Monday, 18 April 2022

მაინც რას ამბობდა ზარათუშტრა


"ესე იტყოდა ზარათუშტრა"-ასე ეწოდება ცნობილი გერმანელი ფილოსოფოსის ფრიდრიხ ნიცშეს ფილოსოფიურ ნოველას. ზარათუშტრას ნამდვილი წინასწარმეტყველება საუკუნეებმა შთანთქა. მხოლოდ ცალკეულმა მისმა გამონათქვამმა მოაღწია ჩვენამდე "ავესტას" წყალობით. ზარათუშტრა ძველ სპარსეთში ზოროასტრული სარწმუნოების სულისჩამდგმელია. მისი დაბადება და ცხოვრება მითოსურ სამოსელშია გახვეული.

აზრთა სხვადასხვაობაა წინაწარმეტყველის დაბადების ადგილსა და თარიღთან დაკავშირებით. აღმოსავლეთის იტორიკოსების თქმით, ზარათუშტრა დაიბადა სამყაროს შექმნიდან ცხრა ათასი წლის შემდეგ. დასავლეთის ისტორიკოსები კი მიიჩნევენ, რომ წინასწარმეტყველი ქრისტეშობამდე ათასი წლით ადრე, ხოლო ზოგიერთის აზრით ექვსასი წლით ადრე უნდა დაბადებულიყო. დოკუმენტურად დგინდება ზართუშტრას დაბადების ადგილი და დრო. ბერძენი ქტესიუსი გვამცნობს, რომ ეს იყო ქალაქი რაგა. ამ ქალაქზე საუბარია "ავესტაში". საბოლოო გამოთვლით, ზარათუშტრა დაიბადა მიახლოებით 569 წ-ს ჩვ.წ.აღ-მდე და სული შთაბერა საკუთარ რელიგიას-ზოროასტრიზმს 538 წ-ს ჩვ.წ. აღ-მდე.

ბევრი ცნობა ზარათუშტრაზე ამოღებულია "ავესტადან", მაგრამ უმეტეს შემთხვევაში, ეს ცნობები მითოლოგიურ ხასიათს ატარებს. ის ერთი იმათგანი იყო ვისი სახელიც სამშობლოს საზღვრებს გასცდა. პითაგორე ამტკიცებდა, რომ რამდენჯერმე შეხვდა და ესაუბრა ზარათუშტრას, მაგრამ ისტორიკოსები ეჭვქვეშ აყენებენ მსგავს შეხვედრებს.

ზოროასტრიზმი ერთ-ერთი უძველესი რელიგიაა დედამიწაზე. ის გახლავთ ყველა რელიგიის ათვლის წერტილი. მისი მიმდევრები თაყვანს სცემდნენ დედამიწის ოთხ სტიქიას: მიწა, წყალი, ცეცხლი, ჰაერი. როგორც მიაჩნიათ, ზარათუშტრა არიელი იყო. არიელები თაყვანს ცემდნენ უამრავ ღმერთს. მათი რელიგია შიშზე იყო დაფუძნებული. ღმერთების დადებითი განწყობის მოსაპოვებლად საჭირო იყო უამრავი მსხვერპლშეწირვა.

გადმოცემის თანახმად, სხვა ახლაშობილთაგან განსხვავებით, ზარათუშტრამ ტირილის ნაცვლად გაიცინა. ამ სიცილმა ერთბაშად ორი ათასი ეშმაკეული მოკლა. როცა ზარათუშტრა შვიდი წლის გახდა, ეშმეკეულებმა მას ჯადოსნობის საშუალებით შეუტიეს, გამოიწვიეს ყველაზე საშინელი ურჩხულები იმ იმედით, რომ ბავშვს შეეშინდებოდა. ყველა პანიკაში ჩავარდა, მხოლოდ ზარათუშტრა იყო მშვიდად. ამის შემდეგ, მის ცხოვრებაზე ცოტა რამაა ცნობილი. ნახსენებია მხოლოდ, რომ თხუტმეტი წლის ასაკში ის ღვთისმსახური გახდა. 

წინასწარმეტყველის შექმნილი და შემდგომში მისი მიმდევრების მიერ დამატებული წმინდა ტექსტების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ზარათუშტრა სპიტამის მღვდელმსახურთა  ოჯახიდან უნდა ყოფილიყო. მან მღვდელმსახურებისთვის მზადება 7 წლის ასაკიდან დაიწყო, როგორც ეს ძველ სპარსელებს სჩვეოდათ. სავარაუდოდ, მისი მთავარი მასწავლებელი იყო მამა, რომელმაც შვილს გააცნო რიტუალები, აუხსნა მათი რწმენის შესაბამისი ფარული მნიშვნელობა. ზარათუშტრას უნდა ესწავლა ზეპირად  ბრძენთა მიერ შედგენილი ყველა დიდი მანტრა, დაეუფლებოდა ღმერთების მოსახმობ და განმადიდებელი ლექსების იმპროვიზაციის ხელოვნებას. სპარსელებს მიაჩნდათ, რომ ყმაწვილი 15 წლის ასაკში მწიფდებოდა, ამიტომ ზარათუშტრა სწორედ ამ ასაკში აკურთხეს სასულიერო პირად. 

ოცდაათი წელი წმინდა ცხოვრებით ცხოვრობდა. ერთ დილას, ზარათუშტრა ჰაომის მოსამზადებელი წყლისთვის შუაგულ მდინარეში შევიდა. როცა წყალი გამოჰქონდა ნაპირზე, გაზაფხულის დილის სურნელში ერთ-ერთი ამეშა სპენტა – სხივოსანი ვოჰუ მანა („კეთილი ფიქრი“) გამოეცხადა, რომელმაც მიიყვანა ის აჰურამაზდასთან და სხვა ხუთ ამეშა სპენტასთან. თეთრებში გამოწყობილი არსებები განასახიერებდნენ კეთილ აზრებს, ჭეშმარიტებას, კეთილშობილებას, ჯანმრთელობას და უკვდავებას. მთავარი ღვთაება, სამყაროს შემოქმედი, სიბრძნის მეუფე გახლდათ აჰურამაზდა. როცა ზარათუშტრა მიუახლოვდა, მათი კაშკაშა ნათებისგან საკუთარი ჩრდილიც კი ვეღარ დაინახა, რაც მის ცხოვრებაში საფუძვლიანი გარდატეხის, სულიერი ფერისცვალების ნიშანი გახლდათ. წინასწარმეტყველს ხილვა ჰქონდა-თითეული ადამიანის გადარჩენა დამოკიდებულია მის აზროვნებაზე, სიტყვასა და საქმეზე. ასე გაჩნდა ახალი სწავლება-ზოროასტრიზმი.

საკუთარ სამშობლოში (სავარაუდოდ მიდია) ზარათუსტრას ვერ გაუგეს. მან თავის მცირერიცხოვან მოსწავლეებთან ერთად დატოვა მშობლიური კუთხე და დიდი ხნის ხეტიალის შემდეგ ზღვის ნაპირს მიადგა. ნავი და ხომალდი ახლოს არსად ჩანდა, ზარათუშტრამ ზეცისკენ აღაპყრო ხელები, ზღვა გაიყო, ზარათუშტრამ და მოწაფეებმა მშვიდობიანად გაიარეს ზღვის ფსკერზე  (ძალიან ჰგავს ძველი აღთქმის მოსესეულ ისტორიას).

საბოლოოდ მოგზაურთა მცირე ჯგუფმა მიაღწია სპარსეთს. ღამით სიზმარი ნახა, საიდანაც შეიტყო საკუთარი ქადაგების წარმატება. ნელ-ნელა წინასწარმეტყველებაც დაიწყო. ეს უნარი ზარათუშტრამ სასწაულებრივად შეიძინა. მას გამოეცხადა კეთილი სული ამშასპანდი და წაიყვანა ის აჰურამაზდასთან-უმაღლეს ღვთაებასთან. ზარათუშტრას ნება მიეცა დაესვა მისთვის კითხვები. პირველი კითხვა-ღმერთის ქმნილებათაგან რომელი იყო საუკეთესო. აჰურამაზდამ უპასუხა: "ადამიანი სუფთა გულით."  ამის შემდეგ ზარათუშტრამ ბევრი გამოცდა გაიარა: ცეცხლოვანი მთა, გამდნარი სპილენძი, შიგნეულის ამოღება. ბოლოს აჰურამაზდამ თავის რჩეულს გადასცა წმინდა წიგნი "ზენდ-ავესტა, რაც ამ რელიგიის დაბადებას ნიშნავდა.

ზარათუშტრამ მთავარ ღვთაებად აჰურამაზდა გამოაცხადა, რომლის თაყვანისცემა აუცილებელი გახდა. მას მიაჩნდა, რომ რელიგია უბრალოდ რწმენა კი არა, კეთილი საქმის კეთება, ფიქრები და ზრახვებია. მათთან ერთადაა საჭირო ცხოვრება და არა მხოლოდ თავის მოჩვენება. ბევრი რამ რაც დღევანდელ მსოფლიო რელიგიებში დევს ზოროასტრიზმში უკვე არსებობდა: ჯოჯოხეთისა და სამოთხის არსებობა, მხსნელის მოსვლა ცოდვიანი სულების გადასარჩენად, ცოდვათა გამო  მსჯავრი.

აჰურამაზდას მთავარი და ხილული გამოვლინებაა  ცეცხლი. ცეცხლი გახლავთ ამქვეყნიური, მიწისეული კავშირი ღვთიურ ემანაციასთან. ამიტომ ზოროასტრიზმის მიმდევართათვის ცეცხლი წმინდაა. ზოროასტრი ქურუმები რიტუალის დროს იმოსებოდნენ მხოლოდ თეთრი სამოსით. სუნთქვასაც კი ფარავდნენ, რომ არ წაებილწათ წმინდა ცეცხლი ანუ აჰურამაზდა. ცეცხლი მათთვის ცოცხალი არსება იყო, ამიტომ შესაბამისად უვლიდნენ მას. ცეცხლს სწირავდნენ მხოლოდ მცენარეულ მსხვერპლს. მათი გაგებით საკურთხევლის ცეცხლი ეხმარებოდა ხალხს ბოროტებასთან ბრძოლაში. ყველაზე პატივმისაგებად ითვლებოდა ხიდან მოპოვებული სამსხვერპლო, რომელსაც მეხმა დაარტყა. მას ყველაზე მეტად უფრთხილდებოდნენ.

ზოროასტრული გადმოცემების თანახმად, ზარათუშტრას სურდა ყველაფრის გაგება რწმენის შესახებ. მიაღწია რა 30 წლის ასაკს, მას დაარქვეს "ვაედემნა" ანუ მცოდნე. ყოველდღიური ღვთისმსახურებისას ის უფიქრდებოდა მატერიალური სამყაროს დაბადების საკუთარ წარმოსახვას, რომლის მიხედვით ღმერთებმა ჯერ შექმნეს ზეცა ქვისგან, დაბლა ნაწილი მოათავსეს წყალში, შემდეგ შექმნეს დედამიწა, რომელიც წყალზე იყო განთავსებული ბრტყელი სინივით. დედამიწის ცენტრში დიდმა ღმერთებმა მოათავსეს სამი სულიერი ქმნილება-მცენარე, ცხოველი და ადამიანი. ბოლოს მათ სულიერი ქმნილებების სასიცოცხლო ძალის მქონე ცეცხლი დაანთეს. მზე, როგორც ცეცხლის შემადგენელი, მუდმივად ზენიტში იდგა. სამყარო უძრავი და უცვლელი რჩებოდა.

ღემერთებმა სამჯერ მოაწყვეს მსხვერპლშეწირვა: დაჩეჩქვეს მცენარე, დაკლეს ხარი და ადამიანი.  ამის წყალობით გაჩნდა უამრავი მცენარე, ცხოველი და ადამიანი. ასე მოვიდა სამყაროს სიკვდილისა და სიცოცხლის ციკლი მოძრაობაში. მზემ დაიწყო ცაზე მოძრაობა და წელიწადის დროთა ცვლილების რეგულირება. მაგრამ ზარათუშტრამ ვერ მიიღო პასუხი მთავარ კითხვაზე: რა არის ბოროტება, რომელიც ადამიანში არსებობს და ღმერთების შექმნილ უმშვენიერესი სამყაროსთვის მოაქვს ამდენი სიმწარე და უბედურება.

ზარათუშტრამ გაიგო, რომ თავიდან არსებობდა ორი პირველადი არსება და ისინი ხელმძღვანელობდნენ საკუთარი ბუნებით. ერთმა აირჩია სიკეთე, მეორემ-ბოროტება-აჰურამაზდა და არიმანი. წინასწარმეტყველმა ასევე აღმოაჩინა შვიდი ღვთაების იდეა. მარადიული აჰურამაზდა გამოაცხადა ექვსი ღვთაების შემოქმედად, რომლებიც ნახა პირველი ხილვისას. ამ ღვთაებებმა  გააცოცხლეს სხვა კარგი არსებები, რომლებსაც პატივს სცემდნენ ძველ სპარსულ პანთეონში: მითრა, ვარუნა, არიმანი, არშატი და ა.შ. 

ზარათუშტრა კაცობრიობის ისტორიაში გახდა პირველი წინასწარმეტყველი, რომელიც ლაპარაკობდა სიკვდილის შემდეგ სამსჯავროზე, სამოთხეზე და ჯოჯოხეთზე, სხეულის მომავალ აღდგომაზე, საყოველთაო უკანასკნელ მსჯავრზე, სულის და ხორცის შეერთებასა და მარადიულ სიცოცხლეზე. ზარათუშტრას მიხედვით, თითეული ადამიანის ხსნა დამოკიდებულია მისი აზრების, სიტყვებისა და საქმის ერთობაზე. და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, არჩევანი სიკეთესა და ბოროტებას შორის მთლიანად ადამიანის სინდისზეა დამოკიდებული: არცერთ ღვთაებას, არც თანაგრძნობის გამო, არც სხვა მოტივით, არ შეუძლია გავლენა მოახდინოს ამ არჩევანზე.

ზარათუშტრას სწავლება რევოლუციური გახლდათ იმ დროისთვის. მან გამოაცხადა, რომ არსებობდა ორი საწყისი სული: აჰურამაზდა და არიმანი. პირველმა აირჩია სიკეთის გზა, მეორემ-ბოროტების. მათი ბრძოლის შედეგად შეიქმნა არსებული სამყარო და გაგრძელდება დასასრულამდე.

ზარათუშტრას წინასწარმეტყველება ძირითადად  ატარებს პასუხების ხასიათს მარადიულ კითხვებზე: როგორაა ეს სამყარო მოწყობილი? რა ელოდება მას? რა იმალება სიკვდილის მიღმა? მიუხედავად იმისა, რომ კაცობრიობამ შეძლო სამყაროს შექმნის ბევრი საიდუმლოს ამოხსნა, მან მაინც ვერ უპასუხა სიცოცხლისა და სიკვდილის საიდუმლოს, სიკეთისა და ბოროტების, სამყაროს დასაბამისა და დასასრულის შესახებ დასმულ კითხვებს. შესაძლოა სწორედ ამიტომ ვერ შეცვალა მეცნიერებამ რელიგია.

აჰურამაზდამ ზარათუშტრასთვის ახსნა ფარდა გლობალურ მომავალ მოვლენაზე, სადაც იხილა უფლისწულის დაბადება: ღამით როცა ის დაიბადება, იმ ადგილზე ზეციდან ჩამოვარდება ვარსკვლავი. როცა უფლისწული ოცდაათი წლის გახდება, ის გამოჩნდება გამარჯვების მომტან უამრავ შეიარაღებულ მეომართან ერთად. როგორც კი პლანეტა იუპიტერი დაიკავებს თავის ადგილს ცაზე, ვენერა კი დაეშვება, უფლისწულის მეუფების დრო დადგება.

ერთ-ერთ აპოკრიფულ სახარებაში წერია, როცა იესო დაიბადება, მასთან აღმოსავლეთიდან მივლენ მოგვები, როგორც ზარდუშტამ იწინასწარმეტყველა. გამოდის, იესოს დაბადება ნაწინასწარმეტყველები იყო და ამის შესახებ იცოდნენ აღმოსავლელმა მოგვებმა.

ლეგენდის თანახმად, ზარათუშტრამ იცოცხლა სამოცდაათი წელი, მაგრამ უცნობია როგორ დაასრულა სიცოცხლე. ბერძენი ისტორიკოსები ამბობენ, რომ ის ზეციურმა ცეცხლმა გაანადგურა და შემდეგ ზეცად ამაღლდა. ზოგიერთ ჩანაწერში საუბარია, რომ ზარათუშტრა დაიღუპა ბალხის ალყის დროს. ერთი უცხოელი მეომარი შეიჭრა ტაძარში და მოკლა წინასწარმეტყველი. შუა საუკუნეების სპარსული დოკუმენტი "ბუნდეშეგი" იტყობიენება, რომ ზარათუშტრა ღმერთს უკვდავებას თხოვდა, მაგრამ აჰურამაზდამ უარი უთხრა იმ მიზეზით, რომ მარტო მას ვერ აჩუქებდა უკვდავებას, ვინაიდან უკვდავება უნდა მიეცა ბოროტი ტუბერბარატორისთვისაც. სხვა შემთხვევაში, შეუძლებელი გახდებოდა იმქვეყნიური ცხოვრება და ადამიანები დაკარგავდნენ  ამქვეყნად ბოროტებაზე გამარჯვების იმედს.







No comments:

Post a Comment