შანგრი-ლას არსებობის შესახებ დასავლეთის საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა ჯეიმს ჰილტონის რომანის "დაკარგული ჰორიზონტის" წყალობით (The lost Horizon, 1933). სიუჟეტის მიხედვით, ავიაკატასტროფას გადარჩენილი ნაწარმოების გმირები მოხვდებიან დაკარგულ, გამოუცნობ ქვეყანაში, სადაც სრული ჰარმონია სუფევს. მთის მწვერვალზე დგას ბუდისტური მონასტერი, სადაც ცხოვრობს ორმოცდაათი სწავლული ლამა. ისინი დროს ცოდნის ძიებაში ატარებენ. ლამები თემს მთის ძირში მდებარე ნაყოფიერი მიწაზე მცხოვრებ ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად მართავენ. ამ მიწაზე მოჰყავთ მრავალფეროვანი კულტურები. უცხოს ამ ბედნიერ ველზე შესვლის უფლება არ ეძლევა. ჰილტონი შანგრი-ლას წერდა მოგზაური და ბიოლოგი მეგობრის ჯოზეფ როკის მონაყოლის გათვალისწინებით. ამ რომანის მიხედვით, ჰოლივუდში გადაიღეს ამავე სახელწოდების ფილმი. შანგრი-ლას სამეფო უნდა მდებარეობდეს ჰიმალაების ცენტრში, რომელსაც ლოტოსის ფორმა აქვს, სადაც ცხოვრობენ სხვა სამყაროს არსებები.
ბევრი ოცნებობდა აღმოეჩინა შანგრი-ლას ადგილმდებარეობა. ამორჩეული იყო რამდენიმე მთიანი რაიონი, სადავ ცდილობდნენ უტოპიური ქვეყნის განთავსებას. საბოლოოდ ეს საკითხი 2001 წელს გადაწყდა. იუნანის პროვინციის ხელისუფლების ინიციატივით შანგრი-ლა გამოჩნდა ჩინეთის რუკაზე ყოფილი ჩჟუდიანის რაიონში. ძველ ქალაქს გადაერქვა სახელი და მას უწოდეს შანგრი-ლა, რომელიც ზღვის დონიდან 3200 მეტრზე მდებარეობს.
გადმოცემით, შანგრი-ლა დაცულია გარე სამყაროსგან ფსიქოლოგიური ბარიერით, ასევე თოვლის მცველებით, როგორც მათ ტიბეტელები უწოდებენ. 1900 წელს ბრიტანელ მაიორს ჰიმალაებში ბანაკი ჰქონდა გაშლილი, სადაც ის შეხვდა ძალიან მაღალ, მსუბუქად ჩაცმულ ადამიანს თეთრი, გრძელი თმებით. როცა უცნობი მიხვდა, რომ ის შეამჩნიეს, ციცაბო კლდიდან გადახტა და გაქრა. მაიორმა ამ შეხვედრის შესახებ უამბო ტიბეტელ გამცილებელს, რომელსაც არ გაჰკვირვებია მონაყოლი და თქვა, რომ უცნობი საიდუმლო ადგილის თოვლის მცველი იქნებოდა.
უფრო დაწვრილებით მსგავს შეხვედრაზე ისაუბრა ალექსანდრა დევიდ-ნილმა, რომელმაც 14 წელი გაატარა ტიბეტში. ჰიმალაებში მრავალრიცხოვანი მოგზაურობისას, ერთხელ შეხვდა ადამიანს, რომელიც დიდი სისწრაფით მოძრაობდა. ალექსანდრამ ასე აღწერა ნანახი:
"კარგად შევათვალიერე ის, სრულიად მშვიდი, სადღაც მაღლა შორეული, უხილავი წერტილისკენ მომზირალი ფართოდ გახელილი თვალებით. არ გარბოდა, ბურთივით ელასტიურად დახტუნავდა და მიწაზე ფეხის შეხებისთანავე მაღლა ხტებოდა. მოძრაობდა ქანქარასავით რიტმულად."
ამბობენ, ვინც სცადა შანგრი-ლას მოძებნა, მასზე აღარავის არაფერი გაუგია. ბევრ ისტორიკოსს სჯერა, რომ სანსკრიტი შანგრი-ლადანაა მოტანილი. ზოგს მიაჩნია, რომ შამბალა და შანგრილა ერთიდაიგივეა და წარმოადგენს კალაჩაკრის წყაროს, ტიბეტური მისტიკის უმაღლეს ფორმას.
ტიბეტურ ტექსტებში დეტალურადაა აღწერილი ამ მიწის უცხო თვალისთვის დაფარული ფიზიკური აღწერა, რომლის მიხედვით, შანგრი-ლა ლოტოსის ყვავილს ჰგავს და აქვს რვა ფოთოლი. თითეულ მათგანს აკრავს მაღალი მთები. ყვავილის შუაგულში მდებარეობს კალაპა-დედაქალაქი, სადაც დგას ოქროთი, ბრილიანტებით, და ძვირფასი ქვებით ნაგები მეფის სასახლე. დედაქალაქს გარს არტყია თოვლიანი მთები, რომელიც გამოსცემს კრისტალურ სინათლეს. იქ მცხოვრებთა ტექნოლოგია წინ უსწრებს ჩვენსას. სასახლეს აქვს ლინზის ფორმის სპეციალური ფანჯრები. ისინი ქმნიან უზარმაზარ ტელექსკოპებს, რომლის დახმარებით შესაძლებელია არამიწიერი ცხოვრების შესწავლა. ასეულობით წლების განმავლობაში ქალაქის მცხოვრებნი იყენებენ საფრენ აპარატებს გადასაადგილებლად მიწისქვეშა გვირაბებში. მათ გააჩნიათ ნათელხილვის, დიდი სისწრაფით მოძრაობის უნარი, შეუძლიათ მოულოდნელი გამოჩენა და გაქრობა საკუთარი სურვილისამებრ. როგორც ცნობილია, "ლუნგ გონის" სწავლების მიმდევრებს შეუძლიათ სძლიონ დედამიწის მიზიდულობას და სივრცეში გადაადგილება გასაოცარი სიჩქარით.
წინასწარმეტყველების მიხედვით, შანგრი-ლას თითეულმა მეფემ უნდა მართოს სამეფო ასი წელი. სულ ეყოლებათ 32 მეფე. მმართველობის ყოველ ცვლილებასთან ერთად ცხოვრების პირობები იცვლება დედამიწაზე. ბოლო მეფემ უნდა გადაარჩინოს მსოფლიო ბოროტებასთან ბრძოლაში ძლიერი არმიის დახმარებით.
No comments:
Post a Comment