ჰარაფისა და მოჰენჯო-დაროს ცივილიზაცია ერთ-ერთი უძველესია ეგვიპტისა და შუმერული ცივილიზაციის შემდეგ. ეს ცივილიზაცია ვითარდებოდა მდინარე ინდის ხეობის ტერიტორიაზე XXIII-XIX სს.-ში ჩვ.წ.-აღ-მდე, არიელთა შემოსევამდე, მოსახლეობა დაახლოებით 5 მილიონამდე. ამ ცივილიზაციის ნარჩენი პირველად აღმოაჩინა ინგლისელმა ა. კანინგემმა მე-19 ს-ში იმ ადგილზე, სადაც ახლა გუჯარები ცხოვრობენ (გუჯარათის ოლქი). გუჯარებთან დაკავშირებით არსებობს ვერსია, რომ ისინი თემურ ლენგის მიერ გუჯარეთის ხეობიდან გადასახლებული ქართველთა შთამომავლები არიან. რუკაზე ნახევარკუნძული ჩანს. სწორედ იქ მდებარეობს გუჯარათი.
1920 წელს აქ გათხრები დაიწყო ჯ.მარშალმა, რომელიც გაოცებაში მოიყვანა მოპოვებულმა მასალამ. სწორედ ამ გათხრების დროს აღმოჩნდა ბრინჯაოს ხანის ნასახლერები-ჰარაფი და მოჰენჯო-დარო, რაც ''მკვდართა გორაკს'' ნიშნავს. ეს ცივილიზაცია დროში ემთხვევა ხმელთაშუაზღვისპირა ცივილიზაციების გაქრობასა და მათ ადგილზე მოსულთა დამკვიდრებას. ერთ-ერთი ვერსიით ჰარაფის ცივილიზაციის დაღუპვა უნდა გამოეწვია ინდო-არიელთა შემოსევას. ისინი განვითარების დონით ბევრად ჩამორჩებოდნენ ჰარაფელებს. სავარაუდოდ, მომთაბარენი მოვიდნენ ჩრდ. აღმოსავლეთის მხრიდან.
თიხის გამოწვის ტექნიკა იმდენად სრულყოფილი იყო ჰარაფში, რომ 27 საუკუნის შემდეგაც კი იმ დროს დამზადებული აგურის გადამტვრევა მეტისმეტად ძნელია. კარგა ხნის გასვლის შემდეგ მისი გამოყენება კვლავ შესაძლებელი გახდა. (ამ აგურისგან ააგეს ბუდისტური სალოცავი). ჰარაფის ცივილიზაციის მიღწევებიდან, რამაც ვერ ჰპოვა გაგრძელება მომავალ კულტურულ ტრადიციაში, გახლავთ საინჟინრო-საამშენებლო ტექნიკა და ქალაქგეგმარება. იმ ეპოქის ყველაზე მსხვილი ქალაქის მოჰენჯო-დაროს რეგულარული გეგმა აღტაცებაში მოიყვანს ყველას თავისი რაციონალურობითა და ფუნქციონალურობით. სწორი ქუჩები მართი კუთხით კვეთენ ერთმანეთს. ქალაქს ჰქონდა არაჩვეულებრივი ვენტილაცია, სახლებს-თანაბარი განათება, წყალ-საკანალიზაციო სისტემა. წვიმის წყალსაწრეტ მილებს ისეთი ფორმა ჰქონდა, გამვლელებს წყლის შხეფები არ ესხმოდა. გაოცებას იწვევს სანიტარიისა და ჰიგიენის უმაღლესი კულტურა. კედლები ყველგან მოპირკეთებული იყო. ქალაქის ვიწრო, პატარა ქუჩაც კი თანამედროვე ქალაქის ანალოგზე ბევრად სუფთა და მოწესრიგებული გახლდათ.
ნამოსახლარებზე ძალიან ცოტა სამარხებია აღმოჩენილი. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ მოსახლეობამ მოულოდნელად დატოვა ტერიტორია.
არიელებამდელ ინდოეთში მოჰენჯო-დაროს კულტებს შორის გამოკვეთილია ხარის კულტი. ხარი და ელვა იყო ცის ღმერთების სიმბოლოები.''ხარების თამაში'' დღემდეა შემორჩენილი დეკანის ზეგანსა და სამხრეთ ინდოეთში. ხარის კულტი არსებობდა ვედამდელ ინდოეთში მე-3 ათასწლეულში ჩვ.წ-მდე, რასაც მოწმობს ჩანხუ-დაროს ბეჭედი-2500 წ.ჩვ.წ-მდე.
პროტოდრავიდები, დრავიდები და მოგვიანებით ინდოარიელები თანაბრად ეთაყვანებოდნენ ხარს. სამხრეთ ინდოეთში ცხოვრობს არაინდოევროპელი ტოდას ხალხი. ისინი დღესაც თაყვანს სცემენ ხარს და მას მსხვერპლად სწირავენ კამეჩს, როგორც წმინდა ცხოველს. ინდოეთში არსებული ხარისა და ძროხის კულტი სწორედ ჰარაფის ცივილიზაციიდან იღებს სათავეს და ინდუსებს დღესაც კი ეკრძალებათ მათი ხორცის საკვებად მიღება.
ჰარაფელები კარგი მეტალურგები იყვნენ. ისინი იყენებდნენ ბრინჯაოს ხანის სხვადასხვა შენადნობებს, რასაც თავადვე ადნობდნენ კიდეც, მათ შორის სპილენძს-დარიშხანით, ტყვიითა და კალით. აღმოჩენილია ბრინჯაოს ქალღმერთის საკულტო გამოსახულებები, ხელსაწყოები, საომარი დანიშნულების იარაღი და სამკაულები.
ზოგიერთი სპეციალისტის აზრით აქ არსებობდა მძლავრი მეტალურგიული კერა. სავარაუდოდ ამ დროს უნდა ჩაჰყროდა საფუძველი ყველასათვის ცნობილ ინდურ ფოლადს.
ჰარაფის ცივილიზაციის ბაზაზე გაჩნდა დიდი ქალღმერთის კულტი.
ქალის იდეალური სილამაზის სიმბოლო-ფუშფუშა მკერდი, წვრილი წელი და განიერი თეძოები. ასეთი ფორმები დღესაც პოპულარულია ინდოეთში.
დიდი რაოდენობით აღმოჩენილ გამოსახულებიან ბეჭდებზე გაკეთებული წარწერები დღემდე არ არის გაშიფრული, ვინაიდან არ არსებობს ბილინგვური წარწერა, რომელიც დაეხმარებოდა სპეციალისტებს ტექსტის გაშიფვრაში. მეცნიერებმა ისიც ვერ დაადგინეს რა დანიშნულება ჰქონდა აღმოჩენილ ბეჭდებს. ზოგიერთს მიაჩნია, რომ მათ საკულტო-რელიგიური დანიშნულება ჰქონდა. ჰარაფში ნაპოვნია შუამდინარული ბეჭდებიც, რაც ამ ცივილიზაციის ფართო სავაჭრო ურთიერთობაზე მიუთითებს. ზოგიერთი მკვლევარი გამოთქვამს მოსაზრებას, რომ კრეტას ურთიერთობა უნდა ჰქონებოდა ჰარაფთან, ვინაიდან მინოსელები საზღვაო ცივილიზაციის მატარებელი ხალხი იყო და ისინი ინდოეთის ოკეანეშიც იქნებოდნენ გასულები.
შუამდინარეთში გათხრებისას აღმოჩნდა ინდის ტიპის ბეჭდები, რომელიც განეკუთვნება ძველი წ.აღ-ის მე-3 ათასწ.დასასრულსა და მე-2 ათასწ. დასაწყისს. მეცნიერები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ყველაზე მჭიდრო კავშირი ამ ცივილიზაციებს შორის აღინიშნებოდა ძვ.წ.აღ. XXIII-XVIII ს-ში. მათი ნაწილი გამოთქვამს მოსაზრებას, რომ შუმერებისა და აქადელების აყვავების პერიოდში ელამურ-დრავიდულ მოსახლეობას ეკავა მდ.ქარუნისა და ქერხეს(ძვ.მდ ელამი) დაბლობი, რომელსაც ადგილობრივ ენაზე ერქვა ხელთამთი. მეცნიერმა მაკალპინმა დაამტკიცა, რომ ელამური ენა ნათესაურ კავშირშია პროტოდრავიდულ ენასთან.
მოჰენჯო-დაროში აღმოჩენილი ბეჭდები მოგვაგონობენ შუმერულ ბეჭდებს გილგამეშისა და ენქიდუს გამოსახულებით. როგორც ცნობილია ინდის ხეობაში შექმნილ ბევრ ბეჭედს მეცნიერებმა მიაგნეს შუამდინარეთშიც. მათზე აღბეჭდილია რომელიღაც არქაული დამწერლობის ნიშნები, მაგრამ მათი გაშიფვრა დღემდე არ ხერხდება. იყო ცდა ინდის უძველესი კულტურული სამყარო დაეკავშირებინათ არიელებთან, მაგრამ ჰარაფისა და მოჰენჯო-დაროს ცივილიზაცია განსხვავდება ვედებში აღწერილ სასოფლო ცივილიზაციისაგან: არიელები იყენებდნენ ცხენს, ინდის ხეობის მოსახლეობა კი არ იცნობდა ამ ცხოველს. პირველნი თაყვანს სცემდნენ ძროხას, მეორენი-ხარს. დედა-ქალღმერთის კულტი კი სრულიად უცნობია ვედური არიელებისთვის, რომელთა პანთეონი მამრობითი სქესის ღვთაებებისაგან შედგება.
ჰარაფის ზედა ფენებში აღმოჩენილი ქაშანურის მძივების სპექტრალური ანალიზით დადგინდა მისი მსგავსება კრეტის-კნოსოს მძივებთან(ძვ.წ. აღ მე-16ს), რამაც გამოიწვია გარკვეული კორექტივი ძველ თარიღთან დაკავშირებით და მან ჩამოიწია მე-XVI ს-მდე. დღესდღეობით ბევრი მკვლევარი ჰარაპის კულტურის დასაწყისს ათარიღებს 2300წ-ით, ხოლო დაცემას-1800, 1600წ.
მეცნიერთა ერთი ჯგუფი ინდოეთის უძველეს მოსახლეობა დრავიდებს შუმერების მონათესავე ხალხად თვლის. დრავიდები თაყვანს სცემდნენ დედა-ქალღმერთს და მრავალ დემონს. მიაჩნიათ, რომ მოგვიანებით მრავალი დრავიდული დემონი არიების პანთეონშიც შევიდა. დრავიდებს კასტები არ გააჩნდათ. ინდოეთის უძველესი ქალაქური ცივილიზაცია მდ.ინდის დაბლობში დრავიდების მიერაა შექმნილი, თუმც დღეს არავინ იცის რა ენაზე ლაპარაკობდა ამ ქალაქის მოსახლეობა. ვარაუდობენ, რომ შესაძლოა ისინი ეკუთვნოდნენ სამ ეთნიკურ სამყაროს: ხმელთაშუაზღვისპირეთის, კავკასიისა და კიდევ რომელიღაც უცნობ რასას.
No comments:
Post a Comment