Sunday, 28 August 2022

ჰერონიმუს ბოსხის კიდევ ერთი ამოუხსნელი გამოცანა


ცნობილი ნიდერლანდელი მხატვრის ჰერონიმუს ბოსხის სახელი დღემდე ლეგენდებითაა მოსილი. მიუხედავად იმისა, რომ ის სახელგანთქმული მხატვარი იყო, მისი ცხოვრების შესახებ ძალიან ცოტა რამაა ცნობილი. მხატვრის რეალური გარეგნობაც კი უცნობია, ვინაიდან რამდენიმე ავტოპორტრეტი რომელმაც ჩვენამდე მოაღწია, სპეციალისტებში მის ავტორობასთან დაკავშირებით ეჭვს იწვევს. სავარაუდოდ, ბოსხმა ისტორიის ჩრდილში ყოფნა არჩია. თუმც უნდა აღინიშნოს, რომ შემორჩენილია მე-16 საუკუნის მეცნიერის, პოეტის ლამპსონიუსის მიერ შესრულებული დიდი მხატვრის ლიტერატურული პორტრეტი. 


მიუხედავად დიდი სახელისა, ფაქტია, რომ ბოსხი დღემდე რჩება ერთ-ერთ ყველაზე გამოუცნობ პიროვნებად ხელოვნების ისტორიაში. მკვლევარები ისევ კამათობენ მისი შემოქმედების არსზე, რატომ ირჩევდა ის უცნაურ და საშიშ სიუჟეტებს. მხატვარმა საუკუნეების შემდეგ საკუთარი შემოქმედების გარდა კაცობრიობა კიდევ ერთი ყველაზე რთული გამოცანის წინაშე დააყენა, რომელსაც სავარაუდოდ ვერავინ ამოხსნის.

ხელოვნების სამყაროში მეტად პოპულარულია თეორია, რომ ნიდერლანდელი მხატვრის ნახატები წარმოადგენს რებუსებს, რომელიც მეტაფორების, სიმბოლოების და ნიშნების რთულ ენაზეა შესრულებული. და რაც ყველაზე მთავარია, ისევე როგორც შექმნის დროს, ტილოების შინაარსი აქტუალურია ხუთი საუკუნის შემდეგაც კი.

წარმოშობით ნიდერლანდელი ბოსხის მამა, ბიძები და ბაბუაც მხატვრები იყვნენ. ბოსხის  ნამდვილი სახელი და გვარი გახლდათ ჰერონიმუს ვან აკენი, ბოსხი მისი ფსევდონიმია. და მაინც მხატვრის ცხოვრება მკვლევართათვის დღემდე გამოუცნობი რჩება. ბოსხის  რთულად ასახსნელი ფენომენი ნაყოფიერ ნიადაგს ქმნიდა და ბადებდა ურთიერთსაპირისპირო  სხვადასხვა მოსაზრებას.

მის მიერ მოხატულ ჰერტოგენბოსის ერთ-ერთ ტაძარში შემორჩენილია საიდუმლოებით მოცული ფრესკა, სადაც ჩანს ხელებაწვდილ მართლმორწმუნეთა და ცოდვილთა ბრბო, რომელიც თვალს ადევნებს მათკენ მომართულ მოცისფრო კონუსს-შიგნიდან მანათობელი სფეროთი. ტილოზე სხივები უფრო კაშკაშა მოჩანს გარშემო მდგარ წყვდიადში.


თანამედროვე მკვლევართა ნაწილი, მათ შორის, ისტორიისა და იკონოგრაფიის ნიდერლანდელი პროფესორი ედმუნდ ვან ხოსე ფრესკას მიიჩნევს იმის მტკიცებულებად, რომ ბოსხი სავარაუდოდ თავად ხედავდა დედამიწასთან მოახლოებულ უცხოპლანეტელთა ტექნიკას ბორტზე მყოფ უცხოპლანეტელებთან ერთად. სხვები კიდევ უფრო შორს მიდიან. ასე მაგალითად, ამერიკელ პარაფსიქოლოგ ჯორდან ჰარდეს მიაჩნია, რომ მხატვარი თავად იყო უცხოპლანეტელი სხვა გალაქტიკიდან და უბრალოდ  ტილოზე გადაჰქონდა ის, რასაც ხედავდა უსასრულო სამყაროში. რაღაც მიზეზის გამო ის შეჩერდა დედამიწაზე და დაგვიტოვა ფერწერული მოწმობა.

ბოსხის შემოქმედების ამერიკელი მკვლევარი  ლინდა ჰარისი თვლის რომ მხატვარს მისტიკური ნიჭი და ნათელხილვის უნარი ჰქონდა. მისივე აზრით, ბოსხის საშინელი სამსჯავროს გამოსახულება ტილოზე ზუსტად ასახავს დღევანდელ ომებსა და კატაკლიზმებს. ამიტომ ის ბოსხს აყენებს ლეონარდო და ვინჩის გვერდით.

მხატვრის ნამუშევრები მართლაც სავსეა გამოცანებით: თითქოს სხვა პლანეტებზე ან პარალელურ სამყაროებში დაბადებული უამრავი ფანტასტიკური არსებებით ბურუსში ახვევს დიდი მხტვრის ცხოვრებას. მას მისნობასა და ჯადოქრობას, ერეტიკოსობასა და ალქიმიკოსობას აბრალებდნენ და თვლიდნენ, რომ საიდუმლო გარიგება ჰქონდა ეშმაკთან, რომელმაც უკვდავი სულის სანაცვლოდ სხვა სამყაროების დანახვის და მათი ტილოზე გადატანის დიდი ნიჭით დააჯილდოვა.



ეჭვგარეშეა, რომ ბოსხი საუბრობდა სიმბოლოებით, ამასთან მრავალნიშნა სიმბოლოებით. ამიტომ გამოსახულების მნიშვნელობა დამოკიდებული იყო იმაზე რომელ ენას მიაწერდნენ ავტორს. ბოსხის ეპოქაში ასეთი ენები უამრავი იყო. ამიტომ არსებობს მისი ნახატების სხვადასხვა ინტერპრეტაცია. თევზის გამოსახულება, კონტექსტიდან გამომდინარე, შეიძლება  ყოფილიყო ქრისტე, ზოდიაქის ნიშანი, მთვარე, თებერვლის თვე, წყალი, ფლეგმატური ტემპერამენტი, ასევე მარხვის სიმბოლოც.

მხატვრის ყველაზე გაურკვველ სიმბოლოდ შეიძლება დასახელდეს ხის კოვზი, რომელსაც დიდი ადგილი უკავია მის შემოქმედებაში. შესაძლოა ბოსხისთვის კოვზი იყო ცოდვის სიმბოლო, რასაც მხარს უმაგრებს ფანტასტიკურ არსებებს შორის აურაცხელი ფრინველების გამოსახულება კოვზის ფორმის ნისკარტით.


ხშირად გამოყენებულ სიმბოლოებს შორისაა: კიბე, რომელიც გამოხატავს ალქიმიის შემეცნებისკენ მიმავალ გზას ან  სექსუალური აქტს, გადაბრუნებული ყვავი თაღლითობის ატრიბუტი ან ცრუ სიბრძნის სიმბოლო, მოჭრილი ფეხი ტრადიციულად ასოცირდება წამებასა და დაზიანებასთან. ბოსხთან ის დაკავშირებულია ერესთან და მაგიასთან.

ბოსხი  ეშმაკეულებს გამოსახავდა მუსიკალურ ინსტრუმენტებთან ერთად, რომელიც ხშირად მათი ანატომიის ნაწილი ხდებოდა, ცხვირი-ფლეიტა, ცხვირი-საყვირი. სარკე ტრადიციულად ეშმაკის ატრიბუტია, რომელიც დაკავშირებულია მაგიურ რიტუალებთან. ბოსხთან ის ხდება ცდუნებისა  და სიკვდილის შემდეგ დაცინვის იარაღი.

მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ბოსხის შემოქმედებაში ღრმა აზრია ჩაქსოვილი. მათ ბევრჯერ სცადეს მისი შემოქმედების სიღრმისეული ახსნა და შთაგონების წყაროს პოვნა, განმარტება. ზოგი მას თვლის მე-15 საუკუნის სურეალისტად, რომელიც უხილავ სახეებს ქვეცნობიერიდან იღებდა. სხვებს მიაჩნია, რომ ბოსხის ხელოვნება განასახიერებს შუა საუკუნეების "ეზოთერულ დისციპლინებს"-ალქიმია, ასტროლოგია, შავი მაგია.

საოცარია, მაგრამ მიუხედავად მისი შემოქმედების მისტიკური მიმართულებისა, არც სიცოცხლეში და არც გარდაცვალების შემდეგ ეკლესია ბოსხს არ თვლიდა  ერეტიკოსად. და ეს ხდებოდა მკაცრი ინკვიზიციის დროს, როცა ნიდერლანდებში შეუბრალებლად წვავდნენ ეჭვმიტანილებს კოცონზე. უფრო მეტიც, მის ნახატებს ყიდულობდნენ ძლიერნი ამაქვეყნისანნი. ასე მაგალითად, პორტუგალიელმა ჰუმანისტმა, ერაზმ როტერდამელის მეგობარმა, დამიანო დე გუამ საკუთარი რელიგიურობის დასტურად შეიძინა და ეკლესიას შესწირა ბოსხის ნახატები. კათოლიკური ხელისუფალნი მაღალ შეფასებას აძლევდნენ მხატვრის ნიჭს და იძენდნენ მის ნახატებს. პირველი ვინც შეაფასა მისი გენიალურობა გახლდათ ესპანეთის მეფე ფილიპ II.  ბოსხის ერთ-ერთი ადრეული ნახატი" შვიდი მძიმე ცოდვა" მეფის საძინებელ ოთახს ამშვენებდა.


მისტიციზმით გაჟღენთილი მისი სურათების შემხედვარე მე-17 საუკუნის ესპანელი ბერი ხოსე დე სიგუენცა წერდა:" ბოსხის ნახატებსა და სხვა მხატვართა ნახატებს შორის განსხვავება ისაა, რომ სხვები ცდილობენ დახატონ ადამიანი ისეთი როგორადაც გარეგნულად ჩანს, იმ დროს, როცა ბოსხს ყოფნიდა გამბედაობა გამოესახა ადამიანი შიგნიდან".

ბოსხის პიროვნებისა და მისი მოღვაწეობის ბევრ გამოცანას 1977 წელს დაემატა კიდევ უფრო დიდი და ყველაზე გამოუცნობი საიდუმლო-მხატვრის საფლავი, რომელიც მის მიერ მოხატული წმინდა იოანეს სახელობის ტაძრის ტერიტორიაზე მდებარეობს. 1977 წელს საფლავი გაიხსნა, მაგრამ იქ მხატვრის ნეშთი არ აღმოჩნდა. ისტორიკოსი ჰანს გაალფემ, რომელიც გათხრებს ხელმძღვანელობდა, თქვა რომ საფლავში ქვის ნატეხი ნახეს, რომლის იდენტიფიცირება ვერ შეძლეს. როცა ეს ქვა მიკროსკოპის ქვეშ დადეს, მან გარეგანი ზემოქმედების გარეშე დაიწყო სუსტი ნათება და ქვის ტემპერატურამ სამი გრადუსით აიწია. სენსაციურმა აღმოჩენამ საგონებელში ჩააგდო მკვლევარები, მაგრამ სამარხის კვლევის გაგრძელების უფლება აღარ მისცა ეკლესიამ. ეკლესიისთვის ეს იყო დიდი მხატრვის საფლავის შეურაცხყოფა. მას შემდეგ მხატვრის საფლავი ხელშეუხებელია. ბოსხის საფლავი მის სახელთან დაკავშირებული საიდუმლოებების სიის სათავეში მოქცა. სამარხის თავზე განთავსებულია მხატვრის ხელით შესრულებული ჯვარცმის ფრესკა.















No comments:

Post a Comment