Sunday, 15 January 2023

რა საერთო აქვს ცნობილ “ლონდონის ქვას” ტროასთან

ლონდონის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე დევს კირქვის ლოდი, რომელსაც ჰქვია London Stone-ლონდონის ქვა. ლონდონელებისთვის ეს ქვა დიდი მნიშვნელობის მატარებელია. მას ბევრი გადმოცემა და მისტიკით მოსილი ლეგენდა უკავშირდება. საიდან გაჩნდა ეს ქვა და რატომ ითვლება ლონდონის სიმბლოდ?

ლონდონის ქვა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილ ღირშესანშნაობად ითვლება. შესაძლოა გვერდი ისე აუარო, რომ არცკი მიაქციო მას ყურადღება. ქვა  სპეციალურად აგებულ ნიშაშია განთავსებული გისოსებს მიღმა. ხანდახან მას მუზეუმში გამოფენენ ხოლმე, მაგრამ შემდეგ ისევ უკან აბრუნებენ, ვინაიდან ძალიან ძველია. ქვა პირველად ნახსენებია ჯერ კიდევ მე-12 საუკუნის დოკუმენტებში. იმ დროს მასზე წერდნენ, როგორც უძველეს ორიენტირზე. ლონდონელებმა უძველესი დროიდან დაუკავშირეს ქვას ქალაქის ბევრი ტრადიცია. მისი დახმარებით შეეძლოთ სახლებისა და ტერიტორიის მითითება. ქვასთან ცხადდებოდა ხელისუფლების ბრძანებები, იდებოდა ხელშეკრულებები და ფიცი. ძველ დროს ქალაქის მერები ამ ქვასთან დებდნენ ფიცს, რის შემდეგ საკუთარ კვერთხს ურტყავდნენ მას. საოცარი დამთხვევის გამო, ლონდონის პირველი მერის ჰენრი დე ლონდსთოუნის გვარი ითარგმნა როგორც ლონდონის ქვა.

 


თავდაპირველად ქვა ბევრად უფრო დიდი ობიექტის ნაწილი იყო და იმ ქუჩაზე იდგა, რომელსაც ახლა ქენონის ქუჩას უწოდებენ. 1742 წელს ქვა გადაიტანეს ქუჩის ჩრდილოეთით.  რამდენიმე წლის შემდეგ, საამშენებლო სამუშაოების გამო, წმინდა სუიტინის ეკლესიის კედელში ჩაატანეს. მე-2 მსოფლიო ომის დროს სენტ სუიზინის ეკლესია დაიბომბა, ეკლესია ძალიან დაზიანდა, ქვა კი მთელი გადარჩა.   როდესაც 1962 წელს სენტ სუიტინის ნანგრევები დაანგრიეს, ქვა მოათავსეს კედელში Cannon Street-ზე. ახალი სახლების აგება ამ ქვის ირგვლივ დაიწყეს და ნიშა კედლის შიგნით მოაქციეს.

ლონდონის ქვა საუკუნეების განმავლობაში მრავალი მწერლის ფანტაზიის წყაროდ იქცა. შექსპირის ჰენრი VI -ის II ნაწილში მეამბოხე ჯეკ კეიდი ამ ქვას იყენებს ტახტად. დიდი რომანტიკოსი პოეტი უილიამ ბლეიკი ასევე ახსენებს მას თავის ერთ-ერთ ლექსში.

ქვასთან დაკავშირებით არსებობს მინიმუმ სამი ლეგენდა. ტროას ვერსიით, ქვა ოდესღაც ტროადან ჩამოიტანა მეფედ კურთხეულმა ბრუტუსმა. ლონდონის დაარსებაც ამ მითთანაა დაკავშირებული.  ტროას დაცემის შემდეგ,  ერთმა ჯგუფმა ბრუტუსის ხელმძღვანელობით დატოვა ტროა და გაურკვეველი მიმართულებით გაემგზავრა. ბრუტუსი ენეასის შთამომავალი გახლდათ და სწორედ მის სახელს უკავშირებენ ბრიტანეთის სახელწოდებასაც. ბრუტუსს ჰქონდა ხილვა,  ქალღმერთმა დიანამ მას უბრძანა ახალი კუნძულებისკენ გამგზავრება. ლეგენდის მიხედვით, იმ ადგილზე ცხოვრობდნენ საშინელი გოლიათები გოგისა და მაგოგის მეთაურობით. ტროადან გამოქცეულებმა გოლიათები დაამარცხეს და დაარსეს ქალაქი. დიანამ ბრძანა გორაკზე მისთვის სალოცავი მოეწყოთ. თითქოს ტროადან წამოღებული ეს ქვა იქცა საკურთხევლის საძირკვლად. ამიტომ მას ბრუტუსის ქვაც კი დაარქვეს.

მეორე ვერსიის თანამხმად,  ქალაქი სახელწოდებით ლონდინიუმი ჩვ.წ.აღ-ის 43 წელს  დაარსეს რომაელებმა, რომელიც  ნელ-ნელა განვითარებული და ძლიერი პროვინციის ცენტრად იქცა. ქვა სტელის ნაწილს წარმოადგენდა, საიდანაც რომაელები კუნძულის გზების  მანძილსა და მიმართულებას ანგარიშობდნენ. ამ თვალსაზრისით, ქვა რომაული ეპოქის ნულოვანი მერიდიანის ცივილიზაციის ცენტრი გახლდათ.

ქვასთან დაკავშირებით მაგიური ვერსიაც არსებობს. ამ ვერსიის მომხრეები აცხადებენ, რომ “ლონდონის ქვა” გახლავთ სწორედ ის ქვა, საიდანაც მეფე ართურმა ამოაძრო საკუთარი მახვილი "ესხალიბური". თითქოს ქვის მაგიური თვისებები ცნობილი იყო ბრიტანელი ოკულტისტებისთვის, ამიტომ ცდილობდნენ მის ახლოს დასახლებას.

ამჟამად ქენონის ქუჩაზე მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები და შენობის განახლება, სადაც ქვა 1960 წლიდან იყო განთავსებული. დაცვის მიზნით არტეფაქტი  უსაფრთხოებისთვის გადაიტანეს ლონდონის გილდჰალის მუზეუმში და საჯაროდ გამოფინეს.  ბოლო დროს ბევრმა ადამიანმა მოინახულა ქვა და დაინტერესდა მის შესახებ არსებული სხვადასხვა მითით.

სამუშაოს დასრულების შემდეგ, ქვა ისევ ძველ ადგილს დაუბრუნდება და ლონდონში დარჩება. ადგილობრივთა რწმენით, სანამ ბრუტუსის ქვა უსაფრთხოდაა, ლონდონს არაფერი ემუქრება. ის დედაქალაქის კეთილდღეობის გარანტიაა.







No comments:

Post a Comment