლები ნამდვილად ეპისკოპოს ნიკოლოზს ეკუთვნის.”-ამბობს სaმხრეთ კალორინის უნივერსიტეტის ისტორიის, რელიგიის, ხელოვნების პროფესორი ლიზა ბიტელი.
მაინც რა ხნის უნდა იყოს სანტა-კლაუსის ახლანდელი გარეგნული იერი? ზოგიერთის აზრით, სანტა-კლაუსის გარეგნობა უნდა უმადლოდეს კლიმენტი კლარკ მურის ლექსს “წმინდა ნიკოლოზის სტუმრობას”, რომელიც ახლა ცნობილია უფრო “შობის წინა ღამის” სახელწოდებით. ამ ლექსში წარმოდგენილია სანტას ბევრი თანამედროვე ატრიბუტი, ისეთი როგორიცაა: ციგაზე მოსრიალე სანტა, რომელიც სახურავზე ეშვება და საკვამურიდან ჩადის სათამაშოებით სავსე ჩანთით. წმინდა ნიკოლოზი აღწერილია როგორც “პუტკუნა და ბუნჩულა, მხიარული, ღიპუცა მოხუცი ელფი.” მიუხედავად ყველაფრისა, მინიატურული ციგა და პაწაწა ჩრდილოეთის ირემი, მაინც მიანიშნებს იმაზე, რომ ის მინიატურულია. სანტა-კლაუსი პოპულარული გახდა ტელევიზებით, ფილმებით და საბავშვო მოთხრობების კრებულებით. ზოგს არ მოსწონს შობაზე საჩუქრების ჩუქების იდეა, მიაჩნია, რომ მდიდრული დღესასწაულები არ შეესაბამება რწმენას და სანტა-კლაუსი იქცა მატერიალიზმის სიმბოლოდ. სხვები კი თვლიან, რომ სანტა-კლაუსი აგრძელებს წმინდა ნიკოლოზის ცხოვრებისა და საქმეების პატივისცემას, ადამიანის, რომელიც უყვარდათ მისი ქველმოქმედებისა და სიკეთის გამო.
No comments:
Post a Comment